პურის დედაზე გამომცხვარი "მზეთამზე" განვითარების ახალ ეტაპზეა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ეკოლოგიურად ჯანსაღი, სასარგებლო, ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილით, პურის დედაზე დამზადებული პური - ასე ჟღერს კომპანია "გემოვანის" გამორჩეული პროდუქტის - "მზეთამზეს" ფორმულა, რომელიც სულ უფრო მდიდრდება, იხვეწება და ერთგულ მომხმარებელთა წრეს აფართოებს.
ქართული პური "მზეთამზე" კომპანია გემოვანის მიერ 2015 წლიდან ბუნებრივი პროცესების სრული ციკლის დაცვით იწარმოება და ქიმიური დანამატებისგან სრულად თავისუფალია. ხელოვნური პურის საფუარი, ტრადიციული "პურის დედით" ჩანაცვლდა, რაც "მზეთამზეს" გამორჩეული მახასიათებელია და მის ქართულ გენეზისს კიდევ მეტად უსვამს ხაზს. "პურის დედის" სათანადო ხარისხით მიღებას კი დამფუძნებლების ვრცელი ექსპერიმენტები და საფუძვლიანი ცდები უძღვოდა, რომელიც სტანდარტიზებულ წარმოებაში წარმატებით დაინერგა. ოთარ ნაჭყებიასა და ირაკლი ჩავლეშვილის დიდ ძალისხმევასა და განვითარებაზე მუდმივ ორიენტაციას კომპანიის დაარსებიდან 5 წლის თავზე უკვე ახალი წარმატებებისა და განვითარების ეტაპი უდგას. ფალიაშვილის ქუჩაზე გახსნილი პატარა მაღაზიიდან დაწყებული ბიზნესი, რომელიც დღეში 50-100 პურს ყიდდა, დღეს უკვე თბილისისა და რუსთავის ქსელური მარკეტების დახლებზეა წარმოდგენილი და დღიური გაყიდვების მაჩვენებლით რამდენიმე ათასს აღწევს, სურსათის ხარისხის მიმართულებით კი სრულიად ახალ სტანდარტს ნერგავს.
"მზეთამზეს ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა, საქართველოში ქართულ ხორბალზე მოთხოვნის გაჩენაა და ამით ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში მეხორბლეობის დარგზე ზრუნვაა. კომპანია "გემოვანი" საქართველოში ქართული ნედლეულით წარმოებულ ჯანსაღ სურსათს სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენი მიზანია, მთელმა ქვეყანამ მიიღოს ჯანსაღი პური და სურსათი. აშკარაა, რომ პანდემიის პირობებში ხალხი მეტად დაფიქრდა, იმუნიტეტის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაშიც ჯანსაღ საკვებს დიდი როლი აქვს. ეს კი ჩვენს გაყიდვებზეც კარგად აისახა" , - გვეუბნება ირაკლი ჩავლეშვილი, "გემოვანის" თანადამფუძნებელი.
მომხმარებლებს კი, რომელთაც კარგად ესმით საკუთარ ყოველდღიურ რაციონში ეკოლოგიურად სუფთა საკვებისა და პურის მნიშვნელობა, უკვე კომპანიის 9 სახეობის პურის შეძენა და დაგემოვნება შეუძლიათ. "მზეთამზეს" ასორტიმენტს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გიორგი სალუქვაძე გვაცნობს:
"მზეთამზე" ამ ეტაპზე შემდეგი სახეობის პურს აწარმოებს: ლომთაგორას (დიდი) თეთრი, ლომთაგორას ცეხვილი რუხი, 100%-იანი ჭვავი, წითელი დოლის ცეხვილი, ჭვია(ხორბლის და ჭვავის ნაზავი) კლასიკური, ჭვია მზესუმზირით, ჭვია ძირათი და თეთრი პური "ზიარი". ძირითადი გამორჩეული მახასიათებლები, რაც "მზეთამზეს" განსაკუთრებულ ხარისხს ანიჭებს, არის ის, რომ ჩვენთან პური ბუნებრივი საფუარით, იგივე ხაშით ცხვება. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული და განსხვავებული გემო, დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს და აძლიერებს იმუნიტეტს. ამასთანავე, ყველა პროდუქტს დავამატეთ ყურძნის წიპწის ფქვილი, რამაც კიდევ უფრო მეტი სასარგებლო თვისება შემატა ამ ყველაფერს. ჩვენი პურის შეძენა შესაძლებელია თბილისსა და რუსთავში, ყველა არსებულ ქსელურ სუპერმარკეტში. აღსანიშნავია, რომ, ასევე, ჩვენი პურით რამდენიმე კოვიდ-სასტუმრო და დიდი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაც მარაგდება".
მოთხოვნის ზრდა, მისი შესაბამისი დაკმაყოფილება და სარელიზაციო არხების გაფართოება, თავისთავად წარმადობის ზრდასა და პროდუქტიულობისთვის ახალი მეთოდების დანერგვასაც მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ საწარმოო დანადგარები განაახლა და ცხობის პროცესი მეტად ავტომატიზირებული გახადა, რაც დღიური წარმადობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. საწარმოს ბაზის გაუმჯობესებასთან ერთად კი მუდმივად იხვეწება ცხობის ტექნოლოგიაც. კომპანიის ბოლოდროინდელი სიახლეები ბრენდინგის ელემენტებსაც მოიცავს და "მზეთამზეს" განახლებულ შეფუთვაში გამოიხატება. ამიერიდან პური "მზეთამზე" მომხმარებლებს დახლებზე გაცილებით დახვეწილი ვიზუალით დახვდებათ.
მუდმივი გამუჯობესების რეჟიმში ზრდა და ჯანსაღი პურით სურსათის ბაზრისა და მომხმარებლების მომარაგება კი კომპანიის უმთავრეს მისიად რჩება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს "გემოვანის" წილი საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა შეიძინა, რომელიც მისი განვითარების უწყვეტ პროცესში აქტიურად ჩაერთო. თუ რა ხედვები აქვს "სინერჯი კაპიტალს" "გემოვანთან" დაკავშირებით ამას თამარ ჭითაშვილი გვიზიარებს:
"გრძელვადიანი გეგმებით, გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჯანსაღი კვების და მათ შორის სასარგებლო პურის მნიშვნელობა, ვინაიდან ადამიანების ბედნიერებისთვისა და ჯანმრთელობისთვის ეს მიგვაჩნია უმნიშვნელოვანეს საკითხად. უახლოეს წლებში ველოდებით მრავალჯერად ზრდას, მათ შორის რეგიონებში ქსელის გაფართოებით, ასორტიმენტის განვითარებითა და აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოებით.
ასევე, ჩვენი მისიიდან გამომდინარე, კვლავ ვაპირებთ, გავააქტიუროთ საქმიანობა გემოვანი ბაზრის მიმართულებით - რომელსაც დავაორგანიზებთ სხვადასხვა უბნებში, რითაც მცირე მწარმოებლებსა და ფერმერებს მივცემთ შესაძლებლობას, თავიანთი სასარგებლო და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებამდე მიიტანონ".
ჯანმრთელობისა და გემოვანი იმუნიტეტის ზრუნვაზე ორიენტაციით კი ბრენდი "მზეთამზე" განვითარებასა და სასურსათო ბაზრის ჯანსაღი ელემენტებით გაჯერებას უწყვეტად განაგრძობს.