რას ნიშნავს ინოვაციების გლობალურ ინდექსში დაწინაურება საქართველოსთვის პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში, საქართველო ტოპ-50 ქვეყანას შორის მოხვდა.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში, საქართველო ტოპ-50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა 48-ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.
რეიტინგის ათეულში შედიან შვეიცარია, შვედეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, დანია, სინგაპური, გერმანია და ისრაელი.
საქართველოს წარმატების მთავარი ინდიკატორები იყო მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.
ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი ასევე ცდილობს წარმოაჩინოს მექანიზმები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების განვითარებისთვის აუცილებელი პირობების/გარემოს შესაქმნელად.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სპეციალური ვიდეომიმართვა გააკეთა სოციალურ ქსელში, სადაც აღწერს, თუ რა მნიშნელობა აქვს ამ ფაქტს ქვეყნისთვის: "ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი რეფორმებისა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა უკვე ახორციელებს და დგამს დიდ ნაბიჯებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ამ ეკოსისტემისთვის ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და საერთაშორისო ვენჩურულ და ენჯელ-ივესტორების მეტი ყურადღება მიიპყროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სამომავლო რეფორმები, განსაკუთრებით განათლების სფეროში დაგეგმილი დიდი რეფორმები, იძლევა შესაძლებლობას, საქართველო კიდევ უფრო წინ წავიდეს გლობალური ინოვაციების რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ქვეყანა ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა ინოვაციების კუთხით".