როგორ იქცა ქართველი მეწარმის, ჯორჯ კობის იდეა დღესასწაულად - "შენ ამას შეძლებ. შესაძლებლობები უსაზღვროა"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეწარმეობა მხოლოდ ბიზნესის შექმნა არ არის. ეს არის უნარი დაინახო, ის რასაც სხვები ჩვეულებრივ დეტალებად აღიქვამენ და შენ შეგიძლია ის განსაკუთრებულად აქციო. ეს არის ნიჭი ერთდროულად იყო გამომგონებელი და ანტრეპრენერი, ვინც შექმნის იმას, რისი შექმნაც ადრე არავის მოუფიქრებია.
სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჯორჯ კობი, რომელმაც პროფესიული განვითარებისა და საკუთარი ხედვის რეალიზაციის მიზნით, მოღვაწეობის წლები ემიგრაციაში გაატარა. მისი ცხოვრება ექსპერიმენტებითა და გამბედაობით იყო სავსე.
წარმოშობით რაჭველმა გიგა კობახიძემ, თავის შეუპოვრობით, ახლის ძიების უშრეტი სურვილითა და ნოვატორობით შეძლო "ამერიკული ოცნების" ახდენა და 1919 წელს, ოფიციალურად დააფუძნა Coby Glass Products Company. საწარმო, სადაც ახალგაზრდა გამომგონებელი იდეას რეალობად აქცევდა.
შემოქმედებითი და ტექნიკური ხედვა კობის საშუალებას აძლევდა, შეექმნა უნიკალური პროდუქტები. მის სახელთან დაკავშირებულია 60-ზე მეტი პატენტი, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მის გამოგონებებს შორისაა: საწერ-კალმების ინოვაციური მოდელები, სუნამოს ფლაკონების Prince Matchabeli-სთვის, სამედიცინო ამპულებისთვის მინის ჩამოსხმის უნიკალური ფორმულა, ასევე წყალგამძლე ცემენტის შექმნა. გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ფუნქციურსა და უსაფრთხოს ხდიდა.
ამ მრავალფეროვან პატენტებს შორის კობის ხედვა ერთ კონკრეტულ მიმართულებას არასდროს მიჰყვებოდა. იგი აკვირდებოდა ადამიანების საჭიროებებს, გარემოსა და ყოველდღიურ რიტმს და ცდილობდა, თითოეულ დეტალში დაენახა რაღაც განსაკუთრებული და შეექმნა ინოვაცია. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად მივიდა იდეამდე, რომელმაც ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად აქცია.
კერძოდ, კობიმ დაინახა შესაძლებლობა, შეექმნა სათამაშოები, რომლებიც სინათლეს, უსაფრთხოებასა და ემოციას გააერთიანებდა. სწორედ ამ ხედვამ აქცია ნაძვის ხე ახალი წლის მთავარ სიმბოლოდ. აღსანიშნავია, რომ კობიმ ინოვაცია ჯერ ამერიკაში დაამკვიდრა შემდეგ კი სიახლე შტატების საზღვრებს გაცდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ნაძვის ხის სათამაშოები
ჯორჯ კობის მიერ შექმნილ ნაძვის ხის მინის სათამაშოებზე თავდაპირველად ბუნებრივი და უნივერსალური სიმბოლოები: მზე, ფოთლები და ფიფქები იყო გამოსახული. თუმცა მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ქართული ვაზის მტევნები, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ემიგრაციაში მოღვაწე მეწარმეს საკუთარი ფესვები არასდროს დავიწყებია.
კობისთვის ეს სათამაშოები უბრალო დეკორაცია არ ყოფილა. ის მათ "ორნამენტებს" უწოდებდა და თითოეულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად. სწორედ ამიტომ იქცა ნაძვის ხე მის ხედვაში ახალი წლის მთავარ სიმბოლოდ, ხოლო "ორნამენტები" დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად, რომელმაც ამერიკელებს შობა გაუფერადა.
საინტერესოა ისიც, რომ ნამუშევრები სპეციალურად დამზადებულ 12 და 24 ცალიან შინდისფერ ყუთებში თავსდებოდა, წარწერით: "Christmas is Coby". შეფუთვა მინიმალისტური, მაგრამ ელეგანტური იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც თავად კობის ხედვა: სადა ფორმა, შინაარსზე გაკეთებული აქცენტი და ხარისხის შეგრძნება პირველივე შეხედვით.
შვლის ნუკრის ნაამბობიდან უოლტ დისნეის ბემბიმდე
კობის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მინაზე გამოსახული შვლის ნუკრის კომპოზიცია, რომელიც ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობის" მოტივებზე შეიქმნა. ბუნებრივია ამ მინის სათამაშოს დამსახურებით, ჯორჯ კობიმ უცხოელ აუდიტორიას ქართული ლიტერატურა, კულტურა და თავად ვაჟა-ფშაველა გააცნო.
არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ნამუშევარმა შთააგონა უოლტ დისნეი, შეექმნა ანიმაციური პერსონაჟი "ბემბი" . ყველასთვის საყვარელი გმირი, რომელიც თავისი ამბით მალე იქცა მსოფლიო კულტურის ნაწილად.
უსაფრთხო შობა
ჯორჯ კობისთვის იდეების დაბადება შემთხვევითი არასდროს ყოფილა. გერმანიაში ყოფნისას, მან შენიშნა, რომ ევროპელები ნაძვის ხეებს ხშირად ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძრის მიზეზიც კი ხდებოდა.
ამერიკაში ცხოვრებისას კი, ამ დაკვირვებამ კობი კიდევ ერთ ინოვაციურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მინის სათამაშოებთან ერთად მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubble Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლა. სინათლე, რომელიც მოძრაობის ილუზიას ქმნიდა, შობას სიფერადეს, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას სძენდა.
კობის მიერ შექმნილი Bubble Lamps დროთა განმავლობაში საშობაო დეკორის კლასიკად იქცა და დღესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.
ჯორჯ კობის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი ცვლილებები ხშირად ერთი ადამიანის დაკვირვებით, გამბედაობითა და შრომით იწყება.
სწორედ ჯორჯ კობის ისტორია იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეოს ინსპირაციად, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულ მიზანს, მაშინ "შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა".