როგორ აქციეს სკოლის მოსწავლეებმა იდეები რეალურ სტარტაპებად? – UG Innovator-ის გამარჯვებულები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეწარმეობა, ინოვაცია და რეალური პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება – სწორედ ამ იდეის გათვალისწინებით შეიქმნა "საქართველოს უნივერსიტეტისა" და UG Startup Factory-ს ერთობლივი პროექტი UG Innovator, რომელიც წელს პირველად ჩატარდა თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეებისთვის.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი იდეები სტარტაპებად აქციეს, შეიმუშავეს ბიზნესმოდელები, შექმნეს პროტოტიპები და რვაკვირიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ პროექტები Demo Day-ზე წარადგინეს. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება მენტორი მასწავლებლების აქტიური ჩართულობა იყო. თითოეულ გუნდს ჰყავდა მენტორი პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს იდეის განვითარებაში, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და პროექტის წარდგენისთვის მომზადებაში ეხმარებოდა.
"UG Innovator-ის შექმნას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი უძღოდა წინ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეწარმეობის, როგორც აზროვნების სტილის, სკოლის ასაკიდანვე დანერგვაა. ვინაიდან სკოლებში ამ მიმართულებით საკმაოდ მწირი რესურსია, მოსწავლეებს ძირითადად საკუთარი ძალებით უწევთ გზის გაკვალვა, ან ამ მიმართულებით მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ ინტერესდებიან. რადგან სასკოლო ასაკზე მორგებული ბევრი პროგრამა არ არსებობს, უნივერსიტეტმა იკისრა ის როლი, რომელიც მოსწავლეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება და სამომავლო პერსპექტივებს გაუხსნის", – ამბობს დავით მირველაშვილი, UG Startup Factory-ს პროგრამების ხელმძღვანელი.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ფინალში 10 გუნდი გავიდა, რომელთაგან სამი გამარჯვებული გახდა.
Signova – ინკლუზიური კომუნიკაციისთვის შექმნილი ტექნოლოგია
პირველი ადგილი ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის გუნდმა Signova-მ მოიპოვა. გუნდის წევრები არიან ნინია თავაძე, ელენე ქურდაძე, ნინო სამუშია და ნათია ქიტიაშვილი.
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემაზე, რომელსაც სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.
"ჩვენი სტარტაპი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრას სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე ადამიანებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის არსებული კომუნიკაციის ბარიერი, ასევე საქართველოში არ არსებობს ციფრული რესურსი, რომელიც ეფექტურად ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას, რის გამოც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად აწყდება სირთულეებს როგორც საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ისე ყოველდღიურ სოციალურ ურთიერთობებში", – ამბობს ნათია ქიტიაშვილი.
გუნდმა შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციის კონცეფცია, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს მეტყველებისა და ჟესტური ენის ორმხრივ თარგმნას. პროექტზე მუშაობისას მათ 6 567 ფოტოსგან შემდგარი მონაცემთა ბაზაც შექმნეს AI მოდელის გასაწვრთნელად.
"მართალია ამას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, მაგრამ სწორედ ამან გახადა ჩვენი პროდუქტი უნიკალური და სრულყოფილი", – აღნიშნავს ნათია ქიტიაშვილი.
გუნდის მენტორი დიანა არჯევანიძე იყო, რომელიც 15 წელია კომაროვის სკოლის ისტორიის მასწავლებელია და სკოლის პროექტების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, მსგავსი პროგრამები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა რეალურ პრაქტიკად აქციონ.
"თანამედროვე სამყაროში მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი აღარ არის, მოსწავლეებს სჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება, სადაც შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრის გზების პოვნას", – ამბობს დიანა არჯევანიძე.
მისივე შეფასებით, პროექტმა მოსწავლეების დამოკიდებულება ინოვაციის მიმართ მნიშვნელოვნად შეცვალა.
"მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ინოვაცია არ არის რაღაც მიუღწეველი, არამედ ეს არის ყოველდღიური პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრა".
GateWay – როდესაც ტექნოლოგია ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება
მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა GateWay-მ, რომლის წევრები ნინო ბუკია და საბა ქავთარია არიან. გუნდი თბილისის 32-ე საჯარო სკოლას წარმოადგენს.
მათი სტარტაპი იმ პრობლემას პასუხობს, რომელსაც მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში განთავსებული შლაგბაუმები ქმნის საგანგებო სიტუაციების დროს.
"ბევრჯერ გავუღვიძებივართ სირენის ხმას, როდესაც საგანგებო სამსახურის ეკიპაჟი შლაგბაუმის გაღებას და შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლას ვერ ახერხებდა. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ისე სახანძრო ან სამაშველო სამსახურის გამოძახება. სწორედ ამ რეალობამ გაგვიჩინა სურვილი, რომ შეგვექმნა სისტემა, რომელიც საგანგებო სამსახურის თანამშრომლებსა და მცხოვრებლებს ამ პრობლემას სამუდამოდ აარიდებდა", – ამბობს ნინო ბუკია.
გუნდის წევრების თქმით, იდეის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობასთან ერთად მათ ბიზნესმოდელის შექმნამაც მოუწიათ, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
პროექტის განმავლობაში მათ მენტორობას ალექსანდრე ტატიშვილი უწევდა, რომელიც სვიჩის აკადემიის დამფუძნებელია და 13 წელია ელექტრონიკისა და რობოტექნიკის მიმართულებით მუშაობს.
მისი შეფასებით, მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებს ეხმარება ტექნიკური ცოდნა რეალურ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოს დაუკავშირონ.
"მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით მსგავს ღონისძიებებში ყველა სკოლა მონაწილეობდეს. ადამიანების ყურადღება არის ამოწურვადი რესურსი. რაც მეტად მოხდება მსგავს ღონისძიებებზე მათი ყურადღების გამახვილება, მით უფრო მეტი წარმატებული ადამიანი გაჩნდება STEM მიმართულებებით საქართველოში".
BluPatch – იდეა გლობალური გამოწვევის საპასუხოდ
მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა BluPatch-მა, რომელიც სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ს წარმოადგენს.
გუნდის წარმომადგენლის, ალექსანდრე ჭელიძის თქმით, იდეა ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაჩნდა.
"ჩვენი სტარტაპი შეიქმნა იმისთვის, რომ ჭრილობების ინფიცირების რისკი შევამციროთ და ბაქტერიებთან ბრძოლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი არ არის", – ამბობს ალექსანდრე ჭელიძე.
გუნდის მენტორი მასწავლებელი თამარ ლოლიშვილი იყო, რომელიც განათლების სფეროში 2006 წლიდან მუშაობს.
მისი თქმით, პროექტის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღებული შედეგი არ არის.
"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ მეწარმეობა მათთვის მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებული ტერმინი აღარ არის. ისინი მიხვდნენ, რომ მეწარმეობა პრობლემების დანახვას, კითხვების დასმას, პასუხისმგებლობის აღებასა და გამოსავლების ძიებას ნიშნავს".
თამარ ლოლიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები თანამედროვე განათლების აუცილებელი ნაწილია.
"ფორმალური განათლება აუცილებელ საფუძველს ქმნის, მაგრამ მხოლოდ აკადემიური ცოდნა ვერ გაზრდის 21-ე საუკუნის მოქნილ, დამოუკიდებელ და პასუხისმგებლიან მოქალაქეს".
მეწარმეობის კულტურის გაძლიერება სკოლიდან
UG Innovator-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სკოლებისა და მენტორი მასწავლებლების აქტიური ჩართულობა იყო.
"პროგრამა თავიდანვე გულისხმობდა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ სკოლისა და მასწავლებლის აქტიურ ჩართულობას. მასწავლებელი არის ის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც აერთიანებს მოსწავლესა და სკოლას, სკოლასა და უნივერსიტეტს, მოსწავლის ინტერესებსა და მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებს", – ამბობს დავით მირველაშვილი.
მისი თქმით, პირველი სეზონის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივების მიმართ ინტერესი და საჭიროება არსებობს, რის გამოც პროექტის გაფართოება უკვე სამომავლო გეგმებშია.
"ჩვენი მიზანია, პროექტი გადაიქცეს რეგიონულ ინიციატივად იმ ახალგაზრდებისა და სკოლებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ძალების მოსინჯვა, განვითარება და ეკოსისტემაში საკვანძო როლის მორგება", – ამბობს დავით მირველაშვილი.
UG Innovator-ის პირველი სეზონი იმ იდეის წარმატებული მაგალითი გახდა, თუ როგორ შეიძლება სკოლაში დაბადებული ინიციატივა რეალურ სტარტაპად გადაიქცეს. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ გუნდებს 10000-ლარიანი საპრიზო ფონდი გადაეცათ, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს შესაბამისად 5 000, 3 000 და 2 000 ლარის ოდენობით გადაუნაწილდათ. მონაწილეებს მიღებული დაფინანსება საკუთარი პროექტების შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. გამარჯვებული გუნდები უკვე მუშაობენ სტარტაპების დახვეწასა და რეალურ ბაზარზე დანერგვაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ UG Innovator-ის ფარგლებში შექმნილი იდეები მხოლოდ კონკურსის ფარგლებში არ რჩება და განვითარების რეალურ შესაძლებლობად იქცევა.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მენტორი მასწავლებლებისა და სკოლების აქტიური ჩართულობაც. გამარჯვებული გუნდების მენტორებს სპეციალური პრიზები გადაეცათ, ხოლო სკოლები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. სწორედ ეს თანამშრომლობა – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის – ქმნის იმ ეკოსისტემას, სადაც ინოვაციური იდეები იბადება, ვითარდება და რეალობად იქცევა. მოსწავლეები ქმნიან და ავითარებენ იდეებს, მასწავლებლები მათ მენტორობას უწევენ, სკოლა ცოდნისა და უნარების განვითარების საფუძველს აძლევს, ხოლო "საქართველოს უნივერსიტეტი" და UG Startup Factory ახალგაზრდებს სთავაზობენ პლატფორმას, რომელიც მათ პირველ ნაბიჯებს მეწარმეობისა და ინოვაციების სამყაროში რეალურ შესაძლებლობებად აქცევს.