როგორ გადააქვს ქართულ სტარტაპს რესტორნის სტანდარტები სმარტ--მაცივრებში – - Chef's Fridge-ის შეთავაზება გურმანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ცხოვრების ტემპში დროის დეფიციტი ხშირად ხდება გემრიელად კვებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უწევს სწრაფ, თუმცა დაბალხარისხიან წასახემსებლებსა და რესტორანში დროის დახარჯვას შორის. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა სტარტაპი, რომელიც პროფესიონალურ კულინარიასა და ავტონომიური ხელმისაწვდომობის ფორმატს ერთმანეთთან აკავშირებს – Chef's Fridge.

დამფუძნებლებმა – ლუკა ქველაძემ, ერიკ სარქისიანმა და ნიკა ნაროზაშვილმა – ტრადიციული "ვენდინგის" მოდელზე უარი თქვეს. სტუმარმასპინძლობის სფეროში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებით მათ შექმნეს სერვისი, რომელსაც რესტორნის სტანდარტი, სტაბილური ხარისხი და ნდობა სმარტ-დანადგარებში გადააქვს.

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა კიდევ ერთი კვების ობიექტის ან ტრადიციული "ვენდინგ" ბიზნესის შექმნა. გვინდოდა შეგვექმნა სერვისი, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა, დატვირთული დღის მიუხედავად, ხარისხიან კვებაზე უარი აღარ ეთქვათ. რამდენიმე წელია ვმართავთ რესტორანს და ვიცით, რომ სტუმრისთვის გემრიელ კერძთან ერთად მნიშვნელოვანია ნდობა. სწორედ ამ ღირებულებების გადატანა გვინდოდა სრულიად ახალ ფორმატში", ამბობს ლუკა ქველაძე, Chef's Fridge-ის თანადამფუძნებელი.

თუ რესტორნის პირობებში მომზადებული კერძი სტუმრის მაგიდაზე რამდენიმე წუთში ხვდება, Chef's Fridge-ის შემთხვევაში მთავარი საინჟინრო-კულინარიული ამოცანა ისეთი მენიუს შექმნა აღმოჩნდა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგაც შეინარჩუნებდა პირვანდელ გემოს, ტექსტურასა და ვიზუალს.

პროცესმა მოითხოვა მომზადების ტექნოლოგიის, პროდუქტის სტრუქტურისა და შეფუთვის სრული ტრანსფორმაცია. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ითამაშა Bocuse d'Or Georgia-ს გამარჯვებული შეფმზარეულის, ერიკ სარქისიანის პროფესიულმა გამოცდილებამ. ბრენდინგზე Gastronaut Georgia-ს გუნდმა იმუშავა, ხოლო პირველ სატესტო ლოკაციად "კავკასიის უნივერსიტეტი" შეირჩა, რამაც სტარტაპს მომხმარებლისგან პირდაპირი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა მისცა.

"რესტორნის პირობებში კერძი რამდენიმე წუთში ხვდება სტუმართან, ხოლო ჩვენს შემთხვევაში აუცილებელი იყო ისეთი მენიუს შექმნა, რომელიც რამდენიმე საათის და დღის შემდეგაც შეინარჩუნებდა იმ გემოსა და ტექსტურას, რასაც ადამიანი რესტორნისგან ელოდება. ამ პროცესმა არაერთი ექსპერიმენტი და მომზადების ტექნოლოგიის ცვლილება მოითხოვა", გვიყვება ერიკ სარქისიანი, Chef's Fridge-ის თანადამფუძნებელი და შეფმზარეული.

სტარტაპის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ინოვაციური ფორმატის დანერგვა გაბედულებასთან ერთად, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის დიდ გრძნობასაც მოითხოვს. კვების სექტორში ნდობის მოპოვება პროდუქციის სტაბილურ ხარისხზე გადის, რის გამოც Chef's Fridge-მა აგრესიულ, სწრაფ გაფართოებას გააზრებული, ეტაპობრივი ზრდის სტრატეგია ამჯობინა.

საწყისი ფაზა მთლიანად დაეთმო მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებას, მენიუსა და პროცესების ოპტიმიზაციას. კომპანიის მიზანია, შექმნას ღირებული ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც სტუდენტებს, ლექტორებსა თუ ოფისის თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფს.

"როდესაც საკვებზე მუშაობ, ადამიანების ნდობასაც იღებ პასუხისმგებლობად. თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველაზე სწორი გზა სწრაფი გაფართოება კი არა, ხარისხიანი დასაწყისი იქნებოდა. ამიტომ პირველი ეტაპი უფრო დაკვირვებას, სწავლასა და მომხმარებლის მოსმენას ეთმობა, ვიდრე მასშტაბურ ზრდას", ამბობს ნიკა ნაროზაშვილი, Chef's Fridge-ის თანადამფუძნებელი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Chef's Fridge-ის განვითარების ხედვა მასშტაბზე მეტად სწორედ სისტემურ სიმწიფეს უკავშირდება. კომპანიის სტრატეგია ითვალისწინებს ახალი ლოკაციების იმ ეტაპზე დამატებას, როდესაც გარანტირებულია პროდუქტის უცვლელი ხარისხი.

სწორედ ამ გეგმის ფარგლებში, სექტემბრიდან სტარტაპი კიდევ ერთ ლოკაციას ამატებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს B2B მოლაპარაკებები მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან, რომელთაც სურთ Chef's Fridge-ის თანამედროვე თვითმომსახურების დანადგარის საკუთარ საოფისე სივრცეებში ინტეგრირება.

"ჩვენთვის წარმატება ახალი ლოკაციების რაოდენობით არ იზომება. წარმატება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი მეორედ ბრუნდება, რადგან იცის, რომ ზუსტად იმ ხარისხს მიიღებს, რომელსაც ელოდება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის"