პლანეტის ყველაზე ეფექტურ ლიდერად შეიძლება ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი დასახელდეს Jacinda Ardern-ის ლიდერობის სტილი, რომელიც ემპათიაზეა ფოკუსირებული, ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლაში ეხმარება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ხალხი გრძნობს, რომ პრემიერმინისტრი კი არ ქადაგებს, არამედ მათ გვერდით დგას", − ამბობს ახალი ზელანდიის ექს-პრემიერმინისტრი Jacinda Ardern-ზე. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება მსოფლიო ლიდერთა გადაფასების ყველაზე ეფექტური საშუალება გახდეს. მაშინ, როცა გერმანიის კანცლერი მხარს უჭერს მეცნიერებას, ხოლო ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს მას, ასევე, როცა ინდოეთის პრემიერმინისტრი რეგულარულად ატარებს ბრიფინგებს და ტრამპის ყოველდღიური გამოსვლები დიდ სანახაობად იქცა, გაოცებას იწვევს ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრ Jacinda Ardern-ის კომუნიკაციის დამოუკიდებელი და განსხვავებული სტილი − 39 წლის ლიდერს საზოგადოება ენდობა, რადგან გრძნობს მის ემოციებს.
ერთ-ერთი სიახლე, რაც მან დანერგა, გახლდათ Facebook Live-ები, რომლებიც ერთდროულად იყო როგორც ინფორმაციული, ისე არაფორმალური. კარანტინის გამოცხადების პერიოდში იგი პირდაპირ შინიდან ჩაერთო, რათა მოსახლეობისთვის საჭირო რჩევები მიეცა. თბილ პერანგში გახვეულმა კი ისიც აღნიშნა, რომ ჩართვამდე სულ რამდენიმე ხნით ადრე დააძინა პატარა გოგონა.
როგორც ამბობენ, იგი ჭორებისა და დეზინფორმაციის ქარცეცხლში არასდროს ეხვევა, აქვს უნარი სწორი მოლოდინი გაუჩინოს ადამიანებს და შეუძლია დაამშვიდოს სხვები. ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს, თუმცა ლიდერმა, რომელიც კომფორტული ტანსაცმლით მილიონობით ადამიანს მიმართავს, შეძლო ქვეყნის დროული მობილიზება. Jacinda Ardern-ის მთავრობამ მოახერხა სწორი ნაბიჯების გადადგმა, სხვა ქვეყნებზე ადრე შემოიღო კარანტინი და ჩაკეტა ჩინეთის საზღვარი მაშინ, როცა ქვეყანაში ვირუსით ერთი ადამიანიც კი არ იყო ინფიცირებული.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება მხოლოდ პრემიერის მხრებზე არაა, არამედ ჯანდაცვის სფეროს კოლექტიური ძალისხმევის, ასევე ოპოზიციისა და ყველა იმ მოქალაქის, რომელიც მაქსიმალურად იცავდა სოციალურ დისტანციას და ითვალისწინებდა შეზღუდვებს.
Colmar Brunton-ის მიერ აპრილში განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალი ზელანდიის მკვიდრთა 88% ენდობოდა მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკის შემუშავებისას. ეს რიცხვი კი ბევრად მეტია ისეთ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეკონომიკა ყვავის. მაგალითად, აშშ-ში. ახალი ზელანდიის მკვიდრებმა მხარი დაუჭირეს მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ეკონომიკური კრახი განიცადა.
თუმცა, როგორც ამბობენ, ერთია სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება და მეორეა კრიზისის დროს რაციონალური იდეების ფლობა. საინტერესოა, თუ როგორ გაუმკლავდება ახალგაზრდა ლიდერი კორონავირუსის შემდეგ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დიდი ვარაუდით, უამრავი დაბრკოლებით იქნება სავსე.