Get All Access for $5/mo

როგორ აღწევს კომპანია Acer თავის ეკო-მიზნებს და რა სიახლეებს უმზადებს მომხმარებელს 2023 წლისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3 იანვარს გამართულ გლობალურ პრესკონფერენციაზე კომპანია Acer-მა საზოგადოებას გააცნო ის ტექნოლოგიური მიღწევები და ახლებური გზები, რომლითაც ბრენდი უკვე წლებია ოპერირებს და მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე საკუთარ გამორჩეულ ადგილს იკავებს. Acer-ის მიღწევების გარდა, საუბარი შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, მდგრადი, ეკო-მეგობრული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობას პლანეტისათვის და ცხადია, იმ ახალ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმდინარე წელს გახდება ხელმისაწვდომი.

1976 წელს დაარსებული კომპანია Acer დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა ICT-სფეროში, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და დარგის განვითარებასა და ადამიანის ცხოვრების წესით ცვლილებასთან ერთად, თავის მთავარ მისიად ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის არსებული ბარიერების რღვევას ისახავს. სწორედ ამ გლობალური მიზნის მთავარ სტრატეგიად კი, Acer-მა მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების გზა აირჩია.

2008 წელს Acer-მა დანერგა ღია ინფორმაციის გლობალური სისტემა − CDP, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მიწოდების სრულ ჯაჭვში არსებული პარტნიორების საქმიანობის მონიტორინგი და მათი გავლენის შეფასება გარესამყაროზე. 2012 წელს კომპანიამ მიზნად დაისახა ნახშირბადის გამოყოფის მინიმუმამდე შემცირება, რისთვისაც ენერგომოხმარების მკაცრი კონტროლი დააწესა წარმოებაში. 2017 წელს Acer-მა წამოიწყო პროექტი Project Humanity, რათა თანამშრომლებთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით, საკუთარი წვლილი შეეტანა მდგრადი მიზნების მიღწევის, გადამუშავებისა და მეორეული მოხმარების პოპულარიზაციისათვის. უკვე 2020 წელს, კომპანია შეუერთდა ინიციატივა Re100-ს და დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა 2035 წლისათვის 100%-ით გადაერთოს განახლებად ენერგიაზე. გარდა ამისა, ბრენდის ეგიდით შეიქმნა პლატფორმა Earthion და მის ფარგლებში მოხდა პირველი ეკოლოგიურად სუფთა, სრულად გადამუშავებული მასალით წარმოებული ლეპტოპის − Aspire Vero-ს გამოშვება. 2020 წელს კომპანიამ მიაღწია თავის სტრატეგიულ ნიშნულს და მსოფლიო მასშტაბით 60%-ით შეამცირა ნახშირბადის გამოყოფა. გასულ 2022 წელს კი, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისათვის იგი თავისი პროდუქციის წარმოებაში არანაკლებ 30% PCR-პლასტიკს გამოიყენებს.

მდგრადი განვითარების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე და ბრენდებზე, რომლებიც თავიანთ წარმოებაში გადამუშავებულ ნედლეულს იყენებენ. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბოლო წლებში, Acer-ის ნაწარმი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს, რაც კომპანიას ეკო-მეგობრული საქმიანობის გაფართოებისკენ უბიძგებს. აღსანიშნავია, რომ ბრენდი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის სფეროშიც და ტაივანში უმსხვილეს მზის ელექტროსადგურს ფლობს, რომელიც 3,52 მილიონ კილოვატ სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ყოველწლიურად. Acer მომართულია თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი ცხოვრების წესისა და ახალი ტენდენციების მხარდაჭერისკენ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს ინოვაციური პროდუქტების წარმოებაში, დივერსიფიცირებული ბიზნესმოდელების შექმნაში და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ამგვარი დამოკიდებულება ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მიმართ, მისი ბიზნესწარმატების მთავარი განმაპირობებელიცაა. ცნობისთვის, სრულად გადამუშავებული მასალით წარმოებული ლეპტოპების ხაზი − Vero-ს გაყიდვები, 2022 წლის ნოემბრის მონაცემების თანახმად, 43,4%-ითაა გაზრდილი; S&P Global Sustainability-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაში, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში − 2021 და 2022 წლებში, Acer-ი Silver Class-ის ჯილდოს მფლობელად დასახელდა; "დოუ ჯონსის" მდგრადი განვითარების ინდექსის თანახმად, კომპანია 2022 წელს რეიტინგის სათავეში მოექცა, ასევე, EcoVardis-ის გლობალური სარეიტინგო პლატფორმის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა.

რაც შეეხება 3 იანვარს გამართული პრესკონფერენციის ტექნოლოგიურ ნაწილს და Acer-ის მიერ არსებული მოდელების განახლების თუ სრულიად ახალი მოწყობილობების წარდგენას, საინტერესო სიახლეებითა და ინოვაციებით კომპანიამ მოახერხა საზოგადოებისთვის სიურპრიზების შეთავაზება.

წარმოდგენილ მოწყობილობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაცია Acer-ის მიერ შემუშავებული eKinekt bike desk-ი გახლავთ, რომელიც აქტიური და ამავდროულად მდგრადი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად შეიქმნა და სამუშაო მაგიდისა და ველოტრენაჟორის კომბინაციას წარმოადგენს. ეს მოწყობილობა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ერთდროულად იმუშაონ და ივარჯიშონ, ხოლო სპეციალური ტექნოლოგია პედლების ტრიალისაგან გამომუშავებულ კინეტიკურ რესურსს ლეპტოპებისა თუ მობილური ტელეფონების დასამუხტ ენერგიად გარდაქმნის.

eKinekt bike desk-ს აქვს ორი რეჟიმი, მომხმარებლის მიზნების მიხედვით: შესაძლებელია მაგიდის კომფორტულ პოზიციაში დაყენება, რათა სამუშაოზე მოხდეს კონცენტრაცია, ან სპორტულ რეჟიმში გადართვა, რომელიც აქცენტს უფრო მეტად ვარჯიშზე ამახვილებს. მაგიდა-ტრენაჟორი აღჭურვილია როგორც USB Type-A ისე USB Type-C პორტებით და სპეციალური აპლიკაციით სმარტფონებისათვის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალი მიადევნოს ვარჯიშის პროგრესს. აღსანიშნავია, რომ eKinekt bike desk, ისევე, როგორც Acer-ის მრავალი მოწყობილობა, სრულად გადამუშავებული პლასტმასით წარმოებს.

მოხდა SpatialLabs TrueGame's stereoscopic 3D-ის ტექნოლოგიის განახლება და დაემატა ახალი 3D Ultra-რეჟიმი, რითაც Acer-ი აფართოებს SpatialLabs TrueGame-ის ლიმიტებს. ეს ახალი ფუნქცია აფართოებს აგრეთვე სტერეორენდერინგის შესაძლებლობას, გამოსახულების სამგანზომილებიანი პროეცირების საშუალებით. გარდა ამისა, ახალი რეჟიმი მოიცავს 3D Sense-ტექნოლოგიას, რომელიც გეიმერებს ეხმარება მათი პრეფერენციების მიხედვით კონფიგურაციების გასწორებაში. SpatialLabs True Game-ში უკვე ხელმისაწვდომი იქნება One-click Game Play-ფუნქციაც, რომლითაც გეიმერები თამაშების სამგანზომილებიანი ვერსიის ავტომატურად გაშვების საშუალებას მიიღებენ.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, Acer აძლიერებს საკუთარ გეიმინგ-ხაზის პორტფოლიოს ახალი Predator-სერიის ლეპტოპებითა და მონიტორებით. ახალი სათამაშო ნოუთბუქები − Predator Helios 16 და Predator Helios 18, აღიჭურვა Intel® Core™ 13-ის პროცესორებითა და NVIDIA® GeForce RTX™ სერია 40-ის ვიდეობარათებით, ისევე, როგორც სხვა აუცილებელი გეიმინგ-ფუნქციებით, რაც მათ Acer-ის უძლიერეს სათამაშო მოწყობილობებად აქცევს, დღეის მდგომარეობით. ასევე, კომპანია თამაშებითა და გრაფიკული საქმიანობით გატაცებულ მომხმარებლებს სთავაზობს ახალ მონიტორებს − Predator X45 და Predator X27U, 240 ჰერცი განახლების სიხშირითა და მორკალული ეკრანით, უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილებისათვის.

გეიმინგით გატაცებული მომხმარებლებისათვის, კომპანიამ ლეპტოპების სრულიად ახალი ხაზიც წარადგინა. Acer-ის ახალი ლეპტოპების ხაზი Nitro, აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core პროცესორებითა და NVIDIA GeForce RTX 40 Series-ის ვიდეობარათით, 2 ტერაბაიტი მეხსიერებითა და 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, რაც 16 და 17,3-დუიმიან დისპლეისთან ერთად, გეიმერებს თამაშის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

ასევე, Acer აფართოებს Aspire-ის ხაზს ახალი "ყველაფერი ერთში" დესკტოპ და ლეპტოპ-მოდელებით. Acer Aspire S Series All-in-One (ყველაფერი ერთში) სტაციონარული მოდელი, ხელმისაწვდომი იქნება 27 და 32-დუიმიანი ეკრანით, Intel® Core™ 13-ის პროცესორებით და Intel Iris® Xe ან Intel® Arc™ A სერიის გრაფიკული ადაპტერით.

Acer-მა ასევე წარადგინა ახალი Swift Go მოდელიც თხელი და მსუბუქი ლეპტოპი OLED-ეკრანით, რომელიც ძირითადად საოფისე ან დისტანციური სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. იგი აღჭურვილია Intel® Core™ 13-ის პროცესორით, NVIDIA® GeForce RTX™ 4050-ის ვიდეობარათითა და საკმაოდ ძლიერი აკუმულატორით, რომელიც მოწყობილობის ავტონომიურ მუშაობას 9,5 საათამდე უზრუნველყოფს.

თითქმის 50 წლის წინ დაარსებული კომპანია Acer, რომელიც დღეს უკვე მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტთა შორის საპატიო ადგილს იკავებს, ინოვაციური მიდგომებითა და მდგრადი განვითარების მიზნებით, წლიდან წლამდე სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელთა განსხვავებულ სეგმენტს − იქნებიან ეს გეიმერები, ოფისის თანამშრომლები, ბიზნესმენები, გრაფიკოსები თუ სხვა პროფესიების წარმომადგენლები. ეს კანონზომიერება, ცხადია, არც 2023 წელს დაირღვევა და ბრენდის ერთგულ მომხმარებლებს კიდევ არაერთი საინტერესო, ინოვაციური და რაც მთავარია, ეკო-მეგობრული სიურპრიზი ელით Acer-ისგან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან