როგორ იქცა Sweet Beauty მულტიფუნქციურ სილამაზის ცენტრად – ნათია სანიკიძის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სილამაზის ინდუსტრიაში კონკურენცია მუდმივად იზრდება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ბაზარზე საკუთარი ხედვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით ახერხებენ გამორჩეული ნიშის შექმნას. სწორედ ასეთია Sweet Beauty, მულტიფუნქციური სილამაზის ცენტრი, რომლის დამფუძნებელი ნათია სანიკიძეა.
Sweet Beauty შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს სილამაზის სრული ციკლი.
"ხშირად ადამიანებს უწევთ სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება თმის, ფრჩხილისა თუ კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ჩემი მიზანი იყო, შემექმნა გარემო, სადაც პროფესიონალიზმი და კომფორტი თანხვედრაში იქნებოდა. ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, იქნება ეს ლაზერული თერაპია და ინიექციები, ტატუ-არტი თუ მასაჟი".
ბიზნესის საწყის ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად კვალიფიციური კადრებისა და ნამდვილი პროფესიონალების მოძიება იქცა.

"სილამაზის სფეროში სპეციალისტი მხოლოდ ტექნიკური ცოდნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, აუცილებელია კომუნიკაციის უნარიც, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობა ხარისხიანი სერვისის განუყოფელი ნაწილია".
ნათია სანიკიძის პროფესიული გზა საბანკო სფეროდან სილამაზის ინდუსტრიამდე ვრცელდება. მისი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალის როლი ბიზნესის მართვაში განსაკუთრებით ძლიერია. გენდერულ სტერეოტიპებთან შეჯახების მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ შრომისმოყვარეობა და ხარისხიანი შედეგი ყველაზე ეფექტიანად არღვევს დამკვიდრებულ საზღვრებს.
დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ნათიას მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. თარჯიმან-რეფერენტის განათლება და საბანკო სექტორში გატარებული ათი წელი მას სტრუქტურული აზროვნების განვითარებაში დაეხმარა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს, პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად და სწრაფად რეაგირებისთვის.
მისი მთავარი რჩევაა, ადამიანებს არ შეეშინდეთ სფეროს შეცვლის, თუ გრძნობენ, რომ სწორედ იქ არის მათი ოცნება.
"ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. ოჯახის გვერდში დგომას უდიდესი ძალა აქვს. შიში არ უნდა გახდეს დაბრკოლება მიზნისკენ სავალ გზაზე".
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის იხსენებს, რომ 2019 წელს ფრჩხილის სპეციალისტის პროფესიით დაიწყო, ხოლო 2025 წელს უკვე საკუთარი მულტიფუნქციური სილამაზის ცენტრი Sweet Beauty გახსნა. ამიტომ ფიქრობს, რომ მთავარი საკუთარი მიზნის რწმენაა.
"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება რისკს და "შავ სამუშაოს". წარმატებული ბიზნესის საფუძველი სწორედ პროცესების სრულყოფილად ცოდნა და მუდმივი გაუმჯობესების სურვილია".
ინსპირაციას ნათია ოჯახისა და მომხმარებლებისგან იღებს. როგორც თავად ამბობს, მისი მეუღლის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორი იყო ამ ოცნების რეალიზებაში. განსაკუთრებულ მოტივაციას კი კმაყოფილი მომხმარებელი აძლევს, ადამიანები, რომლებიც Sweet Beauty-ს უფრო თავდაჯერებულები და კმაყოფილები ტოვებენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში Sweet Beauty-ს გუნდი ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო დახვეწაზეა ორიენტირებული. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ნათიას მიზანია, ცენტრი სილამაზის ინდუსტრიაში ხარისხის ეტალონად იქცეს.