Get All Access for $5/mo

როგორ გვეხმარებიან ისააკ ნიუტონი და რიჩარდ ბრენსონი შიშის დაძლევასა და მიზნის მიღწევაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის დაწყება, აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება, ან პიროვნული განვითარება ისეთი მარტივი არასოდეს ყოფილა, როგორიც დღესაა. ეს კი, ციფრული ინსტრუმენტების, ინფორმაციაზე წვდომისა და ნებისმიერ საკითხში ზედმიწევნით ზუსტი ინსტრუქციების ხელმისაწვდომობამ განაპირობა. ამის ფონზე, ალბათ ხშირად გაგჩენიათ შეკითხვები: რატომ ვდებთ საქმეებს ხვალისთვის? რატომ არ გადავდივართ ოცნებებიდან საქმეზე? რატომ ვწუწუნებთ გაშვებულ შესაძლებლობებზე? და ა.შ.

ამ სტატიით, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმის გარკვევაზე, თუ როგორ დავიწყოთ იმის კეთება, რაც დიდი ხანია გვხიბლავს და რა ძალა გვაკავებს, რა გვამუხრუჭებს ჩვენი მიზნების განხორციელების გზაზე. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია, რასაც ნიუტონის პირველი კანონიც მოწმობს − "სხეული უძრავია, ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს". ახლა ვეცადოთ ეს სამეცნიერო განმარტება, ყოფით, ცხოვრებისეულ მოვლენებს მივუსადაგოთ.

თვითგადარჩენის ინსტინქტი, ანუ განვითარების მუხრუჭი

ადამიანში თანდაყოლილი თვითგადარჩენის ინსტინქტი, როგორიცაა საფრთხისგან გაქცევა, ან ბრძოლა სარჩოსათვის, ისტორიის განმავლობაში კაცობრიობის კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უნარი გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს გადარჩენაში ეხმარებოდა, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ "დათვურ სამსახურს" გვიწევს. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ რაიმე ქმედებით იგი არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან ეს პროცესი ტკივილს მიანიჭებს, ავტომატურად, ქვეცნობიერად გაურბის ამ ქმედების განხორციელებას.

თვითგადარჩენის ინსტინქტი და შიშის გრძნობა ადამიანს ხშირად უკან ახევინებს. კონკრეტული ამოცანის გადაჭრისას, რიგ შემთხვევებში, ან ხვალისთვის ვიტოვებთ საქმეებს, ან სულაც, არ ვასრულებთ, ვინაიდან წარუმატებლობისა და კრიტიკის გვეშინია. ცხადია, სამსახურებრივ სტრესს ყოველთვის ვამჯობინებთ საყვარელი სერიალის ნახვას, თუმცა დავფიქრდეთ იმაზე, ღირს თუ არა შიშის გამო, განვითარებაზე უარის თქმა?

მეორე მხრივ, ეს შიში, უფრო სწორად მისი დათრგუნვა, შესაძლოა თქვენი საუკეთესო მეგობარიც გახდეს, ვინაიდან კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სირთულეებთან შეჭიდება, პიროვნულ ზრდაში გვეხმარება. როგორც ამბობენ, "სჯობს ინანო იმაზე, რაც გააკეთე, ვიდრე − არგაკეთებულზე". ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია ამა თუ იმ გამოწვევასთან გამკლავებით და რა შესაძლებლობებს გავუშვებთ ხელიდან.

არსებობს ასეთი მეთოდი: როდესაც რაიმე საქმეს ხვალისთვის გადადებთ, დასაწყისისთვის გააცნობიერეთ და აღიარეთ ეს ფაქტი, შემდეგ ჩაინიშნეთ, რას გრძნობთ ამ მომენტში, ამოიცანით შიში და არ მისცეთ მას გაბატონების უფლება. ამ მიდგომით, არა მარტო შიშის ჩანასახშივე აღმოფხვრას შეძლებთ, არამედ მომავალში მისი გამეორების ალბათობას შეამცირებთ.

მაკრომისია

მაკრომისია ის ფოკუსია, რომელსაც ყველა ჩვენი მიმდინარე საზრუნავი, მოკლევადიანი მიზანი, სამოქმედო გეგმა და რუტინა უნდა შევუსაბამოთ და დავუქვემდებაროთ. ასეთი მისიის არსებობა შიშის სათავის ამოცნობასა და ანალიზზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. იგი გვეხმარება ჩვენი თითოეული ქმედების სისტემატიზებაში და იმაშიც, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ დასახულ მიზნებს. მასშტაბირებადი ბიზნესისათვის, ძლიერი კორპორაციული კულტურის არსებობამ, რომელიც მისიასთან თანხვედრაშია, შესაძლოა თქვენი მომავალი წარმატება ან წარუმატებლობა განსაზღვროს. მისია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ როდესაც რაიმეს ხვალისთვის გადადების სურვილი გაგვიჩნდება, კომფორტის ზონიდან გამოგვიყვანოს და სწორ ბილიკზე დაგვაბრუნოს.

მაკრომისიის მიგნება რთული პროცესია და შეიძლება, თქვენი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეიცვალოს კიდეც. საიმონ სინეკი, თავის წიგნში "პირველად იყო რატომ", წერს, რომ მიზნის ამოსაცნობად, ადამიანი თავის წარსულს უნდა დააკვირდეს. საკუთარი ღირებულებებისა და პიროვნული ზრდის ვექტორის ამოსაცნობად, ჩვენ უნდა შევაფასოთ − რა, როგორ და რისთვის გვიკეთებია აქამდე ცხოვრებაში. ამრიგად, წარსული გამოცდილების გადააზრება, საკვანძო მომენტია.

ახლა ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც შემოსავლის მისაღებად, ნებისმიერს შეუძლია აკეთოს ის, რაც სიამოვნებს − YouTube-ის, Patreon-ის, Twitch-ისა და სხვა პლატფორმების საშუალებით. პირადი მისიის აღმოსაჩენად კი, საჭიროა ვიყოთ გულწრფელი და გვესმოდეს საკუთარი თავის. დავფიქრდეთ, რა გამოგვარჩევს ყველასგან, რა გვანიჭებს სიამოვნებას და გამოვიჩინოთ რაც შეიძლება მეტი გამბედაობა მისიის შესასრულებლად.

რას გვიშვრება ეს მოტივაცია?

არ უნდა გვეგონოს, რომ მოტივაციის ნაკლებობაა ჩვენი სიზარმაცის მთავარი გამომწვევი. იგი ჩვენი მაკრომისიისკენ მიმავალი თანმიმდევრული გზაა, რომელიც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. როდესაც ვინმე რაიმე ფასეულს აკეთებს თქვენ გარშემო და მას ეს კარგად გამოსდის, ჩვენც გვიჩნდება სურვილი ასე მოვიქცეთ და მივბაძოთ მას. ეს ალგორითმი წონის კლებაზეც მუშაობს. როცა ჭარბწონიანი ადამიანის ტრანსფორმაციას ვხედავთ, ჩვენც სტიმული გვეძლევა სავარჯიშო დარბაზში შესასვლელად, თუმცა ეს გარე, პასიური მოტივატორია.

ნამდვილი მამოძრავებელი ძალა, რომელიც არასოდეს ქრება და ნაკლებად ექვემდებარება გარე ფაქტორებს, ჩვენი შინაგანი მოტივაციაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვაჯობებთ საკუთარ თავს, გადავდგამთ პირველ ნაბიჯს და ხელშესახებ შედეგებსაც ვხედავთ. ასეთ დროს, ჩვენ უჯრედულ დონეზე ვგრძნობთ ცვლილებებს, გამოიყოფა დოფამინის ჰორმონი და დამოკიდებული ვხდებით იმაზე, რომ არასოდეს დავნებდეთ. ეს სასარგებლო დამოკიდებულებაა, რომელიც რეგულარული ჩვევებისა და რიტუალების გამომუშავებით მიიღწევა.

მიკრომიზნები და წარმატების აღნიშვნა

ახლა უკვე, როდესაც მოტივაციის მნიშვნელობასა და პირადი მისიის არსებობის აუცილებლობას მივხვდით, შემდეგი ნაბიჯია დავისახოთ მიკრო, მარტივად მისაღწევი მიზანი. ეს გვეხმარება ჩვენი გრძელვადიანი მისიის დაქუცმაცებაში და მიზნისკენ მიმავალ გზაზე კონცენტრაციაში. ვაქციოთ ჩვენი პირველი ნაბიჯები, რაც შეიძლება მცირედ. ნილ არმსტრონგის ცნობილი ფრაზა რომ გადავასხვაფეროთ: "ეს ერთი პატარა ნაბიჯია თქვენთვის, თუმცა გიგანტური ნახტომია თქვენი მაკრომისიისათვის".

სპორტული ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მთავარი არის პროცესი და არა შედეგი. ვიყოთ კეთილი საკუთარი თავის მიმართ და მცირე მიღწევების აღნიშვნის არ შეგვეშინდეს. ამით ჩვენი ქვეცნობიერი "მიხვდება", რომ მიზნების შესრულება სიამოვნებაა და არა რუტინული სამუშაო. თუ მიზანს ვერ მიაღწევთ, არ იდარდოთ. ვაღიაროთ, რომ ეს პროცესის ნაწილია და შემდეგ ჯერზე ვეცადოთ შეცდომის გამოსწორებას.

ახლა კი მარტივი სავარჯიშო: დაწერეთ, ერთი, თქვენი აზრით, მარტივად მისაღწევი დავალება საკუთარი თავისათვის. გამოყავით კონკრეტული დროის მონაკვეთი, მაგალითად 5 წუთი, და ამ დროის განმავლობაში, ეცადეთ ამ მარტივი დავალების შესრულებას. იკითხეთ წიგნი 5 წუთის განმავლობაში, ირბინეთ, დაუთმეთ ეს 5 წუთი მედიტაციას, ჩაწერეთ ვიდეობლოგი Youtube-ისთვის, შემდეგ აღნიშნეთ თქვენი გამარჯვება და განაგრძეთ მუშაობა.

მიბაძეთ Nike-სა და რიჩარდ ბრენსონს

Just Do It ("უბრალოდ გააკეთე") – Nike-ს ეს ცნობილი სლოგანი, ნათლად გამოხატავს იმ ფილოსოფიას, რომელსაც რიჩარდ ბრენსონი თავის წიგნში "Screw it, Let's Do it" ავითარებს. ნუ ფიქრობთ ზედმეტს, იცხოვრეთ მოცემული მომენტით და ჩაახშეთ ზედმეტი შინაგანი ხმები. საკუთარ თავთან ხანგრძლივი დიალოგები გვიბიძგებს ნებისმიერ მოვლენას ზედმეტი რაციონალურობით მივუდგეთ და მაქსიმალურად გამოვრიცხოთ რისკ-ფაქტორები, რაც ჩვენს წარმატებას გვაშორებს. უამრავი სპორტული მწვრთნელი ამბობს, რომ ადამიანმა თავის თავს 4-წამიანი ლიმიტი უნდა დაუწესოს, რის შემდეგაც საქმეს უნდა შეუდგეს. როდესაც რამე მოგაფიქრდა, გააკეთე, შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ გააკეთე.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, როდესაც პირველ ნაბიჯს გადავდგამთ, ყოველი მომდევნო ნაბიჯი მარტივდება. ნიუტონი გვეუბნება, რომ მოძრავი სხეული ასეთად რჩება, სანამ მასზე რაიმე ძალა არ ზემოქმედებს. თუმცა, ჰიტ ლეჯერის ჯოკერიც გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას "ბნელ რაინდში": "როგორც იცით, სიგიჟე გრავიტაციას ჰგავს, მას მხოლოდ მცირედი ბიძგი სჭირდება".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი