Papilio Group - ციფრული სერვისების პროვაიდერი, ვირტუალური და დამატებითი რეალობის ინოვაციური ტექნოლოგიებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Papilio Group მომხმარებლებს ისეთ მომსახურებებს სთავაზობს, როგორიცაა ვირტუალური და დამატებითი რეალობა VR/AR(virtual reality/augmented reality) ტექნოლოგიები, CGI ანიმაციები, ვებდეველოპმენტი და ინტერაქტიული მარკეტინგული გადაწყვეტილებები.
"ჩვენი სერვისები არა მხოლოდ აუმჯობესებს მომხმარებლის ჩართულობას, არამედ სრულიად ცვლის მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიებს. კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ, თავიანთ მიზნებს უფრო ეფექტიანად მიაღწიონ", - მიხეილ ჯაფარიძე, Papilio Group-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
როგორც მიხეილი გვიყვება, კომპანია ბიზნესებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროდუქტისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში ეხმარება, რათა ნაკლები რესურსის გამოყენებით უკეთეს შედეგს მიაღწიონ.
"ჩვენი VR/AR ტექნოლოგია მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესებს სრულიად ახალ განზომილებაში გადაიყვანს, რაც ცნობადობას, ნდობას და, საბოლოო ჯამში, გაყიდვების მაჩვენებელს გაზრდის".
მიხეილი იხსენებს, რომ იდეა დაიბადა იმ გამოწვევების ფონზე, რომლებსაც ქართული ბიზნესსექტორი თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო განიცდიდა.
"VR/AR ტექნოლოგიების მეშვეობით ვხედავდით შესაძლებლობას, რომ ბიზნესი ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე გადასულიყო და მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილება შეეთავაზებინა. ეს ნაბიჯი არა მარტო ახალ სიტყვად იქცა ქართულ ბაზარზე, არამედ კომპანიას საშუალება მისცა, თავისი პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გაეხადა".
მიხეილი ამბობს, რომ VR/AR ტექნოლოგიები ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, უცნობი იყო. აპარატურისა და სერვისების მიმართ სკეპტიციზმის პირობებში დიდი ინოვაციური იდეების ამოქმედებას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.
"მთავარი გამოწვევა VR/AR ტექნოლოგიების უპირატესობების გაცნობა და დამტკიცება იყო. ჩვენი პარტნიორი კომპანიების, როგორიცაა: თბილისის მერია, "ბენე გრუპი", "ნიუ გრუპი", შოთა რუსთაველის თეატრი, "გრანდ მოლი" და "სქაილუქსი", დახმარებით ჩვენმა პროექტებმა აჩვენა, როგორ შეუძლია ამ ტექნოლოგიებს კომპანიების ეფექტურობისთვის მომხმარებლის ჩართულობა გაზარდოს".
ასევე, ეს ხელს უწყობს მომხმარებლის ჩართულობის გაზრდას მშენებლობისა და დიზაინის პროცესში. სახლის შეძენისას მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, ვირტუალური ან დამატებითი რეალობის ტექნოლოგიების საშუალებით, მშენებლობის დასრულებამდე იხილონ, როგორი იქნება ბინა რამდენიმე თვეში ან წელიწადში. ამასთან, შეუძლიათ საჭირო ცვლილებები შეიტანონ და სასურველი დიზაინი შეარჩიონ".
კომპანიისთვის მთავარი მოტივაცია გლობალური ტექნოლოგიური განვითარება და თანამედროვე მეთოდების საქართველოში დანერგვაა.
"ჩვენი შთაგონების წყარო ის ცვლილებები და სარგებელია, რომელსაც კლიენტის საქმიანობაში ინოვაციური სერვისები ნერგავს. ჩვენი განვითარების ხედვა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ მიმართულებას მოიცავს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას".
Papilio Group მიზნად ისახავს:
- VR და AR ტექნოლოგიების გამოყენებით მუზეუმების გამრავალფეროვნებას და გამოფენების ახალ დონეზე აყვანას, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, კულტურასა და ისტორიას ინტერაქტიულად გაეცნონ, ხოლო ვირტუალური რეალობა გამოფენების გლობალურ ხელმისაწვდომობას აამაღლებს.
- ჰოლოგრამული ტექნოლოგიების განვითარებას, რაც მომხმარებელთან ურთიერთობის ტრადიციულ ფორმებს სრულიად შეცვლის. კომპანია გეგმავს ამ ინოვაციების დანერგვას მარკეტინგში, აეროპორტებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.
- საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და პარტნიორობის ქსელის გაფართოებას, რათა უნიკალური გამოცდილება სხვა ქვეყნებს გაუზიაროს და მსოფლიო ბაზრის განვითარების ტემპებს ფეხი აუწყოს.
- სამედიცინო სფეროში VR/AR ტექნოლოგიების დანერგვას, განსაკუთრებით სწავლების და ხელოვნური მოდელირების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის უფრო ეფექტური და ვიზუალურად უფრო ხარისხიანი ტრენინგების დანერგვას.
- VR ქართული თამაშების შექმნას, რაც გლობალური ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ქართული იდენტობის წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემს.
"ჩვენი მიზანია, გავხდეთ ინოვაციების ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც, რაც ჩვენი კომპანიისა და საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის, პოზიციონირებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს".