Get All Access for $5/mo

როგორ გავლენას ახდენს პირატული საიტები კულტურის სფეროში დასაქმებულებზე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე თვის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში ფილმების პოპულარული პორტალები − Adjaranet და iMovies გაითიშა, რითაც ქართველ მომხმარებლებს ფილმებისა თუ სერიალების უფასოდ ნახვა შეეზღუდათ. გათიშვის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდო მიზეზად საავტორო და მომიჯნავე უფლებების შელახვა სახელდება. საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეხედულებით, პირატული კონტენტის ნახვა არალეგალური წყაროებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემას არ წარმოადგენს. მომხმარებელთა დანარჩენ ნაწილს კი მიაჩნია, რომ ინტერნეტსივრცეში მოპარული კონტენტის არსებობა საერთაშორისო მასშტაბით აზარალებს როგორც ქვეყნის იმიჯს, ისე ინდუსტრიასა და მასში დასაქმებულ ადამიანებს.

რას ფიქრობენ სპეციალისტები ინტერნეტსივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელებისა და საავტორო უფლებების დაცვის შესახებ? − ამჯერად, Entrepreneur-ის შეკითხვებს ორგანიზაცია "გილდიას" თავმჯდომარე, გიგა ბექაური უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ "გილდია" წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს კულტურისა და მედიის სფეროში სამართლიანი სამუშაო პირობების დასამკვიდრებლად.

რამდენიმე თვის წინ პოპულარული ქართული საიტების გათიშვამ საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა − ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ონლაინ სტრიმინგ-პლატფორმების შემაფერხებელ ფაქტორებს. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება − რა შეიძლება იყოს Adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვის სავარაუდო მიზეზები?
მითითებულ საიტებზე სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია (ფილმები) განთავსებული იყო შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც წარმოადგენდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შელახვას. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რასაც საქართველოს ბაზარზე შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, განსაკუთრებით − კინოინდუსტრიაში.

ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს მისი შემოქმედი პირებისათვის კომერციული დანიშნულების საგანს. ადამიანები/კომპანიები ქმნიან პროდუქტებს, რომლებსაც ბაზარზე ღირებულებითი მნიშვნელობა აქვს. მისი გასხვისებით, გამოყენების ლიცენზიის გაცემით აღნიშნული პირები იღებენ შემოსავლებს, ინაზღაურებენ ხარჯებს და აქვთ მოგება.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მითითებული საიტების გათიშვის მიზეზი სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იყო. აღნიშნული, როგორც ირკვევა, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელდა.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე გაჩნდა ქართული კომპანიაც, რომელიც კანონიერად მოპოვებული უფლებების პირობებში იწყებს საქმიანობას, კინოფილმების განთავსებას. ბუნებრივია, ეს ფაქტორები დამატებით მოქმედებს და კომპანიებს უჩენს ინტერესს უკანონოდ მოპოვებული პროდუქტის გამოყენება კონკრეტულ საიტებს შეუზღუდონ.

გიგა, თქვენი აზრით, რატომ სარგებლობს დიდი პოპულარობით ე.წ. "მეკობრული" კონტენტი? რამდენად არის დაკავშირებული მოპარული კონტენტის პოპულარობა იმასთან, რომ საქართველოში რეგიონული მასშტაბით კინოთეატრები არ არის ხელმისაწვდომი?
ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ეკონომიკური და სოციალური გარემოებები. მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველთვიური შემოსავალი, როგორ წესი, ყოველდღიური მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, ლეგალური საიტებით სარგებლობა ჩვენს საზოგადოებაში ფუფუნებაა. ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა თანხა გადაეხადა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა მაგალითად Netflix თუ სხვა. თუმცა, ამ პირობებში ინტერესი კინოფილმებისადმი მაღალი იყო. ბაზარზე გახლდათ მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნაში თანხის გადახდის მსურველი (შემძლე) ნაკლები. შესაბამისად, რიგმა კომპანიებმა (რომლებიც მეკობრულ კონტენტს სთავაზობდნენ მომხმარებელს) საკუთარი კომპანიებისათვის მოგებისა და პოპულარობის ეს გზა აირჩიეს. ამისათვის მათ რაიმე არსებითი სანქციები არ ეკისრებოდათ, ხოლო საზოგადოებაში მოთხოვნა არსებობდა, რითაც მდიდრდებოდნენ (რეკლამებს ათავსებდნენ საიტებზე), ასევე, ამავე კომპანიას უწევდნენ პოპულარიზაციას (მაგალითად, "აჭარა ჯგუფი").

კინოთეატრების კონცენტრაცია დიდ ქალაქებში განპირობებულია ეკონომიკური გარემოებებით. ქალაქებსა და რეგიონებს შორის არსებობს მაღალი საშემოსავლო უთანასწორობა. რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურად ღარიბ რეგიონში ძვირადღირებული კერძო კინოთეატრის გახსნას, თუ იქ ვერავინ შევა? მნიშვნელოვანია, ვეწინააღმდეგებოდეთ იმგვარ ფაქტებს, როგორიც ხდება სენაკში, როდესაც მუნიციპალური კინოთეატრის განახლების მაგივრად, ინფრასტრუქტურა გადაეცემა სუპერმარკეტს. არ შეიძლება კულტურა, როგორც პროცესი, დაექვემდებაროს მხოლოდ კომერციულ ლოგიკას.

ამის მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე გახლავთ ის, რომ მუნიციპალური კინოთეატრები ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს. მაგალითისთვის, ახლა, ზუსტად ამ დღეებში, სენაკში ძველი მუნიციპალური კინოთეატრის შენობას, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სუპერმარკეტს გადასცემენ. მანამდე, რუსთაველის კინოთეატრი გადაიქცა კომერციულ სასტუმროდ და კიდევ უფრო მანამდე, "აპოლოს" არქიტექტურა მოერგო პრივილეგირებულთა რესტორნის ფუნქციებს.

საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება კერძო კინოთეატრებზე, რადგან ძვირია, ქართულ ტელეკომპანიებში კი საინტერესო ნამუშევრების პოვნა არცთუ ადვილია. აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს არალეგალურ გზას.

კულტურის მუშაკების ინტერესებიდან რომ გამოვიდეთ, მათთვის წარმოადგენს თუ არა საფრთხეს მეკობრული საიტები? რამდენად აზარალებს მათ მსგავსი პლატფორმები?
რა თქმა უნდა, უდიდესი საფრთხეა. ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისადმი უდიერი დამოკიდებულება ავტომატურად იმავე განწყობას აყალიბებს საზოგადოებაში ნებისმიერი ინდუსტრიის მიმართ. იდენტური რისკისა თუ რეალური პრობლემის წინაშე დგანან ავტორები, რომელთა ნაწარმოებები (წიგნები) ხშირ შემთხვევაში სრულიად უნებართვოდ არის განთავსებული საიტებზე.

მაგრამ, უნდა გავიაზროთ, რომ ლეგალური პლატფორმის შექმნა პირდაპირ არ ნიშნავს სახელოვნებო სფეროში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მკაფიოდ ვიცოდეთ, თუ როგორი სტრატეგიით იმუშავებს კონკრეტული კომპანია. ერთია საავტორო უფლებების დაცვით სარგებლობდნენ დიდი კორპორაციები და მეორეა, ამ სარგებლის სამართლიანი წილი მიდიოდეს შემოქმედებთან ან/და ავტორთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების ნებისმიერი ფორმის გადაცემისას სახელოვნებო სფეროში მომუშავე პირებმა კონსულტაცია გაიარონ შესაბამის იურისტებთან. ამისათვის შეუძლიათ მომართონ გილდიას.

რას მოუტანს საქართველოს ლეგალური სტრიმინგ-პლატფორმის ამუშავება? იმოქმედებს თუ არა ეს თუნდაც კულტურის მუშაკების შემოსავალზე?
მთლიანად ამ საკითხს აქვს როგორც სამართლებრივი, ისე მორალური და სოციალური განზომილება, ჩვენ სამართლებრივ საკითხს გარკვეულწილად შევეხეთ. რაც შეეხება მორალურ და სოციალურ განზომილებას, შევეცდები ესეც განვმარტო. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი გარკვეულ სარგებელს მოუტანს ხელოვნების სფეროში დასაქმებულებს, განსაკუთრებით ეს ეხება კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და გილდია შეეცდება რომ საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტების შედგენის პროცესში სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ პირს სრულიად უფასოდ. თუმცა, სამწუხაროა ის, რომ რეფორმა ამ ეტაპზე მძიმედ დააწვება ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებს, ან უარეს შემთხვევაში, მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის კინონამუშევრების ნახვის შესაძლებლობა მეტად შეიზღუდება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებას არ გააჩნია კერძო კომპანიების ნდობა და ადვილად ამხელს ამ შემთხვევაში ფაქტობრივ მანიპულაციას. საავტორო უფლებების ვაჭრობით დაინტერესებული კომპანიები საკუთარ კომერციულ სტრატეგიას საზოგადოებრივ სიკეთედ ასაღებენ და წარმოაჩენენ ისე, თითქოს ეს ქართული კინოს გადასარჩენად კეთდება, რაც მცდარია. კერძო კომპანიებმა უნდა თქვან სიმართლე, მათ სჭირდებათ სარგებლის მიღება ამ საქმიანობით და ქართული კინო ამ შემთხვევაში ცოტას თუ აინტერესებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორი პოლიტიკა ექნება მაგალითისთვის "კავეა+"-ს, რათა ვიმსჯელოთ უფრო დეტალურად. იმედია მათი პოლიტიკა არ იქნება იმგვარი, როგორც მაგალითად საქართველოში კერძო კომპანიები უდგებიან დაქირავებით შრომაში ჩართულ ადამიანებს. ანუ იმედს ვიტოვებთ, ორგანიზაცია გამოავლენს მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას როგორც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლების, ისე მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ.

ფაქტი, რომ უკანასკნელ რამდენიმე დღეში მომხდარი ფაქტები ბევრ შეკითხვას აჩენს და ბევრი ადამიანის წუხილსაც იწვევს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავაკნინოთ ან გადავდოთ ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, პირიქით − ჩვენ უნდა გავიაროთ "ლეგალიზების" პროცესი. მთავარია გავარკვიოთ, როგორ ვაპირებთ ამ პროცესის წარმართვას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეთა ინტელექტუალური საკუთრება, ისევე, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაა აღმოფხვრას სიღარიბე და უზრუნველყოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ სიკეთეებზე.

ქართული სტრიმინგ-პლატფორმების მომხმარებელი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებდა მოპარულ კონტენტს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, საზოგადოებამ გამოიყენოს ლეგალური გზები და თუნდაც, ფილმისა თუ სერიალის ნახვაში გარკვეული თანხაც გადაიხადოს?
სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გარკვეული თვალსაზრისით შეუძლიათ შეზღუდონ ინტერნეტში კინონამუშევრების არალეგალური გავრცელება, თუმცა მთლიანობაში აღნიშნული პრობლემები მხოლოდ აკრძალვით ვერ მოგვარდება.

ამისათვის საჭიროა, საჯარო თუ კერძო პირების მიერ ხარისხიანი სერვისის შეთავაზება მოქალაქეებისთვის, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ სანდოობა უნდა გაგვიჩნდეს ოპერატორებისა და შუამავლების მიმართ, რაც ამგვარი მონოპოლიის პირობებში შეუძლებელია.

როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობაა, ქართველ კინომანებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი პლატფორმები? ამიერიდან, სად შეძლებს მომხმარებელი კონტენტის გამოყენებას?
თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად უნდა ეცადოს იმგვარად იმოქმედოს, რომ არც პირდაპირ და არც ირიბად არ შელახოს სხვისი უფლებები. სწორედ ამიტომ კინომანებმა ფილმებს უნდა უყურონ ლეგალური საშუალებებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, გვახსოვდეს სახელმწიფოსა და კორპორაციების პასუხისმგებლობები.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ უსახსრობის გამო ადამიანები ჩამოსცილდნენ კულტურას. კორპორაციები უნდა გაკონტროლდნენ, რათა არ მიეცეთ შესაძლებლობა შექმნან მონოპოლია ბაზარზე.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს საავტორო და სხვა მომიჯნავე უფლებების დაცვას ისევე, როგორც გვავალდებულებს შრომითი უფლებების დაცვას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ანტიმონოპოლიური ბაზრის უზრუნველყოფას, ბანკებისა და ფარმაცევტიკის რეგულირებას, კულტურის დაფინანსების წესის რეფორმას და ა.შ. ჩვენ ყველას ამ საკითხის მიმართ გვჭირდება ეფექტურობა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების ნაწილში.

ასეთ დროს ჩნდება იმგვარი უწყებების როლი, როგორიც არის მაგალითისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც შეუძლია ხელმისაწვდომი სერვისის შეთავაზება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის. კინოსა და ხელოვნებას აქვს განსაკუთრებული როლი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების, განათლების მიღების პროცესში და ა.შ. სწორედ ამიტომ, საყოველთაობა მნიშვნელოვანია და ეს უკვე ჩვენი, სოციალური, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა