📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

პროგრამირება ქართულად როგორ შექმნა პაპუნა გაგნიძემ ახალი პროგრამული ენა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, დაეუფლოს პროგრამირების საწყისებს, მაგრამ ხშირად, ენის ბარიერის გამო თავს იკავებენ გაეცნონ ტექნოლოგიებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს (GeoSTQB) თანადამფუძნებელმა, პაპუნა გაგნიძემ ახალი პროგრამული ენა შექმნა.

ენა მიზნად ისახავს, ქართველებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პროგრამირება, რაც გულისხმობს მშობლიურ ენაზე კოდის წერას. ენა იყენებს პოპულარული, ფართოდ გავრცელებული ენების სინტაქსს, რომელიც დაგვეხმარება მარტივად შევისწავლოთ პროგრამული ენის მახასიათებლები.

აღნიშნული ენის საფუძვლების გაცნობის შემდეგ, ნებისმიერ პირს შეუძლია შეისწავლოს ისეთი თემები, როგორებიცაა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მონაცემთა სტრუქტურები, ალგორითმები, ფაილების დამუშავება და სხვა.

როგორ მუშაობს ახალი პროგრამირების ენა და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება? − ამ და სხვა საკითხებზე Entrepreneur პაპუნა გაგნიძეს ესაუბრა.

პაპუნა, როგორ დაიბადა იდეა, შეგექმნათ პროგრამული ენა ქართულ ენაზე? რა იყო ძირითადი ინსპირაცია?
ბავშვობაში ხშირად მაინტერესებდა, რატომ იყო პროგრამირების ყველა ენა ინგლისური და ვფიქრობდი, რომ ეს სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც რობერტო იერუსალიმშჩის (ცნობილი პროგრამული ენის, Lua-ს შემქმნელი), პროგრამირების ენის შექმნის კურსი გავიარე, გამიჩნდა იდეა, თავადაც შემექმნა პროგრამირების ენა ქართველი აუდიტორიისთვის.

აღსანიშნავია, რომ თავად რობერტო იერუსალიმშჩიმაც შეაფასა ეს პროექტი, და შესაბამისად, პროექტის ხარისხი გადამოწმებულია ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამისტის მიერ.

რა იყო/არის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროექტში?
ერთ-ერთი გამოწვევა იყო პროგრამული ენის საზოგადოებისთვის გამარტივებული ფორმით მიწოდება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ პროგრამული ენის შექმნასა და დახვეწას, არამედ დამატებითი ფუნქციონალის შექმნას, როგორიცაა AI-დამხმარე, რაც ამარტივებს სწავლის პროცესს, ასევე კოდის გამშვები ვებგვერდზე, კომპიუტერზე ინსტალაციის გარეშე, დოკუმენტაცია საკუთარ კომპიუტერზე გაშვებისთვის და მაგალითების გაცნობისთვის. გარდა ამისა, გამოწვევად რჩება დამწყები პროგრამისტებისთვის სტატიების შემუშავება მარტივი ანალოგიებით, რომელიც დაეხმარებათ სწავლის პროცესსა და სხვა ინდუსტრიულ ენებზე გადასვლაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი, არსებობდეს პროგრამული ენა ქართულ ენაზე? რეალურად, ოგორ შედეგებს ელით აღნიშნული პროექტით?
პროგრამული ენის შექმნის პროცესში გამიჩნდა შეკითხვა − სხვა ქვეყნებსაც თუ ჰქონდათ მსგავსი ენები საგანმანათლებლო მიზნებისთვის? აღმოჩნდა, რომ ბევრ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანას აქვს თავისი პროგრამირების ენა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სკოლის მოსწავლეებთან სწავლის პროცესში. ვფიქრობ, ჩვენს რეალობაშიც საინტერესო უნდა იყოს მსგავსი მეთოდების დანერგვა.

რით გამორჩეული თქვენი პროგრამული ენა?
ეს ენა გამორჩეულია სინტაქსისა და ტექნიკური მახასიათებლების სიმარტივით, ენას აქვს high-level პროგრამული ენების მსგავსი სინტაქსი (როგორებიცაა Python, Lua, Javascript), რაც ამარტივებს სწავლის პროცესს. ამასთანავე, ენის პროექტი საშუალებას იძლევა, მარტივად შევიტანოთ სინტაქსში ცვლილებები და განვავითაროთ საჭიროების მიხედვით.

ვინ დგას აღნიშნული ინიციატივის უკან? ამჟამად ვინ მუშაობ პროგრამულ ენაზე?
ამ ეტაპზე პირადად მე ვმუშაობ პროგრამული ენის შექმნაზე და განვითარებაზე. აღსანიშნია, რომ ვთანამშრომლობ "კავკასიის უნივერსიტეტთან" საცდელი კურსის შექმნაზე, რასაც მალე დავაანონსებთ.

ამჟამად რა ეტაპზეა პროგრამული ენა? შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს გამოყენება?
ამჟამად პროგრამულ ენას აქვს პროგრამირების ყველა ის მახასიათებლები, რისი დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა. დიახ, შესაძლებელია ენის გამოყენება ვებსაიტზე ან კომპიუტერზე ინსტალაციის შემდეგ. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ შემოუერთდნენ Discord-ის ჯგუფს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმებისად ხედავთ პროგრამას უახლოეს წლებში?
როგორც უკვე აღვნიშნე, უახლოეს მომავალში, "კავკასიის უნივერსიტეტთან" ერთად ვგეგმავთ საცდელი პროექტის ინიციირებას მოსწავლეებში, რითაც შევაფასებთ რამდენად მარტივია ამ ენით პროგრამირების შესწავლა და სხვა ინდუსტრიულ ენებზე გადასვლა. ვიმედოვნებ, ეს ენა პირველ ნაბიჯს გადაადგმევინებს ყველა მსურველს, ვინც აქამდე თავს იკავებდა ენის ბარიერის გამო.

მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ GeoSTQB ყოველ წელს, 9 და 10 სექტემბერს ატარებს პროგრამული ტესტირების კონფერენციას, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროს პოპულარიზაციასა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას ჩვენს ქვეყანაში. წელს მოწვეულნი იქნებიან ძალიან საინტერესო საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ GeoSTQB-ის გვერდს, სადაც გავაზიარებთ სიახლეებს ამ კონფერენციასთან დაკავშირებით.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?