რეგიონში პირველი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალი Open Black Sea 2026 საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უნივერსიტეტი, 9-10 ოქტომბერს შავი ზღვის რეგიონის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალს - Open Black Sea 2026-ს უმასპინძლებს. ღონისძიება, რომელსაც უნივერსიტეტის "საგამოძიებო მედიალაბი" (IML) აწყობს, ექვსი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის -ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და სტუდენტებს ერთ სივრცეში შეკრებს.

ფესტივალის მთავარი ფოკუსი გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკაა. შავი ზღვის აუზის პრობლემები - წყლის დაბინძურება, კლიმატური საფრთხეები თუ ეკოლოგიური დანაშაულები - საზღვრებს არ ცნობს და ერთობლივ ძალისხმევას, თანამედროვე ინსტრუმენტებსა და ტრანსსასაზღვრო გამოძიებებს მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ფესტივალის წლევანდელი დევიზიც: From Crisis to Solution: The Investigative Arc of Survival and Reinvention.

"რეგიონში საგამოძიებო ჟურნალისტებს ხშირად მწირი რესურსებით უწევთ მუშაობა, მაშინ როცა გარემოსდაცვითი თემები მედიაში ჯერ კიდევ ფრაგმენტულად შუქდება. ჩვენი მიზანია, ჟურნალისტებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოძიებებისთვის საჭირო ცოდნა, ინსტრუმენტები და პარტნიორები შევთავაზოთ. ამასთან, ერთად ვიმსჯელებთ, როგორ უნდა შეინარჩუნონ დამოუკიდებელმა რედაქციებმა მდგრადობა და ნდობა შემცირებული დაფინანსების ფონზე," - აღნიშნავენ "საგამოძიებო მედიალაბში" (IML).

ორდღიანი პროგრამა დატვირთული იქნება პრაქტიკული ვორკშოპებით, დისკუსიებითა და რეალურ ქეისებზე მუშაობით. მონაწილეები შეისწავლიან:

  • როგორ გამოიყენონ სატელიტური მონაცემები, გლობალური ბაზები და კრიპტოაქტივების კვლევის მეთოდები OSINT გამოძიებებში;
  • "გამოსავლის ჟურნალისტიკის" (Solutions Journalism) პრინციპებს ალგორითმებით მართულ საინფორმაციო ეპოქაში;
  • საგამოძიებო მასალის რეალურ საზოგადოებრივ გავლენას - როგორ ვაქციოთ სტატია ხელშესახებ ცვლილებად.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება, საგამოძიებო იდეების ჰაკათონი - Emerging Voices და საუკეთესო საგამოძიებო ისტორიის ავტორის დაჯილდოება.

საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ჰაკათონზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი: https://forms.gle/jVUsbkQKmGD6XGtG7

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდება:

  1. Story-Based Inquiry-ის ქართული გამოცემის პრეზენტაცია: სახელმძღვანელოს, რომელიც ამბის კვლევაზე დაფუძნებულ უნიკალურ მეთოდოლოგიას გვთავაზობს, ფესტივალზე პირადად მისი ავტორი - მარკ ლი ჰანტერი (Mark Lee Hunter) წარადგენს.
  2. შავი ზღვის საგამოძიებო ქსელის დაფუძნება: შეიქმნება რეგიონული პლატფორმა ჟურნალისტებისა და რედაქციების დასაკავშირებლად, რომლის სამდივნოც საქართველოს უნივერსიტეტში განთავსდება. ქსელის შემდგომი მუშაობა სწორედ ტრანსსასაზღვრო, გარემოსდაცვითი გამოძიებების მიმართულებით იგეგმება.

ფესტივალზე რეგისტრაციის ბოლო ვადა27 სექტემბერი: https://form.jotform.com/262451949842063

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი რეგიონში გარემოსდაცვითი საგამოძიებო პროექტების ახალ ტალღას ჩაუყრის საფუძველს.