''რე-ფრეშ'' - ცივად დაწურული წვენების მოყვარულთათვის ZUMMO-ს წარმომადგენელი ამიერკავკასიის რეგიონში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"რე-ფრეშ" ქართულ ბაზარზე ჯანსაღ წვენებთან ასოცირდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, სალომე ინაძე Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, იდეა ბრიუსელში ყოფნის დროს, 5 წლის წინ გაჩნდა, როცა ქალაქში თითქმის ყველგან იყო იმის შესაძლებლობა, რომ ვიტამინები მარტივად მიგეღო: "ყველა მარკეტში შესვლისთანავე, პირველი, რასაც ვაკეთებდი, ფრეშის ჩამოსხმა იყო − ეს უკვე ყოველდღიურ წესად იქცა. ამის ნაკლებობას თბილისში დაბრუნების შემდეგ მივხვდი და გადავწყვიტე მსგავსი რამ ჩვენთანაც ყოფილიყო − ვენდინგი, რომელიც შენ თვალწინ რამდენიმე წამში 100%-ით ნატურალურ წვენს გიმზადებს ხელის შეხების გარეშე. კვლევის და ბაზარზე საუკეთესო აპარატების მწარმოებელი კომპანიის მოძიების შემდეგ, ყურაღება შევაჩერეთ წვენსაწური აპარატების მწარმოებელ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაზე − ZUMMO. ასე დაიწყო "რე-ფრეშის" ისტორია".
ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ცივად დაწურულ ციტრუსისა და ბროწეული წვენებს. "რე-ფრეში" ასევე ZUMMO-ს წარმომადგენელია ამიერკავკასიის რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ჰორეკა სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს "ზუმოს" აპარატებით მომსახურებას, შეძენას, ქირაობასა და საჭირო ნედლეულით უზრუნველყოფას.
უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც "რე-ფრეშს" სხვა მსგავსი სტარტაპებისგან განასხვავებს, მომზადების ტექნოლოგიაა. "ზუმოს" აპარატებს კონკურენტებისგან გამოარჩევს მისი ექსკლუზიური წურვის ვერტიკალური სისტემა, რა დროსაც მიიღება 100%-ით ნატურალური წვენი ხილის კანთან შეხების გარეშე. კომპანიის მიზანია, ფრეში არ იყოს ძვირადღირებული პროდუქტი და გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ამის საშუალებას კი საკუთარი პლანტაციის შექმნა მისცემთ, რაზეც ისინი აქტიურად მუშაობენ.
როგორც ყველა ბიზნესისთვის, "რე-ფრეშისთვის" საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი სირთულე ფრეშისთვის შესაბამისი ჯიშის ხილის შოვნა იყო - გუნდის მცდელობა, მაქსიმალურად ადგილობრივი პროდუქტი გამოეყენებინა, არ გამოვიდა, თუმცა დღეისთვის ისინი თანამშრომლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციტრუსისა და ბროწეულის მწარმოებელ ფერმერებთან და სეზონურად მხოლოდ ქართულ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს. ბრენდის ახალი გამოწვევა საკუთარი პლანტაციის გაშენებაა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც, სადაც მოთხოვნა ქართულ ციტრუსზე საკმაოდ დიდია.
"რე-ფრეში" ამ ეტაპზე უკვე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან, ასევე კვების რამდენიმე ობიექტთან, სადაც განთავსებულია როგორც მზა პროდუქტი, ასევე აპარატები.
ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას მოუწია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა, თუმცა ეს პერიოდი ძალზე სასარგებლოდ გამოიყენეს გუნდში და შეიქმნა ახალი პროდუქტები, როგორიც არის ლიმონათი, კომბუჩა და კრაფტ-ლუდი. ყველა ახალი პროდუქტის ბაზა არის 100%-ით ნატურალური წვენები, ყოველგვარი პასტერიზაციისა და კონსერვანტების გარეშე. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ახლო მომავალში გეგმავენ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას.
"რე-ფრეშის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Entrepreneur Shop-ზე.