Get All Access for $5/mo

''რუსეთის ინტერვენციამ გაფართოებასა და სტარტაპის განვითარებას ხელი ნამდვილად შეუშალა'' - ზურა კოტარია სტარტაპები უკრაინაში: Identomat

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მსოფლიო პოლიტიკურმა მოვლენებმა, სხვა მნიშვნელოვან სექტორებთან ერთად, სტარტაპ-ეკოსისტემაზეც მოახდინა გავლენა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა იმ ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც უკრაინაში ოპერირებენ. როგორ იმოქმედა მიმდინარე ომმა შემოსავლებზე და რა სახის გამოწვევების წინაშე დადგნენ სტარტაპერები? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur Identomat-ის თანადამფუძნებელ ზურა კოტარიას ესაუბრა:

"Identomat-ის სერვისის გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სფეროში, რომლისთვისაც აუცილებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება/ვერიფიკაცია. ამ მხრივ, უკრაინა იყო ის ქვეყანა, სადაც დისტანციურ სერვისებზე მზარდი მოთხოვნა არსებობს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სტარტაპი აღნიშნულ ქვეყანაშიც გაგვეშვა. უკრაინულ ფინანსურ ორგანიზაციებთან წლებია ვთანამშრომლობთ პროცესების ავტომატიზაციისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების მიმართულებით. იდენტიფიცირების სერვისის გაშვების შემდეგ კი გაჩნდა ბუნებრივი ინტერესი, რასაც თანამშრომლობა და პარტნიორების მოზიდვა მოჰყვა", − აცხადებს ზურა კოტარია.

უკრაინის ბაზარზე Identomat-ის სერვისების გაშვება წარმატებული აღმოჩნდა. წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველ პარტნიორთან სისტემა გაუშვეს და ამჟამად თანამშრომლობენ ათზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციასთან, მიკროსაფინანსო კომპანიასთან, საგადახდო პროვაიდერებთან და ბანკებთან. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ გავლენა იქონია მზარდ წარმატებაზე და სტარტაპი გარკვეული ტიპის გამოწვევების წინაშე დადგა:

"მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რთული სათქმელია, რა ზეგავლენა მოახდინა რუსეთის ინტერვენციამ ჩვენს შემოსავლებზე, ფაქტია, რომ გაფართოებასა და სტარტაპის განვითარებას ხელი ნამდვილად შეუშალა. მიმდინარე თვეს რამდენიმე სტრატეგიულ მხარდამჭერ ორგანიზაციას უნდა დაეწყო კომერციული ოპერირება და ჯერჯერობით ეს პროცესი გადაიდო. აგრეთვე, პარტნიორისა და ჟიურის წევრის სტატუსით მიწვეულები ვიყავით წლის მთავარ ღონისძიებაზე − Finawards2022, რომელიც მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტიც გადაიდო", − აღნიშნავს ზურა კოტარია.

Identomat-ის გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ სამხედრო დაპირისპირება მალე დასრულდება უკრაინელი ხალხის გამარჯვებით, ყველა პროცესი მწყობრში ჩადგება და განაგრძობენ განვითარებას. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს დისტანციური ვერიფიკაციის პლატფორმამ $3,2 მლნ მოიზიდა, რაც ქართული სტარტაპის მიერ ერთჯერადად მოზიდული ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი