Promofy | ინტერვიუსების სერია აქსელის პორტოლიო სტარტაპებთან და ანგელოზ ინვესტორებთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გაიცანით აქსელი - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებს ინვესტიციის მოზიდვაში ეხმარება და ამ მიზნისთვის 90-ზე მეტ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს. აქსელმა 2.5 წელში 20 გარიგება დახურა ქართულ და უცხოურ სტარტაპებთან და ჯამურად 2.5 მილიონ ლარზე მეტი დააინვესტირა ტექნოლოგიურ სტარტაპებში, მათ შორის Promofy-ში.
აღნიშნულ სტარტაპსა და აქსელში მიმდინარე პროცესების შესახებ მეტი ინფრომაციის მისაღებად, ირო ცაგარეიშვილი - აქსელის მმართველი დირექტორი გაესაუბრება მარკუს დავარაშვილს - სტარტაპ ''Promofy-ის'' დამფუძნებელსა და ქეთო ხუნწარიას - აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრს და აქტიურ ანგელოზ ინვესტორს.
ირო: მარკუს, შენით დავიწყოთ. მოგვიყევი, როგორ გაჩნდა Promofy-ის შექმნის იდეა, რა იყო გუნდის ინსპირაცია და რით გამოირჩევით ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისგან?
მარკუსი: Promofy-ის იდეა გაჩნდა იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მომხარებელთა ჩართულობის ტრადიციული მეთოდი ახალ, ინოვაციურ პერსპექტივას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს, დიდი ძალისხმევის გარეშე, თავიანთ ციფრულ პროდუქტებში ლოიალურობის სხვადასხვა სისტემის დანერგვის საშუალებას მისცემდა. მსგავს სისტემებში გემიფიკაციის ინტეგრირებით, მომხარებლებთან კავშირის სრულიად ახალ მეთოდს ვქმნით და შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ამით გამოვირჩევით.
ირო: ქეთო, შენთვის როგორც აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრისთვის და Promofy-ის ინვესტორისთვის, რა იყო ყველაზე საინტერესო ამ კომპანიაში? ასევე, აქვე მოკლედ რომ მოგვიყვე, შენი აზრით, რა როლი აქვს ანგელოზ ინვესტიციებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში?
ქეთო: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა დინამიურად ვითარდება და ამ პროცესში აქსელის ჩართულობა ძალიან დიდია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სტარტაპებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა საქართველოში და ვცდილობთ, რომ ეს ე.წ. "Gap" ჩვენი საქმიანობით ამოვავსოთ. რაც შეეხება, Promofy-ის, კომპანიას ჰყავს პროფესიონალი გუნდი, აქვს ინოვაციური ხედვა და რაც მთავარია და რაც არაერთხელ აღვნიშნეთ სხვა ინტერვიუებშიც - გლობალური მიზნები. მიმაჩნია, რომ საქართველოს და ზოგადად - ქართულ სტარტაპებს, დიდი პოტენციალი აქვთ და ჩვენც ჩვენს როლს ვთამაშობთ იმ ლანდშაპტის ჩამოყალიბებაში, სადაც Unicorn კომპანიები შეიქმნებიან.
და რადგან აქსელის როლი ვახსენეთ ეკოსისტემაში, ცოტას ჩავშლი ასევე აქსელის რამდენიმე მიმართულებას, თუ რას ვაკეთებთ ინვესტორებისთვის ცოდნისა თუ რესურსების ხელმისაწვდომობისთვის. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ აქსელი არის EBAN (European Business Angel Network)-ისა და GBAN (Global Business Angel Network)-ის წევრი. ამ ორგანიზაციების გავლით, ჩვენ წვდომა გვაქვს არა მხოლოდ საერთაშორისო გარიგებებსა და ევროპულ და ამერიკულ ქსელებთან ერთად ინვესტორებაზე, არამედ მათ საგანმანათლებლო რესურსებზე, სტატიებზე, შეხვედრებზე და ა.შ.
ხოლო, რაც შეეხება ადგილობრივ გამოცდილებას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული გამოცდილება ვთარგმნოთ და მოვარგოთ ქართულ რეალობას. ამისთვის კი, მაგალითისთვის, შევქმენით "ანგელოზი ინვესტორებისთვის უცნობ-ნაცნობი ტერმინების გზამკვლევი" - ანუ ლექსიკონი, რომელიც ყველასთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შევქმენით გაიდლაინი როგორც არსებული, ასევე პოტენციური წევრებისთვის. გაიდლაინები შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ისწავლოს ანგელოზი ინვესტირების საწყისები, გაეცნოს, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ქართულ რეალობაში.
ირო: ქეთო, მადლობა. მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაშალე ბოლოს. ჩემი აზრით, მკითხველისთვის საინტერესო იქნება როგორც ჩვენი ლექსიკონის, ასევე გაიდბუქების გაცნობა. და თუ ასეა, შეუძლიათ მოგვწერონ, რომ მივაწოდოთ ეს მასალები.
ირო: მარკუს, დაგიბრუნდით:) შენ საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვს. როგორც ქეთომ ახსენა, თქვენი სტარტაპის უკან ძლიერი გუნდი დგას. შენ მიერ განვლილ გზაზე რომ მოგვიყვე და იმაზე, თუ როგორ მიხვედი Promofy-მდე.
მარკუსი: ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩემი გამოცდილება მოიცავს მუშაობას ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: მენეჯმენტი, მარკეტინგი, სარეკლამო ინდუსტრია, ტექნოლოგიები, გეიმინგი და სხვა. ამ გზაზე ბევრ პრობლემას წავაწყდი და ბევრი გაკვეთილიც ვისწავლე. საბოლოოდ კი, გადავწყვიტე, სრულად შემეცვალა ჩემი კარიერა, ამიტომაც დიდი და მიმზიდველი კორპორატიული სამყაროდან სტარტაპის მიმართულებით გადმოვინაცვლე და გუნდთან ერთად შევეჭიდე გლობალურ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტის შექმნის, დამკვიდრებისა და წარმატების მოპოვების გამოწვევებით სავსე გზას.
ირო: ქეთო, ამ სტატიას ალბათ ის ადამიანებიც წაიკითხავენ, ვინც ახლა არიან ზუსტად იმ გარდამტეხ მომენტში, როცა უნდა მიიღონ სტარტაპის შექმნისა და მართვის გადაწყვეტილება. ან შესაძლოა, უკვე გადადგეს ეს ნაბიჯი და აინტერესებთ, თუ როგორია ინვესტორებთან მისასვლელი გზა.
ასევე, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პოტენციური წევრებიც გაეცნობიან ინტერვიუს და მათ უკვე ის რომ გაუზიარო, თუ როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს გახდეს ჩვენი წევრი ანგელოზი ინვესტორი.
ქეთო: აქსელის საინვესტიციო პროცესი, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე ეტაპს. სტარტაპებისთვის პირველი ნაბიჯი არის განაცხადის შევსება ონლაინ პლატფორმა - Dealum-ზე. რის შემდეგაც, განაცხადი სისტემაში არაერთ ეტაპს გადის, დამფუძნებლებს რამდენჯერმე მიუვათ კიდევ დამატებითი შეკითხვები, რომელთაც ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ. საინვესტიციო საბჭო ორჯერ იღებს გადაწყვეტილებას: (1) კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ - ჩანიშნოს თუ არა სქრინინგის შეხვედრა, ხოლო სქრინინგის შეხვედრის შემდეგ (2) არის თუ არა მზად სტარტაპი ინვესტორების წინაშე გამოსასვლელად.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპებთან შეხვედრები 1-2 საათს გრძელდება ხოლმე, სადაც მათ არა მხოლოდ "კითხვებით ვბომბავთ:)", არამედ არაერთ რჩევასა თუ რეკომენდაციას ვაძლევთ.
თუ მეორე გადაწყვეტილებაც დადებითია, მაშინ სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა, გამოვიდეს კლუბის მომდევნო ყოველთვიურ საინვესტიციო შეხვედრაზე, წარმოადგინოს და პოტენციურ ინვესტორებს გააცნოს საინვესტიციო შესაძლებლობა. რის შემდეგაც, დაინტერესებულ ინვესტორებთან ერთად, კითხა-პასუხის რეჟიმში განვიხილავთ სტარტაპის ძლიერ/სუსტ მხარეებს.
ინვესტირების მსურველებს კი, შეუძლიათ მარტივი განაცხადი შეავსონ ჩვენს ვებგვერდზე - Become a member, რის შემდეგაც მათ დავუკავშირდებით, მოვუყვებით თუ როგორ იმართება პროცესები აქსელში და მოვიწვევთ კლუბის მომდევნო დახურულ შეხვედრაზე.
მარკუსი: მეც დავამატებ, რადგან სტარტაპების მიერ გასავლელ გზაზე ვსაუბრობთ აქ. სტარტაპისთვის შესაბამისი ინვესტორის მოძიება და მოზიდვა მარტივი პროცესი არ არის. ჩვენს მაგალითზე, ინვესტორებთან კომუნიკატორის როლი ძირითადად, მე და პრომოფაის ერთ-ერთ დამფუძნებელს გვიკავია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპებმა ეს პროცესი თავიდანვე სწორად მართონ, დაიწყონ ტექნიკურად სწორ ხელსაწყოების ("თულების") გამოყენება, რომ რუტინული საქმე შეძლებისდაგვარად გაიმარტივონ.
ირო: მარკუს, შენით დავასრულებთ ამ დიალოგს. როგორ წარმოგიდგენია, რა იქნება Promofy-ის განვითარების შემდეგი საფეხური და როგორი არის სტარტაპის მომავალი?
მარკუსი: ჩვენი დღევანდელი მიზანი არის, რომ ბაზარზე ალფა პროდუქტი გავუშვათ, თებერვალში კი სრულყოფილი სახე მივცეთ მას. 2024 წლის მთავარი გეგმაა, რომ შევქნათ მრავალი ფუნქციონალის მქონე პროდუქტი და მაქსიმალურად გავზარდოთ კლიენტთა რიცხვი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დიდ კლიენტთან ერთად საქართველოს ბაზარზე ვეშვებით, თუმცა ჩვენს პროდუქტს გეოგრაფიული ლიმიტი არ აქვს, შესაბამისად, ჩვენი გეგმები მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება.
თუ გსურთ დაიწყოთ სტარტაპებში ინვესტირება და გახდეთ კლუბის წევრი ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register
თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://rb.gy/0fa1h