პატარა ქვეყანა დიდი იდეებით - როგორ გახდა ქართველი ჯორჯ კობი ახალი წლის ისტორიის ნაწილი და იქცა საქართველოს ბანკის ვიდეოს ინსპირაციად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კაცობრიობის ისტორია მდიდარია იმ გამორჩეული პიროვნებებით, რომელთა ნოვატორობამ და მიღწევებმა ფუნდამენტურად შეცვალა მსოფლიო.

ეს ადამიანები ინოვაციური აზროვნებით, უსაზღვრო შესაძლებლობებითა და პრაქტიკული ხედვით სხვადასხვა ეპოქაში სრულიად ახალ რეალობას ქმნიდნენ.

განსაკუთრებით, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მრეწველობა და ინდუსტრიული განვითარება მსოფლიო ეკონომიკისა და საზოგადოების ფუნდამენტად იქცა. ახალმა ტექნოლოგიებმა, მანქანებმა და წარმოების სისტემებმა რევოლუცია მოახდინეს.

ამ პერიოდში ამერიკა და ევროპა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებოდა, რაც ინოვატორებისა და მეწარმეებისათვის ფართო შესაძლებლობებს ქმნიდა. შესაბამისად, გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანები, პატარა ქვეყნებიდან სამშობლოსგან შორს ფუძნდებოდნენ და ერთი შეხედვით შეუძლებელი მიზნების რეალობად ქცევას ცდილობდნენ.

მათ შორის იყო ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე რომელმაც დიდი კვალი დატოვა როგორც ამერიკის საწარმოო ბაზარზე, ასევე ტრადიციაზე.

ერთი შეხედვით მისი ცხოვრება ფილმის სცენარს ჰგავს, სადაც მთავარი გმირი უდრეკი ნებისყოფითა და ინდუსტრიული რევოლუციის იდეით პატარა სოფლიდან მეგაპოლისში იხვეჭს სახელს.

კობი ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველად, ბორჯომში მინის ქარხანაში მემანქანედ დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი იყო გრძელი გზა. გზა, რომელმაც ის ჯერ თბილისამდე, შემდეგ პოლონეთამდე, გერმანიამდე, ინგლისამდე და ბოლოს ამერიკამდე მიიყვანა, რამაც კობის იდეებს ფრთები შეასხა და რეალობად აქცია.

1919 წელს, უკვე გამოცდილმა ქიმიკოსმა და გამომგონებელმა მინაზე მუშაობის ტექნიკა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. კერძოდ, დააარსა Coby Glass Products Company. აღსანიშნავია, რომ კობი თავად იყო ჩართული წარმოების თითოეულ ეტაპში: აკვირდებოდა პროცესებს და ყოველდღიურად ეძებდა გზებს, წარმოების გასაუმჯობესებლად.

ქართველმა მეწარმემ მალე მოიპოვა აღიარება. აღიარება, რომელიც მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და განსხვავებულობასთან ასოცირდებოდა.

ჯორჯ კობის შემოქმედებითი და ტექნიკური ხედვა მას საშუალებას აძლევდა, შეექმნა უნიკალური პროდუქტები. მის გამოგონებებს შორისაა: საწერ-კალმების ინოვაციური მოდელები, რომლებიც მუშაობის კომფორტს და სიზუსტეს უზრუნველყოფდნენ, სუნამოს ფლაკონების დიზაინი Prince Matchabeli-სთვის, რომელიც პრაქტიკულობითა და ესთეტიკით გამოირჩეოდა, სამედიცინო ამპულების მინის ჩამოსხმის უნიკალური ფორმულა, რომელიც უსაფრთხოებას ზრდიდა და პროდუქციის ხარისხს უზრუნველყოფდა. ასევე წყალგამძლე ცემენტის შექმნა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა. მის სახელთან დაკავშირებულია 60-ზე მეტი პატენტი.

გარდა ინდუსტრიული მიღწევებისა, ჯორჯ კობიმ ამერიკელებს ახალი წლის ნამდვილი დღესასწაული აჩუქა. კერძოდ, მანდაინახა შესაძლებლობა, შეექმნა სათამაშოები, რომლებიც სინათლეს, უსაფრთხოებასა და ემოციას გააერთიანებდა.

სირთულის მიუხედავად, ჯორჯ კობიმ შექმნა ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც თავად "ორნამენტი" უწოდა. ასე შეიქმნა ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტი - შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილი 12 - 24 ცალი სათამაშო და გავრცელდა ხალხში ფრაზა: "Christmas is Coby" ("კობი შობაა"). საინტერესოა, რომ სათამაშოებზე, ფოთლები, ფიფქები და ყურძნის მტევნები იყო გამოსახული.

გარდა სათამაშოებისა, კობიმ შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubble Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა და შობა ფერადთან ერთად უსაფრთხო დღესასწაულად აქცია.

სწორედ ჯორჯ კობის ისტორია იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეოს ინსპირაციად, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულ მიზანს, მაშინ "შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა".