პუპაცო – უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული პრემიუმ სათამაშოები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრი ბიზნესი ბაზრის ანალიზით იწყება, მაგრამ "პუპაცოს" ისტორია ერთი დედის შეკითხვით დაიწყო – რატომ არის ბაზარი სავსე პლასტმასის ხმაურიანი სათამაშოებით და რატომ არის ასე რთული იპოვო ხარისხიანი, ეკოლოგიური და განვითარებისკენ მიმართული სათამაშო? ამ კითხვამ ნინა კობახიძე უფრო ღრმა ძიებამდე მიიყვანა – ევროპულ მიდგომამდე, სადაც თამაში მხოლოდ გართობა კი არა, ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა "პუპაცო" – სივრცე, რომელიც მშობლებს, ბაღებსა და სკოლებს სთავაზობს უსაფრთხო, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო სათამაშოებს, რომლებიც ბავშვების ფანტაზიას, აზროვნებასა და ცნობისმოყვარეობას ავითარებს.

კომპანია "პუპაცოს" თანადამფუძნებელი, ნინა კობახიძე ამბობს: "2016 წელს დავიწყე უფრო ღრმად შესწავლა, რა ხდება ამ მიმართულებით ევროპაში და აღმოვაჩინე სრულიად განსხვავებული მიდგომა – ევროპაში სათამაშო მხოლოდ პროდუქტი არ არის – ის არის საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც ექვემდებარება მკაცრ სტანდარტებს (EU Toy Safety Directive), განვითარებისა და ეკოპასუხისმგებლობის პრინციპებს (Montessori, Reggio Emilia).

სწორედ მაშინ გაჩნდა სურვილი, რომ მსგავსი კულტურა საქართველოშიც უფრო ფართოდ შემოსულიყო. ასე დაიბადა "პუპაცო". ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილია ეკოლოგიური, ხის, საგანმანათლებლო და ექსპერიმენტული სათამაშოების მწარმოებელი ევროპული ბრენდები, როგორიცაა Hape, Beleduc, BukiFrance, Eurekakids, Lassig, Fehn, Jadore, Glober, რომლებიც ბავშვებს მხოლოდ გართობას კი არ სთავაზობენ, არამედ სწავლასა და კვლევის პროცესს თამაშის ფორმით აერთიანებენ".

მისი თქმით, როდესაც ბიზნესი დაიწყეს, ეკოლოგიური და განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოების იდეა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი იყო.

"სათამაშოს ხარისხი ყოველდღიურად განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და ფანტაზიას. ამიტომ ხარისხი არჩევანი კი არა, პასუხისმგებლობაა. არსებობდა გარკვეული რისკი – რამდენად გაიაზრებდა მომხმარებელი ამ ღირებულებას. დროთა განმავლობაში დავინახეთ, რომ მშობლები უფრო მეტად ინტერესდებიან ხარისხით, უსაფრთხოებითა და განვითარების ასპექტით. ეძებენ საუკეთესო გარემოს და შესაძლებლობებს თავიანთი შვილებისთვის, და სწორედ ამ რწმენამ მომცა მოტივაცია", – იხსენებს "პუპაცოს" თანადამფუძნებელი.

ნინა კობახიძე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო უსაფრთხო ევროპული ბრენდების შესახებ ცნობიერების გაზრდა – რამდენად სახიფათოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ბაზარზე არსებული უხარისხო პროდუქცია და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ პატარა ტოქსიკური ნაწარმისგან დაიცვას. მისი თქმით, ხშირად მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და საგანმანათლებლო სათამაშოებს შორის.

"ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გაჩნდა საქართველოში სათამაშოების ბაზარზე – სახელმწიფომ გააძლიერა კონტროლი სათამაშოების უსაფრთხოებასა და ხარისხზე. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, რომელიც ევროპული, სერტიფიცირებული და უსაფრთხო სათამაშოებით არის წარმოდგენილი, ეს ძალიან სასიხარულო პროცესია. როდესაც ბაზარზე მკაცრი კონტროლი არსებობს, მშობლებს უფრო მეტი ნდობა უჩნდებათ და არჩევანს უფრო ცნობიერად აკეთებენ".

ნინა კობახიძე ამბობს, რომ ბიზნესმა ასწავლა წარმატებისთვის მოთმინების აუცილებლობა, მუდმივი სწავლა და მომხმარებლის საჭიროებების კარგად გაანალიზება.

"დამწყებ ანტრეპრენერებს ვეტყოდი, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იდეა, არამედ ღირებულება, რომელსაც ქმნი საზოგადოებისთვის.

ქალებს და გოგონებს კი ვურჩევდი, არ შეეშინდეთ საკუთარი იდეების რეალიზების. ხშირად ყველაზე დიდი ბარიერი სწორედ შიშია, მაგრამ თუ არსებობს რწმენა, შრომა და ხედვა, შედეგსაც აუცილებლად გამოიღებს".

"პუპაცოს" თანადამფუძნებლის განმარტებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს პრობლემას ან შესაძლებლობას და ცდილობს საზოგადოებისთვის ახალი ღირებულება შექმნას.

"ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემი შვილებია. მეოთხე შვილის მოლოდინში ვარ და ჩემი მთავარი საზრუნავი არის მათი ჯანსაღი და სწორი განვითარება თამაშის საშუალებით. ჩემთვის სტიმულია ბავშვების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს დიდ მოტივაციას, რომ მუდმივად ვეძებო ახალი, ხარისხიანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროდუქცია", – აღნიშნავს ის.

ნინა კობახიძის თქმით, "პუპაცოს" მიზანია, საქართველოში უფრო მეტად გაიდგას ფესვები ჯანსაღ განვითარებაზე ორიენტირებულმა თამაშის კულტურამ.

"უახლოეს პერიოდში გვსურს გავაფართოოთ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო სათამაშოების ასორტიმენტი; უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბავშვებს STEM და ექსპერიმენტული სათამაშოები; ბაღებსა და სკოლებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით მხარი დავუჭიროთ განათლებას – გვსურს, რომ ასეთი ხარისხიანი და განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოები უფრო აქტიურად შევიდეს არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ ბაღებსა და სკოლებშიც, სადაც ბავშვის ინტერესები და უნარები ყოველდღიურად ყალიბდება.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორ გარემოში თამაში ბავშვებისთვის სწავლის ყველაზე ბუნებრივი და ძლიერი ფორმაა", – ამბობს ნინა კობახიძე, "პუპაცოს" თანადამფუძნებელი.