Join our Waitlist for Expert Advice!

ოთხი სადაზღვევო კომპანია ორ ქვეყანაში - არმაზ თავაძე ბიზნეს პორტფელს ცვლის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასულ კვირას, ქართულმა სადაზღვევო ბაზარმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, "არდიმ" საპარტნიორო სტრუქტურის განახლება დააანონსა.

ამ თემასთან დაკავშირებით, Enterpreneur "არდის" დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არმაზ თავაძეს ესაუბრა.

ბატონო არმაზ, ვინაიდან "არდი" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, საზოგადოებისა და დაზღვეულებისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც საინტერესოა, რა ტიპის ცვლილებები მიმდინარეობს კომპანიაში?

ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გავავრცელეთ და ვეცადეთ, მაქსიმალურად მარტივად აგვეხსნა საზოგადოებისა და ჩვენი მომხმარებლისთვის ეს ცვლილებები. "არდი" დაზღვევა ორ ნაწილად გაიყო და ორი კომპანიით გააგრძელებს საქმიანობას. ახალი სადაზღვევო კომპანია კვლავ "არდის" სახელით იფუნქციებს. მისი მთავარი მიმართულება, სხვა დანარჩენთან ერთად, სამედიცინო დაზღვევა იქნება, ხოლო დამფუძნებელი - "საქართველოს კაპიტალი". მეორე, ანუ არსებული სადაზღვევო კომპანია, სახელს შეიცვლის და პირველ ეტაპზე, ძირითადად, სავალდებულო სახეობების ბაზარზე გააგრძელებს საქმიანობას და შემდგომში, მცირე, თუმცა ნიშური, მონო სახეობის კომპანიად ჩამოყალიბდება. მისი დამფუძნებელი 100 %-ით მე გახლავართ. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ასეთი შეთანხმება პირველად შედგა. მუშაობა შეთანხმებაზე 2023 წლის მარტში დავიწყეთ და წელს დავასრულეთ.

"არდი" წლიდან წლამდე მზარდ და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. რა მიზეზებით იყო განპირობებული უკვე გაცხადებული ცვლილება?

იმ საპარტნიორო სტრუქტურით, როგორიც "არდიში" ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, მე პირადად კომპანიის განვითარების პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი. კომპანია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეფექტურად ვეღარ დაძლევდა. ამიტომ, ისევ და ისევ დაზღვეულების ინტერესების დაცვის მიზნით შედგა ეს შეთანხმებაც.

ზოგადად, ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმი და პროცესია, და ვფიქრობ, გამოწვევებს შესაბამისად უნდა მოვერგოთ. სადაზღვევო ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მოცულობამ 1 მილიარდს გადააჭარბა. დაზღვევაში ახლა დაიწყო ის პროცესები, რაც საბანკო სფერომ წლების წინ გამოიარა. ეს სფერო მალე უფრო მეტად ინსტიტუციური ბიზნესი გახდება. მომავალში კიდევ უფრო ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ, ბევრი სიახლე გვექნება.

"არდიში" დაზღვეულებზე როგორ აისახება ეს ცვლილებები ?

"არდიში" დაზღვეულებს ეს ცვლილებები არ შეეხება. კომპანიის მომსახურების სტანდარტები და სერვისის ხარისხი არ შეიცვლება. "არდი" ისეთივე მზრუნველი, ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი იქნება საკუთარი დაზღვეულების მიმართ, როგორიც აქამდე იყო. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ, რაც მე ვერ შევძელი ჩემი პირადი რესურსებით, "საქართველოს კაპიტალი" შეძლებს. ჩვენ დაზღვევის ბაზარზე თამაშის ბევრი წესი შევცვალეთ და საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის დაზღვევა ცხოვრების წესის ატრიბუტად ვაქციეთ. რეალურად, ვფიქრობ, მართლაც შეუძლებელი შევძელით. 2011 წელს ბაზარზე შემოვედით ყოველგვარი გავლენიანი ინსტიტუციონალური თანადგომის გარეშე. სულ რამდენიმე წელიწადში კი "არდი" ერთ-ერთ ცნობად ბრენდად ვაქციეთ. ცხადია, ეს ყველა "არდელის" დამსახურებაა.

"არდი" თქვენ მიერ შექმნილი მეორე სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. მანამდე ჩვენ სადაზღვევო კომპანია "ირაო"-ს თემებზე სასაუბროდ შევხვედრივართ ერთმანეთს.

სადაზღვევო კომპანია "ირაო" ჩემი პირველი ბიზნეს პროექტი იყო. 2004 წელს დავაფუძნე. ზუსტად 4 წელიწადში, "ირაო" უკვე სადაზღვევო ბაზრის ტოპ-ხუთეულში შევიდა და "ვენის სადაზღვევო ჯგუფმა შეიძინა". სახელწოდება "ირაო" ისევე როგორც "არდი" ჩემი შერჩეულია და მე ორივე სახელით ვამაყობ.

მესამე სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც ახლა იტოვებთ, უკვე შეურჩიეთ სახელი?

სახელი, რა თქმა უნდა, შერჩეული მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ. სამაგიეროდ, ზუსტად გეტყვით, რომ 5 წლის შემდეგ ეს სახელი არანაკლებ ცნობადი იქნება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, როგორც "არდი", ან "ირაოა".

როგორც ვიცი, სადაზღვევო კომპანია გაქვთ უკრაინაშიც. რით არის განპირობებული თქვენი გამორჩეული ინტერესი ამ სფეროს მიმართ?

5 წლის წინ, მეგობრებთან ერთად, უკრაინაში სადაზღვევო კომპანია ვიყიდე. 4 წელი მის "გასუფთავებას" და თანამედროვე სტანდარტებზე გადმოყვანას მოვანდომე. 2021 წელს უცხოელი ინვესტორი შემოვიყვანე და 1 მილიონი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ. დიდი იმედებით გავხსენით ოფისი კიევში 2022 წლის იანვარში. ერთი თვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. აქედან გამომდინარე, ამჟამად ხელახალი გააზრების პროცესში ვარ, ჩემი უკრაინული სადაზღვევო კომპანიის მომავალთან დაკავშირებით.

ზოგადად, დაზღვევაზე რთული და საპასუხიმგებლო ბიზნესი იშვიათია. უცნაურია, მაგრამ ჩემს სხვა კომპანიებში წარმატებულად ვგრძნობ თავს, როცა შემოსავალი შემოდის, "არდიში" კი - ბედნიერად მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა ყველა ზარალს ვანაზღაურებდით. ალბათ, თავად დაზღვევის მიზანიც იწვევს ჩემს განწყობას, რადგან ვხვდები, რომ, ასეთი კომპანიების არსებობა, ბევრ ადამიანს რთულ და გამოუვალ მდგომარეობას უმსუბუქებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"