Get All Access for $5/mo

Profy - ნებისმიერი სერვისი რამდენიმე click-ით კომპანია უკვე ათიათასობით მომხმარებელსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტს აკავშირებს ერთმანეთთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Profy

თანამედროვე საზოგადოებაში მომხმარებელი განებივრებულია სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის მიწოდების ციფრული გადაწყვეტებით და ხშირად არც კი უფიქრდება იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, სასურველი მომსახურების მისაღებად, გაცილებით რთული სამომხმარებლო გზის გავლა მოუწევდა. ეს ეხება საყოფაცხოვრებო სერვისებსაც, როგორიცაა დალაგება, სანტექნიკის შეკეთება და სხვა წვრილმანი საშინაო საქმეები, რომლის შემსრულებელი პროფესიონალის პოვნა, მთელ საახლობლოში ჩამორეკვასთან და მეზობლებში გაკითხვასთან ასოცირდებოდა.

საბედნიეროდ, ქართულ ბაზარზე არსებობს პლატფორმა Profy, რომლის შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა, ხოლო ოპერირება 2019 წლის მიწურულიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია უკვე ათიათასობით მომხმარებელსა და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტს აკავშირებს ერთმანეთთან. "რამდენიმე წლის წინ პროფესიონალი შემსრულებლის პოვნა საკმაოდ პრობლემური იყო. არ არსებობდა არანაირი "პლატფორმა", სადაც შეგეძლო გენახა და აგერჩია შენთვის საჭირო და სასურველი დამლაგებელი თუ ხელოსანი, განგესაზღვრა განრიგი, თანხა ბარათით გადაგეხადა და კომფორტულად დალოდებოდი მომსახურების გაწევას. დღეს კი, Profy-ის დახმარებით, ნებისმიერი სერვისის მიღება რამდენიმე click-ით შეგიძლიათ", − აცხადებენ კომპანიაში.

Profy, TBC Startuper-ის გამარჯვებული გახდა, სადაც პლატფორმა ერთხმად იქნა აღიარებული, როგორც საუკეთესო სტარტაპი. ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპით მომუშავე პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა, თითოეულმა ადამიანმა გაუთვალისწინებელი თუ დაგეგმილი საშინაო საქმეები სპეციალისტს მიანდოს, განსაზღვროს მისთვის ხელსაყრელი დრო და ბიუჯეტი, და სხვა მომხმარებლების შეფასებებზე დაყრდნობით აირჩიოს სასურველი "პროფი".

ქართული ბაზარი საკმაოდ დადებითად განეწყო ამ სერვისის დანერგვის მიმართ. კომპანია განაგრძობს სწრაფ ზრდასა და ერთგული მომხმარებლების შეძენას, რომლებიც უკვე თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში სარგებლობენ პლატფორმით. აღსანიშნავია, რომ Profy 50 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მათი NPS (სამომხმარებლო ლოიალობის ინდექსი) ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. თავდაპირველად, Profy-იმ საქმიანობა ოსტატის მომსახურებით დაიწყო, თუმცა მალევე პლატფორმამ ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, დალაგების სერვისიც დაემატა. დალაგების სერვისი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მასშტაბით − როგორც დამლაგებელთა ანაზღაურების, ისე მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომობის კუთხით.

პანდემიურ გამოწვევებს არც Profy-ისთვის აუვლია გვერდი, თუმცა როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ნეგატიური გავლენის მიუხედავად, მათ ზრდა მაინც არ შეუწყვიტავთ. ამ ეტაპზე კომპანია აქტიური რეკრუტინგის ფაზაშია, ვინაიდან პანდემიის დინამიკის შესუსტებასთან ერთად, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა და Profy-ის ახალი პარტნიორი შემსრულებლების მოძიების საჭიროება დაუდგა. "ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ გასაუბრებებს და პლატფორმაზე ახალ პროფესიონალებს ვამატებთ. საბედნიეროდ, Profy საკუთარ პარტნიორებს იმხელა ღირებულებას უქმნის, რომ გვაქვს ფუფუნება საუკეთესო შემსრულებლები შემოვიერთოთ და შიდა საოპერაციო გუნდიც გავზარდოთ. ჩვენი პარტნიორების ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოს ოფიციალურ საშუალო ხელფასს 3-ჯერ აღემატება, რაც მათ მოტივაციასა და შესრულების ხარისხზეც აისახება", − აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება Profy-ის, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის შეფასებას, ამას თავად პლატფორმის პარტნიორ "პროფებზე" უკეთ ვერავინ შეძლებს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:

ნინო ა.: "Profy-იში თავისუფალ დროს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით დავრეგისტრირდი. სიმართლე ვთქვა, თავიდან არ მჯეროდა, რომ ამ საქმით დაპირებული თანხების გამომუშავებას შევძლებდი. თუმცა რამდენიმე თვეში დავრწმუნდი, რომ ამ პლატფორმაზე სტაბილური შემოსავლის მიღება შესაძლებელი იყო და ძირითადი სამსახურიდან Profy-ში სრულ განაკვეთზე გადმოვედი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ვინაიდან აქ შრომა ნამდვილად სათანადოდ ფასდება. ადრე ისრაელში ვმუშაობდი და იმ თანხის გამომუშავებას, რომელსაც იქ ვახერხებდი, აქაც გამოვიმუშავებ, საქართველოსთვის ძალიან სოლიდური ანაზღაურებაა. ოფისის დამოკიდებულებაც დასაფასებელია. იშვიათად გვიწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია, მაგრამ როცა უნდა მიმართო, აუცილებლად დაგეხმარებიან და პასუხგაუცემელი შეკითხვით არ დაგტოვებენ. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილი ვარ. მე მიყვარს Profy".

გიორგი მ.: "Profy არის თანამედროვე რეალობის სამსახური. მომწონს, რომ სამსახური მერგება მე და არა მე მას. არ მყავს უფროსი. როცა სადმე წასვლა მინდა, უბრალოდ ვთიშავ აპლიკაციას და მივდივარ. Profy-ის საშუალებით, შემიძლია იმაზე ბევრად მეტი გამოვიმუშაო, ვიდრე ჩვეულებრივ სამსახურში და ამავდროულად, ჩემი თავის ბატონ-პატრონი ვიყო. ოფისის დამოკიდებულებასაც დადებითად შევაფასებდი. ისინი მუდამ მზად არიან ნებისმიერ საკითხში დაგეხმარონ და ღირებული რჩევა მოგცენ".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Profy გამორჩეული მოთამაშეა დასაქმების ქართულ ბაზარზე. პლატფორმის პარტნიორ სპეციალისტებსა და შემსრულებლებს, თავისუფალი გრაფიკის დამსახურებით, ეძლევათ შესაძლებლობა, ძირითადი სამსახურის მიღმა, დამატებითი, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღონ. ანაზღაურება მართლაც შთამბეჭდავია და საქართველოში მომუშავე საშუალო და ზოგ შემთხვევაში, მაღალი რგოლის მენეჯმენტზე უფრო მაღალიც კი. გარდა ამისა, Profy საკუთარ პარტნიორებს აქტიურად ატრენინგებს, ხოლო გამოცდილების არქონის შემთხვევაში, თავად ასწავლის ყველა საჭირო ნიუანსს შეკვეთების შესასრულებლად. პლატფორმა მუდმივ კომუნიკაციაშია სპეციალისტებთან, აწვდის მათ სრულყოფილ ინფორმაციას და ცდილობს მაქსიმალურად გაუმარტივოს "პროფებს" მუშაობა.

"დღეს, საქართველოში ბევრ ადამიანსჭირდება შრომის შესაბამისი დაფასება, სამსახური და დასაქმება. ჩვენ ვქმნით ეკონომიკურ შესაძლებლობას ბაზარზე და გვაქვს სურვილი, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი", − აცხადებენ კომპანიაში.

Profy სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური და გაბედული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მისიაა გახდნენ საერთაშორისოდ ცნობილი ქართული პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას უქმნის როგორც მომხმარებელს, ასევე სერვისის მიმწოდებელ პარტნიორებს. გარდა საერთაშორისო მასშტაბის გეგმებისა, Profy აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე მეტი ეკონომიკური შესაძლებლობის შექმნასა და პროფესიონალების მაქსიმალური რაოდენობის დასაქმებაზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში