Get All Access for $5/mo

რატომ განაგრძობს Burger King-ის რესტორნების ქსელი ოპერირებას რუსეთში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუსეთის ტერიტორიაზე დღემდე განაგრძობს მუშაობას Burger King-ის ქსელის 800-მდე რესტორანი, რამაც შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც რუსულ ბაზარს მასობრივად ტოვებენ საერთაშორისო ბრენდები, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

უკრაინაში კონფლიქტი უკვე 23-ე დღეა მიმდინარეობს და ამის გამო, ბევრმა ბრენდმა და ფრანჩაიზმა მიიღო გადაწყვეტილება გასულიყვნენ რუსული ბაზრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის მძიმე ფინანსური დარტყმა იქნებოდა. რუსეთი დატოვეს სპორტული ინვენტარის ბრენდებმა, სასტუმროთა ქსელებმა, საერთაშორისო მედიებმა და რესტორნებმა.

თუმცა სწრაფი კვების საქვეყნოდ ცნობილი ბრენდი Burger King, რომელიც 800-მდე ფილიალს ფლობს რუსეთის ბაზარზე, არ აპირებს ოპერირების შეჩერებას აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე. Burger King-ის მშობელმა კომპანიამ Restaurant Brand International, 17 მარტს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლითაც კომპანიის დირექტორი, დევიდ შირი რესტორნების თანამშრომლებსა და საზოგადოებას შექმნილ რთულ ვითარებას განუმარტავს.

რელიზის თანახმად, RBI-ს აქციები გადანაწილებულია სამი კომპანიის საკუთრებაში, ხოლო საკონტროლო პაკეტს ფლობს რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ კოლობოვი (რესტორნების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენი და Burger King-ის რუსეთის ფილიალების აღმასრულებელი მმართველი). ამავდროულად, RBI ფლობს აქციების მხოლოდ 15%-ს და შირის თქმით, ისინი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. "ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესის მთავარ პარტნიორებს და მოვითხოვეთ Burger King-ის ოპერირების შეწყვეტა რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა მათგან უარი მივიღეთ", − აცხადებს დევიდ შირი.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, კომპანიამ შეისწავლა ბაზრიდან გასვლის ალტერნატიული გზებიც, მაგალითად, აქციებზე უარის თქმა, თუმცა კონტრაქტი ამის მყისიერად განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა. RBI-მ შეაჩერა რუსული ბაზრის კორპორაციული მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო ნაკადები, თუმცა არსებული რესტორნები მათგან დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით დაზარალებულთათვის, გაეროს დევნილთა სააგენტოს შუამავლობით, საკმაოდ სოლიდური საქველმოქმედო შემოწირულება განახორციელა, თუმცა ზუსტი ციფრები არ სახელდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი