როგორ აპირებს ქართული AI სტარტაპი ევრაზიის ლოგისტიკური ბაზრის ტრანსფორმაციას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლოგისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე ისეთ პროცესებზეა დამოკიდებული, რომლებიც წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა: ათობით ზარი და მეილი, გადამზიდავების მოძიება, შეთავაზებების შედარება და ტვირთის სტატუსის მუდმივი გადამოწმება.
სწორედ ამ პროცესის შეცვლა სურს ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპ Freigo-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების მართვის უფრო სწრაფ, გამჭვირვალე და ავტომატიზებულ პლატფორმას ქმნის.
კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ფეიქრიშვილი ლოგისტიკის სფეროში უკვე 9 წელია საქმიანობს. ამ პერიოდში მას ლოგისტიკის ინდუსტრიის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
სწორედ სხვადასხვა რგოლში მუშაობამ მისცა შესაძლებლობა, ინდუსტრიის პრობლემები როგორც დამკვეთის, ისე ლოგისტიკური კომპანიის პერსპექტივიდან დაენახა.
ერთ მომენტში კი გაჩნდა კითხვა, რომელმაც მოგვიანებით Freigo-ს შექმნამდე მიიყვანა:
"ლოგისტიკაში ჯერ კიდევ ბევრი დრო იხარჯება პროცესებზე, რომლებიც ადამიანის მუდმივ ჩართულობას არ საჭიროებს. ჩვენი მიზანია, ეს რუტინა ხელოვნურმა ინტელექტმა აიღოს საკუთარ თავზე, ადამიანებმა კი უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე მოახდინონ ფოკუსირება", - ამბობს მიხეილ ფეიქრიშვილი.
სწორედ ამ პრობლემების ფონზე გაჩნდა Freigo-ს იდეა. მიხეილ ფეიქრიშვილმა გიგი კურტანიძესთან ერთად დაიწყო სტარტაპის განვითარება, რომლის მიზანიც ტრადიციულ ლოგისტიკაში ტექნოლოგიური მიდგომის დანერგვა იყო.
დღეს Freigo ამ ხედვას AI აგენტების საშუალებით ავითარებს და ცდილობს ინდუსტრიის რუტინული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატიზებულ, სწრაფ და მონაცემებზე დაფუძნებულ სისტემად გარდაქმნას.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორ შეუძლია Freigo-ს თქვენი კომპანიის ლოგისტიკური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია, ჩანიშნეთ შეხვედრა Freigo-ს გუნდთან.
ინდუსტრია, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ ხელით კეთდება
საერთაშორისო გადაზიდვა ერთი შეხედვით მარტივ პროცესად შეიძლება ჩანდეს, თუმცა ერთი ტვირთის უკან ხშირად ათობით სხვადასხვა ოპერაცია დგას.
წარმოიდგინეთ კომპანია, რომელსაც თურქეთიდან საქართველოში ერთი ტვირთის ჩამოტანა სჭირდება. კომპანიამ უნდა შეარჩიოს შესაბამისი ტრანსპორტირების გზა, მოიძიოს გადამზიდავი, მიიღოს რამდენიმე შეთავაზება, შეადაროს ფასები და პირობები, გადაამოწმოს ტვირთის მდებარეობა და პროცესში წარმოქმნილ ცვლილებებზე დროულად მოახდინოს რეაგირება.
შემდეგ მიღებული ინფორმაცია უნდა შეგროვდეს, შედარდეს და საუკეთესო ვარიანტი შეირჩეს. ეს კი მხოლოდ ერთ ტვირთს ეხება.
თუ კომპანიას დღეში 20, 30 ან 50 მსგავსი ოპერაცია აქვს, პრობლემა უკვე ერთი თანამშრომლის გადატვირთულობას სცდება. თავად სისტემა ხდება ადამიანურ რესურსზე ზედმეტად დამოკიდებული.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი გამოწვევა ემატება: ინფორმაცია სხვადასხვა სივრცეშია გაფანტული, ელფოსტაში, WhatsApp-ში, Viber-ში, Excel-ის ფაილებში, სატელეფონო ჩანაწერებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე.
როგორც მიხეილ ფეიქრიშვილი ამბობს, პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, მისი ერთმანეთთან დაუკავშირებლობაა.
"ლოგისტიკის პრობლემა მხოლოდ მაღალი ფასი არ არის. პრობლემაა დრო, ინფორმაციის ფრაგმენტაცია და პროცესის გაუმჭვირვალობა. ხშირად ერთ გადაზიდვაზე რამდენიმე საათი იხარჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანმა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია შეაგროვოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მარტივი უნდა იყოს".
Freigo-ს ხედვით, თანამედროვე ლოგისტიკაში კლიენტს აღარ უნდა უწევდეს ინფორმაციის ძებნა. ინფორმაცია თავად უნდა მივიდეს მასთან მაშინ, როდესაც სჭირდება.
AI როგორც ლოგისტიკის ყოველდღიური თანამშრომელი
Freigo-ში ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ჩატბოტს ან მომხმარებლისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას არ ნიშნავს.
კომპანია მუშაობს AI აგენტებზე, რომელთაც ლოგისტიკური პროცესის სხვადასხვა ნაწილის დამოუკიდებლად შესრულება შეუძლიათ.
ისინი დამოუკიდებლად ამუშავებენ მომხმარებლის მოთხოვნებს, ადარებენ შეთავაზებებს, ეძებენ კონკრეტული ტვირთისთვის ოპტიმალურ გადამზიდავს და გადაწყვეტილების მიღებისას, ფასის გარდა, ითვალისწინებენ მარშრუტს, თავისუფალ რესურსს, პარტნიორის სანდოობასა და მიწოდების ვადებს.
სხვა AI აგენტები კი 24/7 აკვირდებიან ბაზარზე ტარიფების ცვლილებასა და შესაძლო შეფერხებებს, ასევე ავტომატურად აწვდიან მომხმარებელს ტვირთის განახლებულ სტატუსს. ამ მიდგომით Freigo-ს შიდა ოპერაციული პროცესების 85% უკვე ავტომატიზებულია.
იდეა მარტივია: რაც შეიძლება მეტი განმეორებადი ოპერაცია ავტომატურად შესრულდეს.
"ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვუყურებთ როგორც ციფრულ თანამშრომელს. თუ ადამიანს ყოველდღიურად უწევს ერთი და იგივე მოქმედების ასჯერ გამეორება, უნდა დავსვათ კითხვა, ნამდვილად ადამიანმა უნდა აკეთოს ეს საქმე თუ შესაძლებელია მისი ავტომატიზაცია. Freigo-ს მიზანია ლოგისტიკურ გუნდებს ასეთი ციფრული თანამშრომლები მისცეს".
ამ მიდგომის შედეგად, კომპანია ცდილობს შეამციროს დრო, რომელიც ბიზნესს ერთი გადაზიდვის დაგეგმვასა და მართვაზე სჭირდება.
Freigo-ს ტექნოლოგიას დღეს უკვე 150-ზე მეტი მსხვილი კომპანია იყენებს.
კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი ადგილობრივი და 250-ზე მეტი საერთაშორისო გადაზიდვა, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რეალურ პროცესებში დაგროვილი მონაცემებით თავად ტექნოლოგიაც მუდმივად გააუმჯობესოს.
Freigo-ს ხედვით, ლოგისტიკაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანობა სწორედ რეალურ ოპერაციებთან კავშირში იზრდება. რაც მეტი გადაზიდვა გადის სისტემაში, მით მეტი ინფორმაცია გროვდება ფასებზე, მარშრუტებზე, გადამზიდავებზე და სხვადასხვა ტიპის ოპერაციულ პროცესზე.
ეს მონაცემები კი მომავალში უფრო ზუსტი რეკომენდაციების შექმნის საფუძველი ხდება.
"ჩვენთვის მთავარი მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა არ არის. რეალურ ლოგისტიკურ პროცესში ვართ ჩართული და ყოველდღიურად ვხედავთ, სად კარგავს ბიზნესი დროს, სად იზრდება ხარჯი და სად არის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა. სწორედ ამ გამოცდილებაზე ვაშენებთ პროდუქტს", ამბობს მიხეილ ფეიქრიშვილი.
ლოგისტიკის მომავალი AI აგენტებშია
ხელოვნური ინტელექტის განვითარება უკვე ცვლის პროგრამირებას, მარკეტინგს, ფინანსებსა და მომხმარებელთა მომსახურებას. Freigo-ში მიაჩნიათ, რომ ლოგისტიკა ერთ-ერთი შემდეგი ინდუსტრია იქნება, სადაც AI აგენტები ყოველდღიური სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებიან.
მომავალში ერთი ლოგისტიკის მენეჯერის გვერდით შესაძლოა რამდენიმე ციფრული AI აგენტი მუშაობდეს: ერთი აგენტი მოძებნის გადამზიდავებს, მეორე გააანალიზებს ფასებს, მესამე გააკონტროლებს ტვირთის გადაადგილებას, მეოთხე მომხმარებელს მიაწვდის განახლებებს, ხოლო ადამიანი მთლიან პროცესს მართავს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.
Freigo სწორედ ამ მოდელის შექმნას ცდილობს.
"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიზანი ადამიანების ჩანაცვლებაა. პირიქით, გვინდა ადამიანს მოვაშოროთ ყველაზე რუტინული ნაწილი და მივცეთ ინსტრუმენტები, რომ ერთსა და იმავე დროში ბევრად მეტი პროცესის მართვა შეძლოს. მომავალში ყველაზე ძლიერი ლოგისტიკური კომპანიები იქნებიან ისინი, რომლებიც ადამიანებისა და AI აგენტების მუშაობას ყველაზე ეფექტურად გააერთიანებენ".
საქართველოდან გლობალურ ტექნოლოგიურ ბრენდამდე
Freigo თავიდანვე მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ შექმნილა.
პლატფორმას შეუძლია მართოს როგორც ჩინეთიდან საქართველოში ან იტალიიდან საქართველოში წამოსული ტვირთი, ისე გადაზიდვა ჩინეთიდან გერმანიაში ან სხვა ქვეყნებს შორის.
კომპანიის პლატფორმას დღეს უკვე იყენებენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო დამკვეთები, მათ შორის თურქეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და აშშ-იდან.
Freigo-ს გრძელვადიანი ხედვა კიდევ უფრო ფართოა.
გუნდი მუშაობს ერთიანი ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გადამზიდავები, საწყობები, აგენტები და დამკვეთები ერთმანეთთან ტექნოლოგიური ეკოსისტემის საშუალებით იქნებიან დაკავშირებული.
"ჩვენი საბოლოო ხედვა ბევრად დიდია, ვიდრე უბრალოდ ონლაინ ლოგისტიკური პლატფორმა. გვინდა შევქმნათ გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ტვირთების გადაადგილების არსებული სტანდარტი".
მიხეილ ფეიქრიშვილის აზრით, ყველაზე დიდი შესაძლებლობები ხშირად სწორედ იმ ინდუსტრიებში იმალება, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შეიცვალა. ლოგისტიკა კი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ეფუძნება სამუშაო მოდელს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა.
Freigo-სთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მხოლოდ პროცესების გაციფრულებას არ ნიშნავს. ამბიცია უფრო დიდია: შეიცვალოს თავად ლოგისტიკის მუშაობის არქიტექტურა, რეაქტიული პროცესები გახდეს პროაქტიული, მონაცემები დაუკავშირდეს ერთმანეთს და ადამიანებმა დრო აღარ დახარჯონ იმ სამუშაოზე, რომლის შესრულებაც ტექნოლოგიას ბევრად სწრაფად შეუძლია.
თუ ბოლო ათწლეულების ლოგისტიკა სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ წერილებსა და Excel-ის ფაილებზე იყო აგებული, შემდეგი ეპოქა შესაძლოა ეკუთვნოდეს სისტემებს, რომლებიც 24/7 მუშაობენ, მუდმივად აანალიზებენ ბაზარს და პრობლემის გაჩენამდე ეძებენ საუკეთესო გამოსავალს. Freigo-ს მიზანია, ამ ცვლილების ნაწილი საქართველოდან შექმნას.