Get All Access for $5/mo

რამ გამოიწვია კრიპტობაზრების ვარდნა და როგორია მიმდინარე წლის Web3 ტრენდები Entrepreneur-ი საერთაშორისო გამოცემა Coins Paid Media-ს აღმასრულებელ დირექტორსა და Paliani Business Consulting-ის დამფუძნებელს, გიორგი ფალიანს ესაუბრა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2022 წელი კრიპტობაზრებისთვის, ისევე, როგორც საფონდო ბირჟებისთვის და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკისთვის, საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. ამჟამად, ბაზრებზე უკვე შეინიშნება სტაბილურობისკენ სვლა, თუმცა ის, თუ როდის დაუბრუნდება მსოფლიო ეკონომიკა თუნდაც უკრაინა-რუსეთის ომამდელ ნიშნულებს, დანამდვილებით არავინ იცის.

Entrepreneur-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა საერთაშორისო კრიპტო მედიაპლატფორმა Coins Paid Media-ს აღმასრულებელ დირექტორსა და Paliani Business Consulting-ის დამფუძნებელ გიორგი ფალიანს.

"კრიპტოვალუტის არასტაბილურობა მოქმედებს საფონდო ბირჟაზე, რაც ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკს. კაპიტალიზაცია და კრიპტოვალუტების ბაზრის საფონდო ბირჟასთან სინქრონიზაციის ხარისხი, 2020 წლის კრიზისის დროს გაიზარდა, როცა პანდემიის დროს ცენტრალურმა ბანკებმა ფაქტობრივად "გაბერეს" ლიკვიდურობა ბაზარზე. არსებობს ტრადიციული ფასების რყევისა და კრიპტოაქტივების კორელაცია, რომელიც მიუთითებს გაზრდილი უარყოფითი ეფექტების გადაცემის რისკ-ფაქტორებზე (უარყოფითი ეფექტი ერთი აქტივების კლასიდან მეორეს გადაეცემა). აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ორივე ბაზარზე ერთდროულად მოქმედებს, უმსხვილესი საფონდო ინდექსების შეთავაზებები მცირდება, ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, ხოლო ინვესტორები ხშირად ცდილობენ სარისკო აქტივების მოშორება", − აცხადებს გიორგი ფალიანი, − "ძალიან დიდი როლი ითამაშა Luna-ს დაცემამ, ვინაიდან ერთი კრიპტოვალუტის ვარდნაც კი დიდ გავლენას ახდენს დანარჩენებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტაზეა საუბარი. ეს ხდება, უპირველეს ყოვლისა, პანიკის გამო − ინვესტორებს არ სურთ უფრო მეტად გარისკა და გამოაქვთ ფული, კიდევ უფრო დიდი ჩამონგრევის მოლოდინში. რაც უფრო მეტ ინვესტორს გამოაქვს კრიპტოვალუტა და გაანაღდებს მას, მით მეტად ეცემა კრიპტოვალუტის გაცვლითი კურსი. საკმარისია "ელიოტის ტალღებს" ჩავუღრმავდეთ და ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. გარე პროცესების გავლენა შეიძლება ძალიან ადვილად გამოავლინო ტალღის ანალიზის გამოყენებით. მას უფრო ხშირად ტრეიდერები იყენებენ, მაგრამ რომ გვესმოდეს ბაზარზე არსებული სიტუაცია, წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები, რა თქმა უნდა, მაღალი არასტაბილურობის გათვალისწინებით. ანალიზი აღწერს ბაზრის მასობრივ სიტუაციას, რომელიც ტალღებში გამოჩნდება. ანალიზის თეორიის მიხედვით, ფასები იცვლება იმპულსისა და კორექციის ფაზებს შორის. ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ წლებში გარე პროცესებმა უკვე ჩამოანგრია კრიპტოვალუტები, რის შემდეგაც მათ კვლავ აჩვენეს ზრდა".

გიორგის თქმით, კრიპტობაზრებზე გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩასულა ფსკერამდე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის ვარდნას კიდევ ვიხილავთ. მან აღნიშნა, რომ ზრდის ფაზა ნებისმიერ ბაზარს აქვს, ისევე, როგორც კრიზისისა და ვარდნის ფაზები, თუმცა ვარდნის შემდეგ დამდგარი "პლატო" ყველაფრის ნიველირებას ახდენს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ზრდის ეტაპიც.

გიორგი ფალიანი Entrepreneur-თან საუბრისას მიმდინარე წლის Web3-ის ტრენდებსაც შეეხო. მისი თქმით, Web3-ტექნოლოგია არა მხოლოდ ცვლის ინტერნეტს, არამედ ასევე ხელს უწყობს ეკონომიკის გაციფრულებასა და დეცენტრალიზაციას.

"Web 3.0-ის ეპოქაში ბლოკჩეინზე იმუშავებს სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები, მარკეტპლეისები კრიპტოვალუტების გამოყენებით. Web 3.0 მიზნად ისახავს უფრო გახსნილი და შეთავსებული საიტების შექმნას, რაც მომხმარებლებს გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანს. ამჟამად Web 3.0 სფეროში დომინირებს Ethereum ბლოკჩეინ-პროექტი. Web 3.0 საშუალებას მისცემს კონტენტის შემქმნელებს მონეტიზაცია გაუწიონ თავიანთ ნამუშევრებს ტოკენიზაციის გზით. ეს მოდელი უკვე გამოიყენება საფინანსო და გასართობ ინდუსტრიაში NFT-ის დახმარებით, რომელიც მერყეობს იშვიათი ხელოვნების ნიმუშებიდან მუსიკალურ ალბომებამდე.

უძრავი ქონების ზოგიერთ კომპანიებს ასევე ჩართული აქვთ NFT, რადგან აქტივებით ვაჭრობა უფრო მოსახერხებელი გახდეს ინვესტორებისთვის crypto-არენაზე. თუმცა, სურათების სახით NFT-ტოკენებით უკვე გაჯერებულია ბაზარი და ხშირად მომხმარებლისთვის პროექტში დიდ როლს თამაშობს ქომიუნითი/მისია/ცნობილი ადამიანის სახელი", − განაცხადა გიორგი ფალიანმა.

ცნობისთვის, ამჟამად, NFT ფართოდ გამოიყენება სათამაშო ინდუსტრიაში GameFi, რომელიც ძალიან გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და დარჩება WEB3 ტოპ-ტრენდებში. თამაშების უმეტესობა შეიცავს NFT-ტოკენს და იყენებს Play-to-earn თამაშის მექანიკას, რომელიც მოთამაშეს შემოსავალს აძლევს. ეს არის ერთ-ერთი მექანიკა, რომელიც აუმჯობესებს ქომიუნითისთან თანამოქმედებას, ხოლო მომავალში კიდევ უფრო მეტი მეტავერსი იქნება DeFi-სა და NFT-ის ჩათვლით, რომელიც იარსებებს Web 3.0 ეპოქაში.

"Web 3.0-ზე საუბარი შეუძლებელია, რომ არ აღვნიშნოთ Metaverse და ის ფაქტი, რომ მეტასამყაროების შესახებ სერიოზულად საუბარი საზოგადოებამ მხოლოდ მარკ ცუკერბერგის განცხადების შემდეგ დაიწყო Metaverse-ის შექმნასთან დაკავშირებით. სრულფასოვანი Metaverse ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ უმეტესი ელემენტები უკვე გამოიყენება სხვადასხვა Web 3.0 სექტორში", − აღნიშნავს გიორგი ფალიანი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia