რისი გაკეთება არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ახდენს ჩვენი ბიზნესოპერაციების ავტომატიზებას, დავუსვით შემდეგი კითხვა ექვს ლიდერს: რაში დარჩებიან ადამიანები თქვენთვის შეუცვლელები?

1. გაყიდვებში აუცილებელია, რომ ოთახში იყოს ადამიანი მაღალი ემოციური ინტელექტით (EQ).

"გაყიდვების პროცესი გარკვეულწილად პროდუქტიული გზით ავტომატიზებულია, მაგრამ მე მქონია სიტუაციები, როდესაც რაღაც ისე არ წასულა, როგორც საჭირო იყო – ასეთ დროს ცოცხალი ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტი არის გარემოს შეგრძნობა, როდესაც საქმეები კარგად არ მიდის. მეორე მხარეს ადამიანები ხშირად გადაწყვეტილებებს პრობლემით გამოწვეული ემოციების საფუძველზე იღებენ. ეფექტური გაყიდვებისა და პარტნიორობის ლიდერებს სჭირდებათ მაღალი ემოციური ინტელექტი და მრავალსენსორული ინტუიცია, რომლის ავტომატიზაცია, უბრალოდ, შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ მათ ასევე ეცოდინებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც, თუმცა საკუთარ საარსებო წყაროსა და ბრენდის დაცვას პროგრამულ უზრუნველყოფას ვერ ვანდობ".

არი ბლუმი, A-Frame Brands-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

2. "შეგრძნების გაყიდვის" დროს ინტუიცია შეუცვლელია.

"ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის ყველა სფეროში უნდა გამოიყენებოდეს – ყოველგვარი დათქმის გარეშე. ჩემი კომპანია ქმნის გამორჩეულ სარეცხი საშუალებების არომატებს და AI გვეხმარება ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა პრეფერენციების ანალიზში: გვაცნობს ჩვენს მთავარ განმასხვავებელ მახასიათებლებს, გვკარნახობს, როგორ შევუთავსოთ სურნელები სწორ პოზიციონირებას და როდის ჯობს მათი გამოშვება. თუმცა "მაგია" ისეთ დეტალებში ხდება, სადაც ადამიანი შეუცვლელია. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან პარფიუმერთან, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და მის ექსპერტიზასა და ინტუიციას ვეყრდნობით. სურნელი ძალიან პირადი და ემოციური გამოცდილებაა. AI-ს შეუძლია ტენდენციების პროგნოზირება, მაგრამ ჩვენი მომხმარებლები უბრალოდ სარეცხ საშუალებას არ ყიდულობენ – ისინი ყიდულობენ გრძნობას. AI ამ ინტუიციის გამეორებას ვერ ახერხებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით".

რობერტ კარდიფი, Laundry Sauce-ის თანადამფუძნებელი და ოპერაციების დირექტორი

3. მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით ნამდვილი თანაგრძნობის ავტომატიზაცია შეუძლებელია.

"როგორც აღმასრულებელი დირექტორი, მე პირადად ვპასუხობ ჩვენი 10 მილიონი მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერის მეილების უმრავლესობას, რაც ხალხს აკვირვებს. მაგრამ აი, მიზეზი, თუ რატომ არასდროს გავაკეთებ ამ პროცესის ავტომატიზაციას: ჩვენ ვართ ღვინის აღმოჩენისა და მართვის პლატფორმა და როდესაც ვინმე დაპანიკებული გვწერს, რადგან მისი კომპიუტერი გაფუჭდა და ფიქრობს, რომ 15 წლის მარნის ჩანაწერები დაკარგა, მას არ სურს ჩატბოტთან კომუნიკაცია. მას სურს ვინმე ისეთთან საუბარი, ვისაც ესმის, რომ მათი 1982 წლის "ბორდო" არ არის მხოლოდ ინვენტარი; ეს არის ბოთლი, რომელსაც ისინი ქალიშვილის ქორწილისთვის ინახავდნენ. მადლიერება ამ მომენტებში უზარმაზარია ხოლმე".

ერიკ ლევინი, CellarTracker-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

4. ადამიანური კავშირი საბოლოო გადამწყვეტი ფაქტორია.

"ტექნოლოგიებში სიტყვა "ყოველთვის" სახიფათოა. თუმცა არსებობს ერთი სფერო, რომელიც, ჩემი რწმენით, უახლოეს მომავალშიც ადამიანურად დარჩება – გარიგებების დახურვა. იქნება ეს ძლიერი ტალანტის დაქირავება, პარტნიორობის ჩამოყალიბება თუ კაპიტალის მოზიდვა, ასეთ მომენტებში გადამწყვეტია ნდობა, ხედვა და რწმენა. როგორც ბიოტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი, გამორჩეული მეცნიერები აკადემიურ სფეროს ტოვებდნენ და ჩვენთან ერთვებოდნენ არა ანაზღაურების პაკეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ შთაგონებული იყვნენ ჩვენი მისიით, ხოლო მე და ჩემს თანადამფუძნებლებს გვანდობდნენ ლიდერობას. ამ ემოციურს კავშირს – იმ წამს, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს შენზე დადოს ფსონი – ალგორითმს ვერ გადააბარებ. ეს მომენტი ბუნებით ადამიანურია".

მიჩა ბრეიკსტოუნი, Somite.ai- თანადამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი

5. ვიზუალურ ასპექტებში ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია სპონტანურობის ან გემოვნების რეპლიკაცია.

"ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ვიზუალური მასალის გენერირება, მაგრამ მას არ შეუძლია შექმნას ის ნაპერწკლები, რასაც გადასაღებ მოედანზე განიცდით – სიცილი გადაღებებს შორის, მუსიკის მიერ კადრის შეცვლის გზა, პირველი რეაქციის ენერგია. ეს განუმეორებელი მომენტები არის ის, რასაც ადამიანები იზიარებენ და ემოცია კომერციას ამოძრავებს. რადგან კონტენტი ხანმოკლე და ერთჯერადი ხდება, ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მოცულობის გაზრდაში, მაგრამ გემოვნება მაინც ადამიანური რჩება. სწორედ ამიტომ არის "პრომპტის ინჟინერია" ახალი შემოქმედებითი მიმართულება: იგივე პროდიუსერები, რეჟისორები და ფოტოგრაფები, როგორიც მე ვიყავი, რომლებიც ოდესღაც გადაღებებს ატარებდნენ, ახლა აწარმოებენ კამპანიებს საკუთარი მაგიდებიდან 10-ჯერ სწრაფი სიჩქარით და ფასის ერთი მეათედით. ადამიანის თვალი არსად წასულა, ხოლო სწორ ადგილას ის თანაბარ პირობებს ქმნის მცირე ბიზნესებისთვის".

ჰანა მაკგოუ, Blank Beauty- მარკეტინგის დირექტორი

6. არ არსებობს კომპანიის კულტურა ადამიანური ღირებულებების გარეშე.

"ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა კომპანიას აქვს კულტურა და ღირებულებების ერთობლიობა. ეს არის გუნდის წევრებთან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი მუშაობის კრიტიკული ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ. სწორედ ამიტომ, ადამიანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ინტეგრაციისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი თანამშრომლების ინტეგრაციის დასაწყისში ჩვენ ვიწვევთ გუნდის წევრების ჯგუფს, რათა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ისტორიები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანისთვის აქ მუშაობა. ახალი თანამშრომლისთვის ადგილზე ყოფნისა და ამ საუბრების ერთად ჩატარების ჩანაცვლება შეუძლებელია".

ნოა კაპლანი, Loyalsnap-ის აღმასრულებელი დირექტორ

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი