როცა მაყურებელი ამბის მონაწილე ხდება - Ambavi Creators-ის იმერსიული თხრობის ახალი ფორმები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება აღარ არის საკმარისი: მომხმარებელი, მაყურებელი თუ სტუმარი სულ უფრო მეტად ეძებს გამოცდილებას, რომელშიც თავად შეძლებს მონაწილეობას და არა მხოლოდ დამკვირვებლის როლში დარჩენას. სწორედ ამ ცვლილებაზე პასუხობს იმერსიული თხრობა – ფორმა, რომელიც ამბავს არა უბრალოდ ჰყვება, არამედ ადამიანს მის შიგნით აქცევს.

საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობს Ambavi Creators – პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც სრულად იმერსიული თხრობის სხვადასხვა ფორმის შექმნაზეა ორიენტირებული. კომპანია იმერსიულ პრეზენტაციებს, ინტერაქციულ ინსტალაციებს, გამოფენებსა და საგანმანათლებლო გამოცდილებებს ქმნის და ტექნოლოგიებს ბიზნესის, კულტურის, ხელოვნებისა და განათლებისთვის ახალი ტიპის გამოცდილებების შესაქმნელად იყენებს.

კომპანიისთვის მთავარი იდეა მარტივია – ადამიანის ყურადღებაზე "ნადირობის" ნაცვლად, ამბავი მის პირად გამოცდილებად უნდა იქცეს. სწორედ ამ მიდგომის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა "თამაშის თეორია" – ქალაქის თეატრთან თანამშრომლობით შექმნილი ინტერაქციული სპექტაკლი, სადაც მაყურებელი საკუთარი მობილური ტელეფონისა და სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თავად მონაწილეობს სპექტაკლის განვითარებაში.

როცა ამბის მოსმენა საკმარისი აღარ არის რა არის იმერსიული თხრობა?

Ambavi Creators-ის კრეატიული დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ტორესა მოსის თქმით, იდეა გუნდის ერთობლივ მუშაობაში ჯერ კიდევ 2021 წელს გაჩნდა, როდესაც პირველად იმუშავეს მუსიკალური ჯგუფის, "ამბავი", იმერსიულ გამოცდილებაზე "დაათვალიერე მუსიკა".

"ამის შემდეგ იყო ციფრულ მუზეუმში, ჰოლოზეუმი", შექმნილი საახალწლო ზღაპარი "მჯერა-არ მჯერა", რომლის ფარგლებშიც დავწერეთ ზღაპარი, გამოვეცით წიგნად და ამ ზღაპრის გაგრძელება ინტერაქციული ინსტალაციების, თამაშებისა და სახალისო ამოცანების სახით ბავშვებს ხვდებოდათ ციფრულ მუზეუმში. ერთობლივად განხორციელებულმა პროექტებმა გვაქცია მჭიდროდ დაკავშირებულ გუნდად და 2023 წელს ბუნებრივად გადავდგით შემდეგი ნაბიჯი, დავაარსეთ კომპანია "ამბავი კრეატორსი". ასე რომ, დღეს ჩვენი დაბადების დღეა, ოფიციალური დაარსებიდან სამი წელი შეგვისრულდა და როდესაც უკან ვიყურებით და განვლილ გზას, განხორციელებულ პროექტებს ვუყურებთ, ცოტა დაუჯერებლად მოჩანს, რომ ამდენი განსხვავებული პროექტის შესრულება შევძელით ამ მცირე დროში", – ამბობს ის.

კომპანიის ტექნიკური დირექტორი, თედო მახარაძე, ამბობს, რომ იმერსიული თხრობის მიმართულებით მუშაობის მოტივაცია სწორედ ტექნოლოგიებისა და ხელოვნების ურთიერთობის მიმართ არსებული კითხვებიდან გაჩნდა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ ჩაანაცვლებს ტექნოლოგიური განვითარება ხელოვნებას ან ხელოვნური ინტელექტი – თავად ხელოვანს, მათ ამ პროცესში წინააღმდეგობის ნაცვლად ახალი შესაძლებლობა დაინახეს. ტექნოლოგიების გამოყენება ხელოვნებაში, განათლებასა და ბიზნესის მარკეტინგულ სტრატეგიებში მათთვის ამბის თხრობის ახალი ფორმების შექმნის შესაძლებლობად იქცა.

ტერმინი იმერსიული თხრობა გულისხმობს სამ მთავარ მახასიათებელს:

1) გარემომცველობა – ამბავი უნდა ვითარდებოდეს თქვენ გარშემო, ისე რომ მთლიანად იყოთ მისით მოცული;

2) თხრობა – უნდა ჰქონდეს ნარატიული თხრობა ან ვიზუალური, ხმოვანი და გრძნობითი აღქმა საშუალებას უნდა გაძლევდეთ, გამოცდილების შედეგად აღიქვათ და გაიგოთ კონკრეტული ამბავი;

3) უჩვეულობა – იმერსიული თხრობა უნდა ვითარდებოდეს ისეთ სივრცესა ან კონტექსტში, სადაც ის უჩვეულოა და როგორც წესი, არ გვხვდება.

"ამდენად, იმერსიული თხრობა არის მოვლენა, რომელიც ვითარდება უჩვეულო სივრცესა ან კონტექსტში, სრულად მოიცავს ადამიანს და გადმოგვცემს რაიმე ამბავს, რომლის მოყოლაც შესაძლებელია ნარატიული ფორმით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ყველა ტრადიციულ ფორმაში, სადაც ადამიანს ამბავს უყვებიან, ადამიანი ხდება პასიური მსმენელი, მაყურებელი ან მკითხველი, იმერსიულ თხრობაში ადამიანი თავად ხდება მოქმედი პირი, ცვლის ამბის მიმდინარეობას და ამ ფორმით მის პირად გამოცდილებად იქცევა. სწორედ ამან აქცია იმერსიული თხრობა ჩვენთვის გზად, სადაც შეუძლებელია ამოწურო შესაძლებლობები ან მუდმივად ერთი და იმავე ფორმით გაიმეორო გამოცდილება", – ამბობს ტორესა მოსი.

ტორესა მოსის თქმით, ამბის თხრობის ფორმები დროთა განმავლობაში გავლენას კარგავს, როდესაც მათ ყველა იმეორებს. მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიები კი ახალი შესაძლებლობების გაჩენის საშუალებას იძლევა – შესაძლებელია გააცოცხლო ქანდაკებები, აამეტყველო კედლები, თავად პროდუქტი აქციო ამბის მთხრობლად ან შოურუმი და გაყიდვების სივრცე ინტერაქციულ გამოცდილებად გარდაქმნა.

"სწორედ ამიტომ იმერსიული თხრობა ის მომავალია, რომელიც დადგა, რადგან რაც უფრო გლობალური გახდა სამყარო, მით უფრო გლობალური გახდა რეკლამა, ხოლო ადამიანები რეკლამის მიმართ რეზისტენტულები გახდნენ. თუ მე-20 საუკუნის ეკონომიკა ენერგომატარებლების გარშემო ფორმირდებოდა, დღეს ადამიანის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად იქცა. რაც უფრო მეტი ვინმე და რამე ცდილობს ადამიანის ყურადღების წაღებას, მით მეტად ცდილობს ადამიანი, თავი დაიცვას. ერთადერთი, რაც გრძელვადიანად შეიძლება დაგამახსოვრდეს და რასთანაც შეიძლება ყველაზე მარტივი და ხანგრძლივი ემოციური კავშირი ჩამოაყალიბო, არის გამოცდილება, რომელშიც უშუალოდ ხარ ჩართული. იმერსიული თხრობა შესაძლებლობას გვაძლევს, ადამიანის ყურადღებაზე ნადირობის ნაცვლად, ამბავი ადამიანის პირადი გამოცდილების ნაწილად ვაქციოთ", – ამბობს ის.

როგორ იქცა ამბის თხრობა გამოცდილებად

Ambavi Creators-ის საქმიანობის დაყოფა ოთხ ძირითად მიმართულებად არის შესაძლებელი:

1) იმერსიული პრეზენტაციები;

2) ინეტრაქციული ინსტალაციები;

3) იმერსიული გამოფენა;

4) საგანმანათლებლო იმერსიული გამოცდილებები.

"იმერსიულ პრეზენტაციებში ვგულისმობთ ყველა ტიპის ღონისძიებას, დაწყებული პროდუქტის წარდგენიდან, დამთავრებული კორპორაციული წვეულებით, სადაც ჩვენი ამოცანაა თითოეულ მონაწილეს შევუქმნათ გამოცდილება, რომელიც არასოდეს დაავიწყდება, თითოეული ადამიანი უშუალოდ ჩავრთოთ აქტივობაში და ამის გავლით მივიტანოთ ღონისძიების მთავარი არსი მის გრძელვადიან მეხსიერებამდე".

თინათინ ყიფიანი, კომპანიის CEO, განგვიმარტავს, რომ ტრადიციული კორპორაციული ღონისძიებები, დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ერთფეროვანია და მხოლოდ დიზაინითა თუ ადგილმდებარეობით განსხვავდება. იმერსიული პრეზენტაციის მთავარი ღირებულება კი იმაში მდგომარეობს, რომ ის დამსწრეს პასიური მაყურებლიდან პროცესის მონაწილედ აქცევს. შედეგად, ღონისძიება გარდაიქმნება ინდივიდუალურ, განუმეორებელ გამოცდილებად, რომელიც ზუსტად პასუხობს კომპანიის დასახულ მიზანს.

"რაც შეეხება ინტერაქციულ ინსტალაციებს, მათი საშუალებით რეალურ სივრცეში სხვადასხვა ობიექტს ვაცოცხლებთ და ადამიანთან უშუალო კავშირში შეგვყავს, იქნება ეს კედელი, მანქანა, ბიუსტი თუ მთლიანი შენობის ფასადი, მთავარია სხვადასხვა დანიშნულების ნივთი თუ ადგილი გავაცოცხლოთ, ავამეტყველოთ, ადამიანთან დავაკავშიროთ. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევ,ს ღია სივრცეში აქტივობები, პროდუქტის თუ მომსახურების რეპრეზენტაცია კამპანიურად ისე დაგეგმოს, რომ უშუალოდ ემოციურად დაუკავშირდეს ადამიანებს. მაგალითად, ყველამ იცის, რომ პროდუქტის საუკეთესო რეკლამა, საწარმოში ადამიანების მიყვანა და იმის ჩვენებაა, თუ როგორ მზადდება ესა თუ ის პროდუქტი, ისევე როგორც ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ჩამოთვლაზე ან მისი ლამაზი ბანერის გამოკვრაზე ეფექტური ტესტდრაივზე ადამიანის მიყვანაა. ინტერაქციული ინსტალაცია საშუალებას გვაძლევს, ადამიანი კი არ მივიყვანოთ საწარმოში, ან ტესტდრაივზე, არამედ საწარმოო პროცესი მივიტანოთ იქ, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ მოძრაობენ და არაფრით ელიან მოულოდნელ ტურში მონაწილეობას, ან ავტომობილში ადამიანის ჩაუსმელად შევუქმნათ ის ემოცია, შეგრძნება და გამოცდილება, რომელსაც ტესტდრაივზე ან შოურუმში ვიზიტისას განიცდიდა".

Ambavi Creators სახელოვნებო და კულტურული ინსტიტუციებისთვისაც ქმნის ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ იმერსიულ გამოფენებს. ტრადიციული, პასიური დათვალიერებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა ხელოვნებას ცოცხალ, დინამიკურ და ინტერაქციულ ნარატივად გარდაქმნის. შედეგად, ნამუშევრის შინაარსის დაურღვევლად იქმნება ახალი სახელოვნებო მედიუმი, რომელიც აძლიერებს ტრადიციულ ფორმებს და მნახველს ინტერპრეტაციის ველს უფართოებს.

გარდა ამისა, კომპანია ავითარებს საგანმანათლებლო იმერსიულ გამოცდილებებს სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები რთული, აბსტრაქტული და კომპლექსური საკითხების ადამიანებამდე მისატანად უფრო მარტივი და გასაგები ფორმით.

"ამ პროცესში ვიყენებთ 3D ვიზუალიზაციას, გრაფიკას, თხრობას, საუნდდიზაინს და ინტერაქციულ ელემენტებს, ასევე გემიფიკაციას; ვქმნით ციფრულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელი ხდება რთული და კომპლექსური ექსპერიმენტების სიმულაციის აგება და ა.შ. ეს სასწავლო და კვლევით პროცესს ბევრად სახალისოს, საინტერესოს და სათავგადასავლოს ხდის. ჩართულობა ზრდის კომპლექსური საკითხების უფრო ღრმად გააზრებისა და გრძელვადიანად დამახსოვრების ხარისხს, რაც თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა", – აღნიშნავს კომპანიის არტდირექტორი, ანრი ლომია.

"თამაშის თეორია" მაყურებელი, როგორც ამბის მონაწილე

ტორესა მოსის თქმით, სპექტაკლის, "თამაშის თეორიის" იდეა რეჟისორსა და ქალაქის თეატრის თანადამფუძნებელს, კოკო როინიშვილს გაუჩნდა.

"ძალიან მოგვხიბლა იდეამ, შეგვეცვალა თეატრში მაყურებლის გამოცდილება და ის პასიური მნახველიდან უშუალოდ დრამატურგიის შექმნის პროცესში ჩაგვერთო. ამიტომ ამ სპექტაკლისთვის სპეციალურად დავწერეთ პიესა ისე, რომ ამის შესაძლებლობა გვქონოდა. შევქმენით მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩართულიყო სპექტაკლის მიმდინარეობაში. თუ აქამდე ყველა სპექტაკლზე მაყურებლისგან ითხოვდნენ გაეთიშა მობილური ტელეფონი, "თამაშის თეორიაზე" სრულყოფილი გამოცდილების მისაღებად საჭირო იყო მაყურებელს ჩართული ჰქონოდა მობილური ტელეფონი.

სპექტაკლი ორი მოქმედებისგან შედგება. პირველ მოქმედებაში მაყურებელი ეცნობა მოცემულობას: ხუთი მეგობარი მიდის თავის კონსპირაციულ აგარაკზე, სადაც ხვდებათ ხუთივესთვის ნაცნობი გოგონას გვამი. რადგან ამ სახლში სხვას არავის შეეძლო მოხვედრა, თავიდანვე ცხადი ხდება, რომ მკვლელი ხუთიდან ერთ-ერთია.

მეორე მოქმედება მთლიანად წარმოადგენს ამ ხუთი მეგობრის (ეჭვმიტანილის) დაკითხვას. მეორე აქტის წინ მაყურებელი მობილური აპლიკაციის საშუალებით ადგენს, რა თანმიმდევრობით უნდა დაიკითხონ. დაკითხვის პროცესში აგზავნის კითხვებს გამომძიებელთან, რომელიც რეალურ დროში სცენაზე უსვამს ამ კითხვებს ეჭვმიტანილებს, სპექტაკლის დასასრულს კი კვლავ მობილური აპლიკაციის მეშვეობით აფიქსირებს საკუთარ ვერდიქტს. რადგან პიესას განსაზღვრული მიმდინარეობა და ფინალი არ აქვს, მაყურებლის არჩევანი, რა თანმიმდევრობით დაიკითხებიან ეჭვმიტანილები და რა კითხვებს დასვამენ დაკითხვის პროცესში, განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ამბავი და როგორი იქნება მისი საბოლოო ფინალი.

"ყველა პროექტი, რომელიც აქამდე განგვიხორციელებია და განსაკუთრებით "თამაშის თეორია", რომელიც მიმდინარე თეატრალური სეზონის ბესტსელერად იქცა, გვიდასტურებს, რომ თანამედროვე ადამიანი სულ უფრო მეტად ეძებს პროცესში ჩართულობას. როდესაც თავად ხდება პროცესის მონაწილე, ეს მას ემოციურად ბევრად უფრო ღრმად აკავშირებს ამბავთან და მისი პირადი ისტორიის ნაწილად აქცევს. ადამიანები ბევრად უფრო ღრმად იწყებენ ფიქრს განცდილზე და ხელოვნების ტრადიციული ფორმები ამ დროს იძენს ახალ კონტექტს, რაც კიდევ უფრო აფართოებს ინტერპრეტაციის ველს".

ანრი ლომია აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოწვევა არის კომპანიების, არტისტებისა და ინსტიტუციების შიში, სცადონ რაღაც ახალი, იყვნენ პირველები და ამით ახალი რისკი გასწიონ.

"როგორც ყოველთვის იყო და იქნება, უმრავლესობა ნაცადი, უსაფრთხო გზებით სიარულს ამჯობინებს, თუმცა ყოველთვის არსებობენ ისინი, ვინც მზადაა იყოს აღმომჩენი, ჰქონდეს ხედვა და გამოგყვეს თავგადასავალში, რომელიც ახალი შესაძლებლობების კარს გახსნის მისთვის. ჩვენ სწორედ მათთვის ვარსებობთ და ჯერჯერობით ვახერხებთ შევქმნათ მუდამ რაღაც ახალი და საინტერესო".

შემდეგი ეტაპი საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე

Ambavi Creators-ის განვითარების შემდეგ ნაბიჯებზე საუბრისას თინათინ ყიფიანი აღნიშნავს, რომ ამჟამად ინტენსიურად იწყება ამერიკულ ბაზარზე მუშაობა – კომპანია მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესშია, რომლის შესახებაც საზოგადოება მალე გაიგებს. რადგან იმერსიული გამოცდილებების შექმნა მოთხოვნადი, თუმცა საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ერთეული კომპანიები ასრულებენ, კომპანია სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გაფართოებასაც გეგმავს.

"ჩვენი მიზანია უახლოეს სამ წელიწადში მსოფლიო ბაზარზე ვპოზიციონირდეთ, როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული და გამოცდილი გუნდი იმერსიული თხრობის მიმართულებით. ამავდროულად, საქართველოში გვინდა ჩვენი საგანმანათლებლო იმერსიული გამოცდილებებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი სამეცნიერო ცოდნა და ტექნიკური პროგრესი.

ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ კრეატიულ ინდუსტრიასთან, ივენთკომპანიებსა და კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, საქართველოში ბევრი რამ არის ასათვისებელი და გასაკეთებელი და ვცდილობთ საკუთარი პროექტები განვავითაროთ არა როგორც უკვე არსებული კრეატიული თუ სახელოვნებო ფორმების ალტერანტივა, არამედ განვავითაროთ თანამშრომლობითი პროექტები, სადაც იმერსიული თხრობა კრეატიულ ინდუსტრიას, ცალკეულ ხელოვანებსა და კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების ახალ შესაძლებლობებს მისცემს", – ამბობს ტორესა მოსი, Ambavi Creators-ის კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი.