ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურად მუშაობის უნარია - ვახტანგ ხურცილავა, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების ექსპერტი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩემი, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების ექსპერტის ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს ინფრასტრუქტურული სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას და უკვე არსებულის მხარდაჭერას, რათა ის მუდმივად მორგებული იყოს ბაზარზე არსებულ, მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, ამასთან, შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნავს ვახტანგ ხურცილავა, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირების ექსპერტი, რომელიც საკუთარი საქმიანობის, გამოწვევებისა და პრობლემებთან გამკლავების ინოვაციური გზების შესახებ გვიყვება.
ამბობს, რომ მისი განყოფილება მუშაობს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, როგორიც არის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დაგეგმვა, სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა და მხარდაჭერა, ბიზნეს კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მუშაობისთვის საჭირო გარემოს მოწყობა. მისივე ზრუნვის საგანია ფიზიკურ, ვირტუალურ, ასევე ქლაუდ გარემოში ლინუქსის სისტემების არქიტექტურის შემუშავება, მართვა, მონიტორინგი, ამასთან, არსებული პროგრამული ხარვეზების გადაჭრა, მისი ეფექტურობის გაზრდა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ავტომატიზაცია. "თუმცა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობების მხოლოდ ნაწილია"- დასძენს ის და იქვე განმარტავს, რომ მისი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებლებსა თუ თავად საქართველოს ბანკის გუნდს სერვისები შეუფერხებლად მიაწოდონ და შექმნან მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება.
კითხვაზე - რა არის მისი გუნდის პრიორიტეტი, გვპასუხობს, რომ მთავარია, პროდუქტების მიწოდება უფრო მეტად უსაფრთხო, მარტივი და უწყვეტი გახადონ. "ამისათვის, ვნერგავთ ახალ როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ ინსტრუმენტებს და ეფლაიენსებს, ვმუშაობთ ახალი უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვაზე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ, წამყვან კომპანიებთან, რათა გავიზიაროთ მათი გამოცდილება".
რა მეთოდებით უზრუნველყოფთ პროცესების გამართულობასა და სისწრაფეს?
კომპანიაში პროცესების მართვისთვის მივყვებით ეჯაილ კულტურას, რაც გვეხმარება სწორად დავგეგმოთ ჩვენი გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი პროექტები. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, პროცესები იყოს უფრო გამართული, თავიდან ავიცილოთ რისკები, არასასურველი მოულოდნელობები, შესაბამისად, აქტივობები იყოს წინასწარ განსაზღვრული და მართვადი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ეჯაილ კულტურა გვეხმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში კოორდინირებულად ვმართოთ პროცესები და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ პროგრამებზე - სწრაფად აღმოვფხვრათ ხარვეზი, უზრუნველვყოთ მათი გამართულად ფუნქციონირება და სხვა.
რას მიიჩნევთ თქვენი საქმიანობის ყველაზე დიდ მიღწევად?
ჩემი საქმიანობის ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებას, რომლის საშუალებითაც ბანკში ჩემს გუნდთან ერთად დავნერგეთ სისტემები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის პროდუქტების უსაფრთხოებას, ავტომატიზაციას, სტაბილურობას, რაც შესაბამისობაში მოდის თანამდეროვე IT გადაწყვეტილებებთან.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ან უნარი, რომელიც წარმატებულ საქმიანობაში გეხმარებათ?
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს საქმიანობაში გუნდურად მუშაობის უნარია, რომელიც აუცილებელია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ეს პროექტები მოიცავს მრავალმხრივ მიმართულებას და საჭიროებს სხვადასხვა ცოდნასა და უნარებს. შესაბამისად, აუცილებელია, კოლეგებთან ხშირი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და გადაწყვეტილებების ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება.