Get All Access for $5/mo

PULLMAN TBILISI AXIS TOWERS - ინოვაციური კონცეფცია და ფრანგული სტუმარ-მასპინძლობის გამოცდილება ქართულ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განსაკუთრებით რთული, პანდემიური გამოწვევებით აღსავსე თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, სხვადასხვა ინდუსტრია აღდგენის, ერთგვარი მენტალური და ფიზიკური გადატვირთვის პერიოდს გადის. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა საკუთარ თავზე ტურიზმის სფერომ აიღო, თუმცა ყველა გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავ საერთაშორისო ვიზიტორთა მიზიდულობის ცენტრად რჩება რეგიონში, რაც მსხვილი გლობალური ბრენდებისათვის პოზიტიური სიგნალია ადგილობრივ ბაზარზე თავიანთი საქმიანობის წამოსაწყებად.

სწორედ ერთ-ერთი ამ ბრენდთაგანია უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმკლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, რომელიც თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იღებს სტუმრებს. ეს გახლავთ ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო, დახვეწილი დიზაინის მქონე 218 ოთახითა და 2000 მ2-ის საკონფერენციო სივრცით, ასევე 140 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული რესტორნითა და ბარით, საიდანაც ქალაქის არაჩვეულებრივი პანორამული ხედები იშლება. ცნობისათვის, Pullman მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 145-ზე მეტი სასტუმროთი, ხოლო 2022 წლიდან მათ რიცხვს Pullman Tbilisi Axis Towers-იც შეემატება.

აღსანიშნავია, რომ Pullman Tbilisi Axis Towers-ს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მენეჯერი − ვინსენტ დიუჟარდენი უხელმძღვანელებს, რომლის კარიერა Accor-ის სასტუმროების ჯგუფში 34 წლის წინ, საფრანგეთში, სასტუმრო "ნოვოტელ ლილში" იღებს სათავეს და უკვე 18 წელია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ სასტუმროებს წარმატებით უძღვება. მის სახელს არაერთი წარმატებული სასტუმროს პროექტი უკავშირდება, რომელთა შორისაა: Sofitel და Pullman Mali, Pullman Dakar Teranga Senegal, Novotel Sofia Bulgaria, Novotel Warsaw Centrum Poland, Novotel Ibis Adagio Moscow და Swissotel Resort Kamelia Sochi Russia.

სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ზე საინტერესო დეტალების, ზოგადად სასტუმროს მენეჯმენტისა და საქართველოში მასპინძლობის სფეროს პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur უშუალოდ ახლად გახსნილი სასტუმროს გენერალურ მენეჯერ ვინსენტ დიუჟარდენს ესაუბრა:

დასაწყისისთვის, გაგვიზიარეთ ის მთავარი ღირებულებები, რის გარშემო სასტუმრო Pullman და მისი სრულიად ინოვაციური კონცეფციაა შემუშავებული. რა განასხვავებს მას ქართულ მასპინძლობის ბაზარზე?
Pullman Tbilisi, Axis Towers-ის ძალიან საინტერესო კომპლექსში მდებარეობს და თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალაქისთვის. ორი დახვეული ცათამბჯენი თბილისის ცენტრალურ უბანში უნიკალური მდებარეობითა და არქიტექტურით, სრულად პასუხობს Pullman-ის კონცეფციას. აქ თქვენ შეხვდებით ოფისებს, საკონფერენციო დარბაზებს და სასტუმრო ნომრებს, ისევე, როგორც სრულიად უნიკალურ რესტორანსა და ბარს შენობის ბოლო ორ სართულზე.

Pullman გლობალური სასტუმროების ჯგუფ Accor Group-ის პრემიული და თანამედროვე ბრენდი გახლავთ. თბილისის სასტუმროს ინტერიერის მინიმალისტური, სუპერთანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დიზაინი კი Axis-ის არქიტექტორთა გუნდისა და ფრანგი დიზაინერის − კრისტოფ პილეს თანამშრომლობით შეიქმნა. შედეგად, მივიღეთ უმაღლესი ხარისხის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც როგორც ბიზნესმიზნებისთვის, ისე უბრალოდ დასასვენებლად ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლებს.

ამ ეტაპზე, ჩვენს ძირითად კონკურენტებს ბაზარზე არსებული საერთაშორისო ბრენდები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით არიან წარმოდგენილი. Pullman ამჟამად ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა ვაკის რაიონში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა ბაზარზე. ვაკე, კერძოდ კი ჭავჭავაძის გამზირი, ქალაქის მთავარი ბიზნესცენტრია, სადაც უამრავ ოფისს, საქმიან საზოგადოებას და საერთაშორისო ბრენდს შეხვდებით. ერთადერთი მთავარი გამოწვევა, რაც Pullman Tbilisi-ს წინაშე დადგა, სასტუმროს გახსნის პერიოდი იყო, რომელიც ივნისის თვეს დაემთხვა და ზაფხულის აქტიურ სეზონზე წინასწარი ჯავშნების ბაზის შექმნა ვერ მოვახერხეთ. ძირითადად, ე.წ. Last-minute მოგზაურები გვყავდნენ და ვერ მოვახერხეთ ბიზნესჯგუფების მიღება, რომლებიც, როგორც წესი, 2-3 თვით ადრე ჯავშნიან სასტუმროებს.

Pullman Tbilisi ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს ბაზარზე და სტუმრების რიცხვიც თვიდან თვემდე იზრდება. მეც, ისევე, როგორც მთელი გუნდი, ვცდილობთ მაქსიმალურად ავამაღლოთ ჩვენი ბრენდის ცნობადობა ბაზარზე, ყველა შესაძლო ღონისძიებაზე გამოვჩნდეთ და ვპოზიციონირდეთ, როგორც ახალი ხუთვარსკვლავიანი მოთამაშე ქართულ მასპინძლობის სივრცეში. ამისათვის კი უმაღლესი ხარისხის სტანდარტის შენარჩუნება გვჭირდება, რასაც რეგულარული ტრენინგებით, გადამზადებით და თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვით ვახერხებთ. დღესდღეობით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების საკმაოდ დიდი არჩევანია თბილისში და სწორედ ამიტომ, სტუმრისათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, ვცდილობთ მომსახურების ხარისხის მაქსიმალური თამასა გვეჭიროს.

თუ შეიძლება გვიამბეთ თქვენი საკმაოდ ხანგრძლივი კარიერის შესახებ მასპინძლობის ინდუსტრიაში. როდის და სად დაიწყო თქვენი კარიერა და რა სახის გამოცდილება დაგიგროვდათ ამ გზაზე?
სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ჩემი პირველი ნაბიჯები 1988 წელს გადავდგი და მას შემდეგ უკვე 35-ე წელია, რაც ამ სფეროს ვემსახურები.

საფრანგეთში დავიბადე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილში. ჩემი პირველი სამსახური Novotel Lille-ში დავიწყე, რეცეფციის ადმინისტრატორის პოზიციაზე. მალევე დამაწინაურეს და ფრონტ-ოფისის მენეჯერის ასისტენტი გავხდი, შემდეგ გაყიდვების მიმართულებითაც ვიმუშავე, F&B დეპარტამენტშიც, და უკვე 20 წელია, რაც სასტუმრო იერარქიის უმაღლეს თანამდებობაზე გენერალურ მენეჯერად ვმუშაობ.

კარიერის განმავლობაში ბევრი მოგზაურობა მომიწია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უდიდესი გამოცდილება დამიგროვდა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა სრულიად ახლებურად დავინახე. საფრანგეთში მუშაობის შემდეგ, რამდენიმე წლით ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში გადავედი. ამას მოჰყვა ჩემი ცხრაწლიანი კარიერული თავგადასავალი აფრიკის სამ ქვეყანაში: ბურკინა-ფასოში, მალისა და სენეგალში, სადაც Pullman-ის პირველი სასტუმრო გავხსენი. ამის შემდეგ ისევ ევროპაში დავბრუნდი და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სასტუმრო Novotel გავხსენით. მოგვიანებით, მუშაობა პოლონეთში გავაგრძელე, სადაც აღმოსავლეთ ევროპაში Accor-ის უმსხვილეს, 742-ნომრიან სასტუმროს ვხელმძღვანელობდი. ვარშავაში მიღებული გამოცდილება ერთ-ერთი გამორჩეულად ძვირფასია ჩემს კარიერულ გზაზე, რაც მოგვიანებით ძალიან დამეხმარა მოსკოვში Accor-ის რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მართვაში. მოსკოვის შემდეგ, სოჭის ერთ-ერთ სასტუმროს − Swissotel Resort Kamelia-ს ვუხელმძღვანელე წელიწად-ნახევრის განმავლობაში და უკვე 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული, თბილისის Pullman-ის სასტუმროს გახსნაზე ვმუშაობ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დამიგროვდა სასტუმროების მართვის კუთხით. კარიერის განმავლობაში Pullman Tbilisi ჩემ მიერ გახსნილი მეოთხე სასტუმროა, რითაც ძალიან ვამაყობ.

რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მენეჯერისთვის, დაბალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება? რა თვისებას სძენს ეს მას, როგორც პროფესიონალს?
პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში Accor-ის ბრენდის ერთგული ვარ. ჩემი პირველი ნაბიჯები მასპინძლობის სფეროში სწორედ ამ ჯგუფს უკავშირდება და დღემდე აქ ვაგრძელებ მუშაობას. თუმცა სამყარო ძალიან შეიცვალა. ადამიანებს აღარ სურთ ერთსა და იმავე კომპანიაში ათწლეულობით მუშაობა და ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს. ბრენდის მიმართ ლოიალობა ახალ თაობაში გაცილებით უმნიშვნელო გახდა, ვიდრე ჩემს თაობაში იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, რეცეფციის თანამშრომლობით დავიწყე და დღეს გენერალური მენეჯერი ვარ, რომელმაც კარგად იცის თითოეული დეპარტამენტის მუშაობის პრინციპი და დეტალები. კომპანიაც ხელს მიწყობდა და ღირებული ტრენინგებით ჩემი პროფესიონალიზმის ამაღლებაში მეხმარებოდა.

ამ სფეროში როგორც საქმის, ისე ბრენდის მიმართ ერთგულება ძვირად ფასობს. განსაკუთრებით მენეჯერულ თანამდებობაზე ყოფნისას, ადამიანს ძალიან ბევრი მუშაობა უწევს და თუ არ გიყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურები, სასტუმროში დიდხანს ვერ გაჩერდები. ხშირად შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ. ორგანიზებას ვუწევთ ღონისძიებებს, ვხვდებით ხალხს. როდესაც საქმე სასტუმროს გახსნას ეხება, პრაქტიკულად 24/7-ზე რეჟიმით მთელს შენს ძალისხმევას და დროს სამსახურს უთმობ. საერთო ჯამში, დაბალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება სწორედ იმაში გეხმარება, რომ ყოველთვის იქ აღმოჩნდე, სადაც სასტუმროს და სტუმარს სჭირდები, ვინაიდან ამ სფეროში კაბინეტში მუშაობა დიდ შედეგებს არ იძლევა.

მთავარი თვისება და უნარი, რომელიც მასპინძლობის სფეროში მომუშავე ადამიანს/მენეჯერს უნდა ჰქონდეს...
ჩემი აზრით, გონებაგახსნილობა, ტოლერანტობა და ემპათია არის ის მთავარი თვისებები, რომელთა გარეშე ჩვენს სფეროში მუშაობა ძალიან რთულია. დღემდე პირადად ვხვდები სტუმრებს და ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, ვინაიდან ერთი მხრივ უშუალოდ სტუმარს ვუქმნი პოზიტიურ მოლოდინს, ხოლო მეორე მხრივ, ჩემს გუნდთან ერთად ვდგავარ მოწინავე რიგებში და გამოცდილებას ვუზიარებ. ნებისმიერ მენეჯერს სჭირდება ნდობის მოპოვება არა მხოლოდ სტუმართან, არამედ საკუთარ თანამშრომლებთანაც. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის და მუდამ მზად ვარ ახალი ინიციატივებისთვის.

მენეჯერი ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას და გაუფართოოს ზრდის შესაძლებლობები. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იგრძნოს, რომ საერთო წარმატებაში მასაც მიუძღვის წვლილი, და არა მარტო მენეჯმენტს. მადლიერების გამოხატვა გუნდის წევრებისთვის, უმნიშვნელოვანესი თვისებაა ხელმძღვანელისათვის. თუკი მკითხავთ, ვინაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა სასტუმროში, გიპასუხებთ, რომ ეს გენერალური მენეჯერი ნამდვილად არაა.

გარდა ამისა, საქმიანობის დელეგირება და ნდობა უძვირფასესი აქტივია თითოეული მენეჯერისთვის. ჩემთან ხშირად მოდიან სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერები და მთავაზობენ პროექტებს, მთხოვენ მათთან ერთად განვიხილო ესა თუ ის საკითხი. მე კი მათ მოქმედების სრულ თავისუფლებას ვაძლევ, ცხადია იმ ჩარჩოებში, რომელიც ჩვენს კონცეფციაში ჯდება. გენერალური მენეჯერის საქმიანობა არა დირექტივების გაცემა, არამედ პროცესის კოორდინაცია და სწორ კალაპოტში მოქცევაა. ჩვენი სასტუმროს თანამშრომლებს Heartist-ებს ვუწოდებთ, ვინაიდან ერთმანეთთან უშუალო, გულიდან წამოსული ურთიერთობა გვაკავშირებს. ეს ერთი დიდი ოჯახია.

რაც შეეხება ქართული ხასიათის სპეციფიკას, მინდა აღვნიშნო, რომ ქართველები ძალიან ძლიერი პიროვნული თვისებების მატარებელი ერია. თქვენთვის მნიშვნელოვანია გენდობოდნენ და გაგრძნობინებდნენ თქვენსავე საჭიროებას. თუმცა არის ძალიან მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც მარტივად ნებდებიან და წარუმატებლობას ვერ იტანენ. ეს თავად ჩვენი ინდუსტრიის სპეციფიკაა. გადამეტებული სიამაყე ხანდახან ხელს უშლის ადამიანს განვითარებაში. მეორე მხრივ, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ ვინმე თქვენზე ზრუნავს და ხელს გიწყობს, რჩებით და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებთ.

ჩვენ ბევრი ქართველი თანამშრომელი გვყავს და ისინი მართლა ბედნიერები არიან აქ ყოფნით, უხარიათ საერთაშორისო დონისა და მასშტაბის ბრენდთან მუშაობა, რაც შემდგომ მათ დამოკიდებულებაზეც აისახება სტუმრებთან. მე უკვე 34 წელია რაც ამ სფეროში ვარ და ყოველ დილით ბედნიერი ვიღვიძებ იმაზე ფიქრით, რომ "დღეს ჩემს სასტუმროში უნდა წავიდე". 34 წელი ბევრია და ოდესმე ალბათ მომიწევს წასვლა, თუმცა ჯერ არა...

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი კარიერის განმავლობაში და როგორ შეძელით მასთან გამკლავება?
შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სამსახური, რომელიც გენერალური მენეჯერის პოზიციაზე დავიწყე, უდიდესი გამოწვევა იყო. როგორც აღვნიშნე, კარიერის განმავლობაში ოთხი სასტუმრო მაქვს გახსნილი და თითოეული მათგანის გახსნა ურთულეს პროცესებთან იყო დაკავშირებული. ცხადია, მენეჯერს უკვე აქვს წინასწარ მომზადებული საძირკველი, რეკომენდაციები, რომელზეც იგი საკუთარი ხედვითა და ძალისხმევით აგებს სრულიად ახალ სასტუმროს და ახალ გუნდს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც პრაქტიკულად ნულიდან იწყებთ საქმის კეთებას, რომელსაც როგორც წესი, 8-12 თვე მაინც სჭირდება.

თუმცა, პირადად მე ეს გამოწვევა არასოდეს მაშინებდა, იმიტომ, რომ მიყვარს სფერო, რომელსაც ამდენი წელი მივუძღვენი. აფრიკის კონტინენტზე, Accor-ის ჯგუფისთვის ორი ახალი სასტუმრო გავხსენი. გახსნის პერიოდი საკმაოდ სახიფათო დროს დაემთხვა, როდესაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობდა არც ჩემთვის, არც ჩემი ოჯახისთვის. ამას დაემატა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მორიგეობისას ჩემი მეგობარი მოკლეს, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე − როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ დონეზე. რა თქმა უნდა, ღელვა და პრობლემები მმართველობით პოზიციას ყოველთვის ახასიათებს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ დასახული მიზნების მიღწევა და ამაში Accor-ის მმართველებთან ერთად, ოჯახმაც შემიწყო ხელი.

სასტუმროს გენერალური მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდის მხრიდან გაქვთ სრული ნდობა, განახორციელოთ თქვენი შეხედულებისამებრ საინტერესო პროექტი და გახსნათ კონკურენტუნარიანი სასტუმრო ბაზარზე. ამავდროულად, თქვენ გიწევთ უამრავი შეხვედრა, სხვადასხვა მიღებაზე დასწრება, ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა, რაც ხანდახან სასიამოვნოა, ხანდახან − არც ისე. თუმცა მე მიყვარს ეს საქმე და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ პროფესიულ მოტივაციას?
შესაძლოა, დღესდღეობით, ეს პრაქტიკა უკვე უცნაურადაც კი გამოიყურება, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივატორი სტუმრების დახვედრა და მათთან ურთიერთობაა.

დღეს, გენერალური მენეჯერების დიდი ნაწილი სამუშაო დღის ორ მესამედს ოფისში ატარებს, ამზადებს ფინანსურ ანალიზებს და ანგარიშებს მფლობელთა და კორპორაციულ დირექტორთათვის, თუმცა ჩემი აზრით, ეს მიუღებელია. მენეჯერი "ველზე" საკუთარ გუნდთან ერთად უნდა იდგეს, სტუმრებთან ურთიერთობდეს, ეცნობოდეს ახალ ადამიანებს და იღებდეს უძვირფასეს უკუკავშირს, რაც ოფისში ჯდომით არ მიიღება. როდესაც სტუმრისთვის პოზიტიურ გამოცდილებას არ ქმნი, ის უკან არასოდეს ბრუნდება, წერს ნეგატიურ გამოხმაურებებს სოციალურ ქსელებში და თქვენი რეიტინგიც ნელ-ნელა ეცემა.

გარდა ამისა, უდიდესი მოტივაციაა ნდობა უფროსობის მხრიდან, რაც არაერთხელ მიგრძნია Accor-ის ჯგუფში. საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთში ვმუშაობდი, კერძოდ მოსკოვში, სადაც ჩვენი რეგიონული ოფისი იყო განლაგებული. მთელი რიგი მიზეზების გამო, რუსეთში დარჩენა აღარ მინდოდა და ამის შესახებ კომპანიის პარტნიორებთან განვაცხადე. მალევე შემომივიდა შემოთავაზება Axis-ის კომპლექსში Pullman-ის სასტუმროს გახსნის თაობაზე, გავმართეთ ონლაინშეხვედრა და დამფუძნებელმა როგორც კი გადახედა ჩემს რეზიუმეს, მაშინვე მითხრა − შენ ჩვენ გვჭირდები. ასე აღმოვჩნდით თბილისში.

ასევე, შეუძლებელია არ აღვნიშნო ჩემი მეუღლის მხარდაჭერა და მზადყოფნა, გამომყოლოდა სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, რაც სულაც არ არის მარტივი. ყოველ ჯერზე ხელახლა ადაპტაცია, ახალი ადამიანების გაცნობა, კომფორტის ზონის დატოვება და სრულიად უცნობ გარემოში გადაბარგება სტრესული პროცესია, თუმცა იგი ყოველთვის ჩემ გვერდში იდგა და დღემდე სიხარულით მომყვება ახალ თავგადასავლებში. საქართველოში უკვე ბევრი მეგობარი გვყავს მეც და ჩემს მეუღლესაც. აქაურობასთან შეჩვევა არ გაგვჭირვებია, ვინაიდან მენტალურად ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენ შორის, რასაც ვერ ვიტყოდი რუსეთზე, სადაც წლების განმავლობაში მუშაობის მიუხედავად, ერთი მეგობარიც კი ვერ გავიჩინეთ.

Pullman-ს რომ მოვუბრუნდეთ, რა არის საქართველოში ამ სასტუმროს მიზანი? როგორ მოხდა საქართველოთი დაინტერესება?
ვინაიდან საქართველოში დაახლოებით ოთხი თვეა რაც ვოპერირებთ, ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიზანია ბრენდის შესახებ ცნობიერებისა და ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში.

ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, სამწუხაროდ ბიზნესგარემო საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რაც საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობაზეც აისახება. გახსნის დღიდან საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ჩვენს საკონფერენციო სივრცეებზე და რეგულარულად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღონისძიებას, თუმცა ოთახების დატვირთულობის კუთხით, შედარებით რთულადაა საქმე. საქართველოს და კერძოდ თბილისს უამრავი საერთაშორისო ღონისძიება და კონფერენცია უნდა მიეღო, თუმცა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები თავს იკავებენ ჩამოსვლისგან, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო.

რაც შეეხება ბრენდის დაინტერესებას საქართველოთი, ეს ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველია საერთაშორისო სასტუმრო ჯგუფებისთვის და სწორედ ამიტომ, ბაზარზე სასტუმროების მრავალფეროვანი შეთავაზებებია. საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე. ტურიზმიც 2019 წლის ჩათვლით, არაჩვეულებრივი ტემპით იზრდებოდა და ვითარდებოდა, თუმცა პანდემიამ და ომმა შეაფერხა ამ ინდუსტრიის განვითარება.

ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში ვითარება დასტაბილურდება და სულ მალე თბილისი ისეთივე ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, როგორც უწინ იყო.

გვიამბეთ Pullman-ის რეკრუტინგულ პოლიტიკაზე და გუნდზე. როგორ ხდება ახალი კადრების აყვანა და რას აკეთებს ბრენდი მათი განვითარებისთვის?
მენეჯმენტის დაკომპლექტების საკითხს რომ შევეხოთ, ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია საერთაშორისო გამოცდილების ფლობა. ამიტომ ჩვენი მენეჯერების უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მაგალითად, Pullman-ის F&B მენეჯერი ლიბანელი ფრანგია, ჩვენი ფრანგული რესტორნის − Dumas-ის შეფმზარეული აგრეთვე ფრანგი გახლავთ. პორტუგალიიდანაა ჩვენი Sky Bar-ის მენეჯერი. ამგვარად, ჩვენი გუნდი არის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებების ერთგვარი მიქსი. გუნდი, ჯერ კიდევ ჩემს მოსვლამდე, დაახლოებით ორი წლის წინ შეიკრიბა ჩემი წინამორბედის მიერ, მე კი გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე აპრილის თვეში დავინიშნე. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ − მათ იციან გარკვეული სტანდარტით მუშაობა, რაც ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება ქართველ კადრებს, აქ საქმე შედარებით რთულადაა. ჩვენ უამრავი დრო და რესურსი გვაქვს დახარჯული ტრენინგებზე და ამის მიუხედავად, თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია და ამას ვერაფერს ვუხერხებთ. ჩვენი სფერო პანდემიის გამო ძალიან შეიცვალა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. პოზიტიური მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ახლა დამსაქმებელი გაცილებით მიმზიდველი უნდა იყოს პოტენციური დასაქმებულისთვის, ვიდრე აქამდე ყოფილა − რაღაც ბევრად საინტერესო უნდა შევთავაზოთ ადამიანებს.

პანდემიამ აიძულა ადამიანები მასპინძლობის სფეროდან სხვადასხვა ინდუსტრიაში გადასულიყვნენ და ახლა მათი დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. Accor-ის ჯგუფში მსოფლიო მასშტაბით 230 000 ადამიანია დასაქმებული, ხოლო პანდემიის დროს ჩვენ 30 000 თანამშრომელი დავკარგეთ, რომლებიც დაბრუნებას აღარც განიხილავენ. ჩვენ იძულებულნი ვართ ვეძებოთ ახლებური გზები, როგორ გავხდეთ მეტად მიმზიდველნი ადამიანებისთვის და როგორ მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე აქამდე. ახლა ნათელი გახდა, რომ თუკი თანამშრომელი ბედნიერად არ გრძნობს თავს თქვენთან, იგი აუცილებლად წავა, თუნდაც ანაზღაურებაში 200-ლარიანი განსხვავების გამო.

ადამიანები უბრალოდ ხელფასის გამო არ მიდიან სამსახურიდან, ეს მცდარი შეხედულებაა. თანამშრომელს სჭირდება, რომ მას პატივს სცემდნენ, აფასებდნენ და საქმისგან სიამოვნებას იღებდეს. ახლა ჩვენ უკვე გამოუცდელი კადრების აყვანაც გვიწევს და მაქსიმალურად ვაგრძნობინებთ მათ, რომ ვენდობით, გვჯერა მათი შესაძლებლობების და იმის, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწევენ. Pullman დასაქმებულებს სთავაზობს კონკურენტულ ხელფასს, დაზღვევას, ტრანსპორტს და ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, თუმცა ხანდახან მეჩვენება, რომ ეს საკმარისი არაა. გარკვეულწილად გაგვიმართლა, რომ ამხელა ბრენდის წევრები ვართ, ამის შესაძლებლობა გვაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ თუნდაც ერთი წლის თავზე, მდგომარეობა ამ კუთხით გაცილებით გაუმჯობესებული იქნება.

თქვენი გადმოსახედიდან, რა არის საქართველოს, როგორც ტურისტული ლოკაციის, მთავარი კონკურენტული უპირატესობა და სად ხედავთ მთავარ გამოწვევებს?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის სუპერგანვითარებული ქვეყანა, სახელმწიფო დიდ ძალისხმევასა და რესურსს ხარჯავს ახალი ინვესტიციებისა და ბიზნესების მოსაზიდად. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხოება გახლავთ, როგორც შრომის, ისე სამართალდაცვისა და საკანონმდებლო კუთხით. ბიზნესგარემო გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე წლების წინ იყო და პროგრესი შესამჩნევია. ეს მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისათვის, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი წარმომადგენლობა და სურთ ღონისძიებების ორგანიზება, საერთაშორისო სტუმრების მიღება და ა.შ. გარდა ამისა, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც თავისთავად პოზიტიური გზავნილია დასავლელი ბიზნესსაზოგადოებისათვის.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დასასვენებელ, გასართობ ლოკაციას, აქაც უამრავი შესაძლებლობაა: ლამაზი მთები, თბილისთან ახლოს მდებარე საინტერესო კურორტები და ა.შ. საქართველომ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმოსვლა გაემარტივებინა და პირდაპირი რეისები დაენიშნა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ზაფხულის სეზონზე უამრავი დამსვენებელი მივიღეთ არაბეთის ქვეყნებიდან. ქართველები საკმაოდ ტოლერანტული ერია და უცხოელების მიმართ განწყობაც ძალიან დადებითია, რაც ეკონომიკაზეც აისახება, ამუშავებს სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო სივრცეებს და სხვა გასართობ დაწესებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ Pullman ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, რაც თავისთავად დადებითი მხარეა, ადგილმდებარეობის ერთ-ერთი ნაკლი ხშირი საცობებია და ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა. ბიზნესმენებს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დისკომფორტს უქმნის, თუმცა მე თავად ხშირად ვსარგებლობ ავტობუსებით და მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ტრანსპორტში ხალხმრავლობაა, გაცილებით სწრაფად გადავადგილდები დანიშნულების ადგილამდე. ამ ქცევის შეცვლას დიდი დრო დასჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ადამიანები ეტაპობრივად შეეჩვევიან ტრანსპორტით მოძრაობას და ავტომობილებს გააჩერებენ.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იღბლიანი ქვეყანაა, ვინაიდან ორი დიდი და განვითარებული ქალაქი გაქვთ − თბილისი და ბათუმი, სადაც აგვისტოში რამდენიმე დღე დავყავი და აღფრთოვანებული დავრჩი როგორც სისუფთავით, ისე თანამედროვე შენობებით და ინფრასტრუქტურით. ერთადერთი, რაც ამ კუთხით მოსაწესრიგებელია, ესაა გზა თბილისიდან ბათუმამდე და როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს ამ მიმართულებითაც. საქართველოს შევადარებდი ბულგარეთს, ვინაიდან ბევრი მსგავსება დავინახე სოფიასა და თბილისს, ისევე როგორც ბურგასსა და ვარგასს, და ბათუმს შორის, მათ შორის, პოსტსაბჭოური წარსულის გათვალისწინებით. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ ჩქაროსნულ მაგისტრალთან დაკავშირებით და გზა დედაქალაქიდან ზღვის კურორტამდე დაახლოებით 8-9 საათს საჭიროებდა, რაც ამჟამად 3,5-4 საათამდეა შემცირებული. ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურიზმის განვითარების კუთხით.

სულ ახლახან, გვქონდა შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, რომელმაც გაგვაცნო მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სტატისტიკა და რიცხვები. მათი პროგნოზით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2018-2019 წლების მაჩვენებლებს 2025 წლისთვის დაუბრუნდება. ცხადია, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევას დრო დასჭირდება, თუმცა მოსალოდნელია დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე.

როგორია Pullman Tbilisi Axis Towers-ის უახლოესი სამომავლო გეგმები?
მიუხედავად იმისა, რომ Pullman-ს მსოფლიო მასშტაბით 145 სასტუმრო აქვს, ხოლო Accor-ის ჯგუფი ჯამში 5300-მდე ლოკაციას აერთიანებს, იგი ჯერჯერობით ახალი მოთამაშეა ადგილობრივ ბაზარზე და ჩვენ სრულად ვკონცენტრირდებით ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე საქართველოში. ჩვენი მთავარი მიზანია აღიარებისა და ნდობის მოპოვება როგორც სტუმრებს, ისე კონკურენტებს შორის. ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, ამის მჯერა. ჩვენ ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია სტუმრებისთვის, დაწყებული საოცარი აუზითა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, დამთავრებული 2000 კვადრატული მეტრი ფართობის საკონფერენციო სივრცით და არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

Accor საკმაოდ მყარი ბრენდია, შექმნილი ძლიერი ღირებულებებისა და ფასეულობების გარშემო, თანამედროვე ხედვებითა და კონცეფციით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შემოქმედებასა და ხელოვნებას და სწორედ ამ კუთხით აქტიურ თანამშრომლობას ვიწყებთ ქართველ ხელოვანებთან, რომელთათვისაც პლატფორმის შექმნას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში.

3 ნოემბერს იგეგმება შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, რომელიც ადგილობრივ არტისტებს და 200-მდე სტუმარს უმასპინძლებს, რაც მიზნად ისახავს, როგორც ხელოვანთა ხელშეწყობას, ისე Pullman-ის ბრენდის პოპულარიზაციას ქართულ ბაზარზე.

სწორედ ამით ვართ დაკავებული მე და ჩემი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში. გლობალური გამოცდილებით, ბრენდის ცნობადობის ამაღლებას 6-10 თვე მაინც სჭირდება და სწორედ ამ პერიოდში, ვგეგმავთ ნომრების 55%-იანი დაკავებულობის მაჩვენებლის მიღწევას, რაც სავსებით რეალურია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში. ამაში დიდი დროითი, ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯება, რაც აუცილებლად გამოიღებს გრძელვადიან შედეგს და სამომავლოდ ბიზნესის ზრდას გამოიწვევს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია