რა არის ტურიზმის გადასახადი და როგორ შეიძლება მისი დაწესება საქართველოს სფეროს განვითარებაში დაეხმაროს?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტურიზმის გადასახადი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე კარგად გამოცდილი და მოწონებული მოსაკრებელია. ამ გადასახადს ტურისტები სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ერთჯერადად თითოეულ ღამეში იხდიან.
გადასახადი სხვადასხვა მიზნით და, შესაბამისად, სხვადასხვა რაოდენობით წესდება. მაგალითად, იტალიის ქალაქ ვენეციაში გადასახადი მაღალია და ღამეში 10 ევრომდე აღწევს. ამგვარად, იტალიის მთავრობა ცდილობს, შეამციროს ტურისტთა ნაკადები. თუმცა არის ქვეყნებიც, სადაც გადასახადი მინიმალურია − ასეთი თანხის დაწესება იგეგმება საქართველოშიც. დაბალი გადასახადი ტურისტს ტვირთად არ დააწვება, ხოლო შემოსული ფინანსებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. გაუმჯობესებული გარემო კი ისევ ტურიზმზე იმოქმედებს დადებითად.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტი, სახელწოდებით "ტურიზმის ადგილობრივი მოსაკრებლის დანერგვა საქართველოში − რეგულირების ზეგავლენის შეფასება". BM.ge-ის ცნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ქვეყნის დატვირთულ ტურისტულ ზონებში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად იზრდება ადგილობრივი საჯარო ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების და ა.შ. მოხმარება, მაგრამ ვიზიტორები უშუალოდ არ იხდიან ამ მოხმარების მოსაკრებელს, რის შედეგადაც ტურიზმი წარმოქმნის უარყოფით გარე ეფექტს, რისი ინტერნალიზებაც არ ხდება კერძო სექტორის მიერ. ამავდროულად ტურიზმიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი (სარგებელი) პირდაპირ არ უბრუნდება მუნიციპალიტეტებს გადასახადების სახით". სწორედ ამ ე.წ. ცვეთის პირობებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტებში ტურიზმის გადასახადით შემოსული ფინანსები.
ტურიზმის გადასახადთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ ამან შესაძლოა ნაკადები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ასეც არის, მიზეზი ქართული რეალობისგან განსხვავებულია − მაგალითად, ვენეციაში მოსაკრებელი მაღალია, რათა ტურისტული ნაკადები შეამციროს. იტალიური მთავრობის მიზანი სწორედ ესაა, ხოლო საქართველოში შემოსული თანხა ისევ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას უნდა მოხმარდეს.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა Entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადასახადის ტიპი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა სახით იქნება ყველაზე მომგებიანი მოსაკრებლის მიღება. ცნობილია ის, რომ მუნიციპალიტეტები თავად გადაწყვეტენ, დააწესონ თუ არა მოსაკრებელი და მისი არსებობა სავალდებულო არ იქნება.
გადასახადი ძირითადად სამი სახის არსებობს:
- ფიქსირებული − ყველასთვის თანაბარი
- დიფერენცირებული − სხვადასხვა ტიპის სასტუმროებისთვის წესდება სხვადასხვაგვარი განაკვეთი (სასტუმროს ზომის, ტიპის ან სხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარე)
- პროცენტული − როდესაც მოსაკრებელი წარმოადგენს სასტუმროს ოთახის ღირებულების გარკვეულ, წინასწარ განსაზღვრულ პროცენტს
გიორგობიანის თქმითვე, განიხილება სამივე ტიპის მოსაკრებლის დაწესების სცენარები.
"ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები − საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა, რის შედეგადაც გადაწყდება მოსაკრებლის საბოლოო თანხა (ან დიაპაზონი) და დარიცხვის პრინციპი, ანუ იქნება მოსაკრებელი დიფერენცირებული სხვადასხვა ზომის სასტუმროებისთვის, თუ იქნება თანაბარი ყველასთვის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის", − აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
USAID-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი მოსაკრებლის დაწესება ხელს შეუწყობს დეცენტრალიზებასა და თვითმმართველობების გაძლიერებას. გიორგობიანი განმარტავს, რომ წინასწარი შეფასებებით ბათუმისთვის ტურისტული მოსაკრებლისგან მიღებული სავარაუდო წლიური შემოსავალი დაახლოებით 5 მილიონი ლარი, ხოლო თბილისისთვის 8.5 მილიონი ლარი იქნება.
"საგულისხმოა, რომ გათვლები გაკეთებულია ფიქსირებული მოსაკრებლის ტიპზე, რომელიც განისაზღვრა 1 ლარის ოდენობით".
როდიდან შეიძლება დაწესდეს ტურიზმის გადასახადი საქართველოში, რა ფორმით და როგორი იქნება გადახდის სისტემა სხვადასხვა ტიპის დასარჩენის მიხედვით (გესტჰაუსი, დღიური გაქირავების სახლები, სასტუმროები) − ამ და სხვა საკითხებზე ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალ "ტურისტერი 2023-ის" ფარგლებში იმსჯელეს. გადასახადის შესახებ გამართულ ვორქშოპზე ისაუბრეს როგორც განთავსების ბიზნესის მხრიდან არსებულ განწყობებზე, ისე საერთაშორისო გამოცდილებასა და მოსალოდნელ შედეგებზე.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დამფუძნებელი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ბათუმსა და ქობულეთში აჩვენა, თუ რამდენად არიან მზად სასტუმროები ტურიზმის გადასახადის დაწესებისთვის. იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ ჩატარებული კვლევის ფარგლებში ისინი განთავსების ობიექტების მფლობელებსა და მენეჯერებს ესაუბრნენ, რის შემდეგად დაინახეს, რომ სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი მსგავსი გადასახადის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"ჩვენ მოგვიწია მათთან მცირე საგანმანათლებლო ტრენინგის ჩატარება. ავუხსენით, რას ნიშნავს გადასახადი და რა არის მისი მიზანი, დანიშნულება − რომ ის რჩება მუნიციპალურ ბიუჯეტში და ხმარდება ტურიზმის განვითარებას. ამ ინფორმაციის მიცემის შემდეგ მივიღეთ უკუკავშირი", − ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მას შემდეგ, რაც განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსაკრებლის შესახებ, იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ისინი პოზიტიურად შეხვდნენ სიახლეს. მენეჯერებისა და მფლობელების უმრავლესობა მიესალმება მოსაკრებლის დაწესებას, თუმცა გარკვეული პირობებით. მაგალითად, კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ კვლევის მიხედვით განთავსების ობიექტების უმრავლესობა თანახმაა მოსაკრებელი უცხოელ ტურისტებს დაუწესდეთ, შიდა ტურიზმი კი დაუბეგრავი დარჩეს. ასევე, უმეტესობის აზრით, მოსაკრებელი უნდა განსხვავდებოდეს ობიექტების მიხედვით − გესტჰაუსებში გადასახადი ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.
ტურიზმის გადასახადის პოზიტიურ ეფექტზე გამოცდილებას სლოვენიური კომპანია Arctur-ის ხელმძღვანელი ტომი ილიაში გვიზიარებს. ის ამბობს, რომ საქართველო გვიან დაფიქრდა მის ადაპტირებაზე, თუმცა ამას აქვს დადებითი მხარეც − "თქვენ ყველა წინამორბედის გამოცდილება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამიტომაც, პიონერებისგან განსხვავებით, არ მოგიწევთ იმ შეცდომების დაშვება, რაც ტურიზმის გადასახადის შემოღებისას ადრეულ ეტაპზე ხდებოდა".
ტომი ილიაში ამბობს, რომ მოსაკრებელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტურიზმით გამოწვეულ ცვეთას გარკვეულ დონეზე მაინც ანაზღაურებს, არამედ მონაცემების თვალსაზრისითაც. მოსაკრებლის დაწესებით სლოვენიამ მიიღო ინფორმაციის შეგროვების უნიკალური წყარო, რაც პირადი ინფორმაციის დაცულობასაც უზრუნველყოფს და თან საშუალებას იძლევა, მომხმარებლის ქცევა გაანალიზდეს. ილიაშის თქმით, მსგავსი აღრიცხვის სისტემით მარტივდება ტურისტების პრეფერენციების, საყვარელი აქტივობებისა და მოსანახულებელი, რეკრეაციული დანიშნულების ადგილების ცოდნა.