როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღესდღეობით, გაგვიჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც საკუთარი საქმიანობის სფეროს მიუხედავად, "სილიკონ ველის" შესახებ არაფერი სმენია. თუმცა, ამ ტექნოლოგიურ "მექას", სილიკონთან, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილი გაგებით, არანაირი კავშირი არ აქვს. მაშინ რატომ ეწოდა მას ეს სახელი? რით დაიწყო "სილიკონ ველის" ისტორია და რატომაა იგი ასეთი მიმზიდველი ტექნოლოგიური სამყაროსათვის? − ვეცდებით, ამ სტატიით გაგაცნოთ "სილიკონ ველის" ისტორია და მოკლედ მიმოვიხილოთ ის საკვანძო ფაქტორები, რამაც იგი მსოფლიოში განთქმულ კომერციულ ცენტრად აქცია.
"სილიკონ ველი", სან ფრანცისკოს ყურეს სანაპიროზე, 1,6 კმ მანძილზეა გადაჭიმული. ეს ტერიტორია ბუნებრივი სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩევა, სადაც ადამიანს, სულ რაღაც 30 წუთში წყნარი ოკეანის სანაპიროზე შეუძლია აღმოჩნდეს, ხოლო რამდენიმე საათში ტაჰოს ტბისა და იოსემიტის ეროვნული პარკის მშვენებით დატკბეს. მაგრამ მაინც, რატომ − "სილიკონის ველი"?
ამ შემთხვევაში, საქმე არასწორ თარგმანსა და შეცდომით დამკვიდრებულ ტერმინთან გვაქვს. ინგლისური Silicon Valley, მომდინარეობს არა "სილიკონისგან", არამედ სილიციუმისგან, რაც იგივეა, რაც ჩვენებური კაჟი. ანუ, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ამ ალაგს "სილიციუმის ველი", ანდაც "კაჟის ველი" უნდა ვუწოდოთ. აქვე, კანონზომიერი იქნება შეკითხვა − "რა შუაშია სილიციუმი"? რასაც მოგვიანებით გიამბობთ.
"სილიკონ ველიში" განლაგებული კომპანიების ჯამური კაპიტალი 3 ტრილიონ დოლარს აღწევს. შედარებისათვის, ეს 200-ჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს და ოდნავ მეტია პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთო მშპ-ზე. ეს ყველაფერი კი, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების დამსახურებით, როგორებიცაა Apple, Google, Tesla და ა.შ. როგორ მოახერხა "სილიკონ ველიმ" ტექნოლოგიური ინდუსტრიის ცენტრად ქცევა? ქრონოლოგიურად მივყვეთ.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, სან ფრანცისკოს ყურეში ნავსადგური გაიხსნა და მოსახლეობამ, სამუშაო ადგილების მოპოვების იმედით, ამ ახალ ურბანულ ცენტრში მოიყარა თავი. 1800-იანი წლების დასაწყისში, ნავსადგური საკმაოდ მძლავრ პორტად იქცა და ნავიგაციისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, "სილიკონ ველიში" ტელეგრაფ და რადიოინდუსტრიამ მოიკიდა ფეხი. იმ ეპოქისათვის რევოლუციურმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, სან ფრანცისკო და ახლოს მდებარე "სილიკონ ველიც" მოიცვა.
1909 წელს, ქალაქ სან-ხოსეში, აშშ-ში ერთ-ერთი პირველი რადიოსადგური გამოჩნდა და აქტიურ ოპერირებას შეუდგა. სულ მალე, რადიოკომუნიკაციების სწრაფმა განვითარებამ სამხედროების ყურადღებაც მიიქცია და 1933 წელს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა, დირიჟაბლ Macon-ის ტექნიკური მომსახურებისათვის, "სილიკონ ველიში" მდებარე "მოფეტის აეროდრომი" შეიძინა. ამ ფაქტმა "მოფეტი" და მთელი სან ფრანცისკოს ყურე, მთავარ სატრანსპორტო კვანძად აქცია და სამხედრო წარმოების გასავითარებლად, უამრავ მეცნიერსა და მკვლევარს მოუყარა თავი. 1939 წელს, აეროდრომის ტერიტორიაზე Ames-ის კვლევითი ცენტრი დაარსდა, რომელმაც 10 წლის თავზე, მსოფლიოში უდიდესი აეროდინამიკური გვირაბი დააპროექტა.
კაცობრიობის ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ სამოქალაქო დანიშნულების ტექნოლოგიურ მიგნებებს, ყოველთვის სამხედრო წარმოების გაფართოება და განვითარება უძღოდა. 1939 წელს ვილიამ ჰიულეტმა და დეივ პაკარდმა, გენერატორების მწარმოებელი კომპანია დააარსეს, რომელსაც მოგვიანებით HP-ის სახელით გაიცნობს მსოფლიო. მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანია რადიო ლოკატორებისა და საარტილერიო ტექნიკის წარმოებაზე გადაერთო და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტექნიკურ მხარდაჭერაზე ზრუნავდა.
ომის შემდგომ პერიოდში, ცნობილი საკომუნიკაციო კომპანია Bell Labs-ის ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, ვილიამ შოკლიმ, ტრანზისტორი, მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე კომპიუტერის პროცესორის პროტოტიპი გამოიგონა. საკუთარი საქმის წამოწყებით გულანთებულმა შოკლიმ 1956 წელს დატოვა Bell Labs და შორეულ კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც კომპანია "შოკლის ნახევარგამტარების ლაბორატორია" დააარსა. აქ ვუბრუნდებით ჩვენს მთავარ კითხვას − "რა შუაშია სილიციუმი"?! − შოკლი პირველი იყო, ვინც ტრანზისტორების დამზადება ტრადიციული გერმანიუმის ნაცვლად, სილიციუმისგან გადაწყვიტა. ვინაიდან ამ დიდი გამომგონებლის მიგნებამ სწრაფად გაითქვა სახელი და ახალმა ტექნოლოგიამ მარტივად მოიკიდა ფეხი, დღევანდელი "სილიკონ ველისა" და სილიციუმის კავშირი, მყარად დამკვიდრდა ადამიანთა გონებაში. შოკლისთან მუშაობის სურვილს აქტიურად გამოთქვამდნენ სტენფორდის კურსდამთავრებულებიც და სულ მალე, მან გარშემო უმაღლესი დონის პროფესიონალთა მთელი არმია შემოიკრიბა.
აღსანიშნავია, რომ ვილიამ შოკლი არცთუ კარგი ხასიათის ხელმძღვანელი ყოფილა და 1957 წელს უფროსის მითითებებისგან დაღლილმა 8 თანამშრომელმა კომპანია დატოვა. შოკლიმ, მათ Traitorous Eight ("მოღალატეთა რვაეული") უწოდა. მალევე, ისინი შერმან ფეირჩაილდთან გაერთიანდნენ და დააფუძნეს "ფეირჩილდის ნახევარგამტარები".
გასული საუკუნის 60-ანების დასაწყისში, ფეირჩილდი კოსმოსური პროგრამა "აპოლოს" კომპიუტერულ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მუშაობდა. 60-იანების ბოლოს კი, "მოღალატეთა რვაეულის" უმეტესობამ, გორდონ მურისა და რობერტ ნოისის ჩათვლით, ფეირჩილდიც დატოვეს და ამ უკანასკნელებმა, 1968 წელს, საკუთარი კომპანია − Intel დააარსეს. მოგვიანებით, დანარჩენმა "მოღალატეთა ექვსეულმა" კომპანია AMD და ვენჩურული ფონდი Kleiner Perkins დააფუძნა.
"სილიკონ ველის" ელვისებურ ტექნოლოგიურ ნახტომს 1969 წელს განვითარებულმა მოვლენებმაც შეუწყო ხელი. სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტი, სახელმწიფო კვლევით პროექტ Arpanet-ში ჩაერთო და ქვეყნის მასშტაბით გამართული ქსელის წევრი გახდა. საინტერესოა, რომ სწორედ ეს ქსელი, მოგვიანებით სამოქალაქო დანიშნულებისათვის დაუშვეს, რამაც იგი თანამედროვე ინტერნეტის "მშობლად" აქცია.
უკვე 1970 წლიდან, "სილიკონ ველის" კორპორაცია Xerox შეუერთდა და ქალაქ პალო ალტოში ლოკალური ქსელებით, სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნითა და ტექნოლოგიური საფუძვლების სრულყოფით დაკავდა.
ამ ადგილისთვის "სილიკონ ველის" სახელის მინიჭება კი, 1971 წელს, ჟურნალისტ დონ ჰეფლერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება. მან ნახევარგამტარების წარმოების შესახებ პუბლიკაციას Silicon valley USA უწოდა და სან ფრანცისკოს ყურეს ეს რეგალია საუკუნოდ დაანათლა.
1970-იან წლებში "სილიკონ ველის" ტექნოლოგიური კომპანიების დაარსების პირველმა სერიოზულმა ტალღამ "გადაუარა". ოპერირება დაიწყეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Atari, Apple და Oracle.
1980-იან წლებში "სილიკონ ველიმ" უკვე კომპიუტერული ინდუსტრიის მსოფლიო ცენტრის სახელი მყარად მოიპოვა. "ყინულმჭრელი" სტარტაპების ჩამონათვალს შეუერთდნენ Ebay, Yahoo, Paypal, Google და ა.შ. მომდევნო ათწლეულებში ამ ჩამონათვალს დაემატა Facebook, Twitter, Uber, Tesla და მრავალი სხვა.
ტექნოლოგიური კვლევები და ინოვაციებზე მუშაობა "სილიკონ ველიში" დღემდე წარმატებით გრძელდება. ეს ადგილი აერთიანებს გაბედულ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და გამონაკლისი არც საქართველოა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად და მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობისათვის, "სილიკონ ველიში" ბევრი ჩვენი თანამემამულე წასულა და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payzee, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" ესტუმრება.
Entrepreneur გააგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილების შესახებ ამერიკიდან.