POSTRED - 2023 წლის შეჯამება შევქმენით ვიდეოთამაშების დივიზია, რომელმაც პარტნიორობა დაიწყო რამდენიმე ისეთ გიგანტ კომპანიასთან, როგორებიცაა Tencent და Ubisoft
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბესო კაჭარავა − POSTRED-ის დამფუძნებელი, ხმის დიზაინერი
2023 წელი კინოინდუსტრიაში ტურბულენტური იყო. ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი საშიშროება შეუქმნა სფეროში მომუშავე ადამიანებს, რასაც ჰოლივუდში რამდენიმე დიდი გაფიცვაც მოჰყვა. სხვადასხვა მასშტაბური ორგანიზაცია, მათ შორის ამერიკის მსახიობთა ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 160,000-მდე არტისტს, გაიფიცა რამდენიმე თვით. ამ მოვლენებმა მთელი მსოფლიოს კინოეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.
ფაქტი, რომ კინოინდუსტრიამ ნელ-ნელა IT-კომპანიებისკენ მომართა ფოკუსი და ჰეგემონიურ კომპანიებად აქცია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Apple, Amazon, Netflix და ა.შ. დიდი გავლენა იქონია კინოწარმოებისა და დაფინანსების სისტემაზე, რამაც ძვრები გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე.
თავისთავად, კინოინდუსტრიაში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად გავლენა იქონია POSTRED-ზეც, თუმცა ძალიან მალე მოვახერხეთ ადაპტირება და შედეგად კინოს პროექტებზე მუშაობის პარალელურად, წარმატება მოვიპოვეთ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაშიც.
შევქმენით ვიდეოთამაშების დივიზია, რომელმაც პარტნიორობა დაიწყო რამდენიმე ისეთ გიგანტ კომპანიასთან, როგორებიცაა Tencent და Ubisoft. დეპარტამენტის გაძლიერებამ და ახალ ინდუსტრიაში შესვლამ გააორმაგა ჩვენი წარმოება, შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენი გუნდის ადამიანური რესურსიც გაიზარდა და კომპანია მცირედან საშუალო ბიზნესად იქცა.
მიუხედავად კინოინდუსტრიის კრიზისისა, ჩვენი აუდიოდეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა ფილმებსა და სერიალებზე. ესენია SONY-ის Thanksgiving, რომელიც უკვე კინოთეატრებშია და Ferrari Adam Driver-ის მონაწილეობით, რომელსაც 28 დეკემბერს იხილავს ქართველი მაყურებელი. ასევე, ვიმუშავეთ შედარებით კონტრავერსულ პროექტებზეც, როგორებიცაა HBO-ს Idol, The Weekend-ისა და Lily Rose Depp-ის მონაწილეობით; გარდა ზემოაღნიშნულისა, გავაკეთეთ ხმის დიზაინი რეჟისორ Peter Berg-ის უახლეს მინისერიალზე Painkiller და GRISELDA, სადაც მთავარ როლს Sofia Vergara ასრულებს. ეს უკანასკნელი მალე იქნება ხელმისაწვდომი Netflix-ის პლატფორმაზე.
ასევე, წელს, POSTRED-ის უახლესი პროდუქტის − POSTRED Academy-ის ფარგლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. დავისახეთ მიზანი და შევქმენით საგანმანათლებლო პლატფორმა კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებიც ხარისხიან განათლებას მიიღებდნენ და რაც მთავარია, გახდებოდნენ ძალიან საინტერესო community-ის წევრები.
პროდუქტიული წელი გვქონდა. აკადემიისა და ვიდეოთამაშების დივიზიის ჩამოყალიბებამ POSTRED-ში რამდენიმე დამოუკიდებელი ბრენდის შექმნა განაპირობა. ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო, ხაზი გაესვა თავისი იდენტობისთვის და იმ იდეებისთვის, რომლებიც POSTRED-თან ასოცირდება. ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს და ზუსტად ამიტომ, ყველა გამოწვევა ჩვენთვის შესაძლებლობად გარდაიქმნება. წელს ამ პროცესის შედეგი არის ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში წარმატების მოპოვება და ახალ ბაზარზე გასვლა, რომელმაც არა მხოლოდ POSTRED-ის ცნობადობა გაზარდა, არამედ კიდევ უფრო საინტერესო გახადა ჩვენი კრეატიული საქმიანობა და პორტფოლიო.
2024 წელს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, რადგან ყველაზე კრიტიკული პერიოდი უკვე დასასრულს უახლოვდება. თავიდან იყო პანდემია, შემდეგ ომი, ახლა გაფიცვების შედეგებს ვუყურებთ, თუმცა არცერთ პერიოდში არ დაგვიკარგავს დრო და არ დავლოდებივართ გარემოებების ცვლილებას, პირიქით − ყველა სიტუაცია ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალეთ. ამჟამად გავაძლიერეთ ვიდეოთამაშების დეპარტამენტი და დავიწყეთ POSTRED-ის გარდაქმნა ჰოლდინგად.
ამ ეტაპზე ვაკვირდებით, გახდება თუ არა ვიდეოთამაშები POSTRED-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც კინოა და მჯერა, 2024 წელი ამ კუთხით მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება დიდი გეგმების დასახვისთვის.
POSTRED Academy კი არის პროექტი, რომელსაც მინდა დიდი ყურადღება დავუთმო. უკვე დავიწყეთ Film Industry Meet-up-ების ციკლი, რომელიც შემდეგ წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ჩემი მიზანია, კრეატიული ინდუსტრიების ცნობადობა ამაღლდეს საქართველოში და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაციისა და განათლების მიღება ამ სფეროში. შესაბამისად, POSTRED Academy-ის ფარგლებში, 2024 წელს საკმაოდ ბევრი და საინტერესო პროექტი განხორციელდება.