როგორ შეცვალა "ბეთერსქინმა" კანის მოვლის კულტურა საქართველოში?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საწყისები: Facebook ჯგუფიდან დიდ მოძრაობამდე
ხშირად ყველაზე წარმატებული ბიზნესიდეები პირადი საჭიროებიდან და იმ ცარიელი ნიშის პოვნით იბადება, რომელსაც არსებული ბაზარი ვერ ავსებს. ასე დაიწყო 6 წლის წინ ნინო მწარიაშვილის ისტორიაც, რომელმაც საქართველოში პირველი დერმატოლოგიური მაღაზიის, "ბეთერსქინის" (Betterskin) შექმნამდე მიგვიყვანა. დღეს ეს ბრენდი 50 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს აერთიანებს, თუმცა ყველაფერი გაცილებით მოკრძალებულად, ერთი Facebook ჯგუფითა და ცოდნის გაზიარების სურვილით დაიწყო.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქართველი მომხმარებლებისთვის კანის მოვლის შესახებ სანდო და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მოძიება რთული იყო. ნინომ გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. Facebook-ჯგუფში დაწყებული დისკუსიები მალე დიდ მოძრაობად იქცა, სადაც ადამიანები არა მხოლოდ რჩევებს იღებდნენ, არამედ რეალურ შედეგებსაც ხედავდნენ.
"ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო – პირადი ინტერესით და სურვილით, უფრო მეტი მესწავლა კანის მოვლის შესახებ. სწორედ ამიტომ, დავიწყე ცოდნის გაზიარება Facebook ჯგუფში. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მწერდა, მეკითხებოდა რჩევებს. სწორედ ამ უშუალო კომუნიკაციამ დამანახა მთავარი პრობლემა ბაზარზე – ინფორმაციის დეფიციტთან ერთად, ხარისხიანი, დერმატოლოგიურად სწორად შერჩეული პროდუქციის ნაკლებობა", – იხსენებს ნინო მწარიაშვილი.
სტრატეგიული ხედვა და პირველი ფიზიკური მაღაზია
ნინოსთვის ეს მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. მის ზურგს უკან საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება იდგა. მენეჯმენტში მიღებულმა ცოდნამ, სტრატეგიულმა ხედვამ და პროცესების სწორად დაგეგმვის უნარმა მას საშუალება მისცა, მომხმარებლის საჭიროებები ბიზნესმოდელად ექცია. მას სურდა შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანი არა მხოლოდ პროდუქტს იყიდდა, არამედ ინდივიდუალურ, ცოდნაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას მიიღებდა.
2021 წლის ოქტომბერში "ბეთერსქინმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ონლაინპლატფორმიდან პირველ ფიზიკურ მაღაზიაში გადაინაცვლა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ბრენდსა და მომხმარებელს შორის ნდობა კიდევ უფრო გაამყარა. რიცხვები თავად მეტყველებენ წარმატებაზე: გახსნიდან 12 თვის განმავლობაში მხოლოდ ონლაინმიმართულებით 20 000-ზე მეტი შეკვეთა შესრულდა.
"ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ პროდუქტებს – ჩვენ ვქმნით სწორ, ინდივიდუალურ მიდგომას კანის მოვლის შესახებ. დღეს ჩვენი მომხმარებლების 90%-ზე მეტი, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინპლატფორმებზე, განმეორებითი ანუ returning მომხმარებელია. მინდოდა შემექმნა რაღაც ახალი და ღირებული – სივრცე, რომელიც არ იქნებოდა უბრალოდ მაღაზია, არამედ ადგილი, სადაც მომხმარებელი პროფესიონალურ მიდგომას მიიღებდა".
მსოფლიო სტანდარტების იმპორტი: ამერიკული მეცნიერება და კორეული ინოვაცია
"ბეთერსქინის" თითოეული პროდუქტი საგულდაგულო შერჩევის შემდეგ ხვდება დახლზე აშშ-ის, კანადისა და სამხრეთ კორეის ბაზრიდან. არჩევანი შემთხვევითი არ არის: ჩრდილოამერიკული ბაზარი მკაცრი რეგულაციებითა და მეცნიერული კვლევებით გამოირჩევა, ხოლო სამხრეთი კორეა – ინოვაციებითა და პრევენციული მოვლის კულტურით, რომელიც მსოფლიო ეტალონადაა მიჩნეული.
ეს მიდგომა "ბეთერსქინს" საშუალებას აძლევს, ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს ის სტანდარტი, რომელიც მსოფლიო დერმატოლოგიის წინა ხაზზეა. პირდაპირი იმპორტი ამ ქვეყნებიდან პროდუქციის ავთენტიკურობისა და მაღალი ხარისხის გარანტიაა.
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეცნიერულად გამყარებული, უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული პროდუქტები გადმომეტანა ქართულ რეალობაში. აშშ-სა და კანადაში დერმატოლოგიური ბრენდები მკაცრი რეგულაციების პირობებში ვითარდება. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ეს კულტურა გამოირჩევა ინოვაციებითა და კანისადმი ძალიან ფრთხილი მიდგომით. ბრენდების შერჩევისას სწორედ ამ სამ მიმართულებას ვაერთიანებთ – მეცნიერულ სიზუსტეს, მაღალ სტანდარტებს და ინოვაციას".
ხარისხის მკაცრი ფილტრი და ფორმულების სიზუსტე
"ბეთერსქინის" დახლებზე მოხვედრა ნებისმიერი ბრენდისთვის ერთგვარი ხარისხის ნიშანია. შერჩევის პროცესი აქ არ შემოიფარგლება მხოლოდ ესთეტიკური შეფუთვით ან პოპულარული მარკეტინგული კამპანიით. თითოეული პროდუქტი გადის მკაცრ, მრავალფაქტორიან ფილტრს, სადაც მთავარი ფორმულაციის სისუფთავე და მეცნიერული დასაბუთებულობაა.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს არაკომედოგენურობას – ეს კრიტიკულია ქართველი მომხმარებლისთვის, რომელთა შორისაც ხშირია კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანის ტიპები. აქ ეძებენ სტაბილურ ფორმულებს, რომლებსაც კლინიკურად დადასტურებული ბიოშეღწევადობა აქვთ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არ შეიცავდეს ზედმეტ კომპონენტებს და შეესაბამებოდეს თანამედროვე დერმატოლოგიურ სტანდარტებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არ იყოს მხოლოდ მარკეტინგზე ორიენტირებული, არამედ რეალურად იძლეოდეს კლინიკურად შესამჩნევ შედეგს. სწორედ "ბეთერსქინის" მეშვეობით გახდა არაერთი საერთაშორისო ბრენდი ცნობილი და მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე".
ეთიკური ბიზნესი: გულწრფელობა, როგორც ნდობის საფუძველი
თუმცა, წარმატების მთავარი ფორმულა მაინც გულწრფელობაშია. იმ პირობებში, როცა ბაზარზე ხშირად ვხვდებით არაორიგინალ პროდუქციას, "ბეთერსქინმა" უმთავრეს პრინციპად 100%-იანი ავთენტიკურობა და პასუხისმგებლობა აქცია. გაყიდვების ზრდა თვითმიზანი არ არის; მთავარია მომხმარებელმა მიიღოს ზუსტად ის, რაც მის კანს სჭირდება.
ხშირად, კონსულტაციისას, გუნდი მომხმარებელს იმაზე ნაკლები რაოდენობის პროდუქტის შეძენასაც კი ურჩევს, ვიდრე მას თავად ჰქონდა დაგეგმილი, თუკი ეს კანის მდგომარეობისთვის უფრო მართებულია. სწორედ ეს ეთიკური ბიზნესმიდგომაა იმ ნდობის საფუძველი, რომელმაც "ბეთერსქინი" ლიდერად აქცია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს შევურჩიოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ვურჩევთ ნაკლებ პროდუქტსაც კი. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი იყოს 100%-ით ორიგინალი. სწორედ ამ ორმა მიმართულებამ – გულწრფელმა კომუნიკაციამ და ავთენტიკურობამ წარმოშვა ის ნდობა, რომელიც ჩვენი და მომხმარებლების ურთიერთობის საფუძველია".
სტერეოტიპების მსხვრევა: დერმატოლოგიისა და ესთეტიკის სინთეზი
ბაზარზე დამკვიდრების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სტერეოტიპების მსხვრევა აღმოჩნდა. წლების განმავლობაში დერმატოლოგიური მოვლა და სილამაზის ინდუსტრია ორ სხვადასხვა პოლუსად აღიქმებოდა: ერთი – პრობლემების მოსაგვარებლად, მეორე – ვიზუალური ეფექტისთვის. ნინო მწარიაშვილმა გადაწყვიტა, ეს ორი სამყარო ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ეჩვენებინა, რომ ჯანსაღი კანი და ესთეტიკა ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ სრულყოფს.
ეს სინთეზი თავად მომხმარებლის მოთხოვნამაც უკარნახა. ქალებს სურდათ არა მხოლოდ კანის სიჯანსაღე, არამედ ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკა და თმის მოვლაც. სწორედ ასე გაჩნდა "ბეთერსქინში" Sephora-ს ბრენდები, რამაც მაღაზია სრულყოფილი სილამაზის ჰაბად აქცია.
"ყველაზე დიდი სირთულე მომხმარებლისთვის სწორი ბალანსის ჩვენება იყო მკურნალობაზე ორიენტირებულ მოვლასა და სილამაზის პროდუქტებს შორის. თუმცა, ეს სინთეზი თავად მომხმარებლის დაკვეთაც იყო. "ბეთერსქინის" დაარსებიდან მალევე დავამატეთ Sephora-ს ბრენდები. დღეს ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რაც ადასტურებს, რომ დერმატოლოგიური და სილამაზის პროდუქტების შერწყმა დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო".
განათლება და პერსონალიზებული კონსულტაცია
"ბეთერსქინი" მხოლოდ მაღაზია რომ ყოფილიყო, ის ვერ გახდებოდა ისეთი მასშტაბური, როგორიც დღეს არის. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი კანის მოვლის მრჩევლის მომსახურებაა. ეპოქაში, როცა მომხმარებელი ინფორმაციით გადატვირთულია, პერსონალიზებული რუტინის შედგენა და ამ პროცესში პროფესიონალური კონსულტაცია აუცილებლობად იქცა.
იმისათვის, რომ მრჩევლებმა ეს პასუხისმგებლობა იტვირთონ, კომპანია დიდ რესურსს დებს კადრების მომზადებაში. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ტრენინგი – ეს არის მუდმივი სწავლის პროცესი, რომელიც მოიცავს დერმატოლოგიის საფუძვლებს, ინგრედიენტების ქიმიასა და ახალ კვლევებს.
"ჩვენი გუნდის წევრები გადიან მრავალეტაპიან ტრენინგებს. სწავლება არ არის ერთჯერადი პროცესი – გუნდი მუდმივად ეცნობა ახალ კვლევებსა და ფორმულებს, რათა მომხმარებელს გააზრებული და გრძელვადიანი კანის მოვლის სისტემა შევთავაზოთ, სრულად მის საჭიროებებზე მორგებული".
ხშირად, "ბეთერსქინის" მრჩევლებს არა მხოლოდ ახალი რუტინის შედგენა, არამედ ძველი შეცდომების გამოსწორებაც უწევთ. ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა "გადატვირთული რუტინაა". სხვისი გამოცდილების ბრმად მიბაძვა და აგრესიული აქტიური ინგრედიენტების არასწორი კომბინაცია ხშირად კანის ბარიერის დაზიანებით სრულდება.
ნინო მწარიაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მისია სწორედ ცნობიერების ამაღლებაა. მათ მიზანია, მომხმარებელს ასწავლონ, რომ "მეტი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს" და რომ კანის მოვლა გააზრებული, მინიმალისტური და თანმიმდევრული პროცესი უნდა იყოს.
"ადამიანები ხშირად იყენებენ შეუთავსებელ პროდუქტებს, რაც კანის ბარიერს აზიანებს. ხშირად სხვის გამოცდილებას ბრმად მისდევენ. ჩვენი მრჩევლების მთავარი როლი სწორედ იმით იწყება, რომ ვაფასებთ კანის რეალურ მდგომარეობას და ვადგენთ მინიმალისტურ, მაგრამ ეფექტურ რუტინას. ხშირად მომხმარებლებს ვასწავლით, რომ ნაკლები, მაგრამ სწორად შერჩეული პროდუქტი ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა".
ლოჯისტიკა და ხარისხის კონტროლის ჯაჭვი
როდესაც პროდუქცია სხვადასხვა კონტინენტიდან – ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიიდან – შემოდის, ლოჯისტიკა ხარისხის შენარჩუნების რთულ ჯაჭვად იქცევა. ნინო მწარიაშვილისთვის პროდუქციის ავთენტიკურობა ბრენდის არსებობის ფუნდამენტია. "ბეთერსქინში" თითოეული ფლაკონის გზა მკაცრად კონტროლდება – დაწყებული ოფიციალური დისტრიბუტორებიდან, დამთავრებული საწყობში ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.
აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც დერმატოლოგიური პროდუქტების ეფექტურობას განსაზღვრავს, ხშირად მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ. სწორედ ამიტომ, შიდა კონტროლის მექანიზმი მრავალსაფეხურიანია: მოწმდება სერიული ნომრები, ვადები და შეფუთვის მთლიანობა, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის საერთაშორისო ხარისხი მიიღოს, რასაც ბრენდი ჰპირდება.
ტრანსფორმაცია: კანის მოვლის ახალი კულტურა საქართველოში
ექვსი წლის თავზე "ბეთერსქინის" ყველაზე დიდი გამარჯვება არა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლები, არამედ საქართველოში კანის მოვლის კულტურის ტრანსფორმაციაა. თუ ადრე მომხმარებელი პროდუქტს ინტუიციურად ან შემთხვევით არჩევდა, დღეს ის ინგრედიენტებით, ფორმულების სტაბილურობითა და გააზრებული რუტინით ინტერესდება.
ბრენდმა შეძლო გამხდარიყო არა მხოლოდ სავაჭრო წერტილი, არამედ საგანმანათლებლო პლატფორმა. სწორედ ამ პრინციპულობამ განაპირობა ის, რომ "ბეთერსქინს" დღეს 50 000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ბრენდს წლების განმავლობაში უბრუნდებიან.
"ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის ნდობა. "ბეთერსქინი" აღარ არის მხოლოდ მაღაზია – ის არის სივრცე, სადაც ადამიანები სწორი მიმართულების მისაღებად მოდიან. შევძელით კანის მოვლის კულტურის შეცვლა საქართველოში. თუ ადრე მომხმარებელი შემთხვევით შერჩეულ პროდუქტებზე იყო ორიენტირებული, დღეს ბევრად გაიზარდა ცნობიერება. ეს კი არის იმ ღირებულებების შედეგი, რაზეც ბრენდი ავაგეთ – გულწრფელობა, პროფესიონალიზმი და ხარისხი".
ნინო მწარიაშვილის გზა – მარათონი პრინციპების ერთგულებით
ნებისმიერი ანტრეპრენერის გზა სავსეა გამოწვევებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერს ნულიდან, საკუთარი ენთუზიაზმით იწყებ. დღევანდელი გადასახედიდან, ნინო მწარიაშვილი ხვდება, რომ სტაბილური ბრენდის მშენებლობა არა სპრინტი, არამედ მარათონია, სადაც ყოველი ნაბიჯი, თუნდაც მცირე, გადამწყვეტია.
შეცდომები, რომელთაგანაც დაზღვეული არავინაა, "ბეთერსქინისთვის" გამოცდილების ყველაზე დიდ წყაროდ იქცა. ბრენდის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მთავარია არ დაკარგო ის პირვანდელი ხედვა, რომლითაც პირველი ნაბიჯები გადადგი, რადგან სწორედ ეს ხედვა განსაზღვრავს ბიზნესის მომავალს.
"6 წლის წინანდელ საკუთარ თავს ვეტყოდი, უფრო მეტად ენდოს პროცესს და არ იჩქაროს. სტაბილური და ძლიერი ბრენდი არ შენდება სწრაფად; ის შენდება თანმიმდევრულობითა და ყოველდღიური პატარა ნაბიჯებით. არ უნდა შეგვეშინდეს შეცდომების, რადგან ისინი რეალურად გამოცდილების წყაროა. და რაც მთავარია, არ უნდა დავკარგოთ ის ხედვა და პრინციპები, რითაც დავიწყეთ. საბოლოოდ სწორედ ეს ღირებულებები განსაზღვრავს, როგორი ბრენდი გახდები".
"ბეთერსქინის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი მისი საწყისებია. ბრენდი პანდემიის პერიოდში დაიბადა – როდესაც მსოფლიო გაჩერებული იყო, ნინო მწარიაშვილმა ყველაფერი სრულიად მარტომ, ნულიდან დაიწყო. ეს იყო 100%-ით თვითდაფინანსებული პროექტი, ყოველგვარი გარე ინვესტიციის გარეშე, რაც დღემდე განსაზღვრავს კომპანიის ფრთხილ, პასუხისმგებლიან და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
თავიდან ნინო თავად იყო შესყიდვების მენეჯერიც, კონსულტანტიცა და ოპერაციული მმართველიც. დღეს კი "ბეთერსქინი" 8 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდია. ყველაზე მეტად კი დამფუძნებელი იმით ამაყობს, რომ გუნდის პირველი წევრები დღესაც კომპანიაში არიან. აქ კადრების გადინება მინიმალურია, რადგან შიდა კულტურა საერთო ღირებულებებზე დგას.
ბეთერსქინელი მომხმარებლის პორტრეტი
დღეს "ბეთერსქინი" უკვე ორ ქალაქშია წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ თბილისელი და ბათუმელი მომხმარებლის ქცევა ერთმანეთისგან განსხვავდება. დედაქალაქში ადამიანები უფრო მეტად ინფორმირებულები არიან, კონკრეტულ ინგრედიენტებს ეძებენ და სისტემური მიდგომა აქვთ. ბათუმში კი, ზღვისპირა კლიმატის გამო, მოთხოვნა უფრო პრაქტიკულია – აქ მთავარი გამოწვევა მაღალი ტენიანობა და მზეა.
მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ორივე ქალაქს ერთი რამ აერთიანებს – ბეთერსქინელი მომხმარებლის პორტრეტი. ეს არის ადამიანი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ბრენდთან ერთად გაიზარდა. ის აღარ ეძებს სწრაფ, ზედაპირულ ეფექტს; მან ისწავლა ინგრედიენტების კითხვა და გააცნობიერა, რომ კანის მოვლა გრძელვადიანი ინვესტიციაა საკუთარ თავში.
"ტიპური" ბეთერსქინელი არის ადამიანი, რომელმაც ემოციური არჩევანიდან გააზრებულ მიდგომაზე გადაინაცვლა. ის უკვე ინტერესდება ინგრედიენტებით და არ ეძებს სწრაფ ეფექტს. თბილისსა და ბათუმში მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს კლიმატის გამო, თუმცა ტენდენცია ერთია – მომხმარებელი ვითარდება, იზრდება ცნობიერება და ნდობა ჩვენი გულწრფელი რეკომენდაციების მიმართ".
მომავლის ხედვა: რეგიონული მასშტაბები და ციფრული განვითარება
"ბეთერსქინი" მხოლოდ თბილისსა და ბათუმზე შეჩერებას არ აპირებს. გაფართოება ბრენდის სტრატეგიული ნაწილია, თუმცა, ნინო მწარიაშვილი აქაც ერთგული რჩება თავისი პრინციპის – ზრდა უნდა იყოს მდგრადი. ყოველი ახალი ფილიალი უნდა ინარჩუნებდეს ისეთივე მაღალ სტანდარტს, რამაც ბრენდს სახელი გაუთქვა.
მომდევნო 6 წლის განმავლობაში "ბეთერსქინი" გეგმავს, გახდეს არა მხოლოდ წამყვანი ქსელი საქართველოში, არამედ რეგიონული ბრენდი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებსა და პერსონალიზებულ სერვისებს გააერთიანებს. მიზანი ამბიციურია: ბრენდი უნდა გახდეს სტანდარტი, რომლითაც კანის მოვლას შეაფასებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
"ბრენდს ვხედავ როგორც სრულფასოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ხარისხს, ცოდნასა და პროფესიონალიზმს. ვგეგმავთ ქსელის ზრდას ქვეყნის მასშტაბით და ციფრულ განვითარებას, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი "ბეთერსქინს" რეგიონულ ბრენდად ვხედავ".
ბიზნესის მშენებლობის პროცესში ნინომ არა მხოლოდ ბაზარი, არამედ საკუთარი თავიც ხელახლა აღმოაჩინა. "ბეთერსქინი" არ ყოფილა ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც მისგან სხვები ელოდნენ – ეს იყო გადაწყვეტილება, რომელშიც მან მთელი თავისი რესურსი და პირადი ღირებულებები ჩადო. სწორედ ეს გულწრფელობა გახდა ის უხილავი ძაფები, რომლითაც ბრენდი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუკავშირდა.
დასასრულ, დამფუძნებლის გზავნილი მარტივია: როცა საქმეს საკუთარ ღირებულებებზე აშენებ, ის აღარ არის მხოლოდ ბიზნესი – ის შენი ცხოვრების ნაწილი ხდება.