OvaSensorium – მენსტრუალური ჯანმრთელობის მონიტორინგის ჭკვიანი პატჩი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Smart Menstrual Health Monitoring Patch (მენსტრუალური ჯანმრთელობის მონიტორინგის ჭკვიანი პატჩი) – OvaSensorium შეიქმნა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქალთა ჰორმონული ჯანმრთელობის მონიტორინგი ხშირად არასაკმარისი, ფრაგმენტული და დაგვიანებულია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, თინათინ კუჭუხიძის თქმით, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), ენდომეტრიოზი და უნაყოფობა ხშირ შემთხვევაში გვიან დიაგნოსტირდება, რადგან არსებული მეთოდები ან თვითშეფასებაზეა დაფუძნებული, ან მოითხოვს პერიოდულ, ინვაზიურ და ხარჯიან ლაბორატორიულ კვლევებს.
"პრაქტიკულად არ არსებობს უწყვეტი, არაინვაზიური და კლინიკურად სანდო ჰორმონული მონიტორინგის სისტემა. პროექტი ამჟამად კლინიკური კვლევის ეტაპზეა და მიზნად ისახავს ტექნოლოგიის სიზუსტისა და კლინიკური გამოყენებადობის დამტკიცებას. აღნიშნულ კვლევას საერთაშორისო პროფესიული აღიარებაც მოჰყვა – 2025 წელს ევროპის ენდოკრინოლოგიურმა ასოციაციამ (ESE) პროექტი და მისი ავტორი დააჯილდოვა Young Investigator Award-ით, რაც ადასტურებს მისი მეცნიერული ღირებულებისა და ინოვაციური პოტენციალის მნიშვნელობას.
იდეაზე მუშაობა დავიწყე 2023 წელს, როგორც გინეკოლოგიის რეზიდენტმა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა. ხშირად ვხვდებოდი პაციენტებს, რომელთაც სჭირდებოდათ კონკრეტული პასუხები – "როდის მოხდა ოვულაცია?", "რატომ არ არის ციკლი რეგულარული?", "რატომ ვერ ვორსულდები?" – თუმცა ხელთ გვქონდა მხოლოდ ფრაგმენტული მონაცემები. აქედან გამომდინარე, დავფიქრდი, შეიძლებოდა თუ არა ჰორმონების უწყვეტი მონიტორინგი თანამედროვე სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ამავე წელს, როგორც პირველი ქართველი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა დამაჯილდოვა The Diana Awards-ით, რომელიც გაიცემა სოციალური ქმედებისა ან ჰუმანიტარული საქმიანობისთვის. ეს ჯილდო წარმოადგენს უმაღლეს აღიარებას სოციალურ ან ჰუმანიტარულ საქმიანობაში. ჯილდო დაარსებულია პრინცესა დაიანას ხსოვნის პატივსაცემად და გაიცემა ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს მისი ორივე ვაჟი – კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგები", – ამბობს თინათინ კუჭუხიძე.
თინათინი აღნიშნავს, რომ მას ბაზარზე ახალი გამოცდილების შემოტანა სურდა, რომელიც იქნებოდა ქალზე ორიენტირებული, მონაცემებზე დაფუძნებული და ტექნოლოგიურად გამართული მიდგომა – ისეთი სისტემა, რომელიც მომხმარებელს აძლევს არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესის გააზრებას, ხოლო ექიმს – უწყვეტ და დინამიკურ მონაცემებს, არა მხოლოდ ერთჯერად ანალიზს.
"გარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა, ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, გამოყენებულ იქნას ტრანსგენდერულ მედიცინაშიც, განსაკუთრებით ჰორმონოთერაპიის მონიტორინგის პროცესში, სადაც მნიშვნელოვანია ჰორმონული დონის დინამიკური და პერსონალიზებული კონტროლი. ჩემი მიზანი იყო მენსტრუალური ჯანმრთელობა გადასულიყო "აპლიკაციური თვითთრექინგიდან" კლინიკურად სანდო, AI-ზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ მონიტორინგამდე – და სწორედ ამ ხედვამ შექმნა OvaSensorium".
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ როდესაც იწყებ ინოვაციას სფეროში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მსგავსი გადაწყვეტა და სადაც ტექნოლოგია და მედიცინა იკვეთება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, სკეპტიციზმი და გაურკვევლობა.
"განსაკუთრებით მაშინ, როცა პარალელურად ხარ კლინიკურ პრაქტიკაში, აკადემიურ სივრცესა და კვლევით პროცესში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს სიმამაცე მხოლოდ ჩემთვის ან კონკრეტული დამფუძნებლებისთვისაა დამახასიათებელი. მგონია, რომ გაბედულება ჩნდება მაშინ, როდესაც პრობლემა შენთვის პირადად ხდება მნიშვნელოვანი. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ქალთა ჯანმრთელობის რეალური საჭიროება, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებოდი".
თინათინ კუჭუხიძის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ინოვაციური იდეის რეალურ, კლინიკურად სანდო პროდუქტად გარდაქმნა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ჰორმონების არაინვაზიურ მონიტორინგზე. ის აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა: შესაძლებელი იყო თუ არა სენსორული პატჩის საშუალებით ზუსტი და სანდო მონაცემების მიღება? იქნებოდა თუ არა პროფესიული საზოგადოება მზად ასეთი ტექნოლოგიის მისაღებად?
"ეს სკეპტიციზმი თავიდან მართლაც გადაულახავ ბარიერად მეჩვენებოდა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთდროულად ვაგრძელებდი კლინიკურ პრაქტიკას, აკადემიურ საქმიანობასა და სტარტაპის განვითარებას. თუმცა გამოსავალი იყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული მუშაობა. სისტემურმა კვლევამ, საერთაშორისო თანამშრომლობამ და მკაცრმა კლინიკურმა ვალიდაციამ საშუალება მოგვცა, იდეა თეორიიდან რეალურ შედეგამდე მიგვეყვანა. საბოლოოდ ამ პროცესმა არა მხოლოდ ტექნოლოგიის სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიტანა.
ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველაზე რთული ბარიერები ხშირად სწორედ ის ეტაპია, რომელიც ზრდას და გარღვევას წინ უძღვის. წინააღმდეგობა შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ თუ ხედვა მკაფიოა და მონაცემები – სანდო, გზა მაინც იძებნება".
თინათინ კუჭუხიძე აღნიშნავს, რომ პროფესიული გზის გარკვეულ ეტაპებზე გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამ მოუწია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ინოვაციას, ტექნოლოგიასა და ლიდერობას – სფეროებს, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცურ სივრცედ აღიქმებოდა, მსგავსი სტერეოტიპები ხშირია.
"ჩემთვის ეს სტერეოტიპები ბარიერი კი არა, მოტივაცია გახდა. მე მჯერა, რომ პროფესიონალიზმი, ცოდნა და შედეგი არ ცნობს გენდერს. სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ წარმატების მიღწევა, არამედ მაგალითის შექმნა – რომ ქალი შეიძლება იყოს ერთდროულად კლინიცისტი, მკვლევარი, ინოვატორი და სტარტაპის დამფუძნებელი".
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ დამოუკიდებელმა კვლევითმა საქმიანობამ ასწავლა პასუხისმგებლობა და გაურკვევლობასთან მეგობრობა. მისი თქმით, როდესაც საკუთარ იდეაზე მუშაობ, არ არსებობს მზა გზა, ყოველდღიურად იღებ გადაწყვეტილებებს არასრული ინფორმაციის პირობებში, სწავლობ შეცდომებზე და იაზრებ, რომ მარცხი პროცესის ნაწილია და არა დასასრული.
"დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ვეტყოდი: ნუ დაელოდებით სრულყოფილ მომენტს. ის არ არსებობს. დაიწყეთ იმ რესურსით, რაც გაქვთ და გზადაგზა დახვეწეთ. იმუშავეთ მონაცემებზე, მაგრამ ენდეთ საკუთარ ხედვასაც. და რაც მთავარია – ააგეთ სისტემა, რომელიც თქვენ გარეშეც იმუშავებს.
ქალებსა და გოგონებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ, მაგრამ თავს იკავებენ, ვეტყოდი: შიში ბუნებრივია, მაგრამ ის არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილების ავტორი. ხშირად ყველაზე დიდი ბარიერი გარეთ კი არა, ჩვენს თავშია – ეჭვი, "საკმარისი ვარ თუ არა". მინდა იცოდნენ, რომ ლიდერობა არ ნიშნავს ხმამაღლობას, წარმატება კი – სტერეოტიპების შესაბამისობას. თქვენ არ გჭირდებათ ვინმეს მსგავსად ყოფნა – საკმარისია იყოთ პროფესიონალი და გაბედული".
თინათინ კუჭუხიძე ანტრეპრენერად მოიაზრებს ადამიანს, რომელიც პრობლემას არა მხოლოდ აკვირდება, არამედ მას საკუთარ პასუხისმგებლობად იღებს. მისი თქმით, ანტრეპრენერი ხედავს იმას, რაც შეიძლება შეიცვალოს, და არ უშინდება იმ გზას, რომელიც ამ ცვლილებამდე მიდის.
"ჩემთვის ანტრეპრენერობა ძალიან პირადულია. როგორც ექიმს, არაერთხელ მინახავს პაციენტი, რომელიც ელოდება დიაგნოზს, ახსნას, იმედს. იმ მომენტებში ხვდები, რომ მხოლოდ არსებული სისტემის ნაწილად ყოფნა საკმარისი არ არის. საჭიროა ახალი გზების შექმნა. სწორედ ეს ემოცია, პასუხისმგებლობა და სურვილი, რეალურად შეცვალო რაღაც, გახდა ჩემი მოტივაცია".
ასევე, აღნიშნავს, რომ თავის საქმიანობაში ინსპირაციას რამდენიმე წყარო აქვს, თუმცა მათგან ყველაზე ძლიერი მშობლებია.
"ბავშვობიდან ვხედავდი მათ შრომას, პასუხისმგებლობასა და ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას. მათ მასწავლეს, რომ პროფესია მხოლოდ კარიერა არ არის – ეს არის გზა, რომლითაც შეგიძლია სხვების ცხოვრებაზე დადებითი გავლენა მოახდინო. მათი მხარდაჭერა და რწმენა ჩემ მიმართ ყოველთვის იყო ჩემი შინაგანი ძალის წყარო. ინსპირაციას მაძლევენ ასევე პაციენტები – განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დროს მიღებულ ინფორმაციასა და მხარდაჭერას. მათი ისტორიები მაძლევს მოტივაციას, რომ ვიფიქრო სისტემურ ცვლილებაზე და არა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებზე".
თინათინ კუჭუხიძეს ინსპირაციას აძლევს მეცნიერებაც – იდეა, რომ ცოდნა შეიძლება გადაიქცეს ინოვაციად, ხოლო ინოვაცია – რეალურ ცვლილებად. მისი თქმით, სწორედ ეს შერწყმა – პირადი ღირებულებების, მედიცინისა და მეცნიერების, არის ის, რაც ყოველდღიურად აძლევს ძალას, გააგრძელოს და შექმნას უკეთესი მომავალი ქალთა ჯანმრთელობისთვის.
"ჩვენი განვითარების ხედვა ეტაპობრივად განხორციელების პრინციპს ეფუძნება: ვგეგმავთ კლინიკური კვლევების დასრულებას, შედეგების ანალიზს და მომდევნო სტრატეგიული ნაბიჯების მიღებას. The journey of a thousand miles begins with a single step – ლაო-ძი", – ამბობს OvaSensorium-ის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ კუჭუხიძე.