Get All Access for $5/mo

პირველი, რასაც ვუყურებ, არის გუნდი - როგორია მათი შესაძლებლობები და გამოცდილება "სილიკონ ველის" ინვესტორების რჩევები სტარტაპებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში, "საქართველოს ბანკისა" და GITA-ს მხარდაჭერით, ოთხმა ქართულმა სტარტაპმა აქსელერაციის ეტაპი გაიარა და ადგილობრივ ინვესტორებს შეხვდა. მოგეხსენებათ, სილიკონ ველის საინვესტიციო გარემო მთელ მსოფლიოშია განთქმული და Entrepreneur-ს ამ სტატიაში სურს ორ ინვესტორთან − კომპანია Gaingels-ის წარმომადგენელ პატრიკ დრისკოლთან და Solasta Ventures-ის გუნდის წევრ კარლ ჩოისთან ინტერვიუ შემოგთავაზოთ.

შეკითხვებს Gaingels-ის წარმომადგენელი, პატრიკ დრისკოლი უპასუხებს:

როგორ სტარტაპებში გსურთ ინვესტირება?
მინდა ინვესტიცია ისეთ სტარტაპებში დავაბანდო, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებით გრძელვადიან პრობლემებს აგვარებენ. მაგალითად, კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ან სუფთა ენერგიის მიმართულებაზე მუშაობენ, იმისთვის, რომ უკეთესი, უფრო ძლიერი და სუფთა მომავალი გვქონდეს.

რომელია თქვენი საყვარელი სატელევიზიო შოუ?
ჩემი საყვარელი სატელევიზიო შოუ ამ მომენტში Silicon Valley-ია.

გვითხარით წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ...
აუცილებლად წასაკითხი წიგნი... მე ხელახლა წავიკითხე ბრედ ფელდისა და მენდელსონის Venture Deals, რაც ძალიან კარგი წიგნია ვენჩურული კაპიტალის საფუძვლების გასაცნობად.

რამდენ სტარტაპში გაქვთ ინვესტიცია დაბანდებული?
პირადად მე, ინვესტირება 3 სტარტაპში განვახორციელე. გასესხების მხრივ − 6-ში ან 7-ში, ხოლო ორგანიზაციამ, სადაც ვმუშაობ − 200-ზე მეტ კომპანიაში.

რას ურჩევდით სტარტაპერებს, რომლებმაც სულ ახლახან დაიწყეს ოპერირება?
დამფუძნებლები გარშემორტყმული უნდა იყვნენ მენტორებით, ძლიერი თანადამფუძნებლებითა და ადამიანებით, რომლებიც მათ გვერდით დაუდგებიან, რადგან ისინი საქმის კეთებას მარტო ვერ მოახერხებენ. ამის გაცნობიერების შემდეგ, უფრო სწრაფად შეძლებენ წარმატების მიღწევასა და ბიზნესის გაფართოებას.

რას აქცევთ ყველაზე დიდი ყურადღებას, როდესაც ინვესტიციაზე ფიქრობთ?
გუნდს. პირველი, რასაც ვუყურებ, არის გუნდი − როგორია მათი შესაძლებლობები და გამოცდილება; აფასებენ თუ არა საკუთარ თავს და თანაგუნდელებს ადეკვატურად; აქვთ თუ არა ხარვეზების აღმოფხვრის უნარი, აქტიურად ეძებენ თუ არა მენტორებს. ასე რომ, გუნდი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

ე.წ. "სოფტის" ბევრ კომპანიასთან ვმუშაობ. ეს არის ჩემი სამყარო. ამ პერიოდში მრავალი სტარტაპი შეიქმნა, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიის მიმართულებით მუშაობს და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობს. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ მომენტში, მაგრამ გარემო მუდმივად იცვლება.

რომელი იყო ყველაზე გიჟური ინვესტიცია?
ყველაზე გიჟური იდეა, რომელშიც ინვესტიცია მაქვს დაბანდებული, არის რობოტი, რომელიც საწყობებში სივრცის პერიმეტრს ზომავს. ეს იყო მართლაც საოცარი იდეა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ტექნოლოგია სახელმწიფო და თავდაცვის სივრცეებში იქნებოდა გამოყენებული. სახალისო გახლდათ იმის ნახვა, თუ როგორ გადავიდა ეს სტარტაპი განვითარების შემდეგ ეტაპზე და ჩვენ მისი ინვესტირება გადავწყვიტეთ.

ახლა კი, გვსურს წარმოგიდგინოთ მეორე რესპონდენტი −, Solasta Ventures-ის წევრი კარლ ჩოი, რომელიც დასმულ შეკითხვებს უპასუხებს:

რას ურჩევთ სტარტაპერებს?
ჩემი რჩევაა, იპოვოთ პროდუქტი, რომელიც ბაზარს შეესაბამება. დარწმუნდით, რომ მუშაობთ პრობლემაზე, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ჩაატარეთ ბევრი ინტერვიუ და ესაუბრეთ პოტენციურ მომხმარებლებს, რათა გამოავლინოთ გადასაჭრელი პრობლემები.

რა არის უფრო მნიშვნელოვანი − ევოლუცია თუ რევოლუცია?
ჩვენ ვენჩურული კაპიტალისტები ვართ, ამიტომ რევოლუციას ვისახავთ მიზნად. გვინდა, სამყარო შევცვალოთ.

რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას ინვესტიციაზე ფიქრის დროს?
ინვესტირების დროს მონაცემებს დიდ ყურადღებას ვაქცევ − შემოსავლების ზრდას, თუ რამდენად მიმზიდველია კომპანია მომხმარებლებისთვის და როგორი ტემპით კარგავს მათ. მჯერა, რომ ციფრები რეალურ ისტორიას გვიყვება.

როგორი კომპანიები გაინტერესებთ ახლა?
ამჟამად მაინტერესებს ისეთი კომპანიები, რომლებიც სამუშაო გარემოს განვითარებაზე მუშაობენ და ოგმენტირებულ (AR), ვირტუალურ რეალობას (VR) ქმნიან. ვგრძნობ, რომ სამომავლოდ ასეთი კომპანიები შესაძლოა ძალიან წარმატებულები გახდნენ.

პანდემიის გამო, რა ტიპის ცვლილებებია თქვენ გარშემო?
ვფიქრობ, პანდემიასთან ერთად, ბევრი ინვესტორი შესაძლებლობას საერთაშორისო ბაზარზე ეძებს. ამრიგად, ბევრი შეთანხმება Zoom-ისა და ინტერნეტის საშუალებით ხდება. ამით ისინი თავიანთი კომფორტის ზონის გარეთ გადიან.

რომელი იყო თქვენი ყველაზე გიჟური ინვესტიცია?
ჩვენ ინვესტიცია კომპანია Echo Imaging-ში დავაბანდეთ, რომელიც ხელის ულტრაბგერით მოწყობილობას აწარმოებს. იმედია, ეს იქნება მომავალი.

როგორი ტიპის კომპანიებში აბანდებთ ინვესტიციას?
ინვესტიციას ისეთ კომპანიებში ვაბანდებ, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, დიდი გავლენა მოახდინონ უზარმაზარ აუდიტორიაზე. მაგალითად, Echo Imaging-ში. იმედია, ისინი მრავალი ადამიანისთვის ჯანდაცვის სისტემის დემოკრატიზაციას შეძლებენ.

რომელია თქვენი საყვარელი სატელევიზიო შოუ?
ჩემი საყვარელი სატელევიზიო შოუა Black Mirror. მისი ყოველი სეზონი სხვადასხვა თემას ეხება. შესანიშნავია.

გვითხარით, რომელია აუცილებლად წასაკითხი წიგნი.
გირჩევთ, წაიკითხოთ Zero to One, რომლის ავტორიცაა პიტერ ტიელი. ის დამწყები ეკოსისტემის შესახებ წერს, განსაკუთრებით − დასაწყისში. ამ წიგნს გირჩევდით.

რამდენ სტარტაპში გაქვთ დაბანდებული ინვესტიცია?
ამ ეტაპზე, ინვესტიცია 5 თუ 6 სტარტაპში მაქვს დაბანდებული.

პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.