როცა ყოველი გადაწყვეტილება რეალურ ღირებულებას ქმნის - რუსუდან ზაზაშვილი, საქართველოს ბანკის Advanced სოლუშენ არქიტექტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს რეალურ ღირებულებად ადამიანები ქმნიან, რაც მათი ხედვის, მომხმარებლისადმი პასუხისმგებლობისა და ინოვაციური იდეების დამსახურებაა.

"ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორ გუნდს ენიჭება", - აღნიშნავს რუსუდან ზაზაშვილი, საქართველოს ბანკის Advanced Solution Architect-ი, რომელიც საკუთარი საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.

მისი ინტერესი კრეატიული გადაწყვეტების მიმართ ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, როდესაც ყველაზე მეტად მათემატიკური ამოცანები და ლოგიკური თავსატეხები ხიბლავდა, რიცხვებთან მუშაობა კი მისთვის ყველაზე კომფორტული იყო. შესაბამისად, ამ პერიოდში განივითარა პრობლემის ეფექტურად გადაჭრის გზების მოძიებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

"ჩემი პროფესიული არჩევანი ბუნებრივად ჩამოყალიბდა ინტერესებისა და გამოცდილების განვითარების პროცესში. ტექნოლოგიური სფერო იმდენად ფართო და მრავალმხრივია, ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი ადგილი, ისევე, როგორც მე.

Solution Architect-ის როლი ჩემთვის აერთიანებს ანალიტიკას, დეველოპმენტსა და სისტემურ არქიტექტურას. ამ მიმართულებამ მომცა შესაძლებლობა, ტექნიკური ცოდნა და სისტემური ხედვა საქმიანობაში გამეერთიანებინა, რაც ამ პროფესიით დაინტერესების მთავარი მიზეზი გახდა", - გვიყვება რუსუდანი.

ამასთან, ამბობს, რომ სხვა Solution Architect-ებთან მუშაობამ და მათგან გაზიარებულმა გამოცდილებამ უკეთ გაააზრებინა ამ როლის არსი და მისი ხიბლი, რაც დამატებით მოტივაციად იქცა.

"Solution Architect-ი ბიზნესის ამოცანებს ტექნიკურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის, მის განსახორციელებლად კი აყალიბებს შესაბამის არქიტექტურასა და სტრატეგიას. შესაბამისად, ჩემი პროფესიული ფილოსოფია ეფუძნება პრინციპს, რომ ყოველი გადაწყვეტილება უნდა ქმნიდეს რეალურ ღირებულებას - როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვცდილობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქრო: რამდენად არის ის მდგრადი, მარტივად მხარდასაჭერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილება ტექნიკურად სწორი იყოს, არამედ ისიც, რომ გუნდისთვის ის გასაგები, გამჭვირვალე და პრაქტიკულად გამოსაყენებელი გახდეს", - გვიყვება რუსუდანი.

ამბობს, რომ Retail Lending-ში მნიშვნელოვანია, ყოველი შემუშავებული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, სრულად პასუხობდეს ბიზნესის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი, იყოს ტექნიკურად გამართული, მდგრადი და მასშტაბირებადი.

"Retail Lending მიმართულებაში მუშაობა გამოწვევებით სავსეა. მისი მასშტაბურობიდან და დინამიკურობიდან გამომდინარე, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ პროცესის პულსზე მუდმივად გვედოს ხელი, რადგან ნებისმიერი მცირე ცვლილებაც კი პირდაპირ აისახება როგორც მომხმარებლის გამოცდილებაზე, ისე რისკებისა და შედეგების მართვაზე. ამ გამოწვევებს ვუმკლავდებით პროცესების მუდმივი მონიტორინგით, გუნდებს შორის მჭიდრო კომუნიკაციით და მოქნილი, ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილებების დანერგვით. ეს კი გვაძლევს საშუალებას, სწრაფად მოვერგოთ ცვლილებებს სტაბილურობისა და ხარისხის დაკარგვის გარეშე".

ამ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორ გუნდს და სწორ დროს ანიჭებს.

"ჩემს გუნდს კოვიდის დროს შევუერთდი - სწორედ იმ პერიოდში, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით თითქმის ყველა სფეროსთვის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებისთვისაც. ამ პერიოდში დავინახე, რამდენად ეფექტურად, სწრაფად და ხარისხიანად რეაგირებდა ჩემი გუნდი გლობალურ გამოწვევებზე. მენტორისა და გუნდის ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, მეც აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში, რამაც დამარწმუნა, რომ სწორ გუნდში მოვხვდი".

როგორც განმარტავს, მათ მიერ შექმნილი თუ გაუმჯობესებული პროდუქტის ღირებულების საზომი მომხმარებლის კმაყოფილება, გამოყენების მასშტაბი და ბიზნესზე დადებითი ზეგავლენა.

"ასეთ მომენტებში ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მუშაობა ქმნის ღირებულებას როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბანკისთვის. ის ფაქტი კი, რომ მონაწილეობას იღებ ისეთი პროდუქტის შექმნასა თუ გაუმჯობესებაში, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა იყენებს ან გამოიყენებს, ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაციის წყაროა".

ამბობს, რომ მუდმივი განვითარების მთავარი მამოძრავებელი გამოწვევებით სავსე გზაზე არგაჩერებაა.

"გამოწვევებით სავსე გზაზე არ უნდა დაგავიწყდეს რა მიზნისკენ მიდიხარ - თუნდაც პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უნდა განაგრძო სვლა წინ.

ჩემთვის გამოწვევები არის შესაძლებლობა, რომ ვისწავლო, განვვითარდე და გავხდე უკეთესი, ვიდრე ვიყავი. ყოველი პატარა "გამარჯვება" კი მომავალში უფრო დიდი გამოწვევების დასაძლევ მოტივაციად იქცევა".