რა ხდება კრიპტობაზრებზე? - ექსკლუზიურად პლატფორმა Binance-ის წარმომადგენლებისგან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრიპტოვალუტების ღირებულების ვარდნასთან დაკავშირებით განხილვები და კულუარული საუბრები განსაკუთრებულად გახშირდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მართლაც, ამ ბაზრებმა მკვეთრი კლება განიცადა, რაც ბევრი ობიექტური მიზეზითაც იყო განპირობებული, თუმცა რა ხდება სინამდვილეში კრიპტობაზრებზე და ღირს თუ არა განგაშის ზარების რეკვა, Entrepreneur-ის მკითხველი უშუალოდ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოპლატფორმა Binance-ის წარმომადგენლებისგან შეიტყობს.

მაშინ, როდესაც ტრადიციული აქტივები, აქციებისა და ობლიგაციების სახით, დაღმავალ ტრაექტორიას შეუდგა, ცხადია, რომ ეს ტრენდი კრიპტოვალუტებსაც შეეხებოდა. თუმცაღა, ასეთი უეცარი აფეთქებები იშვიათი არაა და საბაზრო ციკლებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. როგორც წამყვანი საერთაშორისო ბლოკჩეინ-ეკოსისტემა Binance-ის ექსპერტები ამბობენ, ბაზრის ვარდნამ ჭარბი აქტივებისგან გათავისუფლება უზრუნველყო, ხოლო ფასების უწინდებურ მაჩვენებლებთან მიახლოებამ, ეკოსისტემის გრძელვადიან მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას ჩაუყარა საფუძველი.

"2022 წლის პირველი ნახევარი რთული პერიოდი აღმოჩნდა მაღალრისკიან აქტივებში ინვესტირებისათვის. კრიპტოვალუტის ბაზარმა ვარდნა განიცადა. თუმცა ამის მიუხედავად, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები კრიპტოეკოსისტემაში ოპტიმიზმის საბაბს აჩენს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის პერსპექტივებისათვის", − აცხადებს Binance-ის აზიის რეგიონის დირექტორი, გლებ კოსტარევი.

კოსტარევი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტები მხოლოდ იხეირებენ რეგულირების გლობალური კოორდინირებული მიდგომებით, ხოლო მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა დადებით გავლენას მოახდენს ეკოსისტემაზე.

ბაზარზე ფასების მსგავსი თვითნებური ცვლილება ჯანსაღი ეკოსისტემის მაჩვენებელი ვერ იქნება და ვერც ძირითადი გამოწვევების საერთო სურათს ასახავს. ამიტომ, Binance-ის ანალიტიკოსებმა მოამზადეს 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარიში, რომელშიც ნაჩვენებია უახლესი მონაცემები, ტენდენციები და პერსპექტივები კრიპტოეკოსისტემის სხვადასხვა მიმართულებით.

"ჩვენ კვლავინდებურად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი კრიპტოვალუტების გრძელვადიან პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვინაიდან გამუდმებით თვალს ვადევნებთ ამ სფეროს განვითარებასა და ინოვაციებს", − ნათქვამია Binance Research-ის ანგარიშში.

Binance Research-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაუარესდა ეკონომიკური პირობები. ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ინფლაცია, მაღალი ფასები ნედლეულზე და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, კიდევ უფრო ამძაფრებს საინვესტიციო ვითარებას. აშშ-ის ბირჟებზე ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მონაცემები დაფიქსირდა. S&P 500-ის ინდექსი 20,6%-ით დავარდა, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 30%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზრდა ფიქსირდება მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების ბაზარს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მასზე ეიფორიის უპრეცედენტო დონე შეიმჩნეოდა, რასაც ერთვის ქვეყნების უმეტესობაში არსებული რბილი პოლიტიკა ამ მიმართულებით და შედეგად, კრიპტოსამყაროში ინვესტირება ბევრს გაცილებით მარტივი წარმოედგინა, ვიდრე ეს რეალურად არის. ამის გამო, ამ წლებში შექმნილი პროექტების უმეტესობა მწარე რეალობის პირისპირ აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად დაკორექტირდა, რაც Binance Research-ის თქმით, სფეროს გრძელვადიანი წარმატებისათვის სასარგებლოც კი გახლავთ. შესაძლოა ბაზრის ზოგიერთმა მოთამაშემ წარუმატებლობა იწვნიოს, მაგრამ სხვებისთვის ეს განვითარებისა და სრულყოფის შესაძლებლობა იქნება.

"რომი ერთ დღეში არ აშენებულა. დიადი საქმეები დროის, მონდომებისა და მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე არ ხორციელდება. სირთულეები და დაბრკოლებები მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მრავალრიცხოვანი "ქომუნითები" და კრიპტოვალუტების წამყვანი პროფესიონალები ერთად მუშაობენ, რათა დეცენტრალიზებული მომავლისათვის მყარი ფუნდამენტი უზრუნველყონ", − აცხადებენ Binance Research-ის წარმომადგენლები.

Binance-ის ხელმძღვანელი, ჩანპენ ჯაო მიიჩნევს, რომ კრიპტობაზრის არსებული ვარდნა შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიტკოინის შეძენისათვის გრძელვადიანი საინვესტიციო გათვლით. მისივე თქმით, ბაზრის დაღმავალი ტრენდი არ უნდა გახდეს ტრეიდერებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აქტიური ინვესტირების გზაზე. მეტიც, მათ უნდა დაიწყონ თავისუფალი ფინანსების დაბანდება პირველ კრიპტოვალუტაში. მაგალითისათვის, Binance-ის ხელმძღვანელს მოჰყავს კომპანია MicroStrategy-ის მიერ გადადგმული თამამი ნაბიჯი, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს 480 ბიტკოინი $10 მილიონად შეიძინა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობა კვლავ აპირებს ბიტკოინის მხარდაჭერას, პირადი ფინანსური ზარალის დადგომის რისკის მიუხედავად.

ჩანპენ ჯაომ აგრეთვე დასძინა, რომ ციფრული აქტივები განვითარებას არ შეწყვეტენ და წლების შემდეგ მსოფლიოში სულ უფრო მეტი პლატფორმა და სერვისი გამოჩნდება, ხოლო კრიპტოვალუტის ინდუსტრია გააგრძელებს ინვესტორებისა და ენთუზიასტების შემოკრებას გლობალური მასშტაბით.