Get All Access for $5/mo

Robofarmia - ახმეტელი მოსწავლეების მიერ შექმნილი სტარტაპი, რომელიც ფერმერებს ნიადაგის ანალიზში ეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 წლის AI-ინჟინერმა, მარიამ სვიმონიშვილმა და მისმა გუნდმა ახმეტაში რამდენიმე თვის წინ "რობოფარმიას" სახით საინტერესო სტარტაპს ჩაუყარეს საფუძველი.

"რობოფარმიას" გუნდის მიზანი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც ფერმერებს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და რესურსების რაციონალურად გახარჯვის შესაძლებლობას მისცემს. გოგონებისგან დაკომპლექტებულ გუნდს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც software-ის, ისე hardware-ის ნაწილში, რასაც თითოეული მათგანი აქტიურად იყენებს სტარტაპის განვითარებაში.

რა პრობლემას ჭრის "რობოფარმია"?

ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურების სწორი მენეჯმენტისთვის ფერმერები ხშირად მიმართავენ ნიადაგის ანალიზს, რაც ძირითადად ლაბორატორიებში კეთდება. ამ პროცესს კი დიდი დრო და ფინანსები სჭირდება. პლუს ამას, ხშირად ფერმერებს არ აქვთ შესაძლებლობა, ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდნენ პროცესებს და გაანალიზონ იგი.

"რობოფარმია" კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველ ფერმერებს ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს ნიადაგის სწრაფი ანალიზის სახით. ერთი მხრივ იქმნება რობოტი - მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ ნიადაგის ანალიზს ახორციელებს. მეორე მხრივ კი აპლიკაცია, რომელიც არა მხოლოდ სტატისტიკებს აერთიანებს, არამედ გარემო პირობების გათვალისწინებით AI-პროგნოზებს სთავაზობს ფერმერს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

"აპლიკაციაც და Hardware მოწყობილობა შექმნის პროცესშია. მაქსიმალურად ვიყენებთ მანქანური სწავლების მოდელებს, ისევე როგორც კომპიუტერული ხედვის მოდელებსა და ღრმა დასწავლას. გვსურს, რომ ჩვენი მოწყობილობა იყოს მაღალტექნოლოგიური და ფერმერს ის ფინანსები შევუმციროთ, რაც ყოველდღიურად ეხარჯება. ასევე ის რესურსები, რომელიც გარემოსთვისაც არ არის კარგი და არც ფერმერისთვის, ათა ყოველდღიურად დახარჯოს", - აღნიშნავს მარიამი.

ამჟამად თითოეული პროდუქტი ტესტირების პროცესშია, რათა მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება შესთავაზონ. პირველადი სახით პროდუქტი სავარაუდოდ 2024 წლის ზაფხულში ჩაეშვება, მანამდე კი "რობოფარმიას" სოციალური ქსელები და ვებგვერდი გახდება ხელმისაწვდომი, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი გაიგოს ამ საინტერესო წამოწყების შესახებ.

განვითარების რა გზა განვლო სტარტაპმა?

როგორც მარიამ სვიმონიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, სტარტაპის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახმეტაში არაერთი ფერმერისგან მოისმინა, თუ რამდენ სირთულეს უკავშირდება ნიადაგის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

"ფერმერები ბევრს წუწუნებენ, რომ რესურსი, რასაც ყოველდღე იყენებენ მოსავლისთვის, საკმაოდ ძვირი ღირს, ბოლოს კი იმ შედეგს ვერ იღებენ, რაც სურთ. ზოგჯერ მოსავლის ხარისხიც არ არის ისეთი, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაიტანონ. ისეთი ფერმერიც მინახავს, რომელმაც თავი დაანება საკუთარ საქმიანობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება", - აღნიშნავს მარიამი.

თავდაპირველად, არასაკმარისი ფინანსების გამო, გუნდმა Soft-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა - შექმნეს ალგორითმები, შემდეგ კი სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის აღსანიშნავია, რომ "რობოფარმია" 2022 წელს NASA-ს საერთაშორისო კონკურსში გლობალური ნომინანტი გახდა, გარდა ამისა, გაიმარჯვა Technovation Girls 2023-ში, რომელიც ასევე საერთაშორისო პროექტია. ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო "ალტე უნივერსიტეტში" გამართული სტარტაპ მარათონი, რომელშიც "რობოფარმია" მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

გოგონების გუნდი სხვა ტექნოლოგიურ პროექტებზეც მუშაობს და წარმატებასაც აღწევს - 2023 წელს Hack Days Georgia-ს პრიზიორები და "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" ფინალისტები გახდნენ.

მას შემდეგ, რაც "რობოფარმიას" ალგორითმებმა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დიდი მოწონება დაიმსახურა და გუნდმა კონკურსებიდან არაერთი ფულადი ჯილდო მიიღო, Hardware მოწყობილობის შექმნას შეუდგნენ.

მუშაობის პროცესში "რობოფარმიას" გუნდი არაერთ ფერმერს შეხვდა და მათი საჭიროებები გამოიკვლია. გოგონების გუნდს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ახმეტის ინოვაციების ცენტრში მიღებული ცოდნა და ტექნოლოგიური უნარები. გარდა ამისა, რჩევების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად სხვა სტარტაპებთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ დარგის ექსპერტები სრულიად უსასყიდლოდ ცდილობენ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა თუ მასალები გაუზიარონ გუნდს, რაც საბოლოო პროდუქტის დახვეწაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მიუხედავად ამისა, განვითარების გზაზე მათ არაერთი დაბრკოლების გადალახვამ მოუწიათ.

"ყველაზე რთული იყო ის, რომ Hardware მოწყობილობის შექმნისას ფინანსები არ გვქონდა და გავიჭედეთ. როცა ისეთი სენსორი გვჭირდებოდა, რომელიც საქართველოში არ იყიდებოდა და საზღვარგარეთიდან ვიწერდით, დიდი ხანი გვიწევდა ლოდინი - პროცესი გარკვეული პერიოდი ჩერდებოდა და მერე ისევ თავიდან ვიწყებდით. მთავარი პრობლემა, ძირითადად, დროისა და ფინანსების აცდენა იყო", - იხსენებს მარიამი.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპს რამდენიმე კოლაბორაციის შემოთავაზება აქვს უცხოეთიდან. ამჟამად კომუნიკაცია იტალიაში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებთან მიმდინარეობს, რომლებიც დაახლოებით მსგავს პროდუქტს ქმნიან. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, წელს "რობოფარმიასგან" საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია