Cyber Week Sale! 50% Off All Access

"ყოველთვის მივესალმებით მიზანმიმართულ, მებრძოლ ადამიანებს" - კახა სალუქვაძე "პროკრედიტ ბანკში" 360 ადამიანია დასაქმებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, ე.წ. HR-ებს, ნაკლებად იცნობენ კომპანიის გარეთ. საგარეო კომუნიკაციაში, ძირითადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მმართველი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ. თუმცა, ადამიანური რესურსების მენეჯერი არანაკლებ საკვანძო ფიგურაა ყველა ორგანიზაციაში, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის პროგრესი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანპერსპექტივაში.

კომპანიის HR პოლიტიკაზე "პროკრედიტ ბანკის" ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს კახა სალუქვაძეს გავესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რაც დამატებით უპირატესობას წარმოადგენს როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. ჯგუფის წევრობა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს, ჩვენს თანამშრომლებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის. განსხვავებულია ჩვენი საკადრო პოლიტიკა, ყოველთვის მივესალმებით მიზანმიმართულ, მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს და ქცევის კოდექსს იზიარებენ. ვამაყობთ განსხვავებული პროფესიის ადამიანების სიმრავლითაც, თანასწორი და მეგობრული გარემოთი, რაც წლების განმავლობაში ბანკში შეიქმნა; შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენს დასაქმებულებს ვთავაზობთ კარიერული წინსვლისთვის; წელსაც, მიუხედავად "კოვიდ"-რეალობისა, 55 ახალი თანამშრომელი შემოგვემატა და 6-თვიანი on-boarding სასწავლო პროგრამაც სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. ამჯერად, მხოლოდ ონლაინრეჟიმში.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

ვფიქრობ, ყველა დამსაქმებლისთვის Covid-19-ის ორგანიზაციული ტესტი სამუშაო სივრცეების ონლაინტრანსფორმაცია გახდა. თვალსაჩინოა, რომ "მუშაობა სახლიდან" 2020 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, თუმცა შეცვლილ გარემოსთან სწრაფ შეგუებაში ჩვენს ბანკს ძლიერი ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა გუნდი დაეხმარა. დღეისათვის დასაქმებულთა 65% დისტანციურად წარმატებით უძღვება სამუშაო პროცესს.

მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება თანამშრომელთა სასწავლო და სამუშაო მივლინებებს შეეხო. საჰაერო ტრანსპორტით გასავლელი კილომეტრები სრულად "ონლაინ" ზარებითა და შეხვედრებით ჩავანაცვლეთ, თუმცა კვლავ მოუთმენლად ველით საზღვრების გახსნას და სიტუაციის დასტაბილურებას, რათა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ, ამასთან, თანამშრომელთა უსაფრთხოება ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

მოტივაციას ვერ შეინარჩუნებ ცალკეული ღონისძიებებით. მთავარი, რაც ამაში ჩვენ გვეხმარება, სამუშაო გარემო და ის მიდგომებია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა "პროკრედიტ ბანკში". ყოველ თანამშრომელს საკუთარი იდეისა თუ შენიშვნის არა მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელთან, არამედ მენეჯმენტთანაც ბარიერის გარეშე, ღია კომუნიცირების საშუალებით აქვს. ამ მიდგომას "ღია კარის პოლიტიკას" ვუწოდებთ. ხშირად მოგვისმენია კოლეგებისგან, რომ პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რაც ჩვენთან "პროკრედიტის" აკადემიების სახით არსებობს.

ჩვენთან კადრების შერჩევის წესიც განსაკუთრებულია: ყოველთვის შიდა ვაკანსიის გამოცხადებით ვცდილობთ საჭირო თანამშრომლის მოძებნას და შემდეგ ვაქვეყნებთ "გარე ვაკანსიას"; თანამშრომლებს ფიქსირებულ კონკურენტულ ხელფასს ვუხდით და არ გვაქვს ბონუსური სისტემა, რათა არ მოხდეს თანამშრომელთა ინსტრუმენტალიზაცია, რომლითაც ვცდილობთ უზრუნველვყოთ მათი სამსახურებრივი და პირადი დროის გამიჯვნა.

ანაზღაურების კუთხით, "პროკრედიტ ჯგუფის" მასშტაბით ვხელმძღვანელობთ სამართლიანი და გამჭვირვალე სახელფასო შკალით. ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს თანამშრომლებს სტაბილური მომავლის დაგეგმვაში, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა გარემო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილების დროს.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეგვეძლოს თანამშრომლებში პოტენციალის დანახვა და მისი წახალისება, რაშიც მათთან უშუალო და ღია ურთიერთობები გვეხმარება და არა რაიმე სახის ფორმულები ან პროგრამები, რომლებიც მათ შრომას აფასებს. კარგად გვესმის, რომ თითოეული თანამშრომლის წვლილი მნიშვნელოვანია. როგორც თავად ამბობენ, წარმატებაში ბანკში არსებული მარტივი სტრუქტურა და ჰორიზონტალური იერარქია ეხმარებათ. მენეჯერული პოზიციების 90%-ზე მეტს "პროკრედიტის აღზრდილები" ვფლობთ და თანამშრომელთა ორგანიზაციაში ჰორიზონტალურად გადაადგილებასაც ხშირად მივმართავთ.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი კადრები "პროკრედიტის" აკადემიაში, ფრანკფურტში სწავლობენ. სტანდარტული მენეჯერული კურსების ნაცვლად, აკადემიის მონაწილეები სხვადასხვა ფილოსოფიურ, ისტორიულ და სოციალურ საკითხებს განიხილავენ, რაც მათ სოლიდარულობისა და ერთიანობის გრძნობას უმძაფრებს. გუნდის ყოველი ახალი წევრი გადის საერთაშორისო, 6-თვიან გადამზადების კურსს − "ორგანიზაციასთან ინტეგრაციის (on-boarding)" პროცესს. ამასთანავე, "პროკრედიტ ჯგუფი" თითოეული თანამშრომლის გადამზადებასა და ტრენინგებში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. ჯგუფის მასშტაბით რეგულარულად ტარდება საკვალიფიკაციო ტრენინგები და სემინარები, რაც მათ კომპეტენციას და საჭირო უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს