Get All Access for $5/mo

"რამე ტკბილი" - ხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ ბერშუეთიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"რამე ტკბილი" − ასე ჰქვია ხილის გადამამუშავებელ საწარმოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

საწარმო ეკატერინე ხოდელმა დასთან და მამასთან ერთად სულ რაღაც ერთი წლის წინ დააფუძნა. ამ ეტაპზე საწარმოში ძირითადად ვაშლისა და ქლიავის ჩირს ამზადებენ და სულ მალე ასორტიმენტს ტყლაპიც დაემატება.

Entrepreneur დაინტერესდა განვითარების რა გზა განვლო კონფლიქტის ზონასთან არსებულმა საწარმომ და რა ეტაპზეა იგი დღეს. ამისთვის, ჩვენ "რამე ტკბილის" თანადამფუძნებელ ეკატერინე ხოდელს ვესაუბრეთ.

როგორ დაარსდა "რამე ტკბილი"?

ეკატერინე და რუსუდან ხოდელებმა ბავშვობა მამაპაპისეულ სოფელში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში გაატარეს. დებს არაერთი ტკბილი მოგონება აკავშირებთ დედულეთთან − სოფელ ქსუისთან, რომელიც ასევე გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მათთვის, რადგან, დედის სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მოექცა, ბერშუეთში კი მათი სახლი ე.წ. საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

ეკატერინესა და რუსუდანის მამა წლებია აქტიურადაა ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ძირითადად კი ხილი მოჰყავს. როგორც ეკატერინე აღნიშნავს, მიღებული პროდუქტის რეალიზაცია საკმაოდ რთულია − სისტემა მოუწესრიგებელია, არ არსებობს პროდუქტის ჩაბარების, მიღების, ბაზარზე მიწოდების, ტრანსპორტირების კულტურა და რაც მთავარია, ფასებიც დაბალია. პლუს ამას, მარტივი არაა ქსელურ კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება და თანამშრომლობა − სწორედ ეს გარემოება გახდა კოოპერატივის დაარსებისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს დაფუძნების მოტივაცია, რომელმაც ფერმერის საქმიანობა შედარებით პროდუქტიული გახადა.

"ჩვენ ინიციატივას უფრო მეტად ამძაფრებს ის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენთვისდედის სოფელი დავკარგეთ, მამის სოფელი კი .. საზღვრისპირა აღმოჩნდა. ჩვენსავე ბაღთან ძალიან ახლოს რუსებმა დააყენეს მაჩვენებელი, რომელიც გვამცნობს, რომ 2 ნაბიჯში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის და ამ მხრივაც გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ არ გვეშინია ოკუპაციის და ნაცვლად იმისა, მივატოვოთ სახლი და ჩვენი ხეხილის ბაღები, პირიქით ვიქცევით", − აღნიშნავს ეკატერინე ხოდელი.

ბრენდის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები

მამაპაპისეული ბაღების გარდა, სადაც ძირითადად ვაშლი მოჰყავთ, დებმა საკუთარი სახსრებით ქლიავის ბაღები იყიდეს. თავდაპირველად კოოპერატივი შექმნეს და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა ტიპის პროდუქტი იქნებოდა მათთვის ყველაზე ხელსაყრელი. ამასობაში USAID-ის პროექტის "ზრდა" ფარგლებში ხილის საშრობი მიიღეს, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შესძინა დამწყებ მეწარმეებს. მალევე, მამაპაპისეულ სახლში ლამაზი საწარმო მოაწყვეს და ხილის შრობას შეუდგნენ.

"ერთი წელია, რაც ეს საქმიანობა დავიწყეთ და ძალიან გვინდა, ეს არ იყოს უბრალოდ ემოციური წამოწყება. წარმოების უკან იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც პირველესად ძალიან კარგ მაგალითს მისცემს გარშემომყოფ მოსახლეობას", − აღნიშნავს ეკატერინე ხოდელი.

USAID-ის პროექტის ფარგლებში არაერთი ტრენინგი გაიარეს, ისწავლეს რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. რაკი ამ სფეროში დებს გამოცდილება არ ჰქონიათ, მთელი ენერგია სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებასა და ამა თუ იმ მიდგომის დატესტვაში დაახარჯეს. აკვირდებოდნენ შრობის პროცესს, რა სტილით ხდება, რა ტემპერატურაზე და ა.შ. ცდილობდნენ გაერკვიათ, რომელი ტექნიკა იყო უკეთესი და რომელი მათგანი ინარჩუნებს უკეთ გემოვნურ თვისებებს. "არც ისე მარტივი ყოფილა ჩირის გამოშრობა. მუდამ ამის ძებნაში ვართ, რა შეგვიძლია დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ რაც მთავარია ქლიავი, რომელიც ძალიან გემრიელია ხელს გვიწყობს ამაში", − აღნიშნავს ეკატერინე ხოდელი.

ამ ეტაპზე "რამე ტკბილის" საწარმოში მხოლოდ ჩირის საშრობი დანადგარი აქვთ. დანარჩენ სამუშაოს, იქნება ეს ხილის დაჭრა, კურკის გამოცლა, გარეცხვა თუ სხვა, ხელით აკეთებენ. ვინაიდან "რამე ტკბილის" გუნდი არცთუ დიდია, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსავლის 30%-ის ათვისებაა შესაძლებელი. აღსანიშნია ისიც, რომ სამუშაოები სეზონურობით ხასიათდება. სამომავლოდ, დამფუძნებლებს სურთ რაც შეიძლება მეტი თანასოფლელი ჩართონ თავიანთ საქმიანობაში − იქნებიან ესენი ახალგაზრდები, სოფელში მცხოვრები ქალები თუ სხვები.

რაც შეეხება გაყიდვებს, როგორც ეკატერინე იხსენებს, შარშანდელი პროდუქტის რეალიზაცია USAID-ის, Zinc Network-ისა და IDFI-ის პროექტის "გმირობის ნაყოფის" მხარდაჭერით შეძლო − გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელში ბრენდის ცნობადობა ამაღლდა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქტები "სმარტსა" და "კარფურში" შეეტანათ. ასევე ესწრებოდნენ საშობაო ბაზრობებს და იღებდნენ შეკვეთებს კომპანიებისგან საახალწლო საჩუქრებისთვის.

როგორია სამომავლო გეგმები?

"ამბიცია გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენი ხილი გადავამუშაოთ, არამედ ჩვენ ირგვლივ არსებულ ფერმერებსაც დავეხმაროთ და მათგან მიღებული ხილიც დავამუშაოთ. შარშან ჩვენი ბაღის 30-40%-ის წარმოება შევძელით, რაც დაახლოებით 500 კილოგრამ ჩირს უდრის", − აღნიშნავს ეკატერინე.

დამფუძნებლების მიზანია, "რამე ტკბილი" მაღალი ხარისხის პროდუქტთან ასოცირდებოდეს, რისთვისაც სამომავლოდ საწარმოო დანადგარების შეძენასა და სხვადასხვა სტანდარტის დანერგვას აპირებენ. გარდა ამისა, სურთ წარმოების ხაზი კიდევ უფრო გაზარდონ და რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დაასაქმონ.

"საქართველოში და მათ შორი გორში, ძალიან დაუფასებელია ხილის შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ბევრი ხილი მოდის, ფაქტია სხვადასხვა ქვეყნიდან ხილის იმპორტი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. აღარ მინდა ხილის წარმოება ასოცირებული იყოს რუსეთში ტრაილერებით გატანასთან, როგორც ეს ჩემ ბავშვობაში იყო. ძალიან მინდა, ეს ასოციაცია წარსულს ჩაბარდეს, საქართველოში კი ხილის წარმოების მაღალი სტანდარტი დაინერგოს, რომელსაც ქართველი მოსახლეობა მოიხმარს და რაც მთავარია, შესაძლებლობა გვექნება პროდუქცია ევროპულ ქვეყნებსაც მივაწოდოთ. ეს არის ჩემი შორეული გეგმები", − აღნიშნავს ეკატერინე ხოდელი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი