Porsche Taycan-ის უნიკალური რეკორდი ნიურბურგრინგზე

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სერიულ ელექტრომობილს ნიურბურგრინგის "ნორდშლაიფეზე" ასე სწრაფად აქამდე არასდროს უვლია!

entrepreneur.ge

პორშეს ახალმა, სრულად ელექტრიფიცირებულმა ავტომობილმა Taycan Turbo S-მა ლეგენდარულ ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. სუპერსპორტული ავტომობილების გერმანული მწარმოებლის მრბოლელმა ლარს კერნმა Taycan Turbo S-ით ერთ წრეს სულ რაღაც 7 წუთი და 33 წამი მოანდომა, რაც სერიულად წარმოებულ ელექტრომობილებს შორის საუკეთესო შედეგია.

ავტომობილი ახალი Performance-კომპლექტითა და ზონდერკომპლექტაცია Porsche Dynamic Chassis Control-ით (PDCC) იყო აღჭურვილი. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე აუცილებელი, დამცავი კარკასისა და სარბოლო სავარძლების გარდა, მანქანა სრულიად შეესაბამებოდა იმ ვერსიას, რომელიც სერიულად იწარმოება. არ შეცვლილა ავტომობილის წონაც.

Performance-კომპლექტში შედის 21-დუიმიანი Spyder-დიზაინის დისკები და უკვე ტაიკანისთვისაც ხელმისაწვდომი სპორტული საბურავები Pirelli P Zero Corsa, ასევე ამ საბურავებზე მორგებული სავალი ნაწილის რეგულირების სისტემა Porsche 4D-Chassis Control, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს ტაიკანის სავალი ნაწილის ყველა სისტემას და უზრუნველყოფს ყველა დეტალის სინქრონულ მუშაობას.

საბურავებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, როგორც წესი, სპორტული საბურავები შექმნილია სარბოლო ტრასისთვის. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი სტანდარტული საბურავებით ჩანაცვლება. თუმცა, ჩანაცვლების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი შასის თავდაპირველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაბრუნება.

ავტომრბოლელი ლარს კერნი: "7:33 - მსგავს დროს წარსულში მხოლოდ სუფთა სუპერსპორტული ბოლიდები აფიქსირებდნენ ხოლმე, ასეთ შედეგს სწორედ ახალი Performance-კომპლექტის წყალობით მივაღწიე. მანქანა კიდევ უფრო მძლავრი და მანევრულია. სტაბილური სვლა ყველაზე მაღალი სიჩქარის დროსაც უზრუნველყოფილი იყო. ტაიკანი შესაფერისია სარბოლო ტრასებისთვის და ეს დამაჯერებლად დაამტკიცა მსოფლიოს ყველაზე რთულ ტრეკზე".

ტაიკანის წარმოების ხელმძღვანელი კევინ გიკი: "ძალიან გვიხარია, რომ ნიურბურგინგის რეკორდი ელექტრომობილებში ისევ პორშეს ეკუთვნის, დაფიქსირებული სარეკორდო დრო მხოლოდ იმას კი არ გვიჩვენებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალ Performance-კომპლექტს, არამედ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტაიკანის სპორტულ გენებს".

რეკორდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო Turbo S-ის სისტემური სიმძლავრე, რაც 625 ცხენის ძალას შეადგენს. გააქტიურებული Launch Control-ით ადგილიდან, ანუ დაძვრისას, სულაც მაქსიმუმ 761 ცხენის ძალაა ხელმისაწვდომი.

ახალი Performance-კომპლექტი Taycan Turbo S-ის სპორტული ხაზის სედანებზე მხოლოდ გერმანიაში და მხოლოდ 2023 წლის სამოდელო რიგის Taycan Turbo S-შია ხელმისაწვდომი. ავტომობილის ასეთი ვერსიების წარმოება ახლახან, 2022 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო. პორშეს უახლეს მოდელებს ქართულ ბაზარზე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, "პორშე ცენტრი თბილისი" წარადგენს.