Get All Access for $5/mo

Patagonia კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის ყოველწლიურად $100 მილიონს გამოყოფს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპანიამ რესტრუქტურიზაცია ჩაატარა, საკუთრების უფლება ნდობით მმართველს გადასცა და პირობა დადო, რომ წელიწადში დაახლოებით $100 მილიონ გამოყოფდა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

სულ ახლახან, აქტიური დასვენების ტანსაცმლის მწარმოებელმა, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრენდმა Patagonia, რომელიც 1973 წელს დააარსა ივონ შუინარმა და დაარსების დღიდან შუინარის ოჯახი მართავდა, კომპანიის რესტრუქტურიზაციის შესახებ გამოაცხადა. ცნობისთვის, ამიერიდან კომპანია არაკომერციული ორგანიზაცია Holdfast Collective-ის მეთვალყურეობის ქვეშ გადადის, რომელიც თვალყურს ადევნებს Patagonia-ს ეკოლოგიურ საქმიანობას.

Patagonia-ს შემოსავლის 100%, რომელიც ბიზნესში არ არის რეინვესტირებული, Holdfast Collective-ში გადანაწილდება, ხოლო საკუთრივ Holdfast Collective ამ თანხას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გამოიყენებს. კომპანია წლების განმავლობაში გასცემდა თავისი გაყიდვების 1%-ს ეკოლოგიური მიზნებისთვის, თუმცა ახალი კომპანიის საქველმოქმედო დანახარჯები დაახლოებით $100 მილიონი იქნება წელიწადში, რაც მკვეთრად აღემატება ადრინდელ ოდენობას.

მთავარი აღმასრულებლის პოსტზე დარჩება კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი რაიან გელერტი, შუინარების ოჯახი კი აქტიურად ჩაერთვება საქმიანობაში: კომპანიის საბჭოში იქნება წარმოდგენილი, ტრასტს უხელმძღვანელებს, რომელიც ხმის მიცემის უფლების მქონე აქციებს ფლობს და Holdfast Collective-ის ფილანთროპიულ საქმიანობას გააკონტროლებს. კომპანიის სათავო ოფისი ვენტურაში, კალიფორნიაში დარჩება.

ახალი კორპორაციული მოდელის შექმნა

83 წლის შუინარმა კორპორაციული რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო. ის გზას ეძებდა, კომპანიის პოზიტიური ზეგავლენის გასაძლიერებლად გარემოზე და სულ უფრო მეტად ამძიმებდა მილიარდერის სტატუსი. მან თავისი დაარსებული ბიზნესიდან გასვლის ვარიანტების შესწავლა დაიწყო, რომელიც თავიდან მცირე ბიზნესი იყო − იგი ალპინისტურ აღჭურვილობას ყიდდა და მსოფლიო ბრენდად იქცა, რომელიც დღეს $3 მილიარდადაა შეფასებული. ივონი წლების განმავლობაში ტრადიციული კორპორაციული ტენდენციების დამსხვრევასა და მათ თავიდან განსაზღვრაზე მუშაობდა და როგორც ანტრეპრენერი, ამას საკუთარ ბიზნეს-სოციალურ ინსტრუმენტებად იყენებდა.

"ერთ-ერთი ვარიანტი Patagonia-ს გაყიდვა და მთელი თანხის ეკოლოგიური მიზნებისთვის შეწირვა იყო", − წერს იგი დღეს გამოქვეყნებულ წერილში, − "მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებოდით დარწმუნებული, რომ ახალი მფლობელი ჩვენს ფასეულობებს ან ჩვენს გუნდს შეინარჩუნებდა მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთი გზა, კომპანიის საჯაროდ გამოცხადება იყო და წარმოიდგინეთ, როგორი კატასტროფა იქნებოდა ეს. კეთილი განზრახვების მქონე საჯარო კომპანიებიც კი ძალიან დიდი ზემოქმედების ქვეშ არიან, რათა მოკლევადიანი მოგება მიიღონ გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისა და პასუხისმგებლობის ხარჯზე. სიმართლე რომ გითხრათ, კარგი ვარიანტები არ იყო და ამიტომ, ჩვენ საკუთარი შევქმენით".

ახალი ბიზნესმოდელის შექმნა გელერტს და Patagonia-ს აღმასრულებელთა მცირე გუნდს დაევალა. პროექტის კოდური სახელი იყო ჩაკაბუკო, რაც სათევზაო ადგილს მიანიშნებდა ჩილეში. მათ 2020 წლის შუა პერიოდში დაიწყეს გონებაზე შტურმის მიტანა. კომპანიის გაყიდვის ან საჯაროდ გატანის გარდა, წინადადებები იყო მის გარდაქმნაზე არაკომერციულ ორგანიზაციად ან კოოპერატივად, როგორიცაა, მაგალითად, REI, მაგრამ საბოლოოდ, ზემოაღნიშნულ გეგმაზე შეჩერდნენ.

რესტრუქტურიზაციამ მოითხოვა, რომ შუინარების ოჯახს − ივონს, მის მეუღლე მალინდას და მათ შვილებს, კლერსა და ფლეტჩერს − კომპანიის მთელი აქციები ახალი ტრასტისთვის შეეწირათ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა Patagonia Purpose Trust, რაც მათ დაახლოებით $17,5 მილიონი დაუჯდებათ საჩუქრის გადასახადის სახით.

რაც შეეხება Holdfast Collective-ს, მას არაკომერციული ორგანიზაციის სტრუქტურა აქვს, რაც მისივე თქმით, იმის გამო აირჩია, რომ ამ შემთხვევაში იურიდიული პირი უფრო მოქნილი იქნებოდა. ამ ტიპის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, პოლიტიკური მიზნებისთვის შეუზღუდავი შემოწირულებები გააკეთონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შუინარები საგადასახადო შეღავათებს არ მიიღებენ იმ თანხებისთვის, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციაში მიედინება.

როგორც Patagonia-ს კომუნიკაციებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, კორლი კენამ, განაცხადა, Holdfast Collective-ისგან მოელის, რომ იგი თავის სახსრებს ფართო და მრავალფეროვანი გზებით გაანაწილებს: გრანტების სახით ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კლიმატის კრიზისის ძირეულ მიზეზებს აღმოფხვრიან, ინვესტიციების სახით მიწისა და წყლის რესურსების დაცვაში, და უფრო ძლიერი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერაში.

Patagonia სავარაუდოდ აგრესიული ტიპის პროპაგანდას მიმართავს, და ამის მისანიშნებლად, კენამ ყველას მიმართა, არ დაევიწყებინათ, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც თავის საზოგადოებას მოუწოდებდა "არამზადებისთვის მიეცათ ხმა" ტრამპის ადმინისტრაციისას და ამ დროს, იუტას შტატის ძირძველ ჯგუფებს შეუერთდა, რათა სასამართლოში შეეტანათ სარჩელი იმავე ადმინისტრაციის წინააღმდეგ ეროვნული ძეგლის (Bears Ears National Monument) ტერიტორიის საზღვრების შემცირების გამო.

ბოლოსდაბოლოს, კორპორაციული რესტრუქტურიზაცია მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ Patagonia თანამშრომლებს აქციების ოფციონებს არ სთავაზობს. განსაკუთრებით კი, არაკომერციული ორგანიზაციისთვის ყველა იმ აქციის გადაცემა, რომელიც მფლობელს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევს. შუინარმა ათი წლის წინ გამოქვეყნებულ წიგნში "პასუხისმგებელი კომპანია", გამოთქვა შეშფოთება თანამშრომლებთან და საჯარო საკუთრებასთან დაკავშირებით, ამტკიცებდა, რომ კომპანიის აქციების უფრო მეტ კონტროლს შესაძლოა ხელი შეეშალა იმ ცვლილებებისთვის, რომელთა შესახებ დღეს გამოაცხადეს.

"[ჩვენ] შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ აქციების უფრო ფართოდ განაწილების შემთხვევაში, კომპანია ზედმეტად ფრთხილი გახდება თავისი ეკოლოგიური მიზნების მიღწევის მიზნით გარისკვისას", − წერდა შუინარი 2012 წელს, − "Patagonia-მ საზღვრების გაფართოება რომ შეძლოს, [ჩვენ] მზად ვართ გავრისკოთ, რამაც შესაძლოა უფრო ფართო მონაწილეობა შეაჩეროს, თუნდაც იმ თანამშრომლებისა, რომლებიც მზად არიან გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად".

ცვლილებების შესახებ გამოცხადება

Patagonia-ს წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შუინარი კარგად გრძნობს თავს, ჯანმრთელადაა, მაგრამ საბჭოს წევრ კრისტინ მაკდივიტ ტომპკინსის თქმით, "მას სურს გეგმა ჰქონდეს კომპანიისა და პლანეტის მომავლისთვის".

"კაპიტალიზმის ამჟამინდელმა სისტემამ უდიდესი დანახარჯების ფასად მიაღწია წარმატებებს", − წერს ჩარლზ კონი, Patagonia-ს გამგეობის თავმჯდომარე, − "სამყარო ფაქტობრივად ცეცხლის ალშია გახვეული. კომპანიები, რომლებიც კაპიტალიზმის შემდგომ მოდელს ქმნიან მიზნისადმი ღრმა ერთგულებით, უფრო მეტ ინვესტიციას, უკეთეს თანამშრომლებსა და უფრო ერთგულ მომხმარებლებს მოიზიდავენ. ისინი არიან ბიზნესის მომავალი, და თუ უკეთესი სამყაროს შექმნა გვსურს, ეს მომავალი იმით იწყება, რასაც ივონი ახლა აკეთებს".

Patagonia-ს მიმზიდველი მარკეტინგი აქვს თავისი ეკოლოგიური საქმიანობის სფეროში, შეიმუშავა რამდენიმე ლოზუნგი, რომლებიც კომპანიის განახლებულ სტრუქტურას აჯამებს. იმის ნაცვლად, რომ ბრენდი საჯარო გამხდარიყო, იგი "მიზანმიმართული გახდა". და რადგან ბიზნესის საკონტროლო აქციების მფლობელი Patagonia Purpose Trust-ია და კომპანიის ეკოლოგიური მისია მან უნდა დაიცვას, ბრენდი აცხადებს, რომ დედამიწა მისი "ერთადერთი აქციონერია".

ეს განაცხადი შესაძლოა არც ისე გაზვიადებული იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. Patagonia Purpose Trust-ს არ ჰყავს ინდივიდუალური ბენეფიციარები და მის მიერ კონტროლირებადი აქციები ვერასოდეს გაიყიდება. ეს კი, გენერალური მრჩევლის მოადგილის − გრეგ კერტისის თქმით, იმას ნიშნავს, რომ "არც ფინანსური სტიმული არსებობს და არც სტრუქტურული შესაძლებლობა ამ ტრასტის მიზნებში რაიმე გადახრა მოხდეს". ტრასტის მისიის "მონიტორინგისა და აღსრულებისთვის" დამოუკიდებელი დამცველი დაინიშნა, რომლის ვინაობა უცნობია.

"ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ექსპერიმენტი დავიწყეთ ბიზნესის პასუხისმგებლობიანი მართვის სფეროში", − წერდა შუინარი კომპანიის დაახლოებით 3500 თანამშრომლისადმი მიმართვაში, − "თუ ჩვენ რაიმე იმედი გვაქვს იმისა, რომ 50 წლის შემდეგ პლანეტა აყვავებული იქნება, ყველა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომელიც იმ რესურსებით შეგვიძლია, რაც გვაქვს. მე არასოდეს მინდოდა ბიზნესის ლიდერი ვყოფილიყავი, და სამუშაოს საკუთარ წილს ვასრულებ. იმის ნაცვლად, რომ ბუნებიდან გამოვიტანოთ ფასეულობა და სიმდიდრედ გარდავქმნათ, წყაროს დასაცავად ვიყენებთ სიმდიდრეს, რომელსაც Patagonia ქმნის. ჩვენ დედამიწას ვხდით საკუთარ ერთადერთ აქციონერად. მე სრულიად სერიოზულად ვუყურებ ამ პლანეტის გადარჩენის საქმეს".
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია