რესან ქიქავა: 10 წელი ვეძებდით პარტნიორს, რომელიც არქიტექტურული მემკვიდრეობის განახლებას, საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნებასა და საგამოფენო ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ექსპოჯორჯიას დირექტორი, რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე "სითიზენთან" ერთად დაგეგმილ პროექტს საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, საგამოფენო ცენტრის განვითარების პროექტი ისტორიული პავილიონების შენარჩუნებასა და განახლებას, საგამოფენო მოცულობის გასამმაგებასდა საზოგადოებისთვის ღია რეკრეაციული სივრცის 10 000 კვადრატული მეტრით გაზრდას ითვალისწინებს.

ქიქავა, რომელიც ექსპოჯორჯიას ათი წელია ხელმძღვანელობს, წერს, რომ ორგანიზაციის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიუხედავად, ისტორიული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილის ფუნდამენტური განახლება კომპანიისთვის გადაუჭრელ გამოწვევად რჩებოდა.

"ყოველთვის გამოწვევა იყო ისტორიული სივრცეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ფუნდამენტურ განახლებას, რისი რესურსიც კომპანიას არ გააჩნდა და არ გააჩნია დღესაც", - აღნიშნავს ექსპოჯორჯიას დირექტორი.

მისივე განმარტებით, კომპანიას უფრო დიდი საგამოფენო ინფრასტრუქტურაც სჭირდება, რათა მეტი და უფრო მასშტაბური საერთაშორისო პროექტების მოზიდვა და განხორციელება შეძლოს.

ქიქავას ინფორმაციით, წინა მფლობელებთან ერთად, ათი წლის განმავლობაში ეძებდნენ პარტნიორს, რომელიც კომერციულ ინტერესთან ერთად, ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის განახლებას, საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნებასა და საგამოფენო ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფდა. მისივე თქმით, დაახლოებით ორი წლის წინ ეს პირობები "სითიზენმა" მიიღო და პარტნიორების შეთანხმებით საგამოფენო ცენტრს მფლობელი შეეცვალა.

ექსპოჯორჯიას დირექტორის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ყველა საგამოფენო პავილიონი შენარჩუნდება. განახლდება პავილიონები, ორანჟერეა, ქანდაკებები, ბარელიეფები და მოზაიკები. არსებული რეკრეაციული ზონა მოსახლეობისთვის ღია დარჩება, კეთილმოეწყობა და მას დამატებით 10 000 კვადრატული მეტრი საზოგადოებისთვის ღია რეკრეაციული სივრცე შეემატება.

გეგმა ასევე მოიცავს სრულიად ახალი საგამოფენო პავილიონის მშენებლობას, რომელიც, ქიქავას განცხადებით, არსებულ საგამოფენო მოცულობას გაასამმაგებს. მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოწყობამ კი ტერიტორია ავტომობილებისგან უნდა გაათავისუფლოს.

პროექტის კომერციული ნაწილი, მისი განმარტებით, საგამოფენო ცენტრის გარე პერიმეტრზე, სამტრედიისა და სტანისლავსკის ქუჩების მხარეს განთავსდება. სამტრედიის ქუჩის მხარეს დაგეგმილია "სითი-მოლის" მსგავსი სავაჭრო ცენტრი სამი საცხოვრებელი ბლოკით, ხოლო სტანისლავსკის ქუჩის მხარეს - სასტუმრო ორი საცხოვრებელი ბლოკით.

ქიქავა მიიჩნევს, რომ პროექტის შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი შესაძლო გავლენა როგორც საგამოფენო ცენტრისა და ისტორიული სივრცეების მომავალზე, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, სამუშაო ადგილებსა და უძრავი ქონების ღირებულებაზე.

ამასთან, ექსპოჯორჯიას დირექტორი აღნიშნავს, რომ პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებებს და ესმის მსგავსი პროექტებისა და კერძო კომპანიების მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობა.

"ჩემი პოზიცია ეყრდნობა იმის გააზრებას, თუ რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე ქალაქის მოსახლეობისთვის და საგამოფენო ნაწილში -ქვეყნისთვისაც, ვიდრე ამ სივრცის უცვლელად დატოვება", - წერს რესან ქიქავა.