Get All Access for $5/mo

როგორ მოხვდა 21 წლის გუჯა ლომსაძე Jacobs University Bremen-ში?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU-ს კურსდამთავრებული, 21 წლის გუჯა ლომსაძე Jacobs University Bremen-ში (გერმანია) დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას Data Engineering-ის მიმართულებით გააგრძელებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში სწავლის ფარგლებში გუჯა გერმანულ კვლევით ინსტიტუტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით, მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით სხვადასხვა კვლევით პროექტზე იმუშავებს.

როგორ მოხვდა გუჯა ლომსაძე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში და რას ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღება სურთ? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur გუჯა ლომსაძეს ესაუბრა:

გუჯა, რატომ გადაწყვიტეთ მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით სწავლა და რატომ კონკრეტულად გერმანია?
მიუხედავად იმისა, რომ Big Data და მასთან ასოცირებული სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდი უკვე დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, მისი სირთულიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მაინც "მომავლის" მიმართულებად მიიჩნევა. დღეს ელექტრონული ფორმით მასშტაბური რაოდენობის ინფორმაცია გროვდება. შესაბამისად, მონაცემების წარმოქმნის სისწრაფე საჭიროებს უზარმაზარი მოცულობის მასალების შეგროვებას, სტრუქტურირებას, დამუშავებას, ტრანსფორმაციას, გადაცემასა და შემდგომ გაანალიზებას. "უკიდურესად რთულად აღმოსაჩენი სიმარტივე" − სწორედ ამ ფრაზით დავახასიათებდი მონაცემთა ინჟინერიას. მონაცემთა დამუშავება გვეხმარება, მცირე დროში მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები და ხელი შევუწყოთ სამომავლო განვითარებას. შესაბამისად, მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება მეტად კონკურენტუნარიანს გხდის საერთაშორისო ბაზარზე.

სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ აქტიურად − ამჟამად ვარ Sweeft • a Making Science company-ის Senior Data ინჟინერი და სტარტაპ Radix-ის დამფუძნებელი. ჩემი კარიერული ნაბიჯები მუდამ იყო დაკავშირებული მონაცემებთან, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, მიმეღო საერთაშორისო გამოცდილება, მემუშავა სხვადასხვა კვლევით პროექტზე და ამით საკუთარი წვლილი შემეტანა ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში.

რატომ გერმანია? დიდ მონაცემებში აქტიურად გამოიყენება მათემატიკა. გერმანიაში გამოცდების ჩაბარების ინსპირაცია ჩემთვის გახლდნენ ის გერმანელი მათემატიკოსები (კარლ ფრიდრიხ გაუსი, ფრიდრიხ რიმანი, გუსტავ დირიხლე, ვილჰელმ ლაიბნიცი და სხვა), რომელთა ნამუშევრებსაც/ფორმულებსაც დღემდე აქტიურად ვიყენებთ მონაცემთა ინჟინერიაში.

თქვენი მოლოდინით, რას მოგცემთ საერთაშორისო განათლება, რომელსაც Jacobs University Bremen-ში მიიღებთ?
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტიდან მომივიდა მოწვევა სხვადასხვა მიმართულებით − როგორც მონაცემთა მეცნიერების, ასევე კონკრეტულად, ანალიტიკისა და ინჟინერიის კუთხით, თუმცა არჩევანი საბოლოოდ მაინც, მაღალი რეიტინგის თვალსაზრისით, Jacobs University Bremen-ზე შევაჩერე. მაქვს მოლოდინი, რომ აქ მიღებული საერთაშორისო განათლება მომცემს შესაძლებლობას, ვაწარმოო საერთაშორისო კვლევები და სამეცნიერო დონეზე აღმოვაჩინო ახალი მიგნებები მონაცემთა ინჟინერიის სფეროში.

გუჯა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც გამოცდებს აბარებდით ბრემენში, სამაგისტრო პროგრამაზე, და რაზე ამახვილებენ ყურადღებას საერთაშორისო უნივერსიტეტები?
პირადი გამოცდილებით, ყველაზე დიდი გამოწვევა დოკუმენტაციის იდეალურად შეგროვება იყო, ვინაიდან, ზოგადად, გერმანიაში ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებენ საბუთების წარდგენას. იმისათვის, რომ ჩემი კანდიდატურა განეხილათ, თითოეული საბუთი ზედმიწევნით ზუსტად უნდა მქონოდა შევსებული, სორტირებული და დალაგებული.

რაც შეეხება საერთაშორისო უნივერსიტეტების მოთხოვნებს, როდესაც გამოცდებს უცხოურ უნივერსიტეტში აბარებ, გარდა ქულებისა და აკადემიური მოსწრებისა, დიდ ყურადღებას აქცევენ რამდენიმე ფაქტორს:

  • სამუშაო გამოცდილება − ჩემს შემთხვევაში დეტალურად განიხილეს, კონკრეტულად მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით რამდენი წელი მაქვს ნამუშევარი. ამასთან, საჭირო იყო დამსაქმებლების სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენა. როგორც კანდიდატს, გაფასებენ არა მხოლოდ სამუშაო სტაჟით, არამედ კოლეგიალურობითაც;
  • პირადი მოტივაცია − უნივერსიტეტები გადაწყვეტილებას თქვენს პირად მოტივაციაზე დაყრდნობითაც იღებენ. უნდა დაასაბუთოთ, რატომ გსურთ გერმანიაში სწავლა, კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე;
  • დამატებითი აქტივობები − არა მხოლოდ ბრემენის უნივერსიტეტმა, არამედ სხვა სასწავლებლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს აქტივობებს უნივერსიტეტის გარეთ. მაგალითად, მე ვარ საქართველოში პირველი HP Cup-ისა და რამდენიმე ჰაკათონის გამარჯვებული, Google Developer Student Club-ის ლიდი (2020), სტარტაპ Radix-ის დამფუძნებელი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის მფლობელი, მენტორი და სხვა. ვფიქრობ, ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საბოლოო გადაწყვეტილებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა, შენგან, როგორც აპლიკანტისგან, ქულების გარდა, დამატებით აქტივობებსაც მოითხოვენ;
  • საერთაშორისო სერტიფიცირება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები − გარკვეული ტიპის პრიორიტეტი ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც, გარდა საუნივერსიტეტო სწავლებისა, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. გარდა ამისა, თუკი წარმოადგენ, რომ ხარ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული, შენი სარეიტინგო ქულა მნიშვნელოვნად მოიმატებს;
  • საერთაშორისო კვლევები − ვინაიდან და რადგანაც, სამაგისტრო პროგრამები, როგორც წესი, ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიულ, არამედ კვლევით ნაწილზეც, მნიშვნელოვანია, წარმოაჩინო შენი გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებისა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით. რაც მთავარია, კონკრეტულად გერმანია ითხოვს, რომ თითოეული სასწავლო თუ კარიერული გამოცდილება დოკუმენტურადაც დაასაბუთო.

გუჯა, რა რჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღება სურთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებენ?
ჩემი მოსაზრებით, არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ საკმარისი ვიცით და დამატებითი განათლება არ გვჭირდება. ადამიანმა უარი არ უნდა თქვას იმ ცოდნაზე, რომელიც შეუფასებელი ინვესტიციაა სიცოცხლის ბოლომდე.

გუჯა, თქვენი კრედო, ომელსაც იყენებ როგორც კარიერაში, ისე ცხოვრებისეულად...
ზოგადი, უნივერსალური კრედო, რომელიც ყველა ცხოვრებისეული და კარიერული ამოცანის ამონახსნი იქნება, ალბათ არ არსებობს. ერთი რამ, რასაც საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაში გამოვარჩევდი, არის ის, რომ დეტალები და სიზუსტე ყველაზე მნიშვნელოვანია.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი