რამდენიმე საინტერესო ფაქტი Ad Black Sea 2023-ის სპიკერების შესახებ
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Ad Black Sea რეგიონის მთავარი მოვლენაა კრეატიულ ინდუსტრიაში, რომელსაც ყოველწლიურად მოუთმენლად ელიან შემოქმედებით თუ მარკეტინგის სფეროში დასაქმებული ადამიანები. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის მიზანი შავი ზღვის რეგიონსა და ევროპაში არსებული ინდუსტრიული ტენდენციების მაქსიმალური დაახლოებაა, ასევე ამ დარგის სხვადასხვა პროფესიონალისა და ორგანიზაციის მხარდაჭერა ადგილობრივ, საერთაშორისო თუ რეგიონულ სცენებზე.
2015 წლიდან დღემდე Ad Black Sea ერთ სივრცეში აერთიანებს ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს, ინსპირაციულ საუბრებს, დიდ იდეებს, ინტერაქციულ სესიებს, პრაქტიკულ სემინარებსა და აქტივობებს. ეს არის ცოდნის გაზიარების პლატფორმა, სადაც საშუალება გაქვთ განიხილოთ სფეროში არსებული მწვავე შეკითხვები და მომავლის პროგნოზები.
"კრეატიული ინდუსტრია მთელ მსოფლიოში დიდწილად დამოკიდებულია მსგავს ფესტივალებზე, რადგან ამ ღონისძიებებზე ხარისხის გარკვეული სტანდარტი იქმნება. მოპოვებული წარმატება სააგენტოებს თავიანთი მომსახურების უკეთ გაყიდვაში ეხმარება. ამიტომაც განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთ ხანმოკლე დროში Ad Black Sea კრეატიულ ინდუსტრიაში რეგიონის მთავარ მოვლენად იქცა. თუმცა ამბიციები და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდია − მჯერა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილს გლობალური ფესტივალების ტოპ-ჩამონათვალშიც დავიმკვიდრებთ", − აღნიშნავს ფესტივალის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე.
რა ხდებოდა Ad Black Sea-ზე წელს?
ტრადიციისამებრ ფესტივალი წელსაც ბათუმში გაიმართა, მთავარი თემა კი Tell Me Something I Don't know გახლდათ. მართალია, ფესტივალის ფორმატი უცვლელია, თუმცა მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, საკონკურსო პროგრამაშიც წლიდან წლამდე მატულობს საერთაშორისო განაცხადების ჩამონათვალი.
წელს Ad Black Sea-ის 1 300-ზე მეტი ქართველი თუ უცხოელი დელეგატი დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონკურსებში კი არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა საქართველოდან, უნგრეთიდან, ყაზახეთიდან, რუმინეთიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან. გრანპრი აზერბაიჯანულ Endorphin-ს ერგო, საუკეთესო ქართულ სააგენტოდ კი ACAG-ის რეიტინგის მიხედვით Windfor's დასახელდა.
შარშანდლის მსგავსად, ფესტივალმა წელსაც Russia-free პოლიტიკა გააგრძელა და არ უმასპინძლა სტუმრებსა თუ ნამუშევრებს რუსეთსა და ბელორუსიდან.
ცოტა რამ სპიკერების შესახებ
წინა წლების მსგავსად, Ad Black Sea-მ წელსაც არაერთ სპიკერს უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეეცადნენ ეთქვათ ის, რაც აქამდე შესაძლოა არ სმენიათ. მომხსენებლებს შორის იყვნენ რორი საზერლენდი, მარკ პოლარდი, მარი რაიგ ფლორენსი, რიკარდო ვულფი, აგა იონსდოტირი და სხვ. თითოეული მათგანი კრეატიული ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში წამყვანი მოთამაშეები არიან და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილებაც აქვთ. Entrepreneur-ს ჰქონდა შესაძლებლობა ფესტივალის რამდენიმე სპიკერს გასაუბრებოდა ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორებიცაა AI-ისა და კრეატიული ინდუსტრიის თავსებადობა, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები მუდმივად ცვალებად გარემოში მოტივაციის შენარჩუნებას და ინსპირაციის პოვნას. აი, პასუხებიც…
რიკარდო ვულფი
რიკარდო ვულფი 2018 წლიდან Innocean Berlin-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორია. მას არაერთი ფესტივალის გრანპრი აქვს მოპოვებული ისეთ კლიენტებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Volkswagen, Kia, Ikea and Anne Frank House − მათ შორის, გერმანიის პირველი ტიტანის ლომი.
გულით მწერალს სწამს, რომ AI-სამსახურს ვერაფრით წაართმევს, რადგან მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ზედაპირულია და არ შეუძლია სამყარო ისე ასახოს მთელი თავისი სევდითა და სილამაზით, როგორც ეს ადამიანებს შეუძლიათ.
"ამ წლის დასაწყისში მამა დავკარგე. ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ასე მოხდა. არ ვიცი, დაგიკარგავთ თუ არა ვინმე და განგიცდიათ თუ არა ეს მდგომარეობა, მაგრამ ის სრულიად სხვა სამყაროში გგზავნის. ზუსტად მაშინ, როდესაც "სხვა სამყაროში ვიყავი", ხანდახან სოციალურ ქსელებსაც ვამოწმებდი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გასაგებად. ისე დაემთხვა, რომ იმ დროს AI-ის აფეთქება იყო. ვნახულობდი კომენტარებსა და სტატიებს, როგორ ჩაანაცვლებს AI ხელოვან ადამიანებს − მახსოვს, შორიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამ მანქანას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა გრძნობაა ეს და როგორი ღრმაა იგი. თითქოს ცხოვრებაში არასდროს არაფერი გამიკეთებია, რომ ამხელა ემოციებთან შესახვედრად მოვმზადებულიყავი. ვწერდი ლექსებს, დღიურებს, არ ვიცოდი როგორ გადმომეტანა ეს გრძნობები ფურცელზე. AI ვერასდროს იქნება მსგავს მდგომარეობაში", − აღნიშნავს რიკარდო ვულფი.
შეკითხვაზე, თუ რა არის მისთვის ინსპირაციის წყარო, რიკარდომ გვიპასუხა, რომ ეს ზოგადად ხელოვნებაა − ფილმები, ნახატები, მუსიკა და სხვა. თუმცა, ყველაზე შთამაგონებელი ამ ნამუშევრების მიღმა არსებული ისტორიებია, თუ როგორ გაჩნდა თითოეული მათგანი და რას განიცდიდა ხელოვანი შექმნის პროცესში. მოტივაციისა და შთაგონების კიდევ ერთი წყარო ხელოვანისთვის საკუთარი ოჯახის წევრები არიან.
"ახლა დიდ შთაგონებას ვიღებ ჩემი შვილისგან, რომელიც ორი წლისაა. ის მახსენებს ცხოვრების ყველა ძირითად საყვარელ და სრულ მომენტებს და ეს მინარჩუნებს მოტივაციას. ასევე, ჩემი მშობლები, მამაჩემი, რომელიც მისაბაძი მაგალითია ჩემთვის და ასევე ათასობით სხვა ადამიანისთვის. თავს იღბლიანად მივიჩნევ, რომ მასთან ახლოს ვარ. ასევე დედაჩემი, რომელიც გამძლეობისა და სიყვარულის დიდი მაგალითია".
შთაგონებაზე საუბრისას, რიკარდო Innocean Berlin-ში არსებულ სამუშაო კულტურასაც იხსენებს, რაც თანამშრომლებს ე.წ. work-life ბალანსის დაცვაში ეხმარებათ. როგორც რიკარდო აღნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შთაგონება სამუშაოზე სწორედ გარესამყაროდან შემოიტანონ, ამიტომაც კომპანიაში 9-დან 6-მდე მუშაობენ, სწრაფად და ზუსტად, რათა დანარჩენი დრო ბერლინში საინტერესო გამოცდილების მისაღებად დაიტოვონ.
"შეგიძლია პარკში წახვიდე, მზის ჩასვლა ნახო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერის თავზე, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის და მზის ჩასვლის საუკეთესო ხედებს გვთავაზობს. ტყეში წასვლაც შეგიძლია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 15-20 წუთი დაგჭირდება, რომ შუა ტყეში იყო და უბრალოდ განსხვავებული ჰაერი ისუნთქოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვააქტიურებთ ამ ციკლს, რათა თანამშრომლებმა შთაგონება ცხოვრების დეტალებიდან აიღონ", − აღნიშნავს რიკარდო ვულფი.
რაც შეეხება Ad Black Sea-ს შეფასებებს, როგორც რიკარდომ აღნიშნა, ფესტივალის ორგანიზება, სასტუმრო, გამოსვლები და ხმის სისტემა შეუდარებელი იყო.
მარკ პოლარდი
მარკ პოლარდი სტრატეგიის ტრენინგ-კომპანია Sweathead-ს მართავს. გარდა ამისა, 18 000 სტრატეგისგან შემდგარი ქომიუნითი ჰყავს, პარალელურად პოდკასტი მიჰყავს, 1,4 მილიონზე მეტი მსმენელით. ბოლო წლების განმავლობაში, მარკმა კონსულტაცია გაუწია და ტრენინგები ჩაუტარა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოები მთელი მსოფლიოს გარშემო. 2020 წელს მარკმა, Kickstarter-ის დაფინანსებული წიგნი Strategy Is Your Words გამოაქვეყნა, 400-გვერდიანი ნაშრომი სტრატეგების გონებაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს და აწყობილია მოდელზე, სახელწოდებით The Four Points.
მარკ პოლარდი პანელური დისკუსიისას
როგორც მარკი აღნიშნავს, მუშაობის პროცესში შთაგონებაზე არ ფიქრობს, საკუთარ აზრებს უფრო მეტად სასოწარკვეთას უკავშირებს, ვიდრე შთაგონებას. ინსპირაციისთვის ზოგჯერ Stand-up Comedy-ისა და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც კარგად წერენ და ჰყვებიან ისტორიებს − მათგან რაც შეიძლება ბევრ ინფორმაციას და სიახლეს იგებს, რასაც შემდგომ მუშაობის პროცესში იყენებს.
"მთელი ჩემი ცხოვრების წესი ბევრი ინფორმაციის მიღებას ეფუძნება, რადგან შემდგომ მათ კონტენტად, წიგნად ან საუბრად ვაქცევ", − აღნიშნავს მარკი.
ინდუსტრიაში არსებული სიახლეებისა და დამატებითი ინფორმაციების მიღებაში მას საკუთარი პლატფორმები და სტრატეგების ქომიუნითიც ეხმარება, რომელთანაც მუდმივად აქვს კომუნიკაცია პოდკასტებისა თუ პოსტების სახით. როგორც მარკი აღნიშნავს, ამ პროცესს შეკითხვების უდიდესი ნაკადი ახლავს, რაც ინფორმაციის საკმაოდ დიდი წყაროა. პარალელურად იგი ცდილობს ეს ინფორმაცია გარკვეულ სტრუქტურაში მოაქციოს და ამასთან ქაოსურობაც შეინარჩუნოს, რადგან მისი თქმით, "ქაოსი არის კრეატიულობა".
შეიძლება ითქვას, რომ მარკმა იდეალურად შეძლო პირადი ინტერესებისა და საკუთარი პროფესიის სინთეზი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის მისაღწევად საკმაოდ ბევრი იშრომა.
"შვიდი წლის წინ, როდესაც საკუთარი ბიზნესი დავიწყე, რამდენიმე წელი გავატარე იმის გარკვევაში, თუ რის კეთებას ვაპირებდი 40 წლის ასაკში. შემდეგ კი ჩემს "ზმნებზე" დავიწყე ფიქრი, რაც უცნაურია. ხშირად, როდესაც საკუთარი თავის დაკარგვის შესახებ მესაუბრებიან, მე ვსვამ კითხვას − რა არის შენი "ზმნები", ანუ რას აკეთებ, როდესაც თავს ყველაზე აქტიურად გრძნობ? ჩემთვის ეს არის წერა, სწავლება, საუბარი, მოსმენა, ინტერვიუ და სხვა. ბოლო ხუთ წელზე მეტია, ვცდილობ ჩემი ცხოვრება ამ ზმნების გარშემო ავაშენო", − ამბობს იგი.
როგორც მარკ პოლარდი აღნიშნავს, Ad Black Sea-მ მისი მოლოდინი გაამართლა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი ფესტივალის ქომიუნითმა დატოვა, რომლებმაც ორგანიზატორებთან ერთად, მართლაც საინტერესო 3 დღე შექმნეს.
"როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობას აქ რაღაც კავშირი აქვს ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთმანეთს საერთოდაც არ იცნობდნენ. ეს ყველაფერი ნიუ იორკში ცხოვრების 12 წლის განმავლობაში არ განმიცდია, არაჩვეულებრივი იყო. ბევრი რამ არ ვიცოდი სხვა სპიკერების შესახებ, თუმცა ისინი მართლაც საინტერესო და შესანიშნავები იყვნენ. ვფიქრობ, სწორედ ქომიუნითი ქმნის მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, თუმცა ყველა ღონისძიებას არ ჰყავს ასეთი ქომიუნითი, რაც ჩემთვის ნამდვილად საინტერესო იყო", − აღნიშნავს მარკი ღონისძიების შესახებ.
ანტონიო ბეხტლე
ანტონიო BM Boutique-ის კრეატიული დირექტორი და პარტნიორია. კარიერა როგორც ქოფირაითერმა პერუს ერთ-ერთ სააგენტოში დაიწყო, მოგვიანებით ლიეტუვაში გადავიდა, სადაც ლეგენდარული MILK Vilnius-ის კრეატიული დირექტორი გახდა. 2016 წელს დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო და BM Boutique დააფუძნა. ის მუშაობდა კლიენტებისთვის, როგორებიცაა Procter & Gamble, Nestle, Kimberly-Clarke და IKEA, ასევე მრავალი ჯილდო შეაგროვა ფესტივალებზე, როგორებიცაა Epica, New York Festivals, White Square, Golden Hammer და BalticBest.
ანტონიოს თქმით, მისთვის ინსპირაციის წყარო ადამიანები, ხალხია − "ჩვენ იმდენად ვართ დაინტერესებულნი რეკლამით, ცნებებით, პრეზენტაციებით, ბიუჯეტებით და სხვა მსგავსი რაღაცებით, რომ გვავიწყდება საფუძვლები, ანუ ხალხთან საუბარი. მე შევამჩნიე, რომ ინდუსტრია ამას მასობრივად ივიწყებს, კლიენტები ფიქრობენ, რომ ისინი ხალხს არ ესაუბრებიან, ამიტომ ყოველ ჯერზე მათ უნდა შევახსენოთ − მთავარი წყარო არის ხალხი. ჩემი ინსპირაციაც ადამიანები არიან, მათი ქცევები, რეაქციები, თუ რას ფიქრობენ ისინი, რას გრძნობენ და სხვა".
ე.წ. work-life ბალანსზე საუბრისას ანტონიო საკუთარ ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს. პირველ ნაწილში იგი შეუსვენებლად მუშაობდა, ბევრი ჯილდოს მიუხედავად კი საშინელი პირადი ცხოვრება ჰქონდა − არ ჰყავდა მეგობრები და მარტო იყო. მეორე ნაწილში კი ამ რეალობის ცვლილებაზე დაიწყო ზრუნვა. ანტონიოსთვის საკუთარი პროფესია ერთგვარი თავგადასავალია, რომლისგანაც დიდ სიამოვნებას იღებს. ამაში განსაკუთრებული როლი მის კომპანიას მიუძღვის, რომელსაც სრულიად განსხვავებული კონცეფციით ამუშავებს.
"შვიდი წლის განმავლობაში სააგენტოს კრეატიული დირექტორი ვიყავი. აღმოვაჩინე, რომ ეს ჩემთვის კომფორტის ზონა იყო, ამიტომ წამოსვლა გადავწყვიტე. როდესაც ვფიქრობდი, თუ რომელი სააგენტო სჯობდა გამეხსნა, აღმოვაჩინე, რომ ამ სფეროში ყველა ადამიანი გადატვირთული და დაღლილია, რომლებსაც სძულდათ რეკლამა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გამეკეთებინა სააგენტო, რომელიც დღეს არსებული მაგალითებისგან სრულიად განსხვავდება. არ მსურს გაფართოება, ვრჩები პატარა კომპანიად, ორი ადამიანით, რომელსა არ აქვს ოფისი, შესაბამისად მხოლოდ ოთხ კლიენტს ვიღებ. ყველაფერს პირადად ვუძღვები, რაც უკვე პრემიუმსერვისია. არცერთი კრეატიული დირექტორი არ აკეთებს ამას, კლიენტებს კი ჩემთან მუშაობის სურვილი უჩნდებათ. ახლა თითქოს ჩვენ ვირჩევთ კლიენტებს, ვისთან გვსურს მუშაობა და თუ საქმე ძალიან რთული ჩანს, უარს ვამბობთ. წელიწადში ექვსი კამპანია მჭირდება, რომ კარგად ვიცხოვრო. ასე რომ, მე მაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რაც მჭირდება. არ მინდა ზედმეტი ვიმუშაო, ამ ფორმით კი შემიძლია ხარისხიც შევინარჩუნო", − ამბობს ანტონიო.
ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას BM Boutique-ის დამფუძნებელი სხვა სპიკერების მსგავსად აღნიშნავს, რომ AI-ის არ შეუძლია ადამიანის კრეატიულობა ჩაანაცვლოს, თუმცა იგი ბაზარზე მაინც დარჩება. "ადამიანის საღი აზრი არის ის, რაც არ შეიცვლება. ხელოვნური ინტელექტი ლამაზია, მაგრამ კაცობრიობა მშვენიერია. მე გავაკეთე განსხვავება ლამაზსა და მშვენიერს შორის".
სხვა სპიკერების მსგავსად, ანტონიოც აღფრთოვანებულია წლევანდელი ფესტივალით და Ad Black Sea-ის შესანიშნავს უწოდებს.
რეგიონის უდიდესი კრეატიული ფესტივალი ახლახან დასრულდა და უკვე მომდევნო წლისთვისაც დაიწყო მზადება. თუ დამსწრე აუდიტორიისთვის ეს მხოლოდ 3 დღე გრძელდება, ორგანიზატორების გუნდისთვის ეს სრული ერთწლიანი სამუშაო პროცესია.
"ის, რომ ჩვენთან მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები ჩამოდიან, სწორედ ხანგრძლივი შრომისა და მოლაპარაკებების შედეგია. შედარებისთვის, რორი საზერლენდის, მარკ პოლარდის, მარი რაიგ ფლორენსას, რიკარდო ვულფის, შარუ მენონის, ანტონიო ბეხტლეს თუ სხვების ვიზიტი იგივეა, რაც ადგილობრივ კინოფესტივალზე ჰოლივუდის მეგავარსკვლავების სტუმრობა. მათი მხრიდან ფესტივალის დადებითად შეფასება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია და გვიხარია, რომ წლევანდელმა ღონისძიებამ მოწვეული სპიკერების აღფრთოვანება გამოიწვია. ვფიქრობ, აუდიტორიაც კმაყოფილი დარჩა და შევძელით გვეთქვა მათთვის რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ იცოდნენ. Ad Black Sea-ს წლევანდელი თემატიკაც სწორედ ეს იყო − Tell Me Something I Don't Know", − აღნიშნავს ვატო ქავთარაძე.