"პაუზა" – ადგილი, სადაც ბუნება, ხელოვნება და ადამიანები ერთიანდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შემოქმედებითი სივრცე "პაუზა" შეიქმნა იმ იდეით, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანს სჭირდება ადგილი, სადაც შეძლებს ყოველდღიური რიტმისგან გათავისუფლებას, შთაგონების მიღებასა და დროის მშვიდად გატარებას.

ამ იდეამდე კომპანიის დამფუძნებელი, მარი კევლიშვილი მცენარეების სტუდიამ მიიყვანა.

"უკვე წელიწადზე მეტია "ლილიეტო" მომხმარებლებს არა უბრალოდ მცენარეს, არამედ სრულ გამოცდილებას სთავაზობს – ჯანსაღ, მოვლილ მცენარეს, მისთვის სწორად შერჩეულ ქოთანში გადარგულსა და ლამაზად შეფუთულს. ამ ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ დამანახა, რომ ადამიანები მხოლოდ მცენარეს არ ყიდულობდნენ – ისინი ეძებდნენ სიმშვიდეს, ბუნებასთან კავშირსა და ემოციას. სწორედ აქედან გაჩნდა ხედვა, შემექმნა სივრცე, სადაც მცენარეები მხოლოდ ერთი ელემენტი იქნებოდა, ხოლო მთავარი პროდუქტი თავად გამოცდილება გახდებოდა.

"პაუზა" აერთიანებს ბუნებას, ხელოვნებას, კერამიკას, ვორქშოფებს, შეხვედრებსა და შემოქმედებით აქტივობებს. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ ადგილი, სადაც ისინი დროებით მაინც გამოეთიშებიან ყოველდღიურ ქაოსს და ენერგიას აღიდგენენ", – ამბობს მარი კევლიშვილი.

მისი თქმით, მეწარმეობა ყოველთვის გაბედულებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქმნი ახალს და არა უბრალოდ უერთდები უკვე არსებულ ბაზარს.

"პაუზა" არ წარმოადგენს კლასიკურ კაფეს, არც მცენარეების მაღაზიას და არც მხოლოდ ღონისძიებების სივრცეს.

"ეს არის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ გამოცდილებას აერთიანებს. ასეთი იდეის განხორციელება მოითხოვდა რწმენას, რომ ადამიანები უკვე მზად არიან შეაფასონ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გარემო, ემოცია და ღირებულება, რომელსაც სივრცე ქმნის".

მარი კევლიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი ბიზნესმოდელის შექმნა იყო, რომლის მთავარი პროდუქტი გამოცდილებაა.

"როდესაც ახალ კონცეფციას ქმნი, მომხმარებელს ჯერ უნდა აუხსნა, რატომ არის ის განსხვავებული. ამიტომ პირველივე დღიდან განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თითოეულ დეტალს – სივრცის ატმოსფეროს, სერვისს, ვიზუალურ იდენტობასა და იმ ემოციას, რომელსაც სტუმარი "პაუზიდან" წაიღებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, რომ ძლიერი ბრენდი იქმნება არა რეკლამით, არამედ იმ გამოცდილებით, რომლის გაზიარებაც ადამიანებს თავად უნდებათ".

მისთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია ადამიანები არიან – როდესაც ხედავს, რომ სტუმრები "პაუზაში" თავს მშვიდად, თავისუფლად და შემოქმედებითად გრძნობენ.

მარი კევლიშვილს სჯერა, რომ თანამედროვე ბიზნესის როლი მხოლოდ პროდუქტის შექმნა აღარ არის – კარგი ბიზნესი ქმნის კულტურას, აერთიანებს ადამიანებს და დადებით გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ეს წარმოადგენს "პაუზის" მთავარი იდეას.

მარი კევლიშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში "პაუზა" თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულ შემოქმედებით სივრცედ ჩამოყალიბდეს – ადგილად, რომელიც ხარისხიან გამოცდილებასთან, შთაგონებასა და ადამიანების გაერთიანებასთან ასოცირდება.

"გვსურს, გავზარდოთ ვორქშოფების, კულტურული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო აქტივობების რაოდენობა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ქართველ ხელოვანებსა და მცირე ბიზნესებთან და შევქმნათ საზოგადოება, რომელიც "პაუზის" ღირებულებებს გაიზიარებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემი ხედვაა, "პაუზა" იქცეს ბრენდად, რომელიც ცხოვრების კონკრეტულ ფილოსოფიას გამოხატავს – კულტურას, სადაც ბუნება, შემოქმედება და ადამიანებს შორის ნამდვილი კავშირი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება", – ამბობს შემოქმედებითი სივრცის, "პაუზის" დამფუძნებელი, მარი კევლიშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი