რატომ გაითიშა პოპულარული ქართული სტრიმინგ პლატფორმები და სად ვუყუროთ ფილმებს?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პოპულარული ქართული სტრიმინგ პლატფორმები გაითიშა და ქართველ მაყურებელს უფასო კონტენტის მოხმარება შეეზღუდა. ბუნდოვანმა წარწერამ - "საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია", საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და დანამდვილებით ვერავინ იტყვის, აღდგება თუ არა ეს პლატფორმები, თუ ამიერიდან ქართულ ონლაინ სივრცეში ფილმის ყურება მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
Entrepreneur დაინტერესდა თუ რა გახდა ამ პოპულარული ქართული საიტების გათიშვის მიზეზი და სად ვუყუროთ ფილმებს, რის შესახებაც საქართველოს ანტი-მეკობრული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ზუკა ბეჟაშვილს ვესაუბრეთ.
რამდენიმე დღის წინ, ფილმების პოპულარული ქართული საიტები Adjaranet და iMovies გაითიშა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უპირველეს ყოვლისა, გაგვიზიარეთ რა შეიძლება იყოს ამ საიტების გათიშვის სავარაუდო მიზეზები?
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად საქართველოში სწრაფად განვითარდნენ ონლაინ მეკობრეები. ამ ვებ.გვერდებმა ადრიანი პერიოდიდან დაიწყეს ფილმების მოპარვა, რეკლამირება, გახსნეს ოფისები თბილისის ცენტრში, პოზიციონირებდნენ როგორც ლეგალური ბიზნესები და სამწუხაროდ საზოგადოებაში ჩამოყალიბა მცდარი აზრი, რომ ფილმი უფასოა და ეს საიტები ლეგალურები არიან. ამან ფაქტობრივად გაანადგურა ეს სფერო, აზრი დაუკარგა ფილმის გადაღებას, არაკონკურენტუნაირიანი გახადა ლეგალური ბიზნესების კეთება და ქვეყანა ჩაიძირა "მეკობრეობის" მორევში.
წლების წინ, როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ამ ვებ.გვერდებმა ითხოვეს 6 თვიანი ვადა საქმიანობისთვის ლეგალური სახის მისაცემად, რის შემდეგაც უკვე 3 წელი გავიდა.
სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა გულისხმობს, რომ სარეკლამო შემოსავალი რასაც ეს ვებ.გვერდები აგენერირებენ სრულად არ უნდა მიდიოდეს მათ ჯიბეში, გარკვეულ პროცენტს უნდა უხდიდნენ იმ ფილმების დამამზადებლებს, ვის ფილმებსაც უყურებს მომხმარებელი. მთლიანი ეს პროცესი მიმდინარეობს ჰოლივუდის სტუდიების: Disney-ს, Sony-ს, Warners-ის, Paramount-ის და სხვების პირდაპირი ჩართულობით.
დღეს მივედით იქამდე, რომ დღის წესრიგში დადგა ყველა საერთაშორისო თუ ქართულ "მეკობრულ" ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის საჭიროება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნიკაციების კომისიამ, რომელმაც შეისწავლა უფლების მფლობელების წერილები, ჩაატარა მოკვლევა, დაუკავშირდა მეკობრულ ვებგვერდებს და სთხოვა ლიცენზიების წარმოდგენა ან იმ მასალის აღება ვებ გვერდიდან, რომელზეც არ ჰქონდათ ლიცენზია. როგორც ვახსენე, ეს პროცესი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს და მიგვაჩნია, რომ ზედმეტად დიდი დრო მისცა კომისიამ ვებ გვერდებს, თავიანთი კონტენტის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ახლა, როგორც ვხედავთ ყველა ვადა და მიცემული დრო ამოიწურა. ვინც მოახერხებს, რომ ლეგალური კონტენტი განათავსოს თავის პლატფორმაზე გააგრძელებს მუშაობას, ვისაც სურს, რომ კვლავ მოპარულ პროდუქცია მიაწოდოს საზოგადოებას უფასოდ, ვეღარ გააგრძელებს ასე მუშაობას და მოუწევთ კანონს დაექვემდებაროს,
საქართველოში (ისევე როგორც განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში) არალეგალური კონტენტი საკმაოდ პოპულარულია, მათ შორის: ფილმები, მუსიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რომლებიც სხვადასხვა გზებით არც თუ რთული მოსაძიებელია ინტერნეტ სივრცეში. თქვენი აზრით, რა არის ამის ძირითადი მიზეზები?
მოსახლეობას ალბათ არ აქვს კარგად გააზრებული ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა. "მეკობრეობა" და "მეკობრული" ვებ.გვერდების მოხმარება წლების განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა ყოველდღიურობად, რომ უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა აღმოვაჩინეთ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცდა, რომ ყველა ვებ.გვერდი სადაც ფილმები იყო განთავსებული არალეგალური იყო.
ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის კომფორტულია, როდესაც ყველა ფილმი რაც გამოსულა და ისიც, რაც ჯერ არ გამოსულა, უფასოდაა ხელმისაწვდომი. უფასოდ უახლესი მოდელის მანქანებს რომ არიგებდნენ, იტყოდა ვინმე უარს?
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქემდე ზუსტად მივიტანოთ საავტორო უფლებების არსი, ლეგალური მოხმარების მნიშვნელობა, უპირატესობა და "მეკობრეობის" მავნე ზეგავლენა ინდუსტრიებზე, ეკონომიკაზე და ქვეყანაზე, რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ
როგორც ვიცით, პირატული მასალის გავრცელების ხელშეშლა ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ერთ-ერთი პუნქტია. რატომ უნდა ვებრძოლოთ პირატულ კონტენტს და რა რეალური ბერკეტები არსებობს ამგვარი არალეგალური მასალის ინტერნეტით გავრცელების შესაჩერებლად?
ევროინტეგრაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია. "მეკობრეობასთან" ბრძოლა მუდმივი პროცესია, შეიძლება ითქვას ყოველდღიურიც. ისინი ინაცვლებენ მიწისქვეშეთში და როგორც კონტრაბანდა, ისე "მეკობრეობაც" სულ იქნება, თუმცა შემცირებული მასშტაბებით. აქამდე რაც ხდებოდა ეს წარმოუდგენელი იყო, ფილმების ვებ.გვერდების 99% იყო "მეკობრული" და ქვეყანა "მეკობრეობის" ჰაბად გადაიქცა.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინსტიტუციებთან, ჰოლივუდის სტუდიებთან (Disney, Sony, Warner და სხვები), სოციალურ ქსელებთან (Facebook, Google და სხვა.), ადგილობრივ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, რათა ერთი მხრივ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ეფექტიანად შევძლოთ საავტორო უფლებების დაცვა და აღსრულება, ხოლო მეორე მხრივ დავხვეწოთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, მოვარგოთ ის ტექნოლოგიების განვითარებას და უახლეს დირექტივებსა თუ მიდგომებს. ძალიან მალე ვფიქრობ მზად იქნება ცვლილებების პროექტიც.
რამდენად აზარალებს თავად კონტენტის ავტორს, როდესაც მისი პროდუქტი უკანონოდ, სამართლებრივი ჩარჩოების გვერდის ავლით ვრცელდება?
ფილმის გადაღება საკმაოდ ძვირი ჯდება, მინიმუმ რამდენიმე მილიონი ლარი სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი საქმდება. ჰოლივუდის ფილმებზე არაფერს ვამბობ, სადაც ერთი ფილმის ბიუჯეტი ასობით მილიონი დოლარია. როდესაც აკეთებ ამხელა ინვესტიციას და არ არსებობს ქვეყანაში ლეგალური პლატფორმა, რომელიც შემოსავალს მოგიტანს, პრემიერამდე ყველა საიტზე თავსდება და გამოსვლამდე ყველას ნანახი აქვს, ამით მნიშვნელოვნად გეზღუდება საერთაშორისო გაყიდვები, აგრეთვე ფესტივალებზე ნომინირების შანსებიც. ერთია, რომ კომერციულად უდიდეს ზარალს ნახულობ, და მეორე რომ მორალურად გრძნობ დაუფასებლობას და უპატივცემლობას შენი პროფესიისადმი. რომ არა მეკობრეობა, ასჯერ მეტი ფილმი გვექნებოდა დღეს გადაღებული ვიდრე გვაქვს. ფილმის კომერციული პოტენციალი პირდაპირპროპორციულად აისახება შემდგომ პროექტებში ინვესტიციაში, სიმრავლე კონკურენციის ზრდაში რაც იწვევს ინდუსტრიის განვითარებას.
ამ საიტების გათიშვა ემთხვევა ქართულ ინტერნეტ სივრცეში სტრიმინგ პლატფორმა Cavea+-ის გამოჩენას. რამდენად დაკავშირებულია ლიცენზირებული მასალის გავრცელება პირატული საიტების დაბლოკვასთან?
ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო პირველი შედეგი და ბიზნესმა გაბედა ლეგალური პლატფორმის შექმნა. მეტსაც გეტყვით, ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა მეკობრული ვებ.გვერდების დახურვამდე ლეგალური ალტერნატივის გაჩენა, რადგან პრიმიტიულად რომ შევხედოთ, როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია საიტს, რომელიც ჯერ არ გამოსულ ფილმს იპარავს, ერთ დღეში ახმოვანებს და პრემიერამდე, მინიმალური დანახარჯებით უკვე სთავაზობს მომხმარებელს ყველა ფილმს. ლეგალურ პლატფორმას კი სჭირდება ლიცენზიის მიღება, მოლაპარაკება, ინვესტიცია, გაქირავების ფანჯრის ლოდინი, ხარისხიანი გახმოვანება და ა.შ. Cavea-ს მხრიდან ამ პლატფორმის ჩავება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეკობრეობა 99% იყო დიდი გამბედაობაა და ყოველ მხრივ დავუდგებით გვერდში მათ განვითარებას.
ჩვენ ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე ბიზნეს სუბიექტთან, რათა დავეხმაროთ ლეგალური ალტერნატივის შექმნაში, მეტსაც გეტყვით, თუ ეს ვებ.გევრდები მოისურვებენ კანონიერად მუშაობას, მათაც დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ამ პროცესში.
რას მოუტანს საქართველოს ლეგალური სტრიმინგ პლატფორმის ამოქმედება?
ლეგალური პლათფორმა გულისხმობს, რომ ქართული მწარმოებლებისათვის გაჩნდება მომხმარებლებამდე ფილმის მიტანის გზა. რამდენი ფილმი იცით, რომლებიც გამოვიდა ბოლო პერიოდში და ვერსად ვერ ნახულობს მომხმარებელი. ლეგალური სტრიმინგ პლატფორმა გულისხმობს, რომ შემოსავლები, რაც აქამდე "მეკობრეობის" განვითარებას ხმარდებოდა, რაც აქამდე "მეკობრეების" მფლობელების ჯიბეში მიდიოდა, განაწილდება ფილმის მწარმოებლებზე, ვის ფილმსაც ხალხი უყურებს. ეს გააჩენს შემოსავალს, რაც მისცემს ბიძგს მწარმოებლებს, რომ აინაზღაურონ ფილმის გადაღებაში ინვესტირებული თანხები.
ლეგალური სტრიმინგ პლატფორმა ასევე გულისხმობს მთლიანად კინო ინდუსტრიაში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩათვალეთ რომ თითოეული ადამიანი, ლეგალურ პლატფორმაზე ფილმის ყურებით პირადად ვაფინანსებთ ახალი, უკეთესი ფილმების გადაღებას.
მაშინ, როდესაც ინტერნეტში, თუნდაც რუსულ საიტებზე პირატული ფილმებისა და კონტენტის ზღვა მასალაა, რამდენად რეალისტურია, რომ ქართველი მომხმარებლის სამომხმარებლო ქცევა შეიცვლება და ფილმის ყურებაში გარკვეული თანხის გადახდას დაიწყებს?
სანამ ქართული "მეკობრული" საიტები დაიბლოკებოდა, პირველ რიგში დაიბლოკა უამრავი რუსული ანალოგიური საიტები, ეს პროცესი ახლაც გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ არასდროს ხდება ბრმად გვერდის დაბლოკვა, ეგზავნებათ წერილი, ხდება საკითხის მოკვლევა. თუ არ გამოვიდნენ კონტაქტზე, ან არ წარმოადგინეს ლიცენზია ან უარი თქვეს თანამშრომლობაზე, ბოლო ეტაპია გვერდის დაბლოკვა, რასაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით.
"მეკობრეობასთან" ბრძოლა მუდმივი პროცესია და ჩვენც მუდმივად დავბლოკავთ ყველა გვერდს, რომელიც უხეშად დაარღვევს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას.
მომხმარებელთა ქცევის შეცვლა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა როგორც სხვა საკითხებში, ამ საკითხშიც ვფიქრობ მალე დაიწყებს მომხმარებელი გააზრებულად ლეგალური პლატფორმების მოხმარებას.
არ არის აუცილებელი მომხმარებელმა გადაიხადოს თანხა, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ბიზნეს მოდელია. "მეკობრულ" საიტებს შემოსავალი რომ გაეყოთ იმ ფილმების მწარმოებლებისათვის, ვისი ფილმებითაც იშოვეს დიდი ფული, დღეს ლეგალურები იქნებოდნენ, ანუ რეკლამის შემოსავლებიდან წილის გაცემაც ერთ-ერთი ბიზნეს მოდელია.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ საზოგადოება დაინახავს ლეგალური სერვისების დიდ უპირატესობას. ორ წლიანმა მუშაობამ უკვე გამოიღო შედეგები, ამ მოკლე მონაკვეთში, ვფიქრობ საკმაოდ დიდი აუდიტორიამდე შევძელით ჩვენი სათქმელის მიტანა. ჩემი აზრით, ეტაპობრივად და თანმიმდევრული მიდგომით მნიშვნელოვნად ამაღლდება ცნობიერება საავტორო უფლებების შესახებ.