რა საერთო აქვთ ილონ მასკს, ჯეფ ბეზოსსა და ჯეკ მას?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ბიზნესის ეპოქაში ანტრეპრენერობა აღარ ნიშნავს მხოლოდ კომპანიის შექმნას. ეს არის აზროვნების ფორმა, რომელიც ცვლის ინდუსტრიებსა და ბაზრებს არა მხოლოდ ქვეყნებისა და კონტინენტების, არამედ მთელი მსოფლიოსა და სამყაროსთვის.
როდესაც ვაკვირდებით ისეთი მასშტაბის გლობალურ ანტრეპრენერებს, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ჯეკ მა, მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებულ დროსა და გარემოში მოუწიათ ბიზნესის დაწყებამ და ბევრი თვისებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, საერთოც ბევრი აქვთ.
ილონ მასკი ტექნოლოგიური ანტრეპრენერობისა და შეუპოვრობის სიმბოლოა, რომლის მთავარი თვისება გრძელვადიანი ხედვა და სისტემური აზროვნებაა, ჯეფ ბეზოსი – ოპერაციული სრულყოფისა და დისციპლინის, რომლის ფილოსოფია მომხმარებელზე რადიკალურ ფოკუსირებაზეა აგებული და ბიზნესის მასშტაბირების უნიკალური ალღოთი გამოირჩევა, ჯეკ მას სახელს კი კულტურულად ადაპტირებული გლობალური გაფართოება უკავშირდება. მისი ლიდერობა ემყარებოდა რწმენას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ გლობალურ ბაზარზე გასვლა.
ის, რაც სამივე მათგანისთვის დამახასიათებელია, მომავლის ხედვის უნარია. მათი გამოცდილება გვასწავლის, რომ წარმატებული ანტრეპრენერი არამხოლოდ ბიზნესის ალღოს მქონე კარგი მენეჯერია, არამედ, უპირველესად, მომავლის არქიტექტორია – მასშტაბური ხედვით, გამბედაობითა და სტრატეგიული მოთმინებით.
რას ნიშნავს ეს მომავალი ანტრეპრენერებისთვის?
პირველ რიგში, ხედვა უნდა იყოს უფრო დიდი და გრძელვადიანი, ვიდრე დღევანდელი რესურსები. მეორე – რისკი უნდა იყოს გააზრებული და გამოთვლილი. მესამე – გუნდი და კულტურა ისეთივე სტრატეგიული აქტივია, როგორიც კაპიტალი.
ანტრეპრენერის წარმატება მხოლოდ საბაზრო კაპიტალიზაციით არ იზომება, არამედ იმით, თუ რამდენად ცვლის ის თამაშის წესებს.
მასკის კოსმოსური ამბიცია, ბეზოსის ლოგისტიკური იმპერია და ჯეკ მას მსოფლიო ბაზარზე მასშტაბირების იდეა ერთ ჭეშმარიტებას გვახსენებს: ნამდვილი ანტრეპრენერი შესაძლებლობას იქ ხედავს, სადაც სხვები – გაურკვევლობას.
სწორედ ამ გაურკვევლობის მართვის უნარია ის, რაც ანტრეპრენერობას ხელოვნებად აქცევს.
დამწყები ანტრეპრენერებისთვის ისეთი ფიგურების გამოცდილება, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ჯეკ მა, არ არის მხოლოდ შთაგონების წყარო, არამედ პრაქტიკული გზამკვლევია.
თუმცა, დამწყებ ანტრეპრენერებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი კოპირების ნაცვლად, ჯობს ისწავლონ მთავარი პრინციპები, როგორიცაა მომავლის ხედვა, შეუპოვრობა, ადაპტაციის უნარი, მომხმარებელზე ფოკუსი, დისციპლინა და ეს პრინციპები საკუთარ კონტექსტს მოარგონ.
როდესაც ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსისა და ჯეკ მას თავბრუდამხვევ მიღწევებს ვუყურებთ, ადვილია ვიფიქროთ, რომ მათი წარმატება განსაკუთრებული გარემოებების შედეგია. სინამდვილეში, მათი ისტორიების გულში სხვა რამ დგას – სიმტკიცე, რწმენა საკუთარ ხედვაში და მზადყოფნა, იმოქმედონ მაშინაც კი, როცა გარანტია არ არსებობს.
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge