როცა უნივერსიტეტი შენს წარმატებაში დებს ინვესტიციას: UG-ს სტუდენტები საერთაშორისო ასპარეზზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატებული კარიერა იქ ყალიბდება, სადაც თეორიას რეალური, ხელშესახები პრაქტიკა უმაგრებს ზურგს და პირიქით. ამ ფილოსოფიას ეფუძნება სწავლება "საქართველოს უნივერსიტეტის" (UG) სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს.

ამის ნათელი მაგალითია 8 მიზანდასახული სტუდენტისგან შემდგარი 3 გუნდი, რომლებიც სულ ახლახან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობდნენ.

"საქართველოს უნივერსიტეტი" აერთიანებს წარმატებულ სტუდენტებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლიდან. გუნდი აერთიანებს ახალგაზრდებს თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ისეთი რეგიონული სკოლებიდან, როგორებიცაა ნიგოზასა და მჭადიჯვრის საჯარო სკოლები.

პროფესიის არჩევისას მათ საერთო მიზანი აერთიანებდათ – ეპოვათ გარემო, რომელიც სტერეოტიპულ სწავლებას გასცდებოდა.

"მნიშვნელოვანი იყო, ამერჩია უნივერსიტეტი, რომელიც მომცემდა საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. პროფესიული ზრდა სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი იდეები რეალურ სივრცეში გამოსცადოს, შეცდომებზე ისწავლოს და განვითარდეს. UG-ში სტუდენტს აძლევენ თავისუფლებას და მოტივაციას", აღნიშნავს Entrepreneur-თან ინტერვიუში ქეთევან ხალვაში, სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე კურსის სტუდენტი.

ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ლოკალური პრაქტიკის გლობალურ მასშტაბებში გამოცდისას ხდება. რვა სტუდენტის 3 სხვადასხვა გუნდი "საქართველოს უნივერსიტეტის" სრული დაფინანსებით საზღვარგარეთ, საერთაშორისო პროექტებში სულ ახლახან მონაწილეობდა. როგორც ახალგაზრდები აღნიშნავენ, უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსური და მორალური მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია.

"ერთი, იცოდე, რომ განვითარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სრულიად სხვააა, როცა უნივერსიტეტი შენ გვერდით დგას, გიხსნის კარს და შენს მომავალში ფიზიკურად და ფინანსურადაც დებს ინვესტიციას", ამბობს ლინდა დავითაძე.

"საქართველოს უნივერსიტეტის" მიდგომა, რომელიც მყარ თეორიულ ბაზას, უწყვეტ პრაქტიკულ მუშაობასა და საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ გლობალური სამყაროს სრულუფლებიანი მოთამაშეები. საბოლოოდ ზუსტად ეს არის ის ღირებულება, რაც UG-ში მიღებულ განათლებას უნიკალურს ხდის.

რეალური პროექტები და გლობალური გამოწვევები: თეორიიდან პრაქტიკამდე

როდესაც უნივერსიტეტი სტუდენტს საერთაშორისო ასპარეზზე უშვებს, მთავარი გამოცდა სწორედ აქ ეწყობა – რამდენად არის ის მზად რეალური, გლობალური გამოწვევებისთვის? სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ეს გამოცდა სამ სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ჩააბარეს, სადაც მათ უკვე არა როგორც სტუდენტებს, არამედ როგორც პროფესიონალებს, ისე უყურებდნენ.

კრეატიული ინდუსტრია: იზმირის გამოცდილება

სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდს – მარიამ ტუშურს, ქეთევან ხალვაშსა და სალომე ხაბურძანიას – თურქეთში, ქალაქ იზმირში, სრულიად რეალურ გლობალურ ბრენდზე, Ohannesburger-ზე მოუწიათ მუშაობამ. აკადემიური გარემოდან რეალურ ბიზნესსექტორში გადანაცვლებამ მათთვის სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა.

გუნდის წევრები იხსენებენ, რომ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო იმის გააზრება, რომ მათ იდეებს სწორედ ბიზნესსექტორი აფასებდა.

"ყველაზე დიდი გამოწვევა საერთაშორისო გუნდთან მუშაობისას განსხვავებული ხედვების, კულტურებისა და იდეების ერთ საერთო კონცეფციაში გაერთიანება იყო. ამ პროცესმა გვასწავლა, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა, საჭიროა გუნდური მუშაობა, ადაპტაცია და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემა".

"უხილავი ადამიანების" ხილული ისტორიები: Invisible cities

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, – ლინდა დავითაძე და თამარ შიუკაშვილი – ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში პროექტ Invisible Cities-ში (უხილავი ქალაქები) მონაწილეობდნენ. მათი მთავარი მისია ვიზუალური თხრობის საშუალებით იმ ისტორიების წარმოჩენა იყო, რომლებსაც საზოგადოება ხშირად ვერ ამჩნევს.

"პროექტმა სულ სხვა რაკურსით დაგვანახა ჩვენი ყოველდღიურობა. ხშირად ისე ჩავუვლით ხოლმე ადამიანებს, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, რა უნიკალური ისტორიები იმალება მათ მიღმა. ამ გამოცდილებამ სწორედ ასეთი დეტალების შემჩნევა გვასწავლა", აღნიშნავენ სტუდენტები.

მათი თქმით, ევროპელ მენტორებთან მუშაობა გარდამტეხი აღმოჩნდა პროფესიული უნარების დასახვეწად: "მათგან ვისწავლეთ რესპონდენტის "გახსნის" ხელოვნება როგორ წამოვიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისე, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. პრაქტიკული ცოდნის გარეშე ასეთ მასშტაბურ პროექტებში ჩართვა თითქმის წარმოუდგენელია. როდესაც UG-ში სასწავლო პროცესი ასე მჭიდროდაა დაკავშირებული პრაქტიკასთან, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისას უკვე ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო და პროექტი ხდება საკუთარი პროფესიონალიზმის წარმოჩენის საუკეთესო შანსი".

"ენდე, მაგრამ გადაამოწმე" ფაქტჩეკინგის მისია გერმანიაში

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც დეზინფორმაცია და ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული პროპაგანდა ყოველდღიური საფრთხეა, ფაქტების გადამოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მისიით გაემგზავრნენ გერმანიაში ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სალომე თურმანიძე, თამარ ჭიალაშვილი და ინა ლიკლიკაძე, სადაც პროექტ EUfactcheck-ის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ერთად იმუშავეს.

"ქართული ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, ვერ არის მაღალ საფეხურზე ფაქტჩექინგის ხარისხით და ვერც რიგითი მოქალაქეები ცნობენ მარტივად დეზინფორმაციას. ამიტომ, ამ პლატფორმაზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა იყო", აცხადებენ გუნდის წევრები.

ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც გერმანიიდან წამოიღეს, პროფესიული სკეპტიციზმია. "ენდე, მაგრამ გადაამოწმე". მათთვის, ისევე როგორც სხვა გუნდებისთვის, უნივერსიტეტში შეძენილი პრაქტიკული ცოდნა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გლობალური გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

"საქართველოს უნივერსიტეტის" სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის ეს საერთაშორისო პროექტები არის დასტური იმისა, რომ თეორიისა და პრაქტიკის სწორი სინთეზით, ქართველი ახალგაზრდებისთვის არ არსებობს პროფესიული თუ გეოგრაფიული საზღვრები.

"UG- დაგვარწმუნა, რომ საერთაშორისო ასპარეზი სავსებით მიღწევადი რეალობაა", გვიზიარებენ Invisible Cities-ის მონაწილეები.

თანამედროვე შრომის ბაზარზე მხოლოდ თეორიული ცოდნა ან, უბრალოდ, აკადემიური ხარისხი უკვე აღარავის აოცებს. დამსაქმებლები ეძებენ კადრებს, რომლებსაც რეალურ ქეისებზე მუშაობისა და კრიზისების მართვის გამოცდილება აქვთ. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პროექტებში მიღებული პრაქტიკა სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის უმძლავრესი კატალიზატორია.

მარიამ ტუშურის თქმით, გლობალურ ბრენდებთან მუშაობა პორტფოლიოს სრულიად სხვა წონას სძენს, რადგან ასეთ დროს სწავლობ სწრაფ ადაპტაციას, ეფექტურ კომუნიკაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით აზროვნებას.

"ეს გამოცდილება მომავალში ბევრად უფრო თავდაჯერებულს გამხდის", მბობს მარიამი, რომელიც მომავალში კარიერის გაგრძელებას მარკეტინგისა და კრეატიული სტრატეგიის მიმართულებით გეგმავს.

სტუდენტების ამ წარმატებასა და საგანმანათლებლო პროცესის მთავარ ფილოსოფიას "საქართველოს უნივერსიტეტის" ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლელი ბიბილაშვილი აჯამებს. მისი განმარტებით, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის რეალური კარიერული წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მათ საუნივერსიტეტო აუდიტორიიდან პირდაპირ ნამდვილ პროფესიულ გარემოში გადაიყვანს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ისეთ მასშტაბურ ინიციატივებში ჩართვით, როგორებიცაა Creative Campaign Creation, Invisible Cities და EUfactcheck Press Freedom Lab, ახალგაზრდები პრაქტიკულად სწავლობენ გლობალურ საკითხებზე მუშაობას, მულტიკულტურულ გუნდებთან კოლაბორაციას, იდეების განვითარებას, პრობლემების ანალიზსა და საკუთარი ნამუშევრების პროფესიულ დონეზე წარდგენას.

"ისინი იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, თავდაჯერებას, პროფესიულ კონტაქტებს, საერთაშორისო ხედვასა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრებს. სწორედ ასეთი პროექტები ზრდის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას გლობალურ დასაქმების ბაზარზე და ამზადებს მათ იმ რეალური გამოწვევებისთვის, რომლებიც დღეს ჟურნალისტიკასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში არსებობს".