Get All Access for $5/mo

რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სააგენტომ ''აწარმოე საქართველოში'' 2021 წელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წელი, პანდემიური გამოწვევებით სავსე 2020 წლისგან განსხვავებით, ეკონომიკის აღდგენის, აქტიური ნაბიჯებისა და შეცვლილ რეალობაში ადაპტაციის პერიოდი იყო. ეს შეეხო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს, რომელთა ეფექტიან პარტნიორობაზე და მიზნობრივ თანამშრომლობაზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

Entrepreneur მუდმივად ადევნებს თვალს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მუშაობას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ამ სტატიაში ვეცადეთ თავი მოგვეყარა მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და ჩვენი მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო სააგენტოს საქმიანობის დეტალები, რისთვისაც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორს, მიხეილ ხიდურელს ვესაუბრეთ.

"გასულ წელს კრიზისთან ბრძოლისა და უმეტესად "ცეცხლის ჩაქრობის" რეჟიმში ყოფნის შემდეგ, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკამ საგრძნობი გამოცოცხლება დაიწყო, რისი ტენდენციაც პირველსავე კვარტალში შეინიშნებოდა. საზღვრების გახსნამ და სხვადასხვა სექტორში განახლებულმა აქტივობამ ჩვენს სააგენტოს მისცა საშუალება პროაქტიურ რეჟიმს დავბრუნებოდით, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ პროცესს გასულ წელს ჩავუყარეთ საფუძველი ონლაინფორმატში კომპანიებთან შეხვედრის გზით, თუმცა 2021-ში მოგვეცა შესაძლებლობა ფიზიკურ სივრცეში გავსაუბრებოდით საქართველოთი დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს", − აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" Invest in Georgia-ს მიმართულების ფარგლებში 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი საპრეზენტაციო შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს შეხვედრები G2B (სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის) ფორმატში ტარდებოდა და უცხოელ ინვესტორთა საქართველოს პოტენციალით დაინტერესებას ისახავდა მიზნად. ამ ფორმატში შედგა შეხვედრა ვენაში მსხვილ ინვესტორებთან უძრავი ქონების მიმართულებით, დეკემბრის დასაწყისში კი სააგენტოს წარმომადგენლები ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში. გარდა ამისა, აღსანიშნავია სააგენტოს ხელმძღვანელობის ვიზიტი დუბაიში, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა.

დუბაის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებთან მომდევნო შეხვედრები უკვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კიდევ უფრო მაღალი რანგის, ხელშესახები შედეგების მომტანი მოლაპარაკებები შედგა. საქართველოს ალტერნატიული ენერგიის პოტენციალით დაინტერესდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Masdar, რომელთანაც გაფორმდა მემორანდუმი. დუბაიში ვიზიტის დროს, ქართული დელეგაცია შეხვდა Dubai Investments Park-ის წარმომადგენლებსაც, რომელთა საპასუხო საქმიანი ვიზიტი საქართველოში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ასევე, გამოიკვეთა ინტერესი უძრავი ქონების, ლოგისტიკისა და სხვა მიმართულებებით. როგორც მიხეილ ხიდურელი აცხადებს, 2021 წელი კონტაქტების დამყარების კუთხით უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია მიმდინარე წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო მიმართულება − Invest in Georgia-ს მხარდაჭერით საქართველოში ბიზნესსერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანია Concentrix-ის შემოსვლა, რომელიც მსოფლიოში ამ მიმართულების ერთ-ერთი ლიდერია და ემსახურება ტურიზმის, ფინანსების, საბანკო და ბევრ სხვა სფეროს.

"ამ მიმართულებით მუშაობა სამი წლის წინ დავიწყეთ და საკმაოდ რთული პროცესის შედეგად, მოვახერხეთ ისეთი მსხვილი მოთამაშის ქართულ ბაზარზე შემოყვანა, როგორიც არის Concentrix. კომპანია ამ ეტაპზე 30-მდე ადგილობრივ კადრს ასაქმებს, თუმცა BPO-სერვისებზე მზარდი მოთხოვნის პარალელურად, თანამშრომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება. თუ შევხედავთ Majorel-ს, რომელიც ასევე ჩვენი საინვესტიციო მიმართულების ძალისხმევითაა შემოსული ქართულ ბაზარზე, კომპანია უკვე 3000-მდე დასაქმებულს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. რაც შეეხება სხვა სექტორებს, პანდემიის პერიოდში, გლობალურ დონეზე მნიშვნელოვნად შემცირდა FDI და ინვესტორები ფრთხილობენ ე.წ. Greenfield-პროექტების განხორციელებას, თუმცა ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტული კომპანიები მოიაზრებიან და მათი ნაწილი უკვე საკმაოდ ახლოსაა თავიანთი პროექტების საქართველოში განხორციელებასთან", − აცხადებს სააგენტოს დირექტორი, − "ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი წამახალისებელი პროექტების შეთავაზებაზე ინვესტორთათვის, როგორიცაა მაგალითად, ინვესტორის მიერ დახარჯული თანხის დაბრუნება, ერთგვარი Cashback, რაც მათთან კომუნიკაციაში გვეხმარება".

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიური კამპანია განხორციელდა სხვადასხვა ე.წ. ნიშურ, მიზნობრივ მედიასაშუალებაში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით. ამის მაგალითია fDi Intelligence-ის ცნობილ საერთაშორისო გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, მნიშვნელოვანი ბიზნეს-ინდიკატორები და მაჩვენებლები − ყველაფერი ის, რაც ასახავს ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობას.

"ჩვენი საკომუნიკაციო სტრატეგიის მიხედვით, მიზნად დავისახეთ, რომ ყველა წერტილში, სადაც ინვესტორს შეეძლო ინფორმაციის მიღება, საქართველო სრულყოფილად და ზუსტი ინფორმაციით ყოფილიყო წარმოდგენილი. საამისოდ, დავიწყეთ მუშაობა ე.წ. ადგილმდებარეობის სკაუტებთან, რომლებიც ინვესტორებს ურჩევენ და სთავაზობენ სხვადასხვა ქვეყანას პროექტების განსახორციელებლად. ასევე, დავიწყეთ მუშაობა სფეროს ე.წ. ინფლუენსერებთან, რომელთაც გავაცანით სხვადასხვა სექტორი და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ქვეყნის ზოგადი რეიტინგების მიღმა, დავიწყეთ მუშაობა სექტორებისათვის მნიშვნელოვანი ან/და დამახასიათებელ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე. მაგალითად, საქართველო პირველად მოხვდა Kearney-ის სერვისის მიმწოდებელთა ინდექსში, სადაც ქვეყანამ მე-19 ადგილი დაიკავა გლობალურად. მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, USAID-ის დახმარებით, კომპანია OCO global-ის დაქირავებაც. ეს არის კომპანია, რომელიც ჩვენი ჩართულობით მუშაობს მსოფლიო მასშტაბით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე; ისინი ერთგვარად ჩვენი "ელჩები" არიან და აქვთ საკუთარი ოფისები თითქმის ყველა წერტილში, სადაც ჩვენი ძირითადი მიზნობრივი ინვესტორები ოპერირებენ. OCO-ს აქვს ვალდებულება დაგეხმაროს ინვესტორებთან შეხვედრების ორგანიზებაში და დაარწმუნოს ისინი ქვეყანაში შემოსვლაზე", − განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

როგორც ვიცით, სააგენტო აქტიურად მუშაობს ქართული პროდუქტის საექსპორტო მიმართულების განვითარებაზეც. რა ხელშესახებ შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ მიმართულებით?
2021 წელს ჩვენი ორგანიზებით ათეულობით ქართულმა კომპანიამ ისეთ საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა Gulf Food და Anuga. წელს იგეგმებოდა შანხაის გამოფენაზე მონაწილეობაც, თუმცა პანდემიური გამოწვევების გამო ვერ შედგა და ვფიქრობთ, მომავალ წელს აუცილებლად წარვდგებით ამ გამოფენაზეც. ასევე, შევისწავლეთ და დავამატეთ ახალი მიმართულებები, მაგალითისთვის, ფრინველებისა და ცხოველების საკვები დანამატები და ამ დარგის სამი ქართული კომპანია წავიყვანეთ აბუ დაბიში გამოფენაზე. საქართველოს აქვს განვითარებული საექსპორტო დარგები, როგორიცაა ღვინო, ხილი, ასევე, გვემატება ნუში, თუმცა ჩვენ ვცდილობთ დივერსიფიცირება მოვახდინოთ, დავაკვირდეთ ქართული წარმოების პორტფელს და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სხვა კულტურები და პროდუქტებიც გავიტანოთ საზღვრებს გარეთ.

საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამის კარგი მაგალითია ჩვენი ბენეფიციარების წარმატებული საექსპორტო პროდუქცია, როგორიცაა სამედიცინო ეკიპირების მწარმოებელი კომპანია "დოქტორ გუდსი", ძირტკბილას ექსტრაქტზე დამზადებული მცენარეული დანამატი კომპანია "ჯეორეგისგან" და ა.შ.

უნდა გამოვყო კიდევ ერთი ჩვენი ბენეფიციარის საექსპორტო წარმატება − რამდენიმე თვის წინ ნახევრად შუშხუნა ღვინის მწარმოებელმა "ჟუჟუნამ" იაპონიის ბაზარზე გასვლა მოახერხა. აგრეთვე წარმატებით გადის აზიის ბაზრებზე ქართული კივიც.

რას გვეტყოდით მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებით?
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა ყოველწლიურად დაახლოებით 30 000-მდე ბიზნესიდეას იღებს. შარშან ამ პროგრამით 700-მდე პროექტი დაფინანსდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თუმცა როგორც რიცხვები აჩვენებს, კონკურენციაც საკმაოდ მაღალია.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიზანს სწორედ იდეით შეპყრობილი, პერსპექტიული და გაბედული ადამიანების მხარდაჭერა წარმოადგენს. მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი ღიაა მონაწილეობის მიღების მსურველი, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, ეს კონკურსი განკუთვნილია არა მარტო მათთვის, ვინც პირველად ცდის ბედს, არამედ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ. პროგრამის ფარგლებში, განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

ჩვენი და მეწარმის ურთიერთობა დაფინანსების შემდეგ არ სრულდება. სააგენტო თითოეულ ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ გაიაროს ტრენინგი − იქნება ეს მარკეტინგის ნაწილი, ფინანსები თუ სხვა მიმართულება, რაც მათ სამომავლო საქმიანობაში ეხმარება.

პროგრამას აქვს პრიორიტეტული კრიტერიუმები. მაგალითად, ქალ მეწარმეს, ახალგაზრდა მეწარმეს, სოფლად განვითარებულ ბიზნესს, ასევე შშმ-პირებს და იძულებით გადაადგილებულებს დამატებითი ქულა ენიჭებათ. მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში კი, ნაკლები თანამონაწილეობაა საჭირო.

ცხადია, გვესმის, რომ დაფინანსებული ბიზნესებიდან წარმატებას ყველა ვერ მიაღწევს. 30 000-ლარიანი გრანტი ბევრი რამის გაკეთების შესაძლებლობას ვერ მოგვცემს, თუმცა მთავარია, რომ ადამიანს უჩნდება დამოუკიდებელი შემოსავალი, რეგიონში ჩნდება ახალი პროდუქტი, სერვისი, და ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესების დაფინანსება იძლევა შანსს, რომ მონდომებისა და შრომის წყალობით, მიკრობიზნესები გავზარდოთ და სრულფასოვანი გადასახადების გადამხდელ, დამსაქმებელ ორგანიზაციებად გარდავქმნათ.

როგორია სააგენტოს უახლოესი სამომავლო გეგმები?
მოგეხსენებათ, ჩვენი პლატფორმა Trade with Georgia არის სააგენტოს პირველი ასეთი ფართო მასშტაბის მქონე ციფრული გადაწყვეტა, სადაც გამოფენებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, კატალოგი, განაცხადის შევსების ფორმა და ექსპორტთან დაკავშირებული ინსტრუმენტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მომავალი 2022 წლიდან კი ჩვენ ვგეგმავთ გავუშვათ ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, სადაც არა მარტო გამოფენებით, არამედ სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებითაც დავეხმარებით ექსპორტიორებს.

ეს პროგრამა უკვე ერთგვარად შეავსებს ჩვენი დახმარების პორტფელს და ერთი მხრივ, მეწარმეებს ხელს შეუწყობს წარმოების დაწყებაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში საექსპორტო მიმართულებით გაცნობიერებაში, ხოლო მეორე მხრივ ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომელსაც მომავალი წლიდან დავიწყებთ, დაეხმარება მათ სერტიფიცირების, ლიცენზირების, ლაბორატორიული ტესტირებისა და უცხო ქვეყნებში ქსელებში შესვლის ხარჯის თანადაფინანსებაში.

მომავალი წლის ბიუჯეტში, სააგენტოსათვის გამოყოფილია დაახლოებით 300 მილიონი ლარი, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა საიმისოდ, რომ ჩვენი ახალი და არსებული პროგრამები წარმატებით გაგრძელდება. გაშვებულია ახალი პროგრამები, რომლებიც ჩვენი უკვე სტანდარტული პროგრამების − სესხის თანადაფინანსებისა და სესხის გარანტის ჰიბრიდული ვარიაციებია. პროგრამას დავარქვით "ბიზნეს უნივერსალი", რადგან მოიცავს უნივერსალურად ძალიან ბევრ დარგს და ამ დარგებისთვის შესაძლებელია სესხის პროცენტის დაფინანსება არა სამი წლით, როგორც აქამდე გვქონდა, არამედ სესხის სრული ვადით. ამასთან ერთად, მოხდება 60%-ის უზრუნველყოფა, ანუ მთელი სესხის მოცულობის 60%-ს გარანტორად სახელმწიფო და "აწარმოე საქართველოში" ჩაუდგება. მეორე კომპონენტია ბიზნეს-ექსპორტი, რომლის ფარგლებშიც ზემოთ აღნიშნულს ემატება 15%-იანი "ქეშბექი", რაც ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარის სესხის შემთხვევაში, 150 000 ლარი საექსპორტო პროდუქტის მწარმოებელ სუბიექტს დაუბრუნდება.

აგრეთვე იგეგმება ე.წ. Growth Hub-ების შექმნა რეგიონებში. ეს არის ბრიტანული კონცეფცია, რომელიც რეგიონების განვითარებაზეა ორიენტირებული. მოეწყობა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფიზიკური, რეგიონული ფილიალები, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაზე იქნება ფოკუსირებული. ჰაბს ადგილზე ეყოლება სხვადასხვა მიმართულების ექსპერტი, ასევე სუპერვაიზერი, რომელიც ჩვენთან აქტიური კომუნიკაციით რეგიონში მცხოვრები მეწარმეების საბაზისო უნარების განვითარებით იქნება დაკავებული. ინგლისში ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა, ხოლო ჩვენი ჰაბები ქართულ რეალობაზე იქნება მორგებული.

რაც შეეხება მიკროგრანტების პროგრამას, 2022 წელსაც ტრადიციულად ვაპირებთ ამ კონკურსის გამოცხადებას, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში. ყოველწლიურად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავხვეწოთ ეს პროცესი. ბოლო პროგრამაზე დავნერგეთ აპლიკაციების კონფიდენციალურობის სისტემა, ანუ ექსპერტებს, რომლებიც ამოწმებდნენ ბიზნესგეგმებსა და იდეებს, წვდომა არ აქვთ ბიზნესის ავტორის ვინაობაზე და განცხადება შემთხვევითობის პრინციპით ხვდება შემმოწმებლებთან, რაც მიკერძოებულობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს. 2022 წლის მიკროგრანტების პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაქსიმალურად გასაგები და გამჭვირვალე გახდება განაცხადის შევსების პროცესი და გაზრდილი ბიუჯეტის წყალობით, იმედს ვიტოვებთ, რომ მეტი ბიზნესის დაფინანსებას შევძლებთ.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ეგიდით, მომავალი წლიდან ამოქმედდება გაციფრულების ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრულ სივრცეში ადაპტირებას. როგორი იქნება ეს პროგრამა და რა ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით, ამის შესახებ საზოგადოება 2022 წლის დასაწყისში შეიტყობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი