როგორ გავატაროთ საინტერესოდ შაბათი-კვირა ბათუმში ქალაქი რა ქალაქია, თუ მისი ქუჩები ზღვისკენ არ მიემართება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბათუმში სულ მცირე – შაბათი-კვირის დასვენება დიდ ქალაქებთან შედარებით ნაკლებ საცობს, ყოველდღე ზღვის ნახვის შესაძლებლობას ნიშნავს. ნებისმიერი სირთულის დღეს თუ ზღვისპირა კაფეში ასრულებ ფინჯანი ყავით, ყველა დაბრკოლება მსუბუქად გეჩვენება. მართალია, ეს ამბავი ბრიტანელ მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ასეა და მეტსაც გეტყვით – ზღვისპირა ქალაქში დასვენების შემდეგ ნებისმიერი ჩვენგანი, როგორ ლამაზ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდეს, ზღვას ეძებს და ფიქრობს: ქალაქი რა ქალაქია, თუ მისი ქუჩები ზღვისკენ არ მიემართებაო.
ზაფხულია. სამუშაო დღეებში კი, ცხადია, სამსახურისკენ მიიჩქარი დღის გეგმით, ზღვისგან მოშორებულ ქალაქში. ამ დროს, სადღაც ზღვასთან ახლოს ტურისტები ბატიბუტის კნაწუნით, ტივტივებით და შლაპებით აუჩქარებლად მიუყვებიან გზას ბულვარისა და ზღვისკენ. შენ შენს ქალაქში იხუთები. ძალიან სევდიანი შეგრძნებაა, ძალიან.
თუმცა ახლოვდება შაბათი-კვირა და ალაგებ ზურგჩანთას, მატარებლის ბილეთი ბათუმისკენ კარგა ხნის წინ გაქვს დაჯავშნილი. ცოტას ჩათვლემ მატარებლების ბორბლების ხმაურში და როცა იღვიძებ, უკვე ზღვის სანაპიროს მიუყვება მატარებელი. მალე შენც ბატიბუტს აკნაწუნებ, ტივტივაც გაქვს და დასვენების მთელი ორი დღეც ზედიზედ შენია. მოქოქავ ველოსიპედს და პირველ რიგში, რას იზამ? რა თქმა უნდა, ზღვას მიაშურებ.
დილით ზღვა მშვიდი, კამკამა და სუფთაა, მხოლოდ ქოლგას ქირაობ, შეზლონგს – არასდროს. ვისთვის როგორ, მაგრამ მზით გამთბარ, მარილიან ქვებზე წოლას ზაფხულში არაფერი სჯობს, ამ დროს მზე შენი სხეულის ნაწილი ხდება და ზუსტად იმდენ ენერგიას აგროვებ, რამდენიც ზამთრის ნაცრისფერი დღეების დასაძლევადაა საჭირო.
ზღვა საშინლად აშიებს. მაგრამ ზღვისპირეთში ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურთან შეხვედრა სავალდებულო რიტუალია და ბევრსაც ვერაფერს გაკლებს – ფეხით ან ველოსიპედით გაივლი ბულვარის ერთი ბოლოდან მეორემდე და ეგაა.
და რატომ მოსწონთ ტურისტებს ბათუმი? ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან, ქალაქი პატარაა. ზღვაში იბანავებ, კატარღით ან გემით გაისეირნებ, წყალი თუ მოგბეზრდა და ცაში აჭრა გინდა, საბაგიროთი ან პარაშუტით გადაუქროლებ ქალაქს, ველოსიპედით ისეირნებ ბულვარში და ათასი სხვა რამ.
საქართველოს სხვა, მთაგორიანი ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმს გაუმართლა – ვაკეზეა გაშენებული და ველოსიპედით მშვენივრად გადაადგილდება მონდომებული ადამიანი, ქალაქის თუნდაც ერთი ბოლოდან მეორესკენ, ოღონდ ერთი მთავარი პრინციპით უნდა იარო: მხოლოდ ზღვისპირა ველობილიკზე, მერე კი ქალაქის შიგნით, შენთვის სასურველ ადგილზე შეუხვიო – ასე მანქანების გამონაბოლქვსაც ასცდები და გზას სიამოვნებად აქცევ. თუ დილაადრიან ბულვარში ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, უცებ მიხვდებით, რა სიამოვნებაც გელით: ზღვის ტალღებისა და ველოსიპედის თვლების სასიამოვნო ხმაზე, ერთდროულად რომ ჩაგესმის.
თუ საკუთარი ველოსიპედი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბათუმველოს ველოსიპედებით ისარგებლოთ, რისთვისაც ველობარათის შეძენა დაგჭირდებათ. ერთწლიანი ბარათი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბარათის ღირებულებაა, 10 ლარი ანგარიშზე ირიცხება); ათდღიანი – 10 ლარი (4 ლარი ბარათის ღირებულებაა, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე). ბარათის შეძენა და ბალანსის შევსება ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ, ბარათის შეძენისას თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობაც.
ველობილიკიდან საბაგიროზე გადავინაცვლოთ. ციდან ქალაქი სხვანაირია. საბაგიროდან ოცი წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დააკვირდეთ სანაპირო ზოლს, ლანდშაფტს, ერთ, ვრცელ სურათად აღიქვათ სივრცე და ბათუმგორაზეც შეისვენოთ, საიდანაც სათამაშოებივით მოჩანს ზღვაში მიმოფანტული სხვადასხვა ფერის გემები.
საბაგიროდან დაბრუნების შემდეგ ზღვაზე დიდი გემით სულ რაღაც 10 ლარად ისეირნებთ ნახევარ საათს. გემი ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის ნავსადგურთან ახლოს მდებარე იახტკლუბიდან. თუ მეგობრებთან ერთად გასეირნება გსურთ, კატარღაც შეგიძლიათ დაიქირაოთ. 4- 5 მგზავრზე გათვლილი კატარღით გასეირნება 30 წუთით 80 ლარი დაგიჯდებათ. 7-8-კაციანი იალქნიანი გემის დაქირავება კი 1 საათით 200 ლარი ღირს.
პარაშუტით ფრენა ერთხელ მაინც უნდა სცადოთ ცხოვრებაში, ღირს ამისთვის 100 ლარის გადახდა და იმის გაგება, თუ რას გრძნობენ ჩიტები ფრენისას.
ბათუმში როცა ხარ, ვერც მეთევზეებს აუვლი გვერდს. ივნის-ივლისში ბათუმის პორტში, ძირითადად, კეფალსა და სტავრიდას იჭერენ. პორტში გავლისას ამ ამბების მაყურებელი აუცილებლად გახდებით… ერთ დღესაც, შეიძლება ბათუმში წამოსვლისას საკუთარი ანკესი იყიდოთ და ისე გამოეშუროთ – მიუდგებით გვერდით მეთევზეებს და საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ მოყვებიან თევზები მწკრივებად.
იცოდით, რომ აჭარაში წყალქვეშაც შეგიძლიათ ჩაყვინთოთ? – თუ დაივინგი გაინტერესებთ, სარფის წყალქვეშა სამყაროს დაგათვალიერებინებენ, პირისპირ შეხვდებით წყალმცენარეებს, თევზებს და კიბორჩხლებს, სურვილის შემთხვევაში კი, წყალქვეშა ფოტოსესიასაც მოგიწყობენ. ამისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ.
თუ ბათუმიდან შორს წასვლა არ გინდათ, მაგრამ ხალხმრავალი პლაჟიც მოგბეზრდათ, შეგიძლიათ კვარიათს მიაშუროთ. აქ ზღვა განსაკუთრებით სუფთაა, დილაობით ხალხი ნაკლებია ბათუმთან შედარებით და პლაჟთან ძალიან ახლოსაა ამწვანებული მთები.
ბათუმში გატარებული აქტიური შაბათის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ქალაქისგან ცოტათი მოშორება, მეტი სიმწვანე და მთის სუფთა ჰაერი. ბათუმის უნიკალურობაც ამაშია – თუ ზღვა მოგბეზრდებათ, ახლომდებარე, სულ სხვა სამყაროში შეგიძლიათ გახიზვნა: ზუსტად ასეთია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მუდამ მოყვავილე, მშვიდი, მწვანე და მყუდრო. აქ შეგიძლიათ მთელი დღე დაჰყოთ, ისეირნოთ, იკითხოთ, შეიძინოთ იშვიათი ნერგები და დატკბეთ ხედებით ზურმუხტისფერ ზღვაზე.
ველომოყვარული თუ ხართ, კვირა დღის დაგეგმვა ცოტათი უფრო სხვანაირადაც შეგიძლიათ – ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მირვეთში. მირვეთი პატარა სოფელია, აქ სულ 16 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ორღობეებში, რომლებიც ხის ძველ სახლებსა და ნალიებს შორის მიიკლაკნება, ველობილიკებია მოწყობილი. თუ ბულვარში ველოსიპედით სეირნობისას ზღვის შრიალს უსმენთ, მირვეთში ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე შეგიძლიათ ისეირნოთ უზარმაზარი ხეებით დაბურულ, მწვანე სოფელში. მირვეთის ჩანჩქერთან, რომელიც 20 მეტრი სიმაღლიდან ეშვება, შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ და იბანაოთ კიდეც. ჩანჩქერამდე უძველესი კოლხური ბზის ბილიკი მიგიყვანთ. სოფელში ტურისტული ადგილები მარკირებულია და ყველაფერს მარტივად მიაგნებთ.
ჯერ კიდევ სამსახურში ხართ, მაგრამ აგვისტოს თვე დაგრჩათ – ოთხი, უძვირფასესი შაბათი-კვირით. ჩაალაგეთ ბარგი და მთავარია, გეზი ბათუმისკენ აიღეთ. დასალაშქრ ადგილებზე ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი – აქეთ ლურჯი ზღვა გვაქვს, იქეთ – მწვანე მთები.