რა შესაძლებლობას იძლევა Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის თანამშრომლობა?
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill, USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში, ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებასა და დანერგვას უზრუნველყოფს.
ორწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ICT მიმართულებით 10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გაივლის აკრედიტაციას. გარდა ამისა, ზოგადი განათლების საფეხურზე მყოფი პირებისთვის შემუშავდება საბაზისო კურსი და ინტეგრირებული პროგრამა ამავე მიმართულებით.
პროექტის განმავლობაში Skillwill-ი ჩართულ პარტნიორებთან ერთად გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში "სქილვილის" ორი ტრენინგცენტრიც გაიხსნება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილი იქნება ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა. პროექტის ფარგლებში 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.
USAID-ისა და Skillwill-ის აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ უფრო ვრცლად Entrepreneur-ს Skillwill-ის აკადემიური დირექტორი, კონსტანტინე შუბითიძე ესაუბრა.
კონკრეტულად რა პროგრამებს შესთავაზებს Skillwill მომხმარებლებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და ვინ იქნება ჩართული სასწავლო მოდულების შემუშავებაში?
პროგრამების შემუშავებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი რამის სწავლა, რაც მართლა გამოადგებათ კარგი სამსახურისა შოვნასა და მაღალი ანაზღაურების მიღებაში. სწორედ ამიტომ, უკვე ვამუშავებთ პროგრამებს და მათი ხანგრძლივობა, ძირითადად, 3 და 7 თვეა, რაც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება ნულიდან, გრაფიკული დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. კურსების შემუშავებაში ჩართული არიან როგორც შესაბამისი დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები და პრაქტიკოსი პროგრამისტები, ასევე განათლების ექსპერტები და დამსაქმებლები.
გარდა 3 და 7-თვიანი კურსებისა, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი, USAID-თან თანამშრომლობა ითვალისწინებს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროფორიენტაციის კურსების შემუშავებას. აღნიშნული კურსების დანერგვით სკოლის მოსწავლეებს შევთავაზებთ მოსინჯონ IT და ციფრული მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა და თუკი ნახავენ, რომ სწორედ ესაა ის, რისი კეთებაც მოსწონთ, სურთ სწრაფად დასაქმდნენ და მიიღონ საშუალოზე მაღალი ანაზღაურება, შეეძლებათ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით.
ხოლო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-12 კლასშივე დაიწყონ ინტეგრირებული პროგრამით სწავლა და სკოლის ატესტატთან ერთად პროფესიული დიპლომი მიიღონ.
პროექტის განხორციელება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისიდან. პირველი ნაკადი სწავლას აპრილში დაიწყებს.
ვის ექნება USAID-ისა და Skillwill-ის ერთობლივ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა?
Skillwill, როგორც პირველი ონლაინნეოუნივერსიტეტი რეგიონში, სხვა ფაქტორების გარდა, უნიკალურია სწორედ იმით, რომ აქ სწავლა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის, სქესის, პროფესიის, ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, რადგან სწავლა დისტანციურად, ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთან მოხვედრა შესაძლებელია უმარტივესი რეგისტრაციით, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე www.skillwill.ge ხდება.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამებს ექნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაცია. საინტერესოა, რა შესაძლებლობას მისცემს Skillwill-ის აღნიშნული სერტიფიკატი კურსდამთავრებულებს?
Skillwill არის ბრიტანული ბრენდი, რომელიც ოპერირებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და იტალიაში. ჩვენი პარტნიორი კომპანიები სერვისის მიმწოდებლები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ყველა მსხვილი საერთაშორისო კომპანიის კარი ღიაა და მათ შეუძლიათ საქართველოდან ნებისმიერ კონტინენტზე, ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაონ. ან შეიძლება იყვნენ ემიგრანტები, რომლებიც იმ ქვეყნიდან ისწავლიან ჩვენთან, სადაც ცხოვრობენ და დასაქმება ასევე, გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ.
რაც შეეხება აკრედიტაციას, USAID-თან თანამშრომლობით შემუშავებული 10 პროგრამიდან ყველა გაივლის საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ აკრედიტაციის პროცესს და ჩვენ მიერ გაცემული დიპლომები აღიარებული იქნება სახელმწიფოს მიერ, ხოლო ამ პროგრამებიდან მინიმუმ 3 ასევე მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენ მიერ გაცემული დიპლომების წონას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე.
რა ღონისძიებებს განახორციელებს Skillwill კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობისთვის?
Skillwill არ არის ტრადიციული უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტები სწავლობენ კონკრეტულ სპეციალობას და ამით სრულდება კურსდამთავრებულებთან კავშირი. ჩვენი სწავლების პროცესი და შემდგომი პერიოდი გულისხმობს სტუდენტების წარმატებულ დასაქმებაზე ზრუნვას, მათთვის შესაბამისი უნარების გაძლიერებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, რაც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ან/და გადავამზადოთ 1000 ადამიანი და კურსდამთავრებულთა მინიმუმ 70%-ზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დასაქმდებიან, ან გაიუმჯობესებენ დასაქმებისთვის საჭირო პირობებს. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, როგორებიცაა ეთნიკური უმცირესობები, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები და ა.შ.